ამბავი ჩემი ბეგბედერთან შეხვედრისა

“ ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!” 
შოთა რუსთაველი
ბრბო — წარმოადგენს ადამიანთა უსტრუქტურო ერთობას, რომელსაც აერთიანებს საერთო ემოციური განწყობა (უფრო ხშირად აგრესიული) და რომელიც მაღალი სუგესტიურობით, შთაგონებადობით ხასიათდება. (განმარტ. ლექსიკონი)

პროლოგი

დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც პირველად ვიყავი შეხვედრაზე ნორვეგიელ მწერალ ერლენდ ლუ-სთან, მივხვდი, რომ თუკი მომავალშიც მექნებოდა შანსი შევხვედროდი და მომესმინა ჩემი თანამედროვე მწერლისთვის, ეს შანსი არ უნდა გამეშვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ როცა ვკითხულობ, ყოველთვის მაქვს ინტერესი წიგნის იდეის და პერსონაჟების ზურგსუკან ამოფარებული ავტორის მიმართ. ეს ერთდროულად სახიფათოცაა და ძალიან მიმზიდველიც. სახიფათო იმიტომ, რომ აღქმები და მოლოდინები არ გამიბიაბურდეს, მიმზიდველი კი უზომო ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, -გავიგო, ვინ არის ის, ვინც მაიძულა ამა თუ იმ სიუჟეტზე მეფიქრა, მეცინა, მედარდა, მეტირა და საუკეთესო შემთხვევაში სამუდამოდ ჩემს ნაწილად გამეხადა. მეორე და უფრო პრაქტიკული მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გამოვტოვო ასეთი შეხვედრა, ძალიან მარტივია: ქართველი მკითხველი და საზოგადოება სულაც არაა განებივრებული თანამედროვე, პოპულარული ავტორების ვიზიტებით და თუკი ჩვენ პატარა დედაქალაქს ექნება მისია ასეთ სტუმრებს უმასპინძლოს, აუცილებლად მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა.

შეხვედრა ფრედერიკ ბეგბედერთან

აღარ მახსოვს რამდენი წლის წინ წავიკითხე “99 ფრანკი” და “ექსტაზი — კაიფში დაწერილი მოთხრობები”, მაგრამ მახსოვს ერთმანეთს მივაყოლე აბებივით. ის პერიოდი იყო, როცა “ელემენტარული ნაწილაკებიც” ახალი წაკითხული მქოდნა და ეს ორი ავტორი საოცრად რევოლუციური და განსხვავებული მეჩვენა იმ კლასიკური ლიტერატურის ფონზე, რის კითხვასაც მიჩვეული ვიყავი. თან იმ პერიოდში დაახლოებით 6–7 წლის წინ, თანამედროვე ლიტერატურა თითქმის არ იბეჭდებოდა. ალბათ არაფერი შემეშლება თუ ვიტყვი, რომ უელბეკი, ბეგბედერი, ნოტომი, შმიტი ის ტალღა იყო ავტორების კოელიოს მერე, რომლებმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, რა თქმა უნდა ჩვენი გამომცემლობებიც ამის მერე უფრო დაიხვეწნენ და დღეს ძალიან კარგ ადგილას ვართ ამ მხრივ, როგორც მკითხველს, საწუწუნო არაფერი მაქვს.

“99 ფრანკი” ისეთი წიგნია ბევრ სიმართლეს რომ იპოვი. მასში გამოთქმულ თითქმის ყველა აზრს რომ ჯანსაღად მიიღებ და დაეთანხმები ავტორის სხვადასხვა სითავხედეებს და მისი სიშიშვლე და ცინიზმიც კი აღფრთოვანებაში მოგიყვანს. შინაარსის დეტალები დღეს უკვე აღარ მახსოვს, არც ის მგონია გადავიკითხო ახლო მომავალში, მაგრამ ყველაზე მძაფრი ინტერესი რაც გამომყვა წიგნიდან, მისი ექსცენტრიკული ავტორის რაობა და ვინაობა იყო. მინდოდა უამრავი რამ მეკითხა ამ კაცისთვის, რომელიც ასე თამამად და დოკუმენტურად წერდა. ჰოდა, ამდენი წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით facebook-ის წყალობით ვგებულობ, რომ ჩემი სიყრმის ოცნება შეიძლება რეალობად მექცეს.. გადავაწყდი event-ს სათაურით: “შეხვედრა ფრედერიკ ბეგბედერთან” აი ლინკიც — https://www.facebook.com/events/1577816819205629/ , რომლის cover-საც საოცრად ამშვენებს ხმამაღალი განაცხადი: “ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა მკითხველთან”..

