კორონავირუსი: რატომ უნდა იმოქმედო დღესვე

Babdusi
21 min readApr 4, 2020

--

ამ სტატიის ორიგინალი, რომელიც ინგლისურ ენაზე დაწერა ტომას პუეიომ, დაწერილია 10 მარტს. შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემები რომლებიც მოყვანილი იქნება ქვემოთ არ არის დღევანდელი, თუმცა ის მეთოდები და მოდელები, რომლებიც გამოყენებულია სტატიაში, ცხადია, კვლავაც რელევანტურია და მეტიც, მათი სისწორის შემოწმება უფრო მეტადაა შესაძლებელი ახალი მონაცემების დაგროვების შემდეგ.

კორონავირუსის მთელ ამ აურზაურში შეიძლება ვერ გაარკვიო, რისი გაკეთებაა საჭირო: უნდა დაელოდო სანამ რამე ახალს გაიგებ? დღესვე უნდა ქნა რამე? და საერთოდ: რა უნდა ქნა?

ქვემოთ მოკლედ წერია, თუ რას შეეხება ეს სტატია, მთელი მისი მონაცემებით, გრაფიკებით, მოდელებითა და უამრავი წყაროთი:

  • კორონავირუსის რამდენი შემთხვევა იქნება შენ გარშემო?
  • რა მოხდება, როცა ეს შემთხვევები გამოვლინდება?
  • რა უნდა ქნა შენ?
  • როდის უნდა დაიწყო მოქმედება?

აი რას გაიგებ, როცა ამ სტატიის კითხვას მორჩები:

კორონავირუსი გიახლოვდება.
ის გიახლოვდება ექსპონენციალური სიჩქარით: თავიდან ნელ-ნელა, შემდეგ კი ძალიან სწრაფად.
ეს დღეების ამბავია, შეიძლება ერთი, ან ორი კვირის.
როცა ეს მოხდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება.
შენი ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალოდ სავადმყოფოების დერეფნებშიც არ დარჩება ადგილი.
ექიმები მუშაობით წელში გაწყდებიან. ზოგი მოკვდება კიდეც.
მათ მოუწევთ გადაწყვიტონ, რომელმა პაციენტმა მიიღოს ჟანგბადი და რომელი მოკვდეს.
ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს თავიდან აგვარიდოს არის თვითიზოლაცია. დღეიდან! ხვალიდან არა! დღეიდანვე! ეს ნიშნავს, რომ ამ წამიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დარჩეს სახლში.

თუ პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, ან ბიზნეს ლიდერი ხარ, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შენი ვალდებულებაა.

დღეს შეიძლება ეჭვი გღრღნის: ვაი თუ გადავამლაშო? საცინრად რომ ამიგდონ? ხომ არ გამიბრაზდებიან? ვინმეს სულელი რომ ვეგონო? იქნებ სჯობს სხვის ნაბიჯებს დაველოდო? ეკონომიკას რა ეშველება?

მაგრამ ორი, სამი კვირის შემდეგ, როცა მთელი მსოფლიო ჩაკეტილი იქნება, როცა აღმოჩნდება რომ თვითიზოლაციაში გატარებული რამდენიმე დღით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე, ხალხი აღარ გაგაკრიტიკებს, ისინი მადლიერები იქნებიან, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.

კარგი, დავიწყოთ:

1. კორონავირუსის რამდენი შემთხვევა იქნება შენ გარშემო

სანამ ჩინეთმა თვითიზოლაციის მკაცრ ზომებს არ მიმართა შემთხვევების რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდებოდა. მაგრამ ვირუსმა სხვა ქვეყნებშიც შეაღწია და გლობალურ პანდემიად იქცა, რომელსაც ვერავინ აