გვრიტის ბარტყის მოვლა

5 დღემდე გვრიტის ბარტყს უნდა ვაჭამოთ თუთიყუშის ბარტყის ფაფა Baby Pâtée parrots, პადოვანის ფირმის (3 ლარი ღირს რუსთაველის მეტროს მოპირდაპირე მხარეს ზოომაღაზიაში). ეს არის მოყვითალო ფხვნილი, რომელსაც ვასხამთ ანადუღარ, 30 გრადუსამდე თბილ წყალს და ვათხელებთ მდოგვის სისქემდე. შემდეგ ეს მასა შეგვიძლია ჩავასხათ რეზინის ბუშტში, ან რამე, დედა ჩიტის ჩიჩახვის მსგავს ჭურჭელში, ბარტყს ნისკარტი ჩავაყოფინოთ და სანამ ჩიჩახვი გაევსება, ვაჭამოთ. თვითონ შეისრუტავს ნისკარტით, ცოტას თუ ავწევთ ბუშტს. შეგვიძლია აფთიაქში ვიყიდოთ ე.წ. სათითურები. თითზე წამოსაცმელი რეზინა და მაგით ვაჭამოთ. ჭამა მოუწევს გათენებიდან (დილის 5, ან 6 საათიდან) დაღამებამდე (საღამოს 8, ან 9 საათამდე) ყოველ 3 საათში. სავსე ჩიჩახვი დაახლოებით 3 საათში ეცლება.
ბარტყი გათენების და დაღამების ბუნებრივ პროცესში უნდა იყოს, ანუ ღამე შუქი არ უნდა ენთოს მის ოთახში.
გვრიტები არ ჭამენ ჭიებს და სხვა მწერებს. მარცვლეულის მჭამელი ფრინველები არიან.
5 დღის შემდეგ, ჩიტი უკვე საკმაოდ გაძლიერდება. სანამ კენკვას დაიწყებს, მანამდე შეგვიძლია ვაჭამოთ პატარა წიწილების საჭმელი (წიწილების კორმი, რომელიც იყიდება სამგორის მეტროსთან), რომელიც საჭირო ვიტამინებს და მინერალებსაც შეიცავს, ასევე თუთიყუშების ჩვეულებრივი საჭმელი, გარჩეული მზესუმზირა და ხორბალი. სანამ თავისით ვერ ჭამს, ამ ყველაფერს ვაჭმევთ ხელით. ავიღებთ მარცვლებს, გავუღებთ ბარტყს პირს და ჩავუდებთ. ჭამის შემდეგ საჭიროა მივცეთ წყალი უნემსო შპრიცით და რამდენიც მოუნდება, დავალევინოთ.