უცნაური სიხარული ვიგრძენი. მიძინებული ემოციები და შეგრძნებები გამიღვივდა, ბუნდოვანი კითხვებით თავში და სხვადასხვა ემოციით — “როგორ ვნატრობდი ამას, ნუთუ ასრულდება? რა საინტერესოა, არა, რა მაგარია! რას ვკითხავ? რა მაინტერესებდა? უნდა გადავავლო წიგნს თვალი. ნეტავ რას მოგვიყვება?”- და უამრავი სხვა, ახლა ცოტა პათეტურად გაიჟღერა, მაგრამ გარწმუნებთ ასე ხდება, როცა ნაივურად ვუყურებ მოვლენებს და ბავშვივით მიხარია.

რა თქმა უნდა event — დავა-going-ე, (როგორც თანამედროვე ტერმინები უბნობენ).. დეტალები მხოლოდ მერეღა წავიკითხე, რომ შეხვედრა არის პარასკევ დღეს, 15:30–17:00 წუთამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ არის სამუშაო დრო და ჩემი მიზნის მისაღწევად მჭირდება სამსახურთან დამატებითი პროცედურების გავლა იმისთვის, რომ ჩემთვის ეგზომ მნიშნველოვანი შეხვედრა არ გამოვტოვო. მომენტალურად გამიჩნდა შეხვედრის ორგანიზებაზე კითხვები და ეჭვები: “რატომ შეირჩა ასეთი დრო? მხოლოდ სტუდენტებზეა შეხვედრა გათვლილი? რატომ არ ვითვლებით “შესახვედრ მკითხველებში” ის “პიონერი” მკითხველები, რომლებმაც მწვანე შუქი მისცეს გამომცემლობებს, ხოლო საშუალება დღევანდელ სტუდენტებს აქტიურად ეკითხათ ბეგბედერი, რა დისკრიმინაციაა?” კითხვებიც დავსვი event-ის გვერდზე და უკმაყოფილებაც გამოვთქვი, მაგრამ “ტომ? ტომ? — პასუხი არ არის.”

სხვა რა გზა იყო, ბეგბედერი თუ ვერ მოდიოდა ჩემთან, მე უნდა მივსულიყავი ბეგბედერთან, ამიტომ ავიღე day off — თავისუფალი დღე (წარმომიდგენია თანამედროვე დამსაქმებლისთვის რამდენად გაუგებარი შეიძლება იყოს მიზეზი — “მწერალთან შეხვედრა” day off-ისთვის) მადლობა ღმერთს არავითარი პრობლემა არ შემქმნია, ბედნიერად მივიღე თანხმობა და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი საწადელს. იმ ანდაზასავით, როცა ნალი უკვე გაქვს და ახლა ცხენი და სამი ნალიც გჭირდება.

ჰოდა, ნალი მქონდა, მაგრამ სამაგიეროდ going-ების რაოდენობა event-ზე იზრდებოდა და იზრდებოდა. ეს ის მომენტია, როცა ეგოიზმი იწყებს ყვირილს შიგნიდან: “წამოვლენ ახლა ბაჭაჭყანა სტუდენტები, საერთოდ რომ არ უნდათ და უბრალოდ ფანჯარა აქვთ ლექციებს შორის და ბეგბედერით შეავსებენ, იმათზე მეტად მე ვიმსახურებ, day off ავიღე, ნეტავ არავინ მივიდეს, ნეტა რამდენი ხნით ადრე მივიდე რომ შემიშვან, არა ვერ დავნებდები!” და ათასი სხვა ამგვარი “შურიანი” აზრი, რა თქმა უნდა რაციონალურად ყველა იმსახურებს თანაბრად და რა მნიშვნელობა აქვს წიგნი ვის წაუკითხავს და ვის არ, მაგრამ ახლა ხომ გულახდილობის პოსტს ვწერ და არა სამართლიანობის, ამიტომ ასეა.

