საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის კარგი პრაქტიკა

Askgov.ge
3 min readJul 22, 2022

--

შექმნიდან რამდენიმე თვეში, Askgov.ge საჯარო ინფორმაციის ასობით მოთხოვნას ითვლის, თუმცა ყველა მათგანი წარმატებული არ არის. წარუმატებლობის მიზეზი, ზოგჯერ, მომხმარებლის მიერ განცხადების შევსებისას დაშვებული შეცდომებია. კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს ინფორმაციის მოთხოვნის ფორმალურ კრიტერიუმებს, რაც, თავისთავად, ხარვეზების რისკებს ზრდის და საჯარო დაწესებულებებს უტოვებს შესაძლებლობას, განცხადება უმნიშვნელო შეცდომის გამოც კი არ მიიღოს წარმოებაში.

ვიდრე Askgov.ge-ის მომხმარებლების მიერ ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდოდეთ, საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობა მიმოვიხილოთ.

Რა არის საჯარო ინფორმაცია?
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჯარო დაწესებულება ფლობს, გარდა პირადი, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოებისა, საჯარო ინფორმაციაა. საჯარო ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს სტატისტიკური მონაცემი, ტექსტური მასალა, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი.

ვის შეუძლია ინფორმაციის მოთხოვნა?
საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ყველას.

ვისგან შემიძლია გამოვითხოვო ინფორმაცია?
ამჟამად, Askgov.ge-ზე ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია 311 დაწესებულებიდან. Ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ვრცელდება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებზე, ასევე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.

Როდის გამომიგზავნიან მონაცემებს?
კანონის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და საჭიროებს დამუშავებას, საჯარო დაწესებულებებს ინფორმაციის გაცემისთვის 10 სამუშაო დღე ეძლევათ.

— — — — — — — -

ახლა კი გადავიდეთ Askgov.ge-ის გამოყენების პრაქტიკულ რჩევებზე.

Როგორ გამოვითხოვო ინფორმაცია Askgov.ge-ის მეშვეობით?
ამისათვის საჭიროა Askgov.ge-ზე რეგისტრაცია და ინფორმაციის მოთხოვნის მარტივი ფორმის შევსება. მნიშვნელოვანია, რეგისტრაციისას ელ-ფოსტის სწორი მისამართი მიუთითო, რომ ინფორმაციის მიღების შესახებ შეიტყო და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო უწყებებმა შენთან კომუნიკაცია მოახერხონ.

კანონმდებლობა (სზაკ-ის 78-ე მუხლი) მოითხოვს, რომ განცხადებაში ადრესატი მივუთითოთ. ამიტომ, სასურველია, ტექსტის წერა იმ საჯარო დაწესებულების ხსენებით დავიწყოთ, რომელსაც მივმართავთ.

მაგ.: საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს…

ამის შემდეგ, შეგიძლია, საჯარო დაწესებულებას მათზე დაკისრებული ვალდებულება შეახსენო, თუმცა ამ ფორმალური ნაწილის გამოყენება აუცილებელი არ არის.

მაგ.: საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, გთხოვთ, მომაწოდეთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:

გახსოვდეს, მოკლე და მკაფიო წინადადებებით მიმართვა საჯარო უწყებებს გაუმარტივებს, უკეთ აღიქვან შენი მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი, რაც ნიშნავს, რომ პასუხს უფრო მალე დაგიბრუნებენ. ამასთან, მონაცემების მოთხოვნისას, აუცილებლად მიუთითე მონაცემთა პერიოდი.

მაგ.: გთხოვთ, გამომიგზავნეთ საოკუპაციო ხაზთან გატაცებული/დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა 2007 წლიდან დღემდე, ჩაშლილი შემდეგი პარამეტრების მიხედვით:

― მოქალაქეთა რაოდენობა, სქესი და ასაკი
― გატაცების სოფელი და თარიღი
― რა დრო დაჰყო მოქალაქემ დაკავების რეჟიმში

წერილის დასასრულს, უფლება გაქვს, აირჩიო საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (CSV, XML, PDF, ა.შ.). სასურველი ფორმატის შერჩევა შენს მიზანზეა დამოკიდებული, თუმცა როცა საქმე მონაცემთა კრებულს ეხება, გირჩევთ, მანქანურად წაკითხვადი და დამუშავებადი ფორმატი მოითხოვოთ.

მაგ.: ზემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, გთხოვთ, გამომიგზავნოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფორმატით : excel, csv, xml.

მოთხოვნა შეგიძლია გააგზავნო შენი, ან ორგანიზაციის სახელით. წერილში მოთხოვნის მიზნის მითითება (მაგ.: მონაცემები მჭირდება აკადემიური კვლევისთვის) აუცილებელი არ არის.

განცხადების რეკვიზიტები
წერილის დაწერის შემდეგ, განცხადების რეკვიზიტების შესავსებ გვერდზე მოხვდები. იმისათვის, რომ საჯარო დაწესებულებებმა განაცხადი წარმოებაში მიიღონ, გარკვეული პერსონალური ინფორმაციის მიწოდებასაც ითხოვენ. მითითებული მონაცემები მხოლოდ საჯარო დაწესებულებას გაეგზავნება და პორტალზე საჯაროდ არ გამოქვეყნდება. ხელმოწერა და პირადი მონაცემები არც askgov.ge-ის სერვერზე შეინახება.

სასარგებლო რჩევები

  • გადახედე Askgov.ge-ზე უკვე განთავსებულ მონაცემებს, იქნებ მსგავსი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია?
  • შეამოწმე საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდი. იქნებ შენთვის საინტერესო მონაცემები უკვე გამოქვეყნებული აქვთ? (მაგ.: საქსტატის ან შსს-ს სტატისტიკური მონაცემების გვერდები).
  • თუ გსურს, რომ ინფორმაცია ანონიმურად გამოითხოვო, მოგვწერე — ლიმიტირებული რესურსების ფარგლებში, ვეცდებით განცხადება შენ ნაცვლად გავგზავნოთ.
  • თუ არ გიპასუხებენ, შეგიძლია, დაწესებულებას დაურეკო და ჰკითხო, მიიღეს თუ არა განცხადება. მოთხოვნა მათ ელ-ფოსტის მისამართზე გაეგზავნათ.
  • თუ გაინტერესებს, უფრო ზუსტად როგორ გამოიყურება განცხადების ფორმა, გაეცანი Askgov.ge-ის მომხმარებლების წარმატებულ მოთხოვნებს.

კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული რჩევის სანახავად, მოინახულე Askgov.ge-ის საინფორმაციო გვერდი.

პროექტის ავტორია ფორსეტი ⚡

Facebook| Instagram | Twitter | Linkedin | Youtube

ეს ბლოგ-პოსტი შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ფორსეტი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის ამსახველად.

--

--

Askgov.ge

Askgov.ge იცავს და აძლიერებს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს იარაღს — საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. პორტალის ავტორია ფორსეტი.