აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტოდ მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეების მიერ წარდგენილი და დამტკიცებული საკანონმდებლო დოკუმენტებისა და რეზოლუციების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართ გამორჩეულად სოლიდარულია. მხოლოდ მიმდინარე ერთი წლის მანძილზე შეერთებული შტატების კანონმდებლებმა 6 მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუცია შეიმუშავეს და დაამტკიცეს, რომლებიც ხაზგასმით მოუწოდებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის დაცვისაკენ, და შესაბამის ზომებსაც მოიაზრებენ, მათ შორის სანქციებს.

აღნიშნულთაგან უახლესია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 25 ივლისს დამტკიცებული კანონპროექტი H.R. 3364 (Countering America’s Adversaries through Sanctions Act), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამ კონტექსტში ხაზგასმითაა აღნიშნული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ტექსტში რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ნახსენებია ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან ერთად.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018–2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას მოახდინოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა მოხდეს მისი ჯარების გაყვანა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.

უფრო ადრე კი, საქართველოს ოკუპაციის პირობებში პირველად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში, რომლის მიხედვითაც აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები, ან რაიმე სახით მოახდინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. აღნიშნული კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (Consolidated Appropriations Act, 2017) აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერით 2017 წლის 6 მაისს შევიდა ძალაში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამტკიცებული საკანონმდებლო დოკუმენტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2016 წლის 7 სექტემბერს, 31 თანასპონსორი კონგრესმენის წარდგენით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთხმად მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660), რომელიც აშშ-ს მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისაკენ და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული რეზოლუციით, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-იურე და დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

კონგრესის ინიციატივის გასამყარებლად, 2017 წლის 30 მარტს, 10 თანასპონსორმა სენატორმა აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინა, რომელიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას, და ასევე ნებისმიერი გარემოების მიუხედავად არ ცნობს რუსეთის დე-იურე და დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

ამა წლის დასაწყისში, 11 იანვარს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სენატს წარუდგინა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხო კანონპროექტი (Countering Russia Hostilities Act of 2017, S. 94), რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აღნიშნული კანონპროექტი რუსეთისადმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკულია და რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული კიბერშეეტევებისა და სხვა აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. დოკუმენტი უკრძალავს აშშ-ის ხელისუფლების უწყებებს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ნებისმიერი სახის ქმედების განხორციელებას, რომელიც გულისხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-იურე, თუ დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარებას.

დამატებით, 2017 წლის 6 აპრილს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) წევრებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული რეზოლუცია (H. Res. 256) წარადგინეს, რომელიც ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუცია ნატო-ს აღიარებს როგორც უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს რგოლს და ასევე ხაზს უსვამს აშშ-ს მკაფიო ვალდებულებას, მათ შორის ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისადმი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მზარდი რუსული აგრესიისა და დეზინფორმაციის ფონზე, ზემოთჩამოთვლილი კანონპროექტები და რეზოლუციები აშშ-ის ხელისუფლების ყველა ფრთის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერას.

Like what you read? Give Embassy of Georgia to US a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.