T-იჩინი

ტიჩინი — https://www.youtube.com/watch?v=XlFKtpghG3g

დღეს დილით თანამშრომლებს ჩემი სიზმარი მოვუყევი და მერე, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთი ჩავითრიეთ. რა თქმა უნდა, ბევრი მსგავსება და განსხვავებაც ვიპოვეთ, რომ უმეტესობა ფერად სიზმარს ვხედავთ, რომ ყველაზე სასიამოვნო განცდა სიზმარში ფრენაა, რომ ზოგს უხდება სიზმარი და ზოგს არ, ზოგიც იშვიათად ხედავს ან თუ ხედავს მხოლოდ შავ-თეთრს და უამრავი საინტერესო დეტალი, ჩვენი საყვარელი და ყველაზე საინტერესო სიზმრებიც მოვყევით და კმაყოფილები დავიშალეთ.

ჩემი მიზანი სულაც არ არის დარჩენილ დღეზე მოგიყვეთ, დარწმუნებული ვარ არც ისე საინტერესო იქნება :) თუმცა ერთ ძალიან უცნაურ ფაქტზე მინდა გიამბოთ, რომელზე პოსტის დაწერაც რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, მაგრამ ვეღარ ჩავუჯექი, ჰოდა ახლა როცა დღევანდელი დღის highlight-ები გავიხსენე და სიზმრების თემა ისევ წამოიჭრა, გადავწყვიტე აღარ გადავდო და გიამბოთ:

ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როცა მე ვიყავი ძალიან, ძალიან პატარა და ძალიან, ძალიან მიყვარდა ოთახში ჩაკეტვა, რადიოლაზე უსაყვარლესი ფირფიტის დადება, “მიკროფონი” ქვა-სანაყის მომარჯვება და ცეკვა-სიმღერა სარკის წინ. (დარწმუნებული ვარ გამონაკლისი არ ვიქნები).

ჩემს ოჯახში 70-იანების მუსიკა წმინდა საკითხია (არც ეს იქნება გამონაკლისი), ამიტომ ჩვენს ფონოთეკას 60-70-იანების თითქმის ყველა ბენდის ფირფიტა ამშვენებდა: Pink Floyd, Led Zeppelin, The Beatles, Elvis Presley, John Lennon, Black Sabbath, Deep Purple, Queen, ABBA, Bonny M, ვლადიმერ ვისოცკი და ბევრი ბევრი სხვა. ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 5–6 წლის როცა უკვე მუსიკის მოსმენის მოთხოვნილება გამიჩნდა, მამა სულ ცდილობდა ჭეშმარიტი როკის გზაზე დავეყენებინე და ფსიქოდელიით მოვეხიბლე, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ბუნებრივია უფრო up-tempo და მხიარული მელოდიები მიზიდავდა, ამიტომ სერიოზული მუსიკა რამდენიმე წლით გვერდზე გადავდე და უფრო დედას ვუჯერებდი — პოპ მუსიკას ვირჩევდი.

აი, მე მჯერა, რომ ყველა გოგოს ექნება სიმღერა, რომელსაც იჩემებს ბავშვობაში, თინეიჯერობაში, უჭირავს ხელში “მიკროფონი” და ცეკვავს და მღერის დაუსრულებლად, ასეთი იყო — ი ს ს ი მ ღ ე რ ა! რომლის ტექსტაც ვყვებოდი და ვცეკვავდი კიდეც გაუთავებლად, ძალიან მწყინდა რომ მოკლე იყო და მალე მთავრდებოდა, მე კი ყოველ 2 წუთში მიწევდა რადიოლაზე ნემსის გადაწევა, რომ ისევ თავიდან დაწყებულიყო, მახსოვს მაშინ როგორ ვნატრობდი სულ ის სიმღერა ყოფილიყო ჩაწერილი და ეტრიალა და ეტრიალა (რა ვიცოდი, რომ სულ მალე repeat ფუნქცია დამკვიდრდებოდა და ჩემი ოცნება რეალიზდებოდა).. ჰოდა როგორც კი მარტო ვრჩებოდი ვიღებდი ხელში ალბომს, რომელსაც ეხატა ერთი თმახუჭუჭა გოგო და ოთხი თუ ხუთი წვერიანი ბიჭი, დისკო-ბურთის სხვადასხვა ასხლეტილი ფერით განათებული და A გვერდზე მე-3 თუ მე-4 სიმღერა იყო ი ს ს ი მ ღ ე რ ა! რომ გეკითხათ რომელი ჯგუფი მიყვარდა ვიტყოდი “ტიჩინი” იმიტომ რომ ამ სიმღერას ვუსმენდი გამუდმებით, მახსოვს “ცვეტა-მუზიკის” ეფექტის მიღწევაც ვცადე ერთხელ და ჩემი მაგიდის ნათურას ვანთებდი და ვაქრობდი და თან ვმღეროდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ცეკვას ვეღარ ვახერხებდი და მალევე მივანებე თავი დისკო-გამნათებლობას.

ჰოდა, რატომ ვილაპარაკე ამდენი.. გამოხდა ხანი.. ჩემს რადიოლას ნემსი გაუფუჭდა, რომლის გაკეთებასაც თითქმის ყოველდღე ვთხოვდი დედას და მამას, ეს მოგონება ერთ-ერთ იმ გულდასაწყვეტ მოგონებებში გადის, რომლებსაც უბრალოდ ვერ ივიწყებ და ვერ პატიობ ( თუმცა წლები რომ გავა და პატარა თეო გაიზრდება აპატიებს, რადგან დიდ მუსიკალურ ცენტრს უყიდიან 90-იანებში, ათასი სიკეთით აღჭურვილს:), ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო! მაგრამ მშობლებს ეზარებოდათ, ხან ამბობდნენ არ იშოვებაო, ხან მაინც არ დაუკრავსო, მე კი ჯიუტად ვითხოვდი მათგან at least მცდელობას, — ამაოდ, სანატრელი ნემსი არ ჩანდა და დროთა განმავლობაში ბედს შევეგუე.

