ბენჟამინ ტაკერი — სახელმწიფო სოციალიზმი და ანარქიზმი

Guri Getsadze
თავისუფლება
18 min readMay 19, 2020
ბენჟამინ ტაკერი

ბენჟამინ რიკეტსონ ტაკერი(1854–1939) ანარქიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინდივიდუალისტია. ანარქისტულ წრეებში მისი სარედაქტორო დებიუტი 1876 წელს შედგა, როცა მის მიერ ინგლისურად ნათარგმნი პიერ-ჯოზეფ პრუდონის “რა არის საკუთრება?” გამოქვეყნდა. მან ასევე გამოაქვეყნა მაქს შტირნერის “ეგო და მისი საკუთრება” და მიხეილ ბაკუნინის “ღმერთი და სახელმწიფო”. 1881 წლიდან 1908 წლამდე კი მისი ჟურნალი გამოდიოდა — ის დღემდე ითვლება საუკეთესო ინგლისურენოვან ანარქო-ინდივიდუალისტურ გამოცემად.

“სახელმწიფო სოციალიზმი და ანარქიზმი” ტაკერის ესეების კრებულის ფაქტობრივად პირველი ესე გახლავთ. ამ ესეში ის სრულყოფილად წარმოგვიჩენს თითქმის მთლიან საკუთარ ნააზრევს: სახელმწიფო სოციალიზმის უკიდურესად მკაცრ, დასაბუთებულ უარყოფას; ლიბერტარიანული სოციალიზმის, ალბათ, ძირითად პრინციპს, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ შრომა შეიძლება იყოს; ინდივიდის ცხოვრებასა და საქმიანობაში სახელმწიფოს ყველანაირი როლის კრიტიკას; არსებულ ეკონომიკურ წესრიგში არსებულ, ძალაუფლებაზე დაფუძნებულ, კაპიტალიზმისთვის ცენტრალურ ოთხ ლეგალურ მონოპოლიას, რომლითაც ნარჩუნდება კლასობრივი მმართველობა: ფულის, მიწის, ტარიფებისა და პატენტების მონოპოლიები; თავისუფალ ბაზარს, წარმოებაში თავისუფალ კონკურენციას, როგორც მშრომელთა სრული გათავისუფლების საშუალებას; ანარქისტულ მოსაზრებებს რელიგიის, ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ; დაბოლოს, კრიტიკას ე.წ. “propaganda of the deed”-ისა და ძალადობრივი რევოლუციის შესახებ.

ამ ესეს თარგმნა სწორედ მისი ყოვლისმომცველობის გამო გადავწყვიტე. ამ ნაშრომს, ჩემი აზრით, აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანი დააფიქროს, დაწყებული ლენინისტებიდან, დამთავრებული ანარქო-კომუნისტებითა და თუნდაც “ანარქო”-კაპიტალისტებით.

ალბათ არაფერს მიუღწევია ისეთი მასშტაბის მღელვარებისთვის, გნებავთ ახალი წევრებით ან გავლენის სიდიდით, როგორსაც თანამედროვე სოციალიზმმა მიაღწია, და თანაც ამავდროულად ის ხშირად მცირედით ან საერთოდ არასწორად გაგებულია, არა მხოლოდ მტრებისა და ინდიფერენტული ადამიანების მიერ, არამედ მეგობრულად განწყობილთა და თვით მიმდევართა დიდი ნაწილის მიერაც. ეს სამწუხარო და ძალიან სახიფათო მდგომარეობა ნაწილობრივ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ადამიანთა ურთიერთობები, რომლის შეცვლასაც ეს მოძრაობა(თუკი შეიძლება ასეთ ქაოტურ რამეს მოძრაობა ეწოდოს) მიზნად ისახავს, მოიცავს მთლიანად კაცობრიობას და არა კონკრეტულ კლასს ან კლასებს; ნაწილობრივ კი იმ ფაქტმა, რომ ეს ურთიერთობები უამრავჯერ უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია თავისი ბუნებით, ვიდრე შემოთავაზებული რეფორმები აპელირებენ; და ასევე იმან, რომ საზოგადოების ყველაზე ძლიერი ძალები, ინფორმაციის ნაკადები და განმანათლებლობა, თითქმის სულ იმათ ხელშია, რომელთა უშუალო მატერიალური ინტერესები სოციალიზმის მთავარი განაცხადის მიმართ, რომ შრომა უნდა ფლობდეს საკუთარ თავს, ანტაგონისტურია.

თითქმის ყველა ის ადამიანი, რომლებიც თუნდაც დაახლოებით იაზრებენ სოციალიზმის მნიშვნელობას, პრინციპებსა და მიზნებს, სოციალისტური ძალების ექსტრემალური ფრთების ლიდერები არიან. ის გახდა ახალდამკვიდრებული ტრენდის სუბიექტი მღვდლის, პროფესორის, და უნიჭო ჟურნალისტებისთვის, რომ გაამასხარავონ ისინი, ვინც რეალურად კომპეტენტურია განსჯაში. ზომიერ სოციალისტურ დანაყოფებში მოღვაწეებმა კი კარგად არ იციან, თუ რა უნდათ რეალურად; ეს კარგად ჩანს მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან. მათ რომ ეს იცოდნენ და თანმიმდევრულად, ლოგიკურად მოაზროვნენი რომ იყვნენ — მსჯელობა აუცილებლად მიიყვანდა მათ ერთ ან მეორე ექსტრემალურ მხარეს.

საინტერესოა, რომ ჩვენი განხილვის ქვეშ მყოფი ფართო არმიის ორი უკიდურესობა, თუმცა გაერთიანებული იმ საერთო განაცხადით, რომ შრომა უნდა ფლობდეს საკუთარ თავს, დიამეტრულად დაპირისპირებულია ერთმანეთს სოციალურ მოქმედებასა და საერთო მტერზე, არსებულ საზოგადოებაზე, მიმართული მიზნების მიღწევის მეთოდებში. მათი საფუძველი არის ორი პრინციპი, რომელთა ისტორიაც თითქმის ექვივალენტურია სამყაროს ისტორიისა იმ ჟამიდან, როდესაც მას ადამიანი მოევლინა; და ყველა ზომიერი მხარე, არსებული საზოგადოების დამცველების ჩათვლით, მათ შორის კომპრომისზე დგას. ამიტომ, ცხადია, რომ გაბატონებული წესრიგის ყველა ჭკვიანური, სიღრმისეული კრიტიკა ამ რომელიმე უკიდურესობიდან უნდა მოდიოდეს, და ნებისმიერი, რომელიც სხვა წყაროდან იქნება, თვისობრივად რევოლუციურობისგან დაშორებული, ბუნებით იმდენად ზედაპირული იქნება, რომ ვერ შეძლებს იმ დოზის ყურადღება და დაინტერესება მიიპყროს, რომლითაც დღეს თანამედროვე სოციალიზმია დასაჩუქრებული.

ზემოთხსენებულ ორ პრინციპში მე ვგულისხმობ მმართველობასა(Authority) და თავისუფლებას(Liberty). იმ სოციალისტურ აზროვნებათა სახელები კი, რომლებიც სრულად და დაუფარავად წარმოადგენენ თითოეულს, არის, შესაბამისად, სახელმწიფო სოციალიზმი და ანარქიზმი. ვინც იცის, თუ რა სურს ამ ორ სოციალისტურ სკოლას და როგორ გეგმავენ მიზნის მიღწევას ისინი, იაზრებს სოციალისტური მოძრაობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სოციალიზმსა და ანარქიზმს შორის არ არსებობს კომპრომისი. სინამდვილეში ისინი სტაბილური დინებებია, რომლებიც სოციალისტური ძალების ცენტრიდან იღებენ სათავეს და კონცენტრირდებიან მარცხნივ და მარჯვნივ; და თუ სოციალიზმმა გაიმარჯვა, შესაძლებელია, რომ არსებული წესრიგის დამხობისა და ორ ბანაკად გაყოფის შემდეგ, საბოლოო და უფრო მწარე კონფლიქტის დრო დადგეს. ამ შემთხვევაში 8-საათიანი სამუშაო დღის მომთხოვნები, პროფკავშირელები, ე.წ. “Knights of Labor”, მიწის ნაციონალიზაციის მხარდამჭერები და დიდი შრომითი არმიის ათასერთი სხვადასხვა ბატალიონის წევრები თავიანთ ძველ პოსტებს მიატოვებენ, განლაგდებიან პირველ და მეორე მხარეს, და დაიწყება დიდი ბრძოლა. ამ სტატიის მიზანია, რომ მოკლედ განვმარტო, თუ რა იქნება სახელმწიფო სოციალისტების გამარჯვების შემთხვევაში და რა — ანარქისტების.

თუმცა, ეს რომ გონივრულად გავაკეთო, პირველ რიგში უნდა აღგიწეროთ თუ რა აერთიანებთ მათ, ანუ ის მახასიათებლები, რის გამოც არიან ისინი სოციალისტები.

თანამედროვე სოციალიზმის ეკონომიკური პრინციპები ადამ სმითის მიერ “ხალხთა სიმდიდრის” საწყის თავებში წარმოდგენილი პრინციპის ლოგიკური დასკვნებია — ანუ, ის, რომ შრომა არის ფასის ნამდვილი განმსაზღვრელი. ადამ სმითმა ეს ზუსტად და ცხადად გადმოგვცა, მაგრამ შემდეგ მან მაშინვე მიატოვა დანარჩენი განხილვა, რომ ეჩვენებინა, თუ ზუსტად რა განსაზღვრავს ფასს და, შესაბამისად, როგორ არის განაწილებული სიმდიდრე დღესდღეობით. მის შემდეგ თითქმის ყველა პოლიტიკურმა ეკონომისტმა მის მაგალითს მიბაძა და ისინი მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ აღწერეს საზოგადოება, როგორც არის ის დღეს, თავის ინდუსტრიულ და კომერციულ ფაზებში. სოციალიზმი კი მის დანიშნულებას აფართოებს და აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება, და როგორ მივაღწიოთ მას. სმითის მიერ ზემოთხსენებული პრინციპის გამოცხადებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ სოციალიზმმა აიღო ეს მიტოვებული პრინციპი და მიიყვანა ლოგიკურ დასკვნებამდე; ის გახდა ახალი ეკონომიკური ფილოსოფიის საფუძველი.

როგორც ჩანს, ეს დამოუკიდებლად გააკეთა სამი სხვადასხვა ეროვნების მქონე სამმა პიროვნებამ, სამ სხვადასხვა ენაზე: ამერიკელმა იოსია უორენმა; ფრანგმა პიერ-ჯოზეფ პრუდონმა; გერმანელმა ებრაელმა, კარლ მარქსმა. უორენი და პრუდონი მარტოდმარტო და დაუხმარებლად მივიდნენ საკუთარ დასკვნებამდე, ეს ფაქტია; მაგრამ საკითხავია ის, იყო თუ არა მარქსი ეკონომიკური იდეების გამო ვალში პრუდონთან. რაც არ უნდა იყოს, იდეების მარქსისეული პრეზენტირება ბევრ რამეში თავისებური იყო და ამ ორიგინალურობისთვის მას ნდობა ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ ამ საინტერესო ტრიოს ნაშრომები თითქმის ერთდროულად დაიწერა, ადასტურებს, რომ სოციალიზმი იჩეკებოდა, დრო და გარემოებებიც ხელსაყრელი იყო ახალი აზროვნების გაჩენისთვის. დროის მიხედვით, იოსია უორენი პირველი გახლდათ. ეს უნდა აღნიშნონ იმ ორატორებმა, რომლებსაც სიამოვნებთ სოციალიზმის დამუნათება, თითქოს ის უცხოეთიდან იყოს შემოსული აქტი იყოს. თანაც, უორენი წმინდა რევოლუციური სისხლის იყო — იმ უორენის შთამომავალი, რომელიც “Bunker Hill”-ზე დაეცა.

სმითის პრინციპიდან, რომ შრომა არის ფასის ჭეშმარიტი განმსაზღვრელი — ან, უორენის ფრაზირებით, რომ თვითღირებულება არის ფასის მართებული ლიმიტი — ამ სამმა პიროვნებამ შემდეგი დაასკვნა: რომ შრომის ბუნებრივი კომპენსაცია მისი პროდუქტია; რომ ეს კომპენსაცია, ანუ პროდუქტი, არის ერთადერთი სამართლიანი შემოსავალი(რა თქმა უნდა არ ვითვალისწინებთ ძღვენს, მემკვიდრეობას, ა.შ.); ყველა, ვინც შემოსავალს იღებს ნებისმიერი სხვა წყაროდან, პირდაპირ თუ არაპირდაპირ იჯიბავს შრომის ბუნებრივი და სამართლიანი კომპენსაციიდან; და მოპარვის ეს პროცესი, ძირითადად, სამი ფორმიდან ერთ-ერთია: პროცენტი, ქირა, და მოგება; და რომ ესენი ქმნიან მევახშეობის სამებას, და უბრალოდ განსხვავებული მეთოდებია კაპიტალის გამოყენებისთვის ხარკის დაკისრების; კაპიტალი კი არის უბრალოდ შრომის ნაყოფი, რომელშიც უკვე გადახდილია სრული ფასი და ამიტომ მისი გამოყენება უსასყიდლო უნდა იყოს, იმ პრინციპის თანახმად, რომ შრომა არის ფასის საფუძველი; და რომ კაპიტალის გამსესხებელს უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მის საწყის ღირებულებაზე; და ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბანკირი, აქციონერი, მემამულე, მწარმოებელი და ვაჭარი შრომიდან ნამატს იღებენ, არის ის ფაქტი, რომ მათ ლეგალური პრივილეგია, ან მონოპოლია, უმაგრებთ ზურგს; და ერთადერთი გზა, რომ შრომას მივცეთ მისი სრული პროდუქტის ფლობის გარანტია, არის ის, რომ მოვსპოთ მონოპოლია.

არ უნდა დავასკვნათ, რომ უორენმა, პრუდონმა ან მარქსმა ზუსტად ეს ფრაზეოლოგია გამოიყენეს ან აზრის ზუსტად ამ ხაზს მიყვნენ, მაგრამ ეს ზუსტად და საკმარისად უთითებს იმ ფუნდამენტზე, რომელზედაც სამივე თანხმდებოდა და მათი საერთო, არსებითი მოსაზრებების ლიმიტიც ეს არის. რომ არ დამაბრალონ მათი პოზიციების არასწორად გადმოცემა, კარგი იქნება ვთქვა, რომ მე ისინი ზოგადად განვიხილე და მახვილი, ნათელი და აშკარა შედარებისა და კონტრასტისთვის დავალაგე იმგვარად, და ხშირად ჩემი ფრაზეოლოგიით, რომ რაიმე მნიშვნელოვანში არ დამემახინჯებინა მათი ნააზრევი.