როგორც იქნა მოვიდა პარასკევი. ღამე ცუდად მეძნა, რამდენჯერმე გამეღვიძა იმ ფიქრით რომ მაგვიანდებოდა შეხვედრაზე. დილითაც ადრე ავდექი და ეგრევე ჩაცმა დავიწყე, არადა 3-ის ნახევრისთვის ვაპირებდი წასვლას. ყოველი შემთხვევისთვის ფრედერიკის წიგნები ჩანთაში ჩავიდე, თუ შანსი მექნა, იქნებ ავტოგრაფიც გამოვართვა-მეთქი. ამ თემაზეც უნდა შევჩერდე:

ძალიან მორცხვი და მორიდებული ვარ, “ფანობის” კულტურისგან საკმაოდ განცალკევებით მდგომი და არამარტო. მიყვარს რიგში მორჩილად დგომა, არასოდეს გადავჭეჭყავ ან გადავუსწრებ სხვას, ვერ გავბედავ ვინმეს დავასწრო სადმე, უბრალოდ იმიტომ რომ ვფიქრობ თუ ჩემი ჯერი მოვა მშვიდად და წყნარად უნდა მივიღო, რაც მეკუთვნის.. რა თქმა უნდა უამრავ შემთხვევაში დავრჩენილვარ წაგებული: მქონია ცუდი ადგილი ან შევსულვარ ბოლო, დაუსწრიათ გადახდა, ამასწინ მაგალითად “მეტრო 2035”-ის პრეზენტაციაზე ვიყავი რუსთაველის მეტროში, ჟეტონის რიგში ვიდექი (მეტროში რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ), მოვიდა ჩემი რიგი და მოლარეს ის არის უნდა მივაწოდო ფული და ჩემ გვერდით მდგომმა 60 წლამდე მამაკაცმა ჩემ ხელს თავისი დაასწრო და მოლარეს ფული შეუცურა, ავხედე ამ კაცს და ვეუბნები “ისე, თქვენამდე ვიდექი და მე ვაწვდიდი ფულს” — კაცმა კი უტიფრად გამიღიმა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად, სიტყვაც არ უთქვამს ისე… ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მსგავსი თავხედობით არ გამოვირჩევი, რაც ცუდი არ იქნებოდა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჩემმა მეგობრებმა კი უფრო დამანამუსეს, ვინც ვერ ახერხებდა წასვლას მათ ნაცვლადაც მთხოვეს წიგნზე ავტოგრაფები. ყველაზე მეტად ამაზე ვნერვიულობდი, ბოლოს ისიც გადავწყვიტე თუ ყველაზე ხელის მოწერინების მომერიდა რასაც შევძლებ იმას გავაჩუქებთქო, მაგრამ.. not so fast, აქამდეც მივალთ!

მოკლედ, ჩემი ერთი ნალით — day off-ით, ამაღლებული და მღელვარე განწყობით, ჩანთაში ჩალაგებული ბეგბედერის წიგნებით და მიშას მანქანით, გავემართე ბიბლუსის მაღაზიისკენ ჭავჭავაძეზე. როგორც ზემოთ ვთქვი შეხვედრა 15:30-ზე იწყებოდა, მაგრამ მე 14:15-ზე ვიყავი ადგილზე. ბევრი ხალხი იყო შეჯგუფებული. როგორც მოსალოდნელი იყო სულ სტუდენტები. უშუალოდ ჩემ გარშემო 17 წლის სტუდენტების ჯგუფი იდგა, სევდაც კი შემომაწვა იმის გააზრებაზე, რამდენი ხნის წინ ვიყავი 17 წლის მათემატიკური თვალსაზრისით, თუმცა სუბიექტურად ახლაც ხომ არ განვსხვავდები და იმ რიგშიც ისეთი გულანთებული ველოდი შეხვედრას, როგორც პატარა ბავშვი. უკვე მეორე ნალი მოვიპოვე! რიგში ვდგავარ!

