პროგრესში მოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

--

ავტორი: ლაზარე ჩაჩუა, IX ა

დამრიგებელი — სოფო ბოლქვაძე

ლაზარე ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის მე-9 კლასელია. მისი ჰობია ფეხბურთის თამაში, სამომავლოდ კი კომპიუტერული პროგრამირების ან კომპიუტერული ინჟინერიის შესწავლითაა დაინტერესებული. ლაზარეს სჯერა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.

გსმენიათ მოლის საერთაშორისო დღის შესახებ? ეს არის განსაკუთრებული დღე, რომელსაც ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები ყოველ წელს, 23 ოქტომბერს აღნიშნავენ. მანამ, სანამ მოგიყვებით, როგორ ვიზეიმეთ მოლის საერთაშორისო დღე ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში”, ჯერ გავერკვეთ, რას აღვნიშნავთ ამ დღეს? ან რატომ მაინცდამაინც 23 ოქტომბერს?

დღე ხომ დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება, ამით კი თარიღი 6:02 10/23 იქმნება, რომელიც ავოგადროს რიცხვს გამოსახავს. ავოგადროს მუდმივა 6.02 * 1023-ის ტოლია და ნივთიერების ერთ მოლში არსებულ ნაწილაკთა (მოლეკულები, ატომები, იონები) რაოდენობას გვიჩვენებს. იგი მისი აღმომჩენის, ამადეო ავოგადროს სახელს ატარებს, მოლი კი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) მოლეკულებისა და ატომების რაოდენობის საზომი ერთეულია.

ქიმიკოსთა მთავარი დღესასწაულის მიღმა დგას ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზა — ნებისმიერი აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ წნევასა და ტემპერატურაზე მოლეკულათა ტოლ რიცხვს შეიცავს.

და მაინც, რა არის მოლი? მოლი არის ნივთიერების რაოდენობის ერთეული, რომლის მეშვეობითაც განვსაზღვრავთ, რამდენი ელემენტარული ერთეულია მოცემული ნივთიერების ობიექტში ან ნიმუშში. მოლის მეშვეობით ქიმიკოსები თვლიან ძალიან პატარა საგნებს, როგორიცაა ატომები და მოლეკულები.

მოლის დამსახურებაა, რომ ჩვენ არ გვიწევს მოლეკულების რაოდენობების წერა; ჩვენ ნებისმიერი ნივთიერების მოლები შეგვიძლია დავთვალოთ მარტივად: ამ ნივთიერების მასა გავყოთ მოლურ მასაზე. მოლური მასა — ესაა 1 მოლი ამა თუ იმ ნივთიერების მასა, რომელიც პერიოდული სისტემის გამოყენებით ადვილად შეგვიძლია გავიგოთ.

სხვათაშორის, მოლსა და თხუნელას ერთი და იგივე ინგლისური სახელწოდება აქვთ (mole), ამიტომაც საზეიმო ბანერებზე ავოგადროს მუდმივასთან ერთად თხუნელასაც ხშირად შეხვდებით.

მოლის დღეს 23 ოქტომბერს აქტიურად ზეიმობენ აშშ-ის, სამხრეთ აფრიკის, კანადისა და ავსტრალიის სკოლებში. მათ არც “პროგრესი” ჩამორჩა და მოლის დღე ჩვენი საოცარი მასწავლებლის, რუსუდან ჯაფარიძის ინიციატივით აღვნიშნეთ. ჯერ გუნდებად დავიყავით, თითოეულმა გუნდმა კი ფერადი, ლამაზი პოსტერები მოვამზადეთ. პოსტერებზე ნახავდით კითხვებს მოლის თემასთან დაკავშირებით, რომელზეც გუნდები ერთობლივად ვმსჯელობდით და ვპასუხობდით. ჩვენი დღესასწაული მონოპოლის თამაშით გაგრძელდა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აქტიურად იყო ჩართული.

“პროგრესში” მოლისა და ქიმიის შესახებ ცოდნის გაღრმავება,ისევე როგორც თითოეული დღე, მხიარულ თამაშს ჰგავს. მოლის საერთაშორისო დღემ დაგვარწმუნა, რომ სწავლა შეიძლება მხიარული და გასართობი პროცესი იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გვერდით საოცარი პედაგოგები და მეგობრები გყავს

აბა, მომავალ 23 ოქტომბრამდე!

--

--