ბუმერანგი

“ რაც უფრო ძლიერად ისვრი ბუმერანგს,

მით უფრო გარდაუვალია მისი დაბრუნება”

ედუარდ მამათი, ავსტრალიელი ფერშალი და საზოგადო მოღვაწე

დილით შემოვიდნენ, როცა ჩვენ ვსაუზმობდით, სამნი იყვნენ და გვერდით მაგიდას მიუსხდნენ. ორმოც წელს მიღწეული სლავური გარეგნობის მამაკაცი რომლის გამომეტყველებაში სიბრიყვე და კეთილგანწყობა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ასე ოცდახუთი წლის ახალგაზრდა ქართველი გოგო (ტიპაჟი ადამიანისა რომელიც თუ ჩვენებურ ჟარგონს გამოვიყენებთ, შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც მამაკაცის ათას სასქესო ორგანოზე გადამხტარი, რაც მისი ასაკისთვის შთამბეჭდავი რიცხვია) და დედამისი, გოგოს დაახლოებით ოცდაათი წლით უფრო ძველი ვერსია. გოგო მამაკაცს გვერდით უჯდება და ისინი მუხლებით ამყარებენ კონტაქტს მაგიდის ქვეშ, დედა მათ წინ ზის, მის მუხლებს უკვე წლებია მხოლოდ ერთმანეთთან თუ დაუმყარებიათ კონტაქტი, ალბათ უკვე დიდი ხანია არავის უოცნებია მათი დაშორიშორება. ორივე ქალი საღამოს წვეულებისთვის შესაფერის ფორმაში უფროა გამოწყობილი ვიდრე დილის საუზმისთვის, გოგოს ლამაზი თმა გაუშლია და ტანსმომდგარი მოკლე კაბა აცვია რომელიც მუხლებს აშიშვლებს და კიდევ უფრო პიკანტურს ხდის კონტაქტს გვერდზე მჯდომ მამაკაცთან. ქალს შავად შეღებილი, მოკლედ შეჭრილი თმა აქვს და გრძელი კონსერვატიული კაბა აცვია რათა დროის არასასურველი კვალი დამალოს.

“ა დავაიწე ვიბერემ ტო ჩტო ვ პროშლი რაზ ნე პრობოვალი”, ამბობს სლავა ( რადგან მასზე ჯერ არაფერი ვიცი გარდა სლავური წარმომავლობისა, მოხერხებულობისთვის სლავა ვუწოდოთ ) მენიუს იღებს, ერთს გვერდით, მასსა და გოგოს შორის დებს, დაახლოებით მუხლების შეხების წერტილის ზემოთ, ხოლო მეორეს მოწიწებით უჩოჩებს სასიდედროს. დიახ, საუბრიდან მალე იკვეთება სურათი: მოსკოველ სლავას რუსკა მოყავს ცოლად ( რახან სახელი არ ვიცი და რუსზე თხოვდება, რუსკა დავარქვათ) და ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში. როგორც ჩანს სხვადასხვა ბიუროკრატიულ საკითხებს აგვარებენ რადგან რუსკა “ტო ი ძელა” რეკავს ხან იუსტიციის სახლში ხან ვიღაც იურისტებთან, მის სატელეფონო საუბრებში აშკარად იკვეთება აქცენტი სლავასთან ურთიერთობის ტრანზაქციულ ნაწილზე და მის ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობაზე, რომანტიულ ნაწილთან შედარებით. პარალელურად სლავას რუსკა და მედიკო ( ეს სახელი უფროს თაობაში ხშირად გვხვდება და თან ერთ-ერთ ყველაზე მიზანმიმართულ ქალს ერქვა, ამიტომ რუსკას შედეგზე მობილიზებული დედისთვის შესაფერისი იქნება) კაფეებში დაყავს და თავს აწონებს, ამ ეტაპზე ალბათ უფრო მედიკოს, რათა რუსკა გულდამშვიდებულმა გაატანოს შვეიცარიაში. დიახ, სლავა ყოჩაღია, ბევრი ისწავლა “ემგეუ” დაამთავრა და ბევრი წვალების შემდეგ ერთ-ერთი მულტინაციონალური კომპანიის სათაოში