ზუსტად აქ, მონოპოლიის მოსპობის აუცილებლობის მომენტში, გაიყო, განშტოვდა გზა. მათ აღმოაჩინეს, რომ უნდა წასულიყვნენ ან მარცხნივ ან მარჯვნივ — გაჰყოლოდნენ მმართველობის ან თავისუფლების მარშრუტს. მარქსმა ერთი აირჩია; უორენმა და პრუდონმა კი მეორე. შესაბამისად დაიბადა სახელმწიფო სოციალიზმი და ანარქიზმი.

სახელმწიფო სოციალიზმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც დოქტრინა, რომ მთავრობა უნდა განკარგავდეს ადამიანთა ყველა საქმიანობას, მიუხედავად ინდივიდუალური არჩევნისა.

მარქსმა, მისმა დამფუძნებელმა, დაასკვნა, რომ კლასობრივი მონოპოლიების მოსპობის ერთადერთი გზა იყო ყველა ინდუსტრიული და კომერციული ინტერესის, ყველა პროდუქტიული და გამანაწილებელი საშუალების კონსოლიდაცია და ცენტრალიზაცია ერთ დიდ მონოპოლიად, სახელმწიფოს ხელში. მთავრობა უნდა გახდეს ბანკირი, მწარმოებელი, ფერმერი, გადამზიდავი, ვაჭარი, და ამ ყველაფერში არ უნდა ჰყავდეს კონკურენტი. მიწა, ხელსაწყოები და წარმოების ყველა ინსტრუმენტი უნდა ჩამოერთვას ინდივიდუალურ პირებს და კოლექტივის საკუთრება უნდა გახდეს. ინდივიდს მხოლოდ მოსახმარი პროდუქტები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა მათი წარმოების საშუალებები. ადამიანი შეიძლება ფლობდეს თავის ტანსაცმელსა და საჭმელს, მაგრამ არა საქსოვ მანქანას, რომელიც ქმნის მის მაისურს ან ნიჩაბს, რომლითაც ამოთხრიდა ის კარტოფილს. პროდუქტი და კაპიტალი არსებითად სხვადასხვა რამაა; პირველი — ინდივიდებს ეკუთვნით, ეს უკანასკნელი კი — საზოგადოებას. საზოგადოებამ უნდა წაართვას კაპიტალი მას, ვისაც ეკუთვნის. თუ შეუძლია, საარჩევნო ბიულეტენით, თუ აუცილებელი გახდა — რევოლუციით. როცა დაისაკუთრებს მას, უნდა გაანაწილოს უმრავლესობის პრინციპით, სახელმწიფო აპარატის საშუალებით და გამოიყენოს ეს აპარატი წარმოებასა და დისტრიბუციაში, განსაზღვროს ფასები შრომის რაოდენობით, დაასაქმოს ყველა ადამიანი სახელოსნოებში, ფერმებში, მაღაზიებში, ა.შ.; ერი უნდა ტრანსფორმირდეს უზარმაზარ ბიუროკრატიად, ყველა ინდივიდი კი სახელმწიფო მოხელედ. ყველაფერი უნდა იქმნებოდეს თვითღირებულების პრინციპის მიხედვით, ხალხს არ უნდა ჰქონდეს მოტივი, რამე გააკეთოს მოგებისთვის. მოქალაქეებს არ აქვთ კაპიტალის ფლობის ნებართვა, არავის შეუძლია დაასაქმოს სხვა, თუნდაც საკუთარი თავი. ყველა იქნება ხელფასის ამღები, სახელმწიფო კი ხელფასის ერთადერთი გამცემი. ის, ვინც არ იმუშავებს სახელმწიფოსთვის, იშიმშილებს, ან, უფრო მოსალოდნელია, რომ ციხეში წავა. ვაჭრობის ყველანაირი თავისუფლება უნდა გაქრეს. ყველა ინდუსტრიული და კომერციული აქტივობა უნდა მოექცეს ერთ ვრცელ, უზარმაზარ, ყოვლისმომცველ მონოპოლიაში. მონოპოლიათა წამალი არის მონოპოლია.

ეს არის კარლ მარქსის მიერ გადმოცემული ეკონომიკური პროგრამა სახელმწიფო სოციალიზმისა. მისი განვითარებისა და პროგრესის ისტორიას აქ ვერ მოვყვები. ამ ქვეყანაში ის პარტიები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ იდეებს, გახლავთ: “Socialistic Labor Party”, რომელიც თავს აჩვენებს, თითქოს კარლ მარქსის მიმდევარია; ნაციონალისტები, რომლებიც ედვარდ ბელამისა და კარლ მარქსის ნაზავს მისდევენ; და ქრისტიანი სოციალისტები, რომლებიც იესო ქრისტესა და კარლ მარქსის ნაზავს მისდევენ.

საკმაოდ ცხადია ის, თუ კიდევ რაში გადაიზრდება მმართველობის პრინციპი მისი ეკონომიკურ სფეროში განხორციელების შემდეგ. ეს ნიშნავს ინდივიდის ქცევის აბსოლუტურ კონტროლს უმრავლესობის მიერ. ასეთი კონტროლის უფლებას სახელმწიფო სოციალისტები უკვე აღიარებენ, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ინდივიდს უფრო მეტი თავისუფლების ნება ექნება, ვიდრე ახლა. თუმცა ნებართვა ექნება; მას თვითონ ვერ გამოაცხადებს. ამ საზოგადოებას არ ექნებოდა თანასწორობის გარანტია მაქსიმალურ თავისუფლებაში. თავისუფლება მხოლოდ წყალობით იარსებებს და ნებისმიერ დროს შეიძლება წართმეულ იყოს. კონსტიტუციური გარანტიები უსარგებლო გამოდგებოდა. სახელმწიფო სოციალისტური ქვეყანის კონსტიტუციაში ერთადერთი მუხლი იქნებოდა: “უმრავლესობის უფლება შეუზღუდავია”.

სახელმწიფო სოციალისტების ის მტკიცება, რომ ეს უფლება არ იქნება გამოყენებული ინდივიდის ქცევებთან დაკავშირებით უფრო ინტიმურ და ცხოვრების პირად ურთიერთობებში, არ დასტურდება მთავრობათა ისტორიით. ძალაუფლებას ყოველთვის ის ტენდენცია აქვს, რომ გაიზარდოს, გააფართოვოს საკუთარი სფერო, გაივრცოს დაწესებულ ლიმიტთა მიღმა. და როცა ამ საზღვარგადასულობის შეწინააღმდეგების თვისება წახალისებული არ არის, და ინდივიდს არ ასწავლიან თავისი უფლებების მზრუნველობას, ინდივიდუალურობა თანდათან ქრება და მთავრობა ან სახელმწიფო ყოვლისმომცველი ხდება. კონტროლს ბუნებრივად თან ახლავს პასუხისმგებლობა. სახელმწიფო სოციალიზმის სისტემის ქვეშ კი, შესაბამისად, თუ საზოგადოება არის პასუხისმგებელი ინდივიდის ჯანმრთელობაზე, სიმდიდრესა და განსწავლულობაზე, ცხადია, რომ საზოგადოება, უმრავლესობის გამოვლინებით, უფრო და უფრო მეტად მოითხოვს ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და განსწავლულობის პირობების დაწესებას, ამგვარად დააზიანებს და საბოლოოდ გაანადგურებს ინდივიდის დამოუკიდებლობას და, ამასთან ერთად, ინდივიდის პასუხისმგებლობის გრძნობას.