გავიდა 1 საათი, ხალხი მოემატა, მე კი სულ ახლოს ვიდექი შესასვლელ კართან, შიგადაშიგ დგომისგან დაღლილი წარმოვიდგენდი როგორ შევიდოდი მშვიდად, ვიპოვიდი მოწინავე ადგილს, დავჯდებოდი და მოვუსმენდი… უკვე 4-ის ნახევარი ხდებოდა, როცა უცნაური რამ დავაფიქსირე, ხელმოსაწერად მოტანილ წიგნებს ხალხი სადღაც აწოდებდა და რაღაც უცნაური კარუსელი მიდიოდა, როგორც აღმოჩნდა, იმ მიზეზით, რომ ვინმეს ბიბლუსიდან ახალი წიგნი არ გამოეტანა, ჩვენს მიტანილ წიგნებს მარკირებას უკეთებდნენ ამოსაცნობად. არ ვიცი ეს რამდენი ხნით ადრე გადაწყვიტეს, მაგრამ ატყდა დიდი გადაწოდებ-გადმოწოდება. უკანა რიგებიდან წინ ვაწვდიდით, მარკირება-დასტიკერების შემდეგ ისევ უკან გადავცემდით პატრონებს, დრო გადიოდა, შესვლით არ გვიშვებდნენ.. უკნიდან კი გვაწვებოდნენ და გვაწვებოდნენ… როგორც ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციებში დაძაბულობამ და ლოდინმა კულმინაციას მიაღწია, 4-ს უკვე წუთები უკლდა, როცა ტალღამ მთელი ძალით დაიწყო ყველა მხრიდან მოწოლა. წინიდან დაცვა ყვიროდა დაიწიეთო, ჯგუფებიდან ხალხი — ნუ გვჭყლეტთო. მოკლედ სრულად უმართავი სიტუაცია იყო. ამასობაში ერთ-ერთ მოწოლაზე უკვე მივხვდი რომ შენობაში შეშვება დაიწყო და მეც ნელ-ნელა მივიწევდი წინ უკვე სამი ნალით ხელში! ბიბლუსის შესასვლელი კიბის ერთი საფეხური, ორი, აი, აი მესამეც, ჯერ მეორე ფეხი ისევ ჰაერში მაქვს, აირს მეოთხეც! და კარი, სანატრელი კარი, შევედი! კიბეზე ჩავდივარ ოდნავ სწრაფი ტემპით, გვერდით ვიღაცამ ჩამიქროლა, სამ საფეხურს გადაახტა. ნაბიჯს ავუჩქარე, მინდა კარგ ადგილას დავდგე, სადაც შევძლებ კარგად მოსმენას და დანახვას, აი შევდივარ და რას ვხედავ? ვერაფერს!

ოთახი უკვე ხალხითაა გატენილი, არავინ საუბრობს, არაფერი ხდება, არსად ჩანს ბეგბედერი. ვცდილობ უკეთესი ადგილი ვნახო, სადმე შევძვრე, მაგრამ რა მიმართულებით ესეც არ ვიცი, არაფერი ჩანს. ხალხი კი თანდათან ემატება. სუნთქვა შეუძლებელია, ვიღაც ამბობს რომ ხელმოწერები იწყება და ეს ინფორმაციაც ტალღას მომენტალურად ედება, იწყება ისევ ჭყლეტა.

ყველა მხრიდან ყვირიან. დაცვა არ ჩანს. ვიღაც დერეფნის გაკეთებას მოითხოვს, ყვირის! აი, ფრედერიკი გამოჩნდა, რაღაც მაგიდაზე თუ მსგავსზე დგას ღვინის ჭიქით და გვესალმება. მე ისევ გულუბრყვილოდ მგონია რომ უნდა გვესაუბროს. ტალღა უკნიდან მაწვება და მაწვება, რამდენჯერმე მწერლის მაგიდას ეჯახება, დაცვა ვერ აკავებს ხალხს, ისევ ყვირილი “დაიწიეთ უკან!” ვცდილობ ჩემს უკანმდგომს მივაწვე და როგორმე შევინარჩუნო დისტანცია, არაფერი გამოდის. მრცხვენია!

უკვე ყვირიან რომ თუ ასე გაგრძელდა წავა და დაგვტოვებს! ხალხს წიგნები და პასტები უჭირავს, აფრიალებენ და “ფრედერიკ, ფრედერიკს” ყვირიან. მუხლები მეკეცება, საშინლად ცხელა. ისევ ყვირილია, ტალღა აწვება. წიგნმომარჯვებული ახალგაზრდები ორგანიზატორებს უხმობენ, ამაოდ! მხოლოდ უცებ სადღაციდან გაჩენილი დაცვა ითხოვს უკან დავიხიოთ. ბეგბედერი შიგადაშიგ იელვებს ჩემი ხედვის არეში, საკმარისი ნალები მოვაგროვე, ახლა ცხენიღა დამრჩა, რომელსაც ვხედავ, მაგრამ ის ისე შორსაა და თან ისე ახლოს… ისევ გვაფრთხილებენ რომ მწერალი წავა თუ უკან არ დავიწევით. ამ დროს ვიღაცებს აღიზიანებთ უკვე გაბედნიერებული და მწერლამდე მისული სახეები სელფებს რომ იღებენ. აქა-იქ იგინებიან კიდეც.. უკვე აღარ ვიცი რა მინდა, ვიცი რომ მრცხვენია და ერთი სული მაქვს გავიდე, მაგრამ ჩემი შევერცხლილი რაში? უკვე ისე ახლოს ვარ, ამდენი ვიწვალე და ახლა დავნებდე? არა, ამას ვერ ვიზამ, მოვითმენ, არ არსებობს ახლა ვერ მივაღწიო საწადელს…