გადაიყვანეს სამუშაოდ ციურიხში. მაგრამ ეს არ არის მთავარი, სლავა შეყვარებულია, მიამიტი ღიმილით და გაბრწყინებული თვალებით შესცქერის თავის რუსკას და ცდილობს სხვადასხვა კერძების უხვად დახვავებით მედიკოს ანახოს თუ როგორ პრინცესასავით აცხოვრებს თავის “პრეკრასნაია გრუზინკას”, როგორც მეგობრებთან მოიხსენიებს ხოლმე. მედიკოც მიყვება ამ თამაშში და დაახლოებით დილის ათის თხუთმეტ წუთზე შემწვარი კალმახის კერძს უკვეთავს, რომელიც მდიდრული გარნირით არის გაწყობილი და ჩვეულებრივ უფრო საღამოს მიირთმევა ხოლმე თეთრ ღვინოსთან ერთად, მაღალ მატერიებზე საუბრისას. თუმცა აქ მაღალი მატერიებისთვის და დახვეწილი თემებისთვის არავის ცალია და სლავასაც არ თხოვენ იტალიურ ნეორეალიზმზე, ფელინის და ჯულიეტა მაზინას ურთიერთობაზე დახვეწილ საუბარს, მიუხედავად იმისა რომ კაფე “სტრადაში” ვზივართ და ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა, “ ა მეჟდუ პროჩიმ ლა სტრადა ფელინი მოი ლიუბიმი ფილმ”, მათ უბრალოდ ამის ფუფუნება არ აქვთ, ვერ მოასწრეს იმ მატარებელში მოხვედრა რომელმაც ქართველების მცირე ნაწილი ბნელი გვირაბიდან გამოიყვანა და მეტნაკლები კეთილდღეობის სადგურში შევიდა, სადაც უშუქობა, უწყლობა, უპონტობა, უპერსპექტივობაში გაზრდილებს ევროპისკენ გახსნილი გზა, კონდიცირებული ოფისები და სოციალურ მედიაში თავის მოწონების საშუალება მიეცათ: “ ვინმე ბერლინიდან მოდიხართ ამ შაბათ-კვირას ?”, “ აკა მარქდ სეიფ დიურინგ ენ ეარსქვიქ ინ აკაპულკო” , ასეთ სტატუსებს რუსკა არ წერს, აკაპულკო საერთოდ მხოლოდ “რიკი ე პოვერის” სიმღერიდან იცის რომელსაც მეზობელი უსმენდა ფარნიანი რადიოთი უშუქობის დროს, იტალიურ ეზოში სადაც რუსკამ ბავშობა გაატარა: “ აკაპულკოოო, სდრაიარსი ინსიემე სოტო ილ სოლე ….” რუსკა აივანზე დგას, მოწყენილ და უკმაყოფილო მზერას აყოლებს გამვლელებს და ნაჭამი მზესუმზირის ჩენჩოებს მუხლებში ჩადებულ ჯამში აგროვებს. სლავა რუსკასთვის ხიდია, რომელიც უკეთეს ცხოვრებასთან და ფელინიზე საუბართან აკავშირებს. სლავას ბევრი ნამდვილად არ აქვს მაგრამ საკმარისი იმისათვის რომ რუსკა შვეიცარიამდე მიიყვანოს, როგორც შტირლიცმა მიიყვანა რადისტი კეტი, მაგრამ მათ შორის სულ სხვა ამბავი იყო, აქ სხვა. გაივლის რამოდენიმე წელი და უკვე დასავლეთ ევროპული ემანსიპაციით შემცბარ შვეიცარელზე გათხოვილი ქართველი ლამაზმანი, დამტვრეული მაგრამ მუდმივი გაუმჯობესების პროცესში მყოფი გერმანულით ისაუბრებს იმაზე რომ ომი საშინელებაა და შვეიცარია იმიტომ არის საუკეთესო ადგილი დედამიწაზე, რომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შეძლო. თუ ცოტა უფრო შორსაც გავიხედავთ, უკვე დავინახავთ რუსკას ნახევრად შვეიცარელ, ნახევრად ქართველ შვილს, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა და მსოფლიო ისტორიაში სტალინის და სხვა ტირანების როლზე საუბრისას, საკუთარი პიროვნებისადმი მეტი