ამიტომ, რაც არ უნდა ამტკიცონ ან უარყონ სახელმწიფო სოციალისტებმა, თუ მათი სისტემა მიიღეს, ის აუცილებლად დასრულდება სახელმწიფო რელიგიით, რომელშიც ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს და მის საკურთხეველთან ყველამ უნდა დაიჩოქოს; სახელმწიფო მედიცინით, რომელმაც უნდა განკურნოს ყველა ავადმყოფი; ჰიგიენის სახელმწიფო სისტემით, რომელიც გამოწერს, თუ რა არ უნდა ჭამონ, დალიონ, ჩაიცვან და გააკეთონ ადამიანებმა; მორალის სახელმწიფო კოდით, რომელიც არ დაკმაყოფილდება კრიმინალის დასჯით და აკრძალავს იმას, რასაც უმრავლესობა მანკიერებად შერაცხავს. განათლების სახელმწიფო სისტემით, რომელიც გაანადგურებს ყველა კერძო სკოლას, აკადემიას, და კოლეჯს; სახელმწიფო საბავშვო ბაღით, რომელშიც ყველა ბავშვი ერთად აღიზრდება საზოგადოების ხარჯზე; და, საბოლოოდ, სახელმწიფო ოჯახით, რომელშიც არცერთი მამაკაცი ან ქალი იქნება ნებადართული, რომ შვილები იყოლიონ, თუ სახელმწიფო აუკრძალავს და ვერცერთი მამაკაცი ან ქალი იუარებს შვილების ყოლას, თუ სახელმწიფო ასე უბრძანებს მათ. შესაბამისად მმართველობა მიაღწევს საკუთარ მწვერვალს და მონოპოლია კი უმაღლეს ძალაუფლებას.

ეს არის თანმიმდევრული სახელმწიფო სოციალისტის იდეალი, მიზანი, რომელიც სწორედ იმ გზის ბოლოს გვხვდება, კარლ მარქსმა რომ აირჩია. ახლა კი განვიხილოთ უორენი და პრუდონი, რომლებიც სხვა გზას — თავისუფლებას — დაადგნენ.

ამას მივყავართ ანარქიზმამდე, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც დოქტრინა, რომ ადამიანთა ყველა საქმიანობა ინდივიდების ან ნებაყოფლობითი ასოციაციების მიერ უნდა განიკარგებოდეს და სახელმწიფო უნდა გაუქმდეს.

როცა უორენი და პრუდონი ეძებდნენ სამართლიანობას შრომისთვის, ისინი პირისპირ წააწყდნენ კლასობრივ მონოპოლიებს, მათ დაინახეს, რომ ეს მონოპოლიები ხელისუფლებას ეყრდნობოდნენ, და დაასკვნეს, რომ ეს ძალაუფლება კი არ უნდა გაეძლიერებინათ და შესაბამისად მონოპოლია ფართოდ გაევრცელებინათ, არამედ სრულყოფილად გაენადგურებინათ ის და მიეცათ სრული გასაქანი საპირისპირო პრინციპისთვის, თავისუფლებისთვის, კონკურენციის, მონოპოლიის ანტითეზისის, უნივერსალურად გავრცელებით. მათ კონკურენციაში დაინახეს ფასების ღირებულებამდე გათანაბრების კარგი საშუალება. ამაში ისინი ეთანხმებოდნენ პოლიტიკურ ეკონომისტებს. შეკითხვა, რომელიც ბუნებრივად გაჩნდა, იყო ის, თუ რატომ არ მცირდება ფასები შრომის ღირებულებამდე; როგორ ჩნდება ისეთი შემოსავალი, რომელიც არაა შრომით მოპოვებული; ერთი სიტყვით, რატომ არსებობს მევახშე, ანუ პროცენტის, ქირის და მოგების ამკრეფი. პასუხი კი შეგვიძლია ვიპოვოთ დღევანდელი კონკურენციის ერთმხრივობაში. აღმოჩენილ იქნა ის, რომ კაპიტალს იმდენად აქვს კანონმდებლობა მანიპულირებული, რომ ნებადართულია შეუზღუდავი კონკურენცია პროდუქტიული შრომის მიწოდებაში, ეს კი ხელფასებს შიმშილობის დონემდე წევს, ან იქამდე, სადამდეც მისი გაცემა განხორციელებადი იქნება; და რომ დიდი კონკურენციაა ნებადართული გამანაწილებელ შრომაში, ანუ მერკანტილური კლასების შრომაში, ეს კი ამცირებს არა პროდუქტთა ფასს, არამედ თვითონ ვაჭრების რეალურ მოგებას, დაახლოებით იმ ზღვრამდე, სადაც ის უახლოვდება სამართლიან კომპენსაციას ვაჭართა შრომისთვის; მაგრამ თითქმის არანაირი კონკურენციაა დაშვებული კაპიტალის მიწოდებაში, რომელზედაც პროდუქტიულისა და გამანაწილებელი შრომის წარმატების შესაძლებლობაა დამოკიდებული, შესაბამისად ეს ფულზე პროცენტს, სახლის ქირას და მიწის ქირას იმდენად მაღალს ინარჩუნებს, რამდენსაც ხალხის საჭიროებები გაუძლებს.

ამის აღმოჩენისას უორენმა და პრუდონმა პოლიტიკურ ეკონომისტებს ბრალი დასდეს მათი საკუთარი დოქტრინისადმი შიშში, მანჩესტერელებს კი არათანმიმდევრულობაში. მათ სჯეროდათ მშრომელისთვის კონკურენციის გაწევის თავისუფლების მისი ხელფასის შესამცირებლად, მაგრამ არა კაპიტალისტისთვის კონკურენციის გაწევის თავისუფლების, მისი მევახშეობის შესამცირებლად. “Laissez faire” კარგი გარნირი აღმოჩნდა შრომისთვის, მაგრამ ძალიან ცუდი გარნირი კაპიტალისთვის. ამ არათანმიმდევრულობის შესწორება, თუ როგორ მიგვეწოდებინა ეს გარნირი კაპიტალისთვისაც, როგორ ჩაგვეყენებინა კაპიტალი ბიზნესმენებისა და მშრომელების სამსახურში თავის ფასად, ანუ მევახშეობის გარეშე— ეს იყო პრობლემა.

მარქსმა, როგორც ვნახეთ, ის გადაჭრა იმ განაცხადით, რომ თითქოს კაპიტალი პროდუქტისგან განსხვავდებოდა და ის საზოგადოებას ეკუთვნოდა, ამიტომ საზოგადოებასვე უნდა ჩაეგდო ხელში და გამოეყენებინა ყველას სარგებლისთვის. პრუდონმა კაპიტალსა და პროდუქტს შორის ამგვარი განსხვავება მასხრად აიგდო. ის ინარჩუნებდა აზრს, რომ კაპიტალი და პროდუქტი სხვადასხვა სახის სიმდიდრე კი არ იყო, არამედ ერთიდაიმავე სიმდიდრის განსხვავებული პირობები ან ფუნქციები; რომ ყველანაირი სიმდიდრე მუდმივად ტრანსფორმირდება კაპიტალიდან პროდუქტში და პროდუქტიდან ისევ კაპიტალში, ეს პროცესი უსასრულოდ მეორდება; კაპიტალი და პროდუქტი ცალსახად სოციალური ტერმინებია; რომ ერთი ადამიანის პროდუქტი მაშინვე ხდება მეორის კაპიტალი და პირიქით; სამყაროში რომ ერთი ადამიანი არსებობდეს, მთელი სიმდიდრე მისთვის ერთდროულად კაპიტალიც იქნებოდა და პროდუქტიც; რომ A-ს შრომის ნაყოფი მისი პროდუქტია, რომელიც, B-სთვის მიყიდვის შემდეგ, B-ს კაპიტალი ხდება(თუ B არაპროდუქტიული მომხმარებელი არ არის, რადგან ამ შემთხვევაში ეს გაფლანგული სიმდიდრეა, სოციალური ეკონომიკის ხედვის გარეთ); რომ ორთქლის ძრავა იმდენადაა პროდუქტი, რამდენადაც ქურთუკი, და ქურთუკი იმდენადაა კაპიტალი, რამდენადაც ორთქლის ძრავა; და რომ სამართლიანობის ერთიდაიგივე კანონები განკარგავს როგორც ერთის მფლობელობას, ისევე მეორის.