ის უკვე გავიაზრე რომ ყველანაირ შეხვედრასა და საუბარზე ლაპარაკიც ზედმეტია, ერთადერთი ხელს თუ მომიწერს წიგნზე, რომელზეც უკვე არის ჩემი საკუთარი ხელმოწერა, იმის მანიშნებლად რომ წიგნი ჩემია… ისევ მაწვებიან. არ ვიცი რამდენი დრო გადის, უცებ მაფხიზლებს ტალღის შუაგულიდან ერთი გოგოს განწირული ღრიალი: “ეს დედაარღნიანი დაიწიეთ უკან ბლიად”… ბეგბედერი ყოვნდება და გადმოგვყურებს, წამიერი სიჩმეა, ყვირილზე აქვს რეაქცია, ან შეიძლება “ბლიად”-ის მნიშვნელობაც იცის და გაურკვევლობაშია. მე კი სიბრაზისა და სიმწრისგან ყბა მიკანკალებს, მრცხვენია, არ მინდა ამ გარემოს ნაწილი ვიყო… უფრო ყვირიან… და ამ ყველაფრის ფონზე ნახევრადდაგუდულ მიკროფონში გაისმის მარიკა დარჩიას ხმა:

“მწერლისვე გადაწყვეტილებით, იგი წყვეტს ხელმოწერებს, ჩვენ ვეღარაფერს ვიზამთ..” ტალღა არ ცხრება და ითხოვს ორგანიზატორებს, არცხვენს ბიბლუსს და პალიტრა L-ს რომელმაც ამ საშინელ სიტუაციაში ჩაგვაგდო.. “ტრიბუნებიდან” ქალბატონი მარიკა გვპასუხობს, რომ ორგანიზატორები სხვები არიან და უკვე წასულან…

უკმაყოფილო და მრისხანე ტალღა ამაოდ ცდილობს პასუხი აგებინოს ვინმეს. არავინ გვცემს პასუხს, რატომ აღმოვჩნდით ასეთ უმართავ სიტუაციაში. აქა-იქ ისმის პროტესტის გამომხატველი ფრაზები, მიკროფონიდან ისევ მოისმის დაგუდული ხმა, რომელსაც მეორე ხმა ახშობს, რომ თურმე “დაკარგა ipod shuffle და იქნებ ვინმემ ნახოს და მიაწოდოს”… ისტერიული სიცილი მიტყდება ამ კონტრასტზე…დაქანცულ მკითხველთა ჯგუფი რამდენმე წამში იშლება და მძვინვარე ბრძოლის ველი ცარიელდება.. აქ მეტი დრამატიზმისთვის აუცილებლად უნდა დავწერო — ფ ა რ დ ა!

***

ისმის უამრავი კითხვა, რომელიც მაწუხებს გუშინდელის მერე: რატომ ვერ დააორგანიზეს, რატომ ვერ გათვალეს დარბაზი, რაოდენობა, ტექნიკა, რა უნდოდა ტურნიკეტის ან რკინის დერეფნის გაკეთებას ამხელა event-ისთვის ან თუნდაც თსუ-ს დარბაზის აღებას, რომ წყნარად და კულტურულად ჩაევლო ამ კულტურულ event-ს?

და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული კითხვა: რატომ გვაიძულეს ორგანიზატორებმა თავი შეგვერცხვინა ქართველ მკითხველს მწერლის წინაშე, რომელიც აბსოლუტურ შოკში იყო ჩვენი ქცევისგან.. ასეთ უპასუხისმგებლო ორგანიზატორ კომპანიებს რამე სახის ჯარიმა უნდა ერიცხებოდეთ, რომ სამომავლოდ აღარ გაბედონ მსგავსი შეხვედრების საკუთარ თავზე აღება.

ეპილოგი

გამოვდივარ, სასომიხდილი, სულ გაოფლილი, დაღლილი, გაბოროტებული, ცრემლმორეული და იმედგაცრუებული ჩემი ნალებით ხელში.. ცოტა ხნით ბორდიურზე ვჯები, როგორც სტუდენტობის დროს თეატრალურში და “99 ფრანკი” ვშლი: “ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე…” 
გვერდის ბოლომდე ჩავდივარ გარემოს ვუყურებ, ვდგები და მეგობარს ვურეკავ.. პასუხი დადებითია, ბარბი მზადაა შემხვდეს და ჩემი ემოციები გაიზიაროს.

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.