ეგზოტიკურობის მინიჭების მიზნით, თანამოსაუბრეს მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით და გამართული გერმანულით რომელსაც სულ ოდნავ დაკრავს უცნაური აქცენტი, ისეთი როგორიც დღეს კაფე “სტრადაში” რუსკას რუსულს, ეუბნება: “მაინე მუთერ ისთ გეორგიენ”. საქართველოში ის სასურველი სტუმარია ნებისმიერი მაღალი საზოგადოების შეკრებაზე, მასთან მეგობრობა სურთ: “ ჩემი მეგობარია ციურიხში, ძაან გიჟია აი ძაააან”. ის საუბრობს იტალიური კინოს ბოლოდროინდელ კრიზისზე და ამრეზით, ცოტა ზემოდან და ცოტა გვერდიდან, დაახლოებით ორმოცდახუთგრადუსიანი დახრილობით უყურებს მათ ვინც ცდილობს ინტელექტუალური ელიტების წრეებში უხეშად შეღწევას: “დიდი ხანია რაც ჯაზის მოსმენა დაიწყეს ?” . ახლა კი აქ, “სტრადაში” სლავა ბედნიერად ჟღურტულებს, რუსკას ხელიდან მიღებულ ლუკმას ბოლომდე ღეჭავს და მომავლის გეგმებზე საუბრობს, ალბათ ზემფირას ასმენინებს ხოლმე “ხოჩეშ ზა აკოშკამ ალპი”. შემხვედრიან ასეთები, ქართველებზე წარმოდგენა ძირითადად ფილმ “მიმინოდან” და სოსო პავლიაშვილის კონცერტებიდან აქვს, დანარჩენი მსოფლიოც საკმაოდ მარტივად იყოფა: აღმოსავლეთ ევროპა ანუ “ამათი” ქვეყნები: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, უკრაინა … (რამდენი კარგი გაუკეთებიათ ამ დაუნახავი უმადურებისთვის ) დასავლეთ ევროპა და “ეწი ამერიკოსი”. ჩემი რუსი კურსელები მახსენდება, როგორ განიცდიდნენ 2004 წელს რუსული ჯარის გასვლას ახალქალაქის და ბათუმის ბაზებიდან. 23–24 წლის ღლაპები, შუა ბუდაპეშტში, არ მესმოდა რატომ არ ეკიდათ ფეხებზე რამოდენიმე ჟანგიანი ბრონეტრანსპორტიორის ბედი. “ ა დავაი საბირიომსა ი პასმოტრემ მიმინო ვმესწე”, ქართველი სწორედ ასეთ ამპლუაში მოწონთ: ირაციონალური, კეთილი ცოტა დროს ჩამორჩენილი ტიპი რომლის ადგილი დიდ ავიაციაში არ არის და ზედმეტი პრეტენზიები არ უჩნდება სახელმწიფოს ქონაზე, მათგან დამოუკიდებლად რაიმეს გადაწყვეტაზე. ამასობაში ვიღაცას მაგონებს მედიკო და ვერ ვხდები ვის. აგვისტოა, რუსები, ქართველები,შვეიცარია, ხანშიშესული მკაცრი გამომეტყველების ქალი . . . არა, ვერ ვიხსენებ არადა აშკარად ვიღაცას გავს. სლავა მედიკოს და რუსკას ხელში მეცოდება როგორც ადამიანი ადამიანს, მაგრამ მერე წინა პლანზე სხვა მოტივები გამოდის. სლავა ისე კი გეკუთვნის შენი წილი სამაგიერო რომ გადაგიხადოს ამ შედეგზე ორიენტირებულმა გოგონამ. მესმის რომ “დედეტე” გიყვარს მაგრამ ეგ არ კმარა. “დედეტეს” რუსკა ჩაგირთავს, შვეიცარიის ბანკში შენ ანგარიშზე არსებულ თანხებს რომ გარდასახავს, როგორც თქვენი ნაკრებისთვის დადებულ ლელოს, რომელიც ასე გვიხარია ხოლმე. ანგარიში რომელზეც ნული ფრანკია დარჩენილი და შევჩუკის სოლო: “ ეტა ვსიო , ჩტო ასტააანეტსა, პოსლე მენიააა”. ნეტა სლავა სად იქნები მაშინ როცა რუსკა დამტვრეული გერმანულით თავს მოიწონებს თავისი ახალი მეუღლის მშობლებთან . . .

