რატომ გადავწყვიტე შევეშვა ფიქრს


ალბათ ყველამ, ვინც მიცნობს იცის, რომ ხშირად ზედმეტს ვფიქრობ. ვაღიარებ — მართლაც ასეა. ხოდა დღეს იმდენი ვიფიქრე, რომ გაგადავწყვიტე: ამის მერე რაც შეიძლება ცოტა ვიფიქრო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელაც დავფიქრდი, რა მიყვარს ყველაზე მეტად. დავაკვირდი საკუთარ თავს და აღმოვაჩინე, რომ დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი როდესაც ჩემს გონებაში ორ რამეს შორის კავშირი ებმეოდა — იდეა იბადებოდა. როგორც ყველამ ვიცით, იდეები მიზანმიმართული ფიქრის დროს იბადება, ხოდა მეც დავასკვენი, რომ მიყვარდა ფიქრი.

გავიდა დრო და ახალი კითხვა გაჩნდა ჩემს თავში: რით ვისვენებ? ერთხელაც ლაშქრობიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ მიუხედაბად ფიზიკური დაღლილობისა, საოცრად დასვენებული ვიყავი და მეც მივხვდი, რომ ვისვენებ მაშინ, როცა არ ვფიქრობ. სწორედ აქ გაჩნდა შეუსაბამობა ჩემს აზრებში: როგორ შეიძლება გღლიდეს ის, რისი კეთებაც გიყვარს?! ეს კითხვა დღეს თანამშრომლებს გავუზიარე და მათგან მარტივი პასუხი მივიღე: “ძალიან ბევრს ფიქრობ!”

ხალხი იმდენად ცოტას ფიქრობს, რომ პროტესტიც კი მიჩნდება მსგავსი ფრაზების მიმართ. ფიქრი მოდიდან გადავიდა… ხოდა ვერც ახლა ჩავწვდი მათ ნათქვამს, მაგრამ როგორც ყოველთვის, პასუხი თავად მოვიდა ჩემთან ამ ვიდეოთი. პრობლემა იმაში ყოფილა, რომ დამღლელი რაიმეზე მიზანმიმართული ფიქრია. დავაკვირდი და მართლაც, მე მსიამოვნებს, როდესაც წერტილები თავისით ერთდება, იდეები თავისით ჩნდება, პასუხები თავისით მოდის. როდია ხდება ეს? — როდესაც ვმოქმედებ, სხვა რამეს ვაკეთებ, უბრალოდ — ვარ.

გადავწყვიტე ამის მერე უბრალოდ ვიყო. ნაკლები დრო გავატარო ფიქრში და გონება მეტად დავუთმო ქმედებას, პროცესს. ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ საკითხების დასმას შევეშვები — პირიქით, რაც უფრო მეტს გავაკეთებ, მეტი საკითხი გაჩნდება თავში. ამიტომაც, დამჭირდება მეტი რწმენა, რომ წერტილები თავისით დაკავშირდება. ვნახოთ რა გამობა…