Всё Будет! ანუ მოლოდინები vs ოპტიმიზმი

ვიცოდი, ველოდი. ეს ან მოხდებოდა, ან — არა.

მიმიღებენ თუ არა? დარეკავს? ნუთუ ყველაფრის მიღმა დავრჩები? გამოვა?

არადა თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს. აქამდე ასე იყო, მაგრამ…

და ისევ ეჭვები. რა თქმა უნდა საკუთარ თავში. — იმსახურებ? ყველაფერი გააკეთე? იქნებ ვერ შეძელი, ვერ დაგინახეს, ვერ, ვერ, ვერ…

მერე გახსენდება, რომ მოლოდინების ბრალია ყველაფერი. ან რატომ ჩათვალე, რომ ეს მოხდებოდა? აქამდე ხომ მრავალჯერ გაგცრუებია იმედი? შეიძლება ერთხელ გადაწყვიტე კიდეც, რომ არ ღირს რაიმეს ელოდო: გული მაინც არ დაგწყდება…

მეორეს მხრივ გულში მაინც ანთია რაღაც ნაპერწკალი, რომელიც გეუბნება, რომ სხვანაირად არც შეიძლება. არ შეიძლება დაკარგო რწმენა — რწმენა შენს მეგობრებში, საკუთარ თავში. გულის ხმა გკარნახობს, რომ ყველაფერი იქნება და რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად განვითარდება.

ძნელია გაავლო ზღვარი. განა ეს არ არის მოლოდინი? არა, ეს რწმენაა! კარგის რწმენა, რომელიც ყოველთვის მართლდება. ყველაფერი იქნება, და იქნება ის, როგორც საჭიროა.