***

  • იცით, ადრე წარმატებული დიპლომატი ვიყავი, შემდეგ ასაკთან ერთად ამდენი მოგზაურობა და დაძაბული გრაფიკი აღარ შემეძლო, ვიფიქრე ჩემი ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება სად გამომეყენებინა და ფსიქოანალიტიკოსის ლიცენზია ავიღე. თან სფეროში გენდერულ დისბალანსს გამოვასწორებ მეთქი ვიფიქრე. მხოლოდ იმ ადამიანებთან ვმუშაობ ვინც პირადად მაინტერესებს. როგორც კი თქვენი ისტორია გავიგე მივხვდი რომ აუცილებლად უნდა შეგხვედროდით, მე ხომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ბევრი მაქვს ნამუშევარი, აქ დაბრძანდით, ეს ტახტი ორიათას თვამეტი წლის ბოლოს დავდგი აქ და ყველას ძალიან მოწონს, მანამდე კაბინეტიც არ მქონდა კარგად მოწყობილი, ჩაი ხომ არ მოგართვათ სლავა ?
  • არა, გმადლობთ ქალბატონო ჰაიდი. ჩაის მხოლოდ ზამთარში ვსვამ
  • როგორც გენებოთ, ჩემმა კოლეგამ მითხრა რომ …
  • თქვენმა კოლეგამ ძალიან დამღალა და ამიტომ მოვითხოვე სხვა სპეციალისტი, იმედი მაქვს მის ნათქვამს არ გაითვალისწინებთ
  • დიახ მან …
  • მუდამ სიყვარულზე და ურთიერთობის სირთულეზე მელაპარაკება, მე ეგ არ მაინტერესებს, მე მსოფლიო წესრიგის აღარ მჯერა გესმით ? ადრე მეგონა რომ რასაც ვიმსახურებდი იმას მივიღებდი. ბევრს ვმუშაობდი, სამსახურში არასოდეს დამილევია, მშობლებთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, ვცდილობ ეკლესიაშიც ვიარო ხანდახან. აქამდე ისე მიდიოდა ჩემი ცხოვრება, რომ ყველაფერს ლოგიკურ პასუხს ვუძებნიდი. როდესაც მანქანა მომპარეს და არც დაზღვევამ ამინაზღაურა, დავფიქრდი და გამახსენდა რომ ჩემ ძმას ერთხელ ძალიან დაჭირდა ის და არ ვათხოვე. არ შეიძლება ასეთი სულმოკლე იყო მეთქი მაშინ ვუთხარი ჩემ თავს. ზოგადად ძმასთან ურთიერთობის გამოსწორება მას მერე გადავწყვიტე და დღეს კარგი მეგობრები ვართ. ბევრი სხვა უსიამოვნებაც მქონია ცხოვრებაში და ყველაფერს ქონდა თავისი მიზეზი, აქამდე ასე მეგონა. ახლა არ ვიცი როგორ ვიცხოვრო რადგან ვერ ვხდები რითი დავიმსახურე ასეთი რამ. ფაქტიურად გამომიყენეს, გამძარცვეს და ნაგავსაყრელზე გადამაგდეს. თქვენ კოლეგას გონია რომ მე სიყვარულის აღარ მჯერა. სიყვარულის კი არა საერთოდ აღარაფრის აღარ მჯერა, აღარ ვარ დარწმუნებული რომ სულ წმინდანივითაც რომ ვიცხოვრო, თავში აგური არ მომხვდება შემთხვევით.