ამ და სხვა მიზეზების გამო პრუდონმა და უორენმა უარი თქვეს საზოგადოების მიერ კაპიტალის ხელში ჩაგდების რაიმე გეგმის სანქცირებაზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალის მესაკუთრეობის სოციალიზებას ეწინააღმდეგებოდნენ, მათ მიზნად დაისახეს მისი ეფექტების სოციალიზება ისე, რომ მისი გამოყენება ყოფილიყო ყველასთვის სასარგებლო და არ გამდიდრებულიყო რამდენიმე სხვების გაღარიბების ხარჯზე. და როცა სინათლე აღმოაჩინეს, დაინახეს, რომ ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო კაპიტალის კონკურენციაში ჩაყენებით, რომელიც ბუნებრივად დაწევდა მისი გამოყენების ფასს თვითღირებულებამდე, — ანუ, დარჩებოდა მხოლოდ მომსახურეობისა და გადაცემის ხარჯები. ამიტომ მათ აღმართეს სრულად თავისუფალი ვაჭრობის ალამი; თავისუფალი ვაჭრობის სახლში და უცხოეთთან; მანჩესტერული დოქტრინის ბოლომდე მიყვანის; “Laissez faire”-სი, როგორც უნივერსალური წესის. ამ ალმის ქვეშ მათ დაიწყეს მონოპოლიებთან ბრძოლა, იქნებოდა ეს სახელმწიფო სოციალისტების ყოვლისმომცველი მონოპოლია თუ სხვადასხვა კლასის მონოპოლია, რომელიც გაბატონებულია დღეს.

ამ უკანასკნელში გამოარჩიეს ოთხი, პრინციპული მნიშვნელობის: ფულის, მიწის, ტარიფის, და პატენტის მონოპოლია.

მავნებლური გავლენის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვნად მათ ფულის მონოპოლია მიაჩნდათ, რომელიც შედგება მთავრობის მიერ გარკვეული ინდივიდებისთვის მინიჭებული პრივილეგიით, ან ინდივიდებისთვის, რომლებიც გარკვეული ტიპის საკუთრებას ფლობენ, რომ გამოსცენ მიმოქცევაში მყოფი საშუალება; ეს პრივილეგიაა, რომელსაც დღეს ამ ქვეყანაში აღასრულებს 10-პროცენტიანი სახელმწიფო გადასახადი. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეცდება, რომ საკუთარი ვალუტის ცირკულირება უზრუნველყოს, სახელმწიფო კანონი კრიმინალად შერაცხავს. განცხადებულია, რომ ამ პრივილეგიის მქონეები აკონტროლებენ საპროცენტო განაკვეთს, სახლებისა და შენობების ქირის ნორმას და პროდუქტების ფასებს — პირველს უშუალოდ, მეორეს და მესამეს კი ირიბად. პრუდონი და უორენი ფიქრობდნენ, რომ თუ საბანკო ბიზნესი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი შევიდოდა ბაზარზე, სანამ კონკურენცია იმდენად გაძლიერდებოდა, რომ ფულის გასესხების ფასს შრომის ღირებულებამდე დაიყვანდა, რომელიც, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ერთი პროცენტის 3/4-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში, იმ ათასობით ადამიანს, რომლებსაც ბიზნესის დასაწყებად და გასაძღოლად კაპიტალი სჭირდება, მაგრამ დღესდღეობით შეზღუდულნი არიან ბიზნესის დაწყებაში გამაკოტრებლად დიდი განაკვეთებით, სირთულეები გაუქრებათ. თუ მათ საკუთრება აქვთ, რომლის გაყიდვაც არ ენდომებათ, ბანკი მას დააგირავებს, როგორც სესხს მისი საბაზრო ფასის გარკვეული პროპორციით, ერთ პროცენტზე ნაკლები განაკვეთით. თუ მათ საკუთრება არ ექნებათ, მაგრამ იქნებიან შრომისმოყვარე, გულწრფელი და უნარიანი, ძირითადად შეეძლებათ რომ რეკომენდაცია გაეწიოთ საკმარისი რაოდენობის ცნობადი და გადამხდელუნარიანი მხარის მიერ; ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ ბანკიდან სესხის გამოტანას ანალოგიურად ხელსაყრელი პირობებით. საპროცენტო განაკვეთი მაშინვე დაეცემა. ბანკები ფაქტობრივად კაპიტალს არ გაასესხებენ, არამედ კლიენტების კაპიტალზე გააკეთებენ ბიზნესს; ეს იქნება ბანკების ნაცნობისა და ფართოდ ხელმისაწვდომი კრედიტების გაცვლა უცნობისა და ხელმიუწვდომელი, თუმცა თანაბრად კარგი, კლიენტების კრედიტებში და ხარჯი კი ერთ პროცენტზე ნაკლები იქნება, და არა როგორც საპროცენტო განაკვეთი კაპიტალის გამოყენებისთვის, არამედ ბანკების ადმინისტრირების შრომის საფასურად. კაპიტალის მოპოვების ასეთი ხელსაყრელი პირობები ბიზნესს გაუგონარ ბიძგს მისცემს, და შედეგად შექმნის უპრეცედენტო მოთხოვნას შრომაზე — მოთხოვნას, რომელიც ყოველთვის გადააჭარბებს მოწოდებას, იმის სრულიად საპირისპიროდ, რა მდგომარეობაცაა ახლა შრომით ბაზარზე. შემდეგ დავინახავთ რიჩარდ კობდენის სიტყვების შესისხლხორცებას, რომ როცა ორი მშრომელი ეჯიბრება ერთმანეთს ერთი დამქირავებლისთვის, ხელფასები მცირდება, მაგრამ როცა ორი დამქირავებელი ეჯიბრება ერთმანეთს ერთი მშრომელისთვის, ხელფასები იზრდება. ამიტომ შრომა იქნება იმ პოზიციაში, რომ დაადგინოს საკუთარი ხელფასი და უზრუნველყოს თავისი ბუნებრივი კომპენსაცია, ანუ მთლიანი პროდუქტი. იგივე დარტყმა, რომელიც პროცენტს დაბლა დასწევს, აამაღლებს შრომის კომპენსაციას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მოგებაც დაეცემა. ვაჭრები, კრედიტის მაღალ ფასში ყიდვის მაგივრად, ბანკებიდან ისესხებენ ფულს ერთ პროცენტზე ნაკლებ განაკვეთში და შესაბამისად შეამცირებენ საკუთარი საქონლის ფასებს. დანარჩენებთან ერთად გაქრება სახლის ქირაც. ყველა, ვისაც შეეძლება კაპიტალის სესხება ერთ პროცენტზე ნაკლებ განაკვეთში, რომლითაც თვითონვე ააშენებდა სახლს, არ გადაუხდის მეპატრონეს ამ ნორმაზე უფრო მეტს. ასეთია პრუდონისა და უორენის დიდი განაცხადი იმ შედეგების შესახებ, რომელიც ფულის მონოპოლიის უბრალო მოსპობით მიიღწევა.

