Live a life full of love

ჩვენ, ადამიანები, საკუთარი თავის ირგვლივ ოთხ კედელს ვაშენებთ და მთელი ცხოვრება ამ ყუთის კედლებზე შეხლაში გადის. 
ყველა დეტალი გათვალისწინებულია თავის დასაცავად, ვიცავთ თავს შიშებისგან, საუბრებისგან, კონფლიქტებისგან, აზრთა სხვადასხვაობისგან ან იდენტურობისგანაც კი.

ეს ჩვენი ყუთები ნელ-ნელა ივსებიან სხვა ადამიანებით, მათი შიშებით, მათი თავდაცვის მექანიზმებით, აზრებით, მუსიკით, ხმებით, რჩევებით და ჩვენი ცხოვრებაც ბავშვების სათამაშოების ყუთს ემსგავსება, უამრავი დამტვრეული სათამაშოთი და ნარჩენებით სავსეს, არეულს, უწესრიგოს..

ჩვენ, ადამიანები, ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემებს რომ ავერიდოთ, ისინი რომ ავირიდოთ თავიდან, რომ დავემალოთ, რომ მოვატყუოთ და ბოლოს, თავად მოტყუებულები ჩვენი ყუთის კუთხეში ვჯდებით და წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ზოგადად პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება ისე, რომ კარადის უკან არ ჩავყაროთ ბავშვობაში ვერ ნაჭამი კარაქიანი პურებივით. ისე, თითქოს ვერავინ ვერასდროს იპოვის და შეძლებს ჩვენს დატუქსვას.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაურბიან პრობლემებს და იმის გააზრებასაც ვერ ახერხებენ, რომ ზაზუნას რგოლზე სირბილს ჰგავს ეს მცდელობები. 
ალბათ მეც ასე ვარ, ჯერ არ დამიდგენია.

ჩვენ ვმარხავთ ბავშვობის ტრავმებს, შიშებს, ემოციურ საფრთხეებს და საკმარისია მათ რამე “წამოედოს” — იმის მაგივრად, ზედაპირზე ამოსვლაში დავეხმაროთ, გამოვცადოთ, გავუშვათ და გავთავისუფლდეთ, უფრო ღრმად ვმარხავთ რომ ტკივილისგან რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ.

ევოლუციამ, დროის გაუჩერებელმა დინებამ და განვითარებამ ადამიანის შეხედულებები მთლიანად შეცვალა. 
შეიცვალა ცხოვრების სტილი, ადგილი, პირობები და შიშის ფაქტორიც.
ახლა არ ვნერვიულობთ იმაზე, რომ სადმე ვეფხვი გადაგვეყრება და სანამ ჩვენ მოვკლავთ, ის შეგვიწირავს. 
ახლა გარემო ასე თუ ისე უფრო დაცულია და პრობლემებმაც შეიცვალეს ფორმა და აზრი.
დღეს იმის გვეშინია, რას იფიქრებენ ადამიანები ჩვენზე, ვართ თუ არა საკმარისად კარგები, თავს ვაბეზრებთ თუ არა სხვა ადამიანებს, გვეშინია არ შევცდეთ, არ ჩავფლავდეთ, შანსი არ დავკარგოთ.

იმის მაგივრად, რომ საკუთარ შიშებს გავუმკლავდეთ, უფრო ვერიდებით, ვცდილობთ უფრო შორს წავიდეთ, მაგრამ ვერ მივდივართ და ამის გამო ათას უაზრო და უცნაურ ურთიერთობებს ვაგებთ, საბოლოოდ კი ეს კონსტრუქციები ჩვენი ყუთების თავზე ექცევა და კაცმა არ იცის, თავზე როდის დაგვემხობა.

რთულია იყო ადამიანი. 
რთულია მიხვდე, რომ შენ არ ხარ შენი ფიქრები, არ ხარ შიშები. 
შენ არ ხარ შენი სხეული — უბრალოდ ის ხარ, ვინც სხეულის შიგნით გრძნობს, გადაწყვეტილებებს იღებს და ათას ემოციას ცდის საკუთარ თავზე, ეს სულ სხვადასხვა რამეა.

ათასი ფოტო მინახავს, “Think outside of the box” 
 ამის დამწერები ან გამზიარებლები რომ ყუთის ღრიჭოებში ატარებდნენ საკუთარ აზრებს და შიშებს, ნაკლები სტრესი იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში, ნაკლებად დაგვჭამდა და დაგვხრავდა საკუთარი ემოციურობა, ნაკლებად აგვიკანკალდებოდა ხელები, ნაკლებად აგვიჩქარდებოდა გული და ნაკლებად გაგვიჭირდებოდა ძილი და სუნთქვა.

ყველაფერი, რაც გვინდა, შიშების მოპირდაპირე მხარესაა.
მთავარია, ყუთის შიგნით ცხოვრებაზე ვთქვათ უარი. მთავარია ვიცოდეთ რა გვინდა, სურვილები და მიზნები კი ჩვენზე ძლიერია, მთავარია მოვინდომოთ. 
უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რაც გვიყვარს, ნამდვილი ცხოვრება კი მხოლოდ შიშების გარეშე არსებობს. 
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს არა ისეთი, როგორსაც შიშების შედეგად ვხდით და ყუთის კუთხეში ვჩურთავთ — შიშებისგან თავისუფალი, ყუთის გარეშე. 
საკუთარ თავზე არსებული მცდარი შეხედულებებისგან თავისუფალი მე-ს სიყვარული, ყუთში არსებული შიშების სიძულვილს ნიშნავს.

თუ იმისთვის ვიცხოვრებთ, რაც გვიყვარს, ყველაფერი დაკარგავს მომაკვდინებელ ძალას. შიშიც კი.
ასე ადგება 
და გაიფანტება.

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.