  • სლავა, იცით მე ჩაკრების გაწმენდის და ენერგეტიკული ველის მენეჯმენტის სპეციალისტიც ვარ, ბრიუსელში ჩემთან ხშირად დადიოდნენ დახმარების თხოვნით. ერთხელ თქვენიანიც იყო, ღმერთმა აცხონოს, გაეროდან, დამავიწყდა სახელი, ჩურკინი, ვიტალი ჩურკინი.
  • ჩაკრები და ენერგეტიკული ველი , სისულელე ყოფილა ეს ყველაფერი, ჯერ მამაჩემი მეუბნებოდა: რასაც დათესავ იმას მოიმკი, მერე აქ შვეიცარიაში დავდიოდი ფენშუის წრეზე. სულ ტყული ყოფილა ეგ თქვენი ენერგეტიკული ველი და ჯანდაბა. მე არ დამითესია ის რაც მოვიმკე.
  • სლავა მოდით წამოწექით და ისე ვისაუბროთ, მე ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ პასუხი თქვენ კითხვებზე და ..
  • რა პასუხი ? როგორ ავხსნა ის რომ ორმოც წლამდე დაგეგმილად და მიზანმიმართულად მივდიოდი ცხოვრებაში და უცებ პატარა თბილისელმა გოგომ ისე გამაცუცურაკა, ყველაფრის ნოლიდან დაწყება მიწევს, თქვენი ჩაკრები ახსნიან ამას ?
  • ამაში არის გარკვეული კანონზომიერება სლავა
  • რას ამბობთ ? რა კანონზომიერება ? თქვენ რა მოგზავნილი ხართ რომ სულ გამაგიჟოთ ?
  • დამშვიდდით სლავა
  • ისე ეხლა მივხვდი ვისაც მაგონებთ, დედამისს, ოოხ ის გველი ქალი, მაგის მოფიქრებულია ყველაფერი
  • რეპარაციები სლავა
  • არ მაინტერესებს თქვენი ტერმინების რახარუხი, თქვენ უარესი ხართ ვიდრე თქვენი კოლეგა
  • მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელები რეპარაციებს იხდიდნენ
  • მეორე მსოფლიო ომის ? თქვენ რა გაგეგებათ მეორე მსოფლიო ომის ? აქ იჯექით, თბილად ! ომი ჩვენ მოვიგეთ, ჩვენი ბაბუები იბრძოდნენ !
  • დიახ და დამარცხებული გერმანია რეპარაციებს იხდიდა
  • რა გააჭირეთ საქმე ამ რეპარაციებით ?
  • დიახ, გერმანიას დაევალა კომპენსაციის გადახდა გამარჯვებული ქვეყნებისთვის, მიყენებული ზარალის სანაცვლოდ
  • ძალიან კარგი, დიახ ჩვენ გავიმარჯვეთ, სახლში ბაბუაჩემის ჩამოტანილი ვერცხლის კოვზები მაქვს და კიდევ საკრავი ინსტრუმენტი, “ჰოჰნერი”. ბაბუაჩემი ბერლინამდე მივიდა !
  • გერმანიას ომის შემდეგ დიდი ვალდებულებები დარჩა
  • დიახ დარჩა, რეპარაციები როგორც თქვენ ეძახით
  • დიახ ზუსტად, რეპარაციები
  • და რა კავშირი აქვს ამას ჩემთან ? თქვენ რა დრო გაგყავთ ? საათობრივ ანაზრაურებას იღებთ ? ისედაც გაკოტრებული ვარ, რა რეპარაციები ?
  • შესაძლოა რუსეთსაც მართებს საქართველოსი და თქვენ იხდით სლავა
  • რას ვიხდი ? ვის რა მართებს ? საქართველოსი როგორ უნდა მართებდეს რუსეთს ? საქართველოში რაც დგას ყველაფერი ჩვენი აშენებულია !
  • ორიათას რვა წლის ომი ? მაშინ თქვენ . . .
  • რა ომი ? ეგ ჩვენი ბრალია ? ჩვენ ხომ იმ საწყალ ოსებს ვიცავდით, თქვენ რა სულ გაგიჟდით ? მე ყველა ჩემ კოლეგას ავუხსენი მაშინ ვითარება, ჩვენ ვიცავდით ჩვენ მშვიდობისყოფელებს იმ პირსისხლიანი …
  • თქვენ დადიოდით თქვენი მულტინაციონალური კომპანიის ოფისში, შედიოდით კაბინეტებში და ხალხს ეუბნებოდით რომ საქართველო თქვენ დაგესხათ თავს ?
