ერთი დღე საქმიანი ქართველი კაცის ცხოვრებიდან

დაღლილმა გაიღვიძა. წინ გრძელი და მძიმე დღე ელოდებოდა.

სიგარეტს მოუკიდა.

სამზარეულოდან ყიყლიყოების სუნი გამოდიოდა, მას კი აგერ უკვე გუშინდელი დღიდან მანის ფაფა ენატრებოდა. ამოიოხრა. ამ სახლში არავის ესმოდა მისი.

“ყავა გამიკეთე,” დაიძახა საძინებლიდან და ცოლმა და დედამ ერთდროულად გაუკეთეს ყავა. ორ ყავას შეხედა და ამოიოხრა.

“ლურჯი პერანგი გაგიუთოვე,” სიყვარულით უთხრა ლამაზმა ცოლმა, რომელსაც ყურზე მისი ხელფასით ნაყიდი ბრილიანტის საყურე და დიდი ოთხოთახიანი ბინა ეკეთა. ამოიოხრა. ისევ არასწორი პერანგი გაუუთოვეს.

სამსახურში ოცი წუთით გვიან მივიდა. მანქანა ტროტუარზე გააჩერა, იმიტომ რომ დაღლილი იყო და ეჩქარებოდა.

“ყავა გამიკეთე,” გასძახა მდივანს, რომელიც ლამაზი და დებილი იყო და ყავის მაგივრად ყაურმა გაუკეთა.

შეხვედრაზე დაღლილი შევიდა. ქალი, რომელსაც მასთან სექსი უნდოდა, გამომწვევად ელაპარაკებოდა სქემებზე, ცხრილებზე და პროექციებზე. ქალმა ლაპარაკი გამომწვევად დაამთავრა და კითხვის ნიშნებით და ვნებით სავსე მზერა მიაპყრო.

“საქართველოში ასე არ ხდება,” თქვა და ვისკი მოსვა. მის ნათქვამს ყველა მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. ამოიოხრა; აპლოდისმენტები თავს ატკიებდა. ქალმა ნაწყენი, თუმცა კიდევ უფრო აღგზნებული თვალებით გააცილა.

შეხვედრის შემდეგ ძმაკაცმა დაურეკა.

“ბიჭო, საღამოს რესტორანში წავიდეთ რა, დავლიოთ, დავისვენოთ.”

ამოიოხრა. დასასვენებლადაც დაღლილი იყო, მაგრამ რესტორანში მაინც წავიდა.

რესტორანსაც უნდოდა მასთან სექსი. ამოიოხრა და დაღლილი შევიდა მასში.

რომ გამოვიდა უკვე მოსაღამოვებულიყო.

გზაში ცოლმა დაურეკა და სთხოვა ბავშვებისთვის შოკოლადი წამოეღო. სახლში ასვლამდე “ბარდაჩოკიდან” წინა ახალ წელს ნაყიდი, წინა საყვარლისთვის განკუთვნილი “პლიტკა” ამოიღო, წარმოიდგინა როგორ იღუპებოდა მისი ოჯახი მის გარეშე და სიამაყით აღსავსემ ამოიოხრა.

კარი ცოლმა გაუღო, რომელსაც მართალია დაღლილმა, მაგრამ ისე აკოცა ლოყაზე, რომ ცოლმა ზედიზედ სამი ვაგინალური ორგაზმი განიცადა და ტყუპ ბიჭზე დაორსულდა.

დაღლილი ჩამოჯდა ტყავის უძვირფასეს, იტალიურ სამეულზე და დაღლილმა ჩართო ტელევიზორი.

ბავშვებს, რომლებმაც წიგნი წაგვიკითხეო სთხოვეს, ისე შეხედა, რომ სასწრაფოდ იმეცადინეს, ოთახი დაალაგეს, კბილები გამოიხეხეს, სარეცხი გაფინეს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნეს.

ტელევიზორში მისი დაღლილი ძმაკაცი ხსნიდა, თუ რატომ არ ხდება ასე საქართველოში.

სამ სიგარეტს ერთად მოუკიდა და ამჯერად კმაყოფილმა ამოიოხრა.

კიდევ ერთი სირთულეებით და გამოწვევებით აღსავსე დღე შეალია სამშობლოზე ზრუნვას. სამშობლოს მასთან სექსი უნდოდა.

Like what you read? Give Ana Nikoladze a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.