თვითმმართველობა — პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება …

ფოტო: newposts.ge

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს — მერს/გამგებელს ანგარიშვალდებულება გააჩნია, როგორც მოსახლეობის, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულო) წინაშე. ხოლო, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსაზღვრულია საკრებულოსთვის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენის ვალდებულებით, რადგან აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობა დაკავშირებულია საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მერი/გამგებელი პირდაპირი წესით ირჩევა, ხოლო თანამდებობის პირებს თვითონ ნიშნავს, რაც მერია/გამგეობას პოლიტიკური ორგანოს ნიშნებს სძენს და ამით თვითმმართველობაში ხელისუფლების დანაწილების მცდელობასთან გვაქვს საქმე, მერი/გამგებლის თანამდებობა დაქირავებული მენეჯერის პოზიციას წარმოადგენს.

მერი/გამგებელი და საკრებულოს წევრები მათ მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებზე ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, ხოლო მერი/გამგებელი საკრებულოს გასული წლის შესახებ, მომდევნო საბიუჯეტო წელს. რაც, გარდა, საკრებულოს უფლებამოსილებების ჩამონათვალში არსებული პირდაპირი ჩანაწერისა, გულისხმობს რომ მერის/გამგებლის ამ ფორმატით საკრებულოს წინაშე წარსდგომა პირდაპირ უკავშირდება ბიუჯეტის შესრულებას. მიუხედავად ამისა, რიგ მუნიციპალიტეტებში დამკვიდრდა პრაქტიკა აღმასრულებელი ორგანოსა და არასამეწარმეო პირების საკრებულოს წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ, რომლიც არ უკავშირდება ბიუჯეტის შესრულებას. ცალსახად, როცა ეს სხვა მიზნებს არ ემსახურება, ასეთი რამ კარგია და ერთი შეხედვით, თითქოს, მერის/გამგებლის და ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე და მათი საქმიანობის გამჭვირვალობაზე მიუთითებს. თუმცა მის შინაარსობრივ მხარეს და შემდგომ პროცესს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ პიარზე გათვლი და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით ხდება, რითაც ნაკლები ყურადღების ქვეშ ექცევა შინაარსობრივად გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი.

​ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენის წინამორბედი პროცესია პრიორიტეტების განსაზღვრა და დოკუმენტის შემუშავება. სწორედ, განსაზღვრული პრიორიტეტის შესაბამისად ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა. თითოეული პრიორიტეტის მიღწევისთვის მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, რომელიც საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის დანართია — პროგრამული ნაწილი. ეს ფორმატი ტრადიციული სტრუქტურის მქონე ბიუჯეტისგან იმით განსხვავდება, რომ დაგეგმვისთანავე ორიენტირებული მოსალოდნელი შედეგებზე და არამხოლოდ, ამ თუ იმ პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისებაზე. შესაბამისად, ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში უნდა მოხდეს თითოეული პროგრამის აღწერა, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა და მიღწეული შედეგების გასაზომად ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორების შედგენა, და ასევე, თითოეული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლის ასახვა. თავისთავად ბიუჯეტის შესრულება მოიცავს დაგეგმილი პროგრამების მოსალოდნელი და მიღწეული შედეგების აღწერას. რაც გვიჩვენებს თუ რამდენად ეფექტურად მოხდა ამ თუ იმ პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისება.

მუნიციპალიტეტების უმეტესობა მსგავსი სახით არ წარადგენს ბიუჯეტის შესრულებას და განხორციელებული პროგრამების შედეგების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საკრებულო, როდესაც ხდება მისი განხილვა და შეფასება. ხოლო, ანგარიში წარმოდგენილია ტრადიციული სტრუქტურის მქონე ფორმით. ასეთ შემთხვევაში შემოსულობებისა და გადასახდელების ფაქტი შედარებულია არა საბიუჯეტო წლის დასაწყისში არსებულ გეგმასთან, არამედ ბიუჯეტის ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილება მე-4 კვარტალშიც ხორციელდება. ამით საპროგნოზო მაჩვენებლების არასწორად დაგეგმვა გადაიფარება. ამასთანავე, არ ხდება ბიუჯეტის აუდიტი და არ არსებობს შესაბამისი აუდიტორული დასკვნა, რომელიც საჯარო ინფორმაციაა.

უმეტეს მუნიციპალიტეტებში ასეთი მდგომარეობაა. მათ ერთ ნაწილში კი მერია/გამგეობა ერთი წლის განმავლობაში სოც. ქსელებში განთავსებული ფოტოების კოლაჟით წარსდგება საკრებულოს წინაშე. თუმცა, ეს არანაირად არ წარმოადგენს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზი საკრებულოს, როგორც საზედამხედველო უფლებამოსილების მქონე ორგანოს არსის გაუთვითცნობიერებაა.

ფოტო: ქალაქ ზუგდიდის მერია

შესაბამისად, თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საბიუჯეტო საქმიაონობა გამოირჩევა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დაბალი დონით.