  • დიახ ზუსტად ასე იყო. მაგათი პრეზიდენტი…
  • აფხაზეთში ხომ არ დაგისვენიათ სლავა ?
  • სად ? კი დამისვენია, ეს ახალი თემაა ? რეპარაციები და საქართველოსთან ომი მოვრჩით ? და ასე აპირებთ ჩემ დახმარებას ?
  • სად ისვენებდით სლავა ?
  • სახლი მქონდა ნაქირავები, გაგრაში, რა მნიშვნელობა აქვს ?
  • ვისი სახლი სლავა, თუ გიკითხავთ ვის ეკუთვნოდა ეს სახლი ? ვინ ააშენა ?
  • არ ვიცი, ვინც მომაქირავა იმას ეკუთვნოდა, მემგონი თქვენ ისევ დრო გაგყავთ !
  • დასვენებას კიდევ არაუშავს, მე გავეცანი კომფლიქტის ვიდეო მასალას. იქ არ უნდა გეცეკვათ, უმაღლესი საბჭოს ცეცხლმოკიდებული შენობის წინ, გაბურძგნულს და გაუპარსავს, ოთხმოცდაცამეტში
  • სად არ უნდა მეცეკვა ? ოთხმოცდაცამეტში სულ პატარა ბიჭი ვიყავი წვერი წესიერად არც მქონდა ამოსული, რას ბოდავთ, აფხაზეთი თვალით არ მქონდა ნანახი, არა თქვენ აშკარად დრო გაგყავთ, დაგიკიდიათ აქ ეს შვეიცარული საათი, დიდის ამბით, ალბათ სპეციალურად არის აჩქარებული რომ მალე გამაგდოთ სეანსიდან და ფული ჩაიჯიბოთ !
  • არა თქვენ ვერ მიმიხვდით სლავა, შეიძლება თქვენ პირადად არ გიცეკვიათ, მაგრამ კრებითად თქვენც იყავით, შესაკრებთა გადანაცვლებით კი ჯამი არ იცვლება
  • რა შესაკრებთა გადანაცვლებით ? რას ბოდავთ ? ეს არის თქვენი დახმარება ?
  • ეს ბოდვა არ არის სლავა, ეს დასკვნაა, ტალიავინის დასკვნა

***

“ ა ვოტ სკაჟიწე ჩტო ვამ ნრავიტსა” ეუბნება გაბადრული სლავა ოფიციანტს, მთელი არსებით აჩვენებს დამსწრე საზოგადოებას მხოლოდ საუკეთესო ემეტება მათთვის. არა, ნამდვილად არ არის ცუდი ბიჭი. მაგრამ კონტრიბუცია საერთო რუსულ რეპარაციებში მოუწევს. კარგი ეხლა სლავა, ხალხმა კოვზის წამოღება ვერ მოასწრო ისე მოუწია გამოქცევა საკუთარი მიწაწყლიდან, შენ არაფერი გიშავს, არ დარჩები მშიერი, უბრალოდ ესპანეთში ვეღარ ივლი კორიდაზე დასასწრებად, რუსკა როგორც დაპატიჟე წელს. მონუსხული უყურებდა სისხლიან წარმოდგენას, შენ კიდე მას უყურებდი მონუსხული და არც დაგინახავს როგორ მიაყენა ფინალური დარტყმა მატადორმა ხარს. მატადორის გამოსვლამდე ცხენზე ამხედრებულმა პიკადორებმა, ხარს ბევრი სისხლი ადინეს და დაღალეს რათა ფინალური შეტაკების წინ თავი ჩვეულზე დაბლა ქონოდა დახრილი. რუსკას პიკადორები არ ჭირდება სლავა, ისედაც უკვე მორჩილი ძროხის თვალებით უყურებ და ელი ფინალურ დარტყმას, ანუ ესკონადას როგორც ესპანეთში ამბობენ, სადაც შენ ვეღარ იმოგზაურებ. ა მოჟეტ ნე ნადა ? ნადა გენაცვალე ნადა, დიდი ამბავი ეხლა ყოველ ახალ წელს მადრიდში თუ არ შეხვდი, ურალს აქეთ საერთოდ თუ არ გადმოხვალთ უკეთესიც იქნება, ნაპოლეონს რა ვუთხარი, თქვენი საშინელი კლიმატი რომ გაეთვალისწინებინა და ბიკინებში გამოწყობილი ჯარი არ შემოეყვანა მოსკოვში, ეგებ ვეღარც გადმოსულიყავით, მაგრამ პარიზულ მოდას იყო კაცი აყოლილი და რა გინდა რომ ქნა. რა მითხარი ? მაშინ ხომ “ომი და მშვიდობა” აღარ დაიწერებოდა ? როგორ არა სლავა, უბრალოდ ფრანგი დაწერდა ! ალბათ სავსე იქნებოდა ყველაფრისადმი ქედმაღლური ზიზღით და გულისრევის მოჭარბებული სურვილით. ჰიტლერს ვინღა დაამარცხებდა ? კარგი, გეყოფა სულ ამ თემის ტრიალი და ჩვენი შებმის მცდელობა იმ არგუმენტით რომ “ძედი ვმესწე ვაევალი” ! სლავა შენ გგონია რომ შენ აბამ, სინამდვილეში იქით გაბამენ მახეში მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. აი ყველა უცნაური და ირაციონალური საქციელის მერე რომ იცით ხოლმე “გაპრავება”: “რასიუ უმომ ნე პანიაწ”, აი ეგრე ზუსტად “რუსკუ უმომ ნე პანიაწ”, ეგ შენ გგონია რომ “მიმინოს” ნახვა საკმარისია ამ სამხრეთ ამერიკული კონდორის მზერის მქონე გოგოს გულისნადების გასაგებად. რომ ვეღარ ივლი ესპანეთში, მერე ჩართე და აყევი: “ჩიტო გვრიტო ჩიტო მარგალიტო დააა “. ოხ აი დესერტის დროც დადგა, “ნუ დავაიწე დავაიწე, ზაკაჟემ ვსიო”. დღეს გრძელი დღე გექნება სლავას, ბევრი რევერანსები, კუდის ქიცინი, ვაი შენ პატრონს. არა მართლა მეცოდები ადმიანურად. თუმცა მეორე მხრივ არ მეცოდები, გიყურებთ და სიამოვნებასაც კი ვიღებ. იცი რა მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვაჟა-ფშაველას ფაქიზ დამოკიდებულებას მტრის ღირსებისადმი დიდად ვერ ვითავისებ. ვაჟათი და ფელინით სხვებმა მოიწონონ თავი. ამ საღამოს ისე ჩაგეძინება რუსკას მოფერებასაც ვეღარ მოასწრებ — არადა ეს ერთადერთი ბონუსია რასაც მთელი ამ ისტორიიდან მიიღებ. იმედია ტკბილ სიზმრებს მაინც ნახავ. სიზმრები ნამდვილად არ მენანება შენთვის. “ვსიოტაკი ძედი ვმესწე ვაევალი !”

***

  • გამარჯობა ახალგაზრდა, თქვენი სახელი ?
  • სლავა რუსოვი
  • სასიამოვნოა, მე ტოტლებენი გახლავართ, გოტლიბ კურტ ჰაინრიჰ ტოტლებენი !
  • სასიამოვნოა ჩემთვისაც, იცით აქაორობას ვერ ვცნობ, ეს რა ადგილია ?
  • ოოჰ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ეს ჯოჯოხეთის სპეციალური განყოფილებაა მათთვის ვისაც საქართველოშიც უმოღვაწია და რუსეთშიც, თან ძირითადად რუსეთის სასარგებლოდ
  • რა უცნაურია, და ბევრნი ხართ აქ ?
  • არც ისე თუმცა ძალიან საინტერესო ხალხია, აი მაგალითად გუშინ მე და სოსო ვსაუბრობდით იმაზე რომ …
  • სოსო ? პავლიაშვილი ?