ასე დავშორდით მე და “ტიჩინი”, არამარტო მე და “ტიჩინი”, მე და მთელი ჩემი ბავშვობის ბენდები, უკვე ნაცნობი ლედ ზეპელინი, უცნაური ფერად სამკუთხედიანი ალბომი, ხმაჩახლეჩილი ვისოცკი, ხუჭუჭა ბონი-ემი.. ყველა ჩემი ბავშვობის გმირმა დროებით დაიძინა…

წლების შემდეგ ყველა ისევ დავიმეგობრე, ბევრი ისე აღარ მომეწონა, როგორც ადრე, ზოგიც თავიდან შემიყვარდა და ჩემი ცხოვრების ნაწილია დღემდე, მაგრამ ჩემი “ტიჩინი”, ჩემი ბავშვობა ვერ ვიპოვე… სად არ ვეძებე, როგორ არ ვსერჩე გუგლში თუ სხვაგან, რა ენა აღარ ვცადე: “tichin”, “tizzin”, “tischin”… უამრავი კომბინაცია, მაგრამ ვერსად მივაგენი, ბოლოს ისიც კი ვიფიქრე იქნებ სხვა რამე ერქვათ და ბავშვი ვერ ვკითხულობდი და არასწორად მახსოვს-მეთქი… ჰოდა ისევ დავნებდი…

***

სიზმარი!

რამდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე: დიდ კონცერტზე ვიყავი, რამპები ციმციმებდა, უზარმაზარი სცენა იყო და ყველა შემსრულებელს ელოდა. ინტრო დაუკრეს და უცებ სცენაზე ჯენიფერ ლოპესი გამოვიდა, მოგვესალმა, მიკროფონი მოიმარჯვა და დაიწყო სიმღერა… და მღერის და მესმის სიმღერა ჩემი ბავშვობიდან, ჩემი ნაცნობი, უსაყვარლესი მელოდია, რომელიც წლებია არ გამიგონია. ვხედავ მეხსიერებაში მიძინებული ალბომის cover-საც და მესმის სიმღერის ტექსტი. ვიცი რომ ეს ყველაფერი სიზმარია და თუ არ წავიკითხავ რა წერია ალბომზე ან ტექსტის ფრაზებს არ დავიჭერ, ბავშვობას გაღვიძებისთანავე ისევ დავკარგავ.. ამიტომ მთელი გულისყურით ვუსმენ სიტყვებს და გულში ვიმეორებ “აჰა, აჰა, მარტივი ტექსტია, რა უნდა, გაღვიძებამდე როგორ არ გამყვება”.. მეც ვმღერი, მთელი ემოციით ვმღერი და ვატყობ თანდათან სიმღერა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ “i have it in my bag”, მაგრამ როგორც კი სიმღერა მთავრდება ვეღარაფერს ვიხსენებ, ვერცერთ სიტყვას… ტვინს ვიჭყლეტ, ვწვალობ, ვფიქრობ: როგორ, ამ წამს ხომ მახსოვდა, როგორ შეიძლება დამავიწყდეს?! მინდა ისევ იმღერონ.. მაგრამ ამ განცდებში მეღვიძება… არც რეალობაში მახსოვს ტექსტი, მელოდიასაც ვერ ვიხსენებ, რომელსაც ერთგულად ვყვებოდი მთელი სიზმრის განმავლობაში… ვიმარჯვებ მობილურს და ვიწყებ ძებნას, იქნებ მივაგნო, ვიპოვო, მაგრამ ვერა, search result not found ან ათას სისულელეს მიყრის.. ისევ გამისხლტა ბავშვობა..

მოწყენილი ახალგაღვიძებულ მიშას ეგრევე ვუყვები სიზმარს, ვეუბნები, რომ ჩემი ყველა მცდელობა უშედეგოა, რომ ყველაზე ახლოს ვიყავი მიზანთან, დამესიზმრა, მიმღერა და მაინც ვერ დავიმახსოვრე.. ახლა მიშაც იწყებს ძებნას, “ტიჩინი” ქვია ვეუბნები მე, “ტიჩინი რანაირი სახელია?” ჰოო.. მართლაც რანაირი სახელია და პირველად გამიელვა, რომ ეს ჯგუფი სულაც არაა სავალდებულო იტალიური წარმოშობის იყოს, როგორც წარმომედგინა, მიშას ვკარნახობ აბა t -e-a-თი სცადე და ფრაზა დამთავრებული არ მაქვს მელოდია უკრავს, “ეს არის?” “არა, ეს არ არის მაგრამ მეცნობა, შეიძლება იყო კიდეც მათ ალბომში”, “აბა ეს?”… და იწყება… თვალწინ მიდგება, ჩემი სიზმარი, ჩემი ბავშვობა, ცეკვა, სიმღერა, ყველაფერი ერთად, სიმღერას ვყვები და სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ ბოლომდე გაბადრული! ის არის, ისსსს… “როგორ იპოვე, რა ქვია?” “Teach-in — ding a dong”…

მე ისეთი ბედნიერი, როგორიც იმ დილით ვიყავი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ჰოდა ფერადი სიზმრები ყველას!

აი სიმღერაც enjoy ❤

Show your support

Clapping shows how much you appreciated Teo Kutaladze’s story.