მნიშვნელობით მეორე გახლავთ მიწის მონოპოლია, რომლის საზიანო გავლენაც ძირითადად აგრიკულტურულ ქვეყნებში გვხვდება, მაგალითად, ირლანდიაში. ეს მონოპოლია შედგება მთავრობის მიერ მიწის ისეთი უფლების აღსრულებაში, რომელსაც საფუძვლად არ უდევს პირადი დაკავება და კულტივაცია. უორენისა და პრუდონისთვის ცხადი იყო, რომ როგორც კი ინდივიდები მხოლოდ და მხოლოდ პირადი დაკავებისა და მიწის კულტივაციის შემთხვევაში იქნებოდნენ დაცულები თანამემამულეებისგან, მიწის ქირა გაქრებოდა და მევახშეობას ერთით ნაკლები დასაყრდენი დარჩებოდა. მათი დღევანდელი მიმდევრები ამ განაცხადს გარკვეული დოზით ცვლიან, აღიარებენ რა იმას, რომ მიწის ქირის პატარა ნაწილი, რომლის საფუძველი არა მონოპოლია, არამედ ნიადაგის ან ადგილის უპირატესობაა, იარსებებს გარკვეული ხნით ან თუნდაც მუდმივად, თუმცა თავისუფლების პირობებში მინიმუმამდე დავა. მაგრამ ნიადაგთა უთანასწორობა, ისევე როგორც ადამიანთა უნარის უთანასწორობა, არ არის საგანგაშო მევახშეობის თუნდაც ყველაზე გულმოდგინე ოპონენტისთვის, რადგან მისი ბუნება ის კი არ არის, რომ სანაყოფე კვირტისგან სხვა და უარესი უთანასწორობანი ამოიზარდოს, არამედ ის, რომ შეიძლება ლპობაშეპარული ტოტი საბოლოოდ გახმეს და ჩამოვარდეს.

მესამე არის ტარიფის მონოპოლია, რომელიც შედგება წარმოების ძვირიანობისა და არასასურველი პირობებისგან, ეს მიიღწევა იმ ადამიანების გადასახადებით დასჯით, რომლებიც ახალისებენ იაფიან წარმოებას კარგ პირობებში. ზიანი, რომელიც ამ მონოპოლიას მოაქვს, არის ის, რომ აიძულებს მშრომელებს გადაიხადონ საფასური არა მაინცდამაინც კაპიტალის გამოყენებისთვის, არამედ კაპიტალის უხეიროდ გამოყენებისთვის. ამ მონოპოლიის მოსპობის შედეგები იქნება ყველანაირი დაბეგრილი პროდუქტის ფასის მკვეთრი შემცირება, და ამ პროდუქტების მომხმარებელი მშრომელებისთვის ეს დანაზოგი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მათი ბუნებრივი კომპენსაციის, სრული პროდუქტის, უზრუნველსაყოფად. თუმცა, პრუდონი აღიარებდა, რომ ამ მონოპოლიის მოსპობა ფულის მონოპოლიის განადგურებამდე სასტიკი და დამღუპველი იქნებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფულის მავნებლური დეფიციტი, რომელსაც ფულის მონოპოლია ქმნის, კიდევ უფრო გამძაფრდებოდა მისი საზღვარგარეთ გადინებით, და მივიღებდით იმპორტის სიჭარბეს ექსპორტთან შედარებით; მეორე — დაცულ ინდუსტრიებში დასაქმებულთა ნაწილს შიმშილის პირისპირ დადგომა მოუწევდა, რადგან არ იქნებოდა შრომის დაუცხრომელი მოთხოვნის ფუფუნება, რომელსაც შექმნიდა ფულის კონკურენტუნარიანი სისტემა. პრუდონი მოითხოვდა, რომ სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის წინაპირობა ყოფილიყო სახლში თავისუფალი ვაჭრობა ფულის საკითხში, რომელიც ფულსა და შრომას ბარაქიანს გახდიდა.

მეოთხე არის პატენტთა მონოპოლია, რომელიც მოიცავს გამომგონებლებისა და ავტორების დაცვას კონკურენციისგან იმდენი დროით, რამდენიც საკმარისი იქნება მათ მიერ ხალხისგან იმ გასამრჯელოს გამოძალვისთვის, რომელიც უზომოდ აჭარბებს მათი შრომის დოზას გაწეულ მომსახურებაში, — სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს გარკვეული ადამიანებისთვის რამდენიმე წლის ვადით საკუთრების უფლების მიცემას ბუნების კანონებსა და ფაქტებზე, და ძალაუფლებას, რომ გადაახდევინონ ხარკი სხვებს ამ ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენების გამო, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მონოპოლიის მოსპობა მის ბენეფიციარებს კონკურენციის ჯანსაღი შიშით აღავსებს, რადგან ის გამოიწვევს, რომ დაკმაყოფილდნენ მათ მომსახურეობაში გადახდილი იმ საფასურის ექვივალენტით, რომელსაც სხვა მშრომელები იღებენ საკუთარი მომსახურეობისთვის, და უზრუნველყოფს მათი პროდუქტებისა და ნაშრომების ბაზარზე მოთავსებას საწყისი ეტაპისთვის იმდენად დაბალ ფასებად, რომ მათი მრეწველობის დარგი არ იქნება იმაზე უფრო მაცდური კონკურენტებისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა.

განვითარებამ ეკონომიკური პროგრამისა, რომელიც მოიცავს ამ მონოპოლიების განადგურებას და მათ ჩანაცვლებას თავისუფალი კონკურენციით, მისი ავტორები მიიყვანა იმ ფაქტის აღქმამდე, რომ მთელი მათი აზრი ეფუძნებოდა ძალიან ფუნდამენტურ პრინციპს, ინდივიდის თავისუფლებას, საკუთარ თავზე სუვერენობის, მისი პროდუქტების, საქმიანობის, და გარე ძალაუფლების წინააღმდეგ აჯანყების უფლებას. როგორც ინდივიდებისთვის კაპიტალის ჩამორთმევამ და მთავრობისთვის მიცემამ მარქსი გაუყენა ბილიკს, რომელიც საბოლოოდ მთავრობას ყოვლისმომცველად აქცევს და ინდივიდს არაფრად, ისევე მთავრობის მიერ დაცული მონოპოლიებისთვის კაპიტალის ჩამორთმევამ და ყველასთვის ხელმისაწვდომად ტრანსფორმირებამ გაუყენა უორენი და პრუდონი ბილიკს, რომელიც საბოლოოდ ინდივიდს აქცევს ყოვლისმომცველად და მთავრობას კი არაფრად. თუ ინდივიდს საკუთარი თავის მართვის უფლება აქვს, ყველა დამატებითი მმართველობა ტირანიაა. შესაბამისად აუცილებლობა სახელმწიფოს განადგურებისა. ეს იყო ლოგიკური დასკვნა, რომელსაც მიაღწიეს უორენმა და პრუდონმა, და ის გახდა მათი პოლიტიკური ფილოსოფიის ფუნდამენტური პუნქტი. ეს არის დოქტრინა, რომელსაც პრუდონმა დაარქვა ან-არქიზმი; სიტყვა ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს არა მაინცდამაინც წესრიგის არარსებობას, არამედ მმართველობის. ანარქისტები უბრალოდ შეუძრწუნებელი ჯეფერსონიანელი დემოკრატები არიან. მათ სჯერათ, რომ „საუკე­თე­სო მთავ­რო­ბა ისაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მარ­თავს“, და რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს ის არის, რომელიც საერთოდ არ მართავს. ისინი უარყოფენ მთავრობის თუნდაც მარტივ საპოლიციო ფუნქციას პიროვნებისა და საკუთრების დაცვის, რომელიც სავალდებულო გადასახადებითაა მხარდაჭერილი. მათი აზრით, უსაფრთხოება, რამდენადაც აუცილებელია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებაყოფლობითი ასოციაციითა და თანამშრომლობით, ან ის იქნება პროდუქტი, რომელიც უნდა იყიდო, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შემოთავაზებული იქნება საუკეთესო ხარისხით და უმცირესი ფასით. მათი ხედვით, ინდივიდისადმი გამოხატული აგრესიაა თვითონ ის, რომ მას აიძულო რომ გადაიხადოს ან იმ შემოსევისგან დაიცვან, რომელიც არც მოუთხოვია და არც უნდა. ისინი კიდევ იმასაც აცხადებენ, რომ უსაფრთხოება ბაზარზე ნარკოტიკი გახდება სიღარიბისა და შესაბამისად კრიმინალის გაქრობის შემდეგ, მათი ეკონომიკური პროგრამის განხორციელების მეშვეობით. მათთვის სავალდებულო გადასახადი მონოპოლიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპია, და, მათი აზრით, როცა დრო მოვა, გადასახადის ამკრეფისთვის პასიური, მაგრამ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი იქნება მიზნების მისაღწევად.

ამის შესახებ მათი დამოკიდებულება უმთავრესია სხვა პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე მათი დამოკიდებულების განსასაზღვრად. რაც შეეხება რელიგიას, პირადი შეხედულებით ისინი ათეისტები არიან, ღვთაებრივ ავტორიტეტსა და მორალის რელიგიურ სანქციას კი განიხილავენ, როგორც პრივილეგირებული კლასების მიერ წამოყენებულ მთავარ გამამართლებელ საბაბს ადამიანების სამართავად. “თუ ღმერთი არსებობს,” ამბობს პრუდონი, “ის ადამიანის მტერია”. და ვოლტერის ცნობილი გამოთქმის — “ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება” — კონტრასტულად, დიდმა რუსმა ნიჰილისტმა, მიხეილ ბაკუნინმა, ასეთი ანტითეტური წინადადება გააჟღერა: “ღმერთი რომ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი განადგურება”. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივ იერარქიას ანარქიზმთან შეუსაბამოდ მოიაზრებენ და მისი არ სჯერათ, მათ მაინც მტკიცედ სწამთ რელიგიური გემოვნების თავისუფლების და ამგვარი თავისუფლების ნებისმიერ უარყოფას მტკიცედ ეწინააღმდეგებიან.

შესაბამისად ისინი მხარს უჭერენ ყველა ინდივიდის უფლებას აირჩიოს საკუთარი მღვდელი, ანალოგიურად მხარს უჭერენ რომ იყოს ან აირჩიოს საკუთარი ექიმი. არანაირი მონოპოლია თეოლოგიაში, არანაირი მონოპოლია მედიცინაში. კონკურენცია ყველგან და ყოველთვის; სულიერი რჩევებიცა და სამედიცინო რჩევებიც საკუთარი დამსახურებების მიხედვით უნდა დაჯილდოვდნენ ან ჩამოიქცნენ. და არა მარტო მედიცინაში, არამედ ჰიგიენაშიც ეს პრინციპი უნდა იყოს. ინდივიდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ იმის გადაწყვეტა, თუ როგორ მომჯობინდეს, არამედ ისიც, თუ რა უნდა ქნას, რომ დარჩეს ჯანმრთელი. არანაირმა გარე ძალამ არ უნდა უკარნახოს მას, თუ რა (არ) ჭამოს, დალიოს, ჩაიცვას, ან გააკეთოს.

ანარქისტული თვალსაზრისი არც რაიმე მორალურ კოდექსს უწესებს ინდივიდს. “შენს საქმეს მიხედე” არის ერთადერთი მორალური კანონი. სხვის საქმიანობაში ჩარევა არის ერთადერთი დანაშაული და შეიძლება სათანადოდ გაეწიოს წინააღმდეგობა. ამ ხედვის შესაბამისად ანარქისტები ნებისმიერი მანკიერების თვითნებურად აკრძალვას თავისთავად დანაშაულად მიიჩნევენ. მათ სჯერათ თავისუფლებისა და შედეგად მიღებული სოციალური კეთილდღეობის, რომელიც ნამდვილად განკურნავს ყველა მანკიერებას. მაგრამ ისინი აღიარებენ მემთვრალის, აზარტული მოთამაშის, გარყვნილისა და მეძავის უფლებას, რომ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრების სტილით, სანამ თავისუფლად აირჩევენ მის მიტოვებას.

ბავშვების აღზრდისა და მოვლის საკითხში კი ანარქისტებს არც სახელმწიფო სოციალისტების სასურველი კომუნისტური საბავშვო ბაღი უნდათ, და არც დღესდღეობით გაბატონებული კომუნისტური სასკოლო სისტემა. ძიძა და მასწავლებელი, ისევე როგორც ექიმი და მღვდელი, უნდა შეირჩეს ნებაყოფლობით და მათი მომსახურება ანაზღაურდეს. მშობლის უფლებები არ უნდა დაითმოს, და არც სხვებს უნდა მოეხვიოთ თავს მშობელთა პასუხისმგებლობები.

თუნდაც ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, როგორიცაა სქესთა შორის ურთიერთობები, ანარქისტები არ უხვევენ საკუთარ პრინციპებს. ისინი აღიარებენ და იცავენ ნებისმიერი მამაკაცისა და ქალის, ან მამაკაცთა და ქალთა უფლებას, რომ უყვარდეთ ერთმანეთი რამდენი ხნითაც შეუძლიათ ან უნდათ. მათთვის ლეგალური ქორწინება და განქორწინება თანაბრად აბსურდულია. ისინი ელოდებიან იმ დროს, როცა ყველა ინდივიდი, გინდ ქალი და გინდ კაცი, ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება, საკუთარი სახლით, იქნება ეს თავისი ცალკეული სახლი თუ ოთახები სახლში, რომელშიც სხვებთან ერთად იცხოვრებს; როცა ინდივიდთა სასიყვარულო ურთიერთობები იმდენად მრავალფეროვანი იქნება, რამდენადაც მათი მიდრეკილებები და მისწრაფებები; და როცა ამ სასიყვარულო ურთიერთობების შედეგად გაჩენილი ბავშვები ექსკლუზიურად დედების იქნებიან, სანამ არ მიაღწევენ ასაკს, რომ საკუთარი თავების მფლობელები თავად გახდნენ.