  • არა სლავა, რა პავლიაშვილი გეთაყვა ? ჯუღაშვილი. პავლიაშვილს აქ რა უნდა (იცინის)
  • აჰ, მართალი ბრძანდებით ის ხომ ცოხალია, რა ცუდად გამომივიდა
  • არა მაგაში არ არის საქმე, ის აქ ვერც ვერასდროს მოხვდება
  • და რატომ ? ეს ხომ სამოთხე არ არის ?
  • არა მაგრამ, იცი რა, ჩვენ ჯაზის მოსმენა დავიწყეთ ცოტა ხნის წინ და…. ხომ იცით მისი რეპერტუარი !? (აქ კვლავ იღიმის და თეთრ მელას ეფერება, რომელსაც მის მუხლებზე უდევს თავი ) განსაკუთრებით მიშას არ უყვარს პაპსა
  • მიშას ? გორბაჩოვს ?
  • თქვენ ისევ ურევთ მიცვალებულებს და ცოცხლებს, არა, ვორონცოვს, ოპერებს გვასმენინებს დილიდან საღამომდე
  • ქალები თუ არიან აქ ?
  • ქალები დაგღუპავენ სლავა ! ქალები ! (იცინის და თეთრ მელას ეფერება). იყო აქ ერთი კაცი, სულ ამბობდა ბუმერანგივით დაგიბრუნდებათო, ფრთხილად იყავი სლავა
  • იყო ? აქედან კიდე სადმე მიდიან ?
  • აჰ არა, უბრალოდ აქ მოსვლის მერე კიდე რაღაცეები ამოუქექეს და აქაორობა არ აკმარეს, გარდასახეს სხვა არსებად ( თეთრი მელა თავს წევს და ტოტლებენს კიდევ უფრო ეკრობა )
  • გარდასახეს ?
  • ხო სლავა, გარდასახვების შენც უნდა გეშინოდეს ისე
  • რატომ ? რა გარდასახვების ? ვერაფერი გავიგე (ახლა უკვე სლავა იცინის)
  • იმიტომ რომ ის გოგო ქართველია, შენ კიდევ რუსი. რა ანგარიში იყო ბოლოს ?
  • რისი ანგარიში ??
  • შენი ბანკის სლავა. ისე ბედის ირონიაა…
  • რა ბრძანეთ ? რა ბედის ირონია ? იცით არ მინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ ცოტა გაუგებრად საუბრობთ
  • ბედის ირონია ანუ გაამოთ, არ გინახავს ეს ფილმი ? ბარბარა ბრილსკა ! პოლონელი ლამაზმანების ხელში დავლიე სული სლავა, ვარშავაში !
  • ბარბარა ბრილკაც აქ არის ?
  • არა, აქ ქალები არ არიან სლავა
  • ცუდია, ალბათ მოწყენილობა იქნება
  • კი, ჯაზის მოსმენაც ამიტომ დავიწყეთ. სამაგიეროდ შენ გყავს გვერდით ულამაზესი ქალი. შენზე ბევრად უმცროსია ხომ ?
  • კი, 14 წლით, ლოლიტა (იცინის)
  • ლოლიტა არა, ალბათ უფრო პრიგლაშენია ნა კაზნ … (ჩაფიქრდა ტოტლებენი და კვლავ თეთრ მელას გადაუსვა თავზე ხელი) იცი, ერთხელ მართლა მიპირებდნენ დახვრეტას მაგრამ საქმე არ მიიყვანეს ბოლომდე
  • პრიგლაშენია ნა კაზნ ?
  • ხო სლავა, ისე მართლა, ქორწილის მოსაწვევს არ გამომიგზავნი ? მგონი მეკუთვნის !

სლავას სავარძელში ეღვიძება, რუსკა ოთახიდან გასულა, მუსიკა დაბალ ხმაზე არის ჩართული: “გძე ტი მილაია, სამაია კრასივაია…”

მაგიდაზე ქორწილის მოსაწვევის ნიმუშს ამჩნევს, იღებს და კითხულობს:

“ პრიგლაშაემ ნა სვაძბუ ვ ციურიხე, რუსკი სლავა ჟენიტსა ნა სლავნოი რუსკე”