ასეთია ანარქისტული სოციალური იდეალის მთავარი მახასიათებლები. მხარდამჭერებს შორის დიდად განსხვავდება მოსაზრებები მისი მოპოვების საუკეთესო მეთოდის შესახებ. დრო შეზღუდულია ამ საკითხის დეტალურად განხილვისთვის, მაგრამ უბრალოდ იმ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ეს იდეალი სრულიად შეუსაბამოა კომუნისტების იდეალთან, რომლებიც ყალბად უწოდებენ საკუთარ თავს ანარქისტებს და ამავდროულად იმდენად ‘არქისტულ’ რეჟიმს იცავენ, რომელიც თვით სახელმწიფო სოციალისტების რეჟიმის დესპოტურობას არ ჩამოუვარდება. და ის არის იდეალი, რომელიც ვერ მიაღწევს წარმატებას ჯონ მოსტისა და პრინცი კროპოტკინის მიერ შემოთავაზებული ძალადობრივი ექსპროპრიაციით; იდეალი, რომლისთვისაც ჩიკაგოს გმირებმა სოციალიზმის საერთო მიზნისთვის უფრო მეტი გააკეთეს სახრჩობელაზე დიდებულად სიკვდილით, ვიდრე მათ მიერ რევოლუციური და ახალი სოციალური წყობის უზრუნველმყოფელი ძალის ადვოკატირებამ ანარქიზმის სახელით. ანარქისტებს სჯერათ თავისუფლების, როგორც საშუალებისა და მიზნის, და ემტერებიან ყველაფერს, რომელიც ამის მიმართ ანტაგონისტურადაა განწყობილი.

ყველაფრის შეჯამებას ჩემს თავზე არ ავიღებ, რადგან სოციალიზმის აღწერა ანარქისტული თვალთახედვიდან მე ვიპოვე ფრანგი ჟურნალისტისა და ისტორიკოსის, Ernest Lesigne-ს მიერ დახვეწილი ანტითეზისების სერიაში. ამ დასკვნითი ნაწილის წაკითხვის შემდეგ კი ვიმედოვნებ გაძლიერდება ის შთაბეჭდილება, რომლის მოხდენაც გახლდათ ჩემი მცდელობა.

არსებობს ორი სოციალიზმი.

ერთი კომუნისტური, მეორე სოლიდარობის მომხრე.

ერთი დიქტატორული, მეორე ლიბერტარიანული.

ერთი მეტაფიზიკური, მეორე პოზიტიური.

ერთი დოგმატური, მეორე მეცნიერული.

ერთი ემოციური, მეორე მოაზროვნე.

ერთი დესტრუქციული, მეორე კონსტრუქციული.

ორივე ესწრაფვის მაქსიმალურ კეთილდღეობას ყველასთვის.

ერთი მიზნად ისახავს ყველასთვის ბედნიერების მოტანას, მეორე კი შესაძლებლობას აძლევს ყველას, რომ თავისებურად იყოს ბედნიერი.

პირველი სახელმწიფოს მიიჩნევს, როგორც საზოგადოებას sui generis, განსაკუთრებული არსის მქონეს, ერთგვარი ღვთაებრივი ძალის ქმნილებას, რომელიც ზუსტად საზოგადოების გარეთ და ზემოთაა, განსაკუთრებული უფლებებითა და უნარით, რომ სპეციალური მოთხოვნილებები წამოაყენოს; მეორეს კი მიაჩნია, რომ სახელმწიფო ასოციაციაა, ძირითადად უფრო ცუდად მართული, ვიდრე დანარჩენი ასოციაციები;

პირველი სახელმწიფოს სუვერენულობას აცხადებს, მეორე კი არანაირ სუვერენს არ აღიარებს;

ერთს უნდა, რომ სახელმწიფოს ხელში იყოს ყველა მონოპოლია; მეორეს კი სურს ყველა მონოპოლია გაანადგუროს.

ერთს უნდა, რომ მართული კლასი მმართველი გახდეს; მეორეს კი კლასების გაქრობა სურს.

ორივე აცხადებს, რომ დღევანდელი წესრიგი ვერ გაგრძელდება.

პირველი თვლის, რომ რევოლუციები ევოლუციათა შეუცვლელი ფაქტორია. მეორე მოძღვრავს, რომ მხოლოდ რეპრესია ცვლის ევოლუციებს რევოლუციად.

პირველს სწამს კატაკლიზმის.

მეორემ იცის, რომ სოციალური პროგრესი მხოლოდ ინდივიდების ძალისხმევის თავისუფალი ქმედებების შედეგი იქნება.

ორივე ხვდება, რომ ჩვენ ახალ ისტორიულ ფაზაში შევდივართ.

პირველს უნდა, რომ არავინ იყოს, გარდა პროლეტარებისა.

მეორეს სურს, რომ პროლეტარები საერთოდ აღარ იყვნენ.

პირველს უნდა, რომ ყველას ყველაფერი წაართვას.

მეორეს სურს, რომ თითოეულს თავისი საკუთრება დაუტოვოს.

პირველს უნდა, რომ ყველას ჩამოართვას საკუთრება.

მეორეს სურს, რომ ყველა მესაკუთრე იყოს.

პირველი ამბობს: ‘მოიქეცი ისე, როგორც მთავრობას უნდა.’

მეორე ამბობს: ‘მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა.’

პირველი დესპოტიზმით იმუქრება.

მეორე კი თავისუფლებას გვპირდება.

პირველი ინდივიდს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში აქცევს.

მეორე კი სახელმწიფოს მოქალაქის დაქვემდებარებაში აქცევს.

პირველი აცხადებს, რომ მუშათა ტანჯვა საჭირო იქნება ახალი სამყაროს დაბადებისთვის.

მეორე კი აცხადებს, რომ ნამდვილი პროგრესი არავის მოუტანს ტანჯვას.

პირველი ენდობა სოციალურ ომს.

მეორეს მხოლოდ მშვიდობის სჯერა.

ერთი ესწრაფვის მბრძანებლობას, რეგულირებას, დაკანონებას.

მეორეს სურს, რომ მიაღწიოს მინიმალურ მბრძანებლობას, რეგულირებასა და კანონს.

ერთს ყველაზე საშინელი რეაქციები მოჰყვება.

მეორე გზას უხსნის პროგრესის უსაზღვრო ჰორიზონტებს.

პირველი დამარცხდება. მეორე წარმატებას მიაღწევს.

ორივეს სურს თანასწორობა.

ერთს იმ თავების დაწევით, რომლებიც ზედმეტად მაღლა იყურებიან.

მეორეს იმ თავების აწევით, რომლებიც ზედმეტად დაბლაა დახრილი.

ერთი თანასწორობას ხედავს საერთო უღელქვეშ.

მეორე თანასწორობას სრულ თავისუფლებაში უზრუნველყოფს.

ერთი შეუწყნარებელია, მეორე ტოლერანტული.

პირველი აშინებს, მეორე აწყნარებს.

პირველს ყველას განკარგვა უნდა.

მეორეს სურს, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი განკარგოს.

პირველს უნდა, რომ ყველას დაეხმაროს.

მეორეს სურს, რომ ყველას მისცეს შესაძლებლობა საკუთარ თავს დაეხმარონ.

ერთი ამბობს:

მიწა სახელმწიფოს.

მაღარო სახელმწიფოს.

ხელსაწყო სახელმწიფოს.

ნაწარმი სახელმწიფოს.

მეორე ამბობს:

მიწა კულტივატორს.

მაღარო მემაღაროეს.

ხელსაწყო მშრომელს.

ნაწარმი მწარმოებელს.

არსებობს მხოლოდ ეს ორი სოციალიზმი.

ერთი არის სოციალიზმის განვითარების ადრეული სტადია. მეორე მისი მოწიფულობაა.

პირველი უკვე წარსულია. მეორე მომავალია.

ერთი მეორეს დაუთმობს ადგილს.

დღეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აირჩიოს ამ ორი სოციალიზმიდან ერთ-ერთი, ან აღიაროს, რომ სოციალისტი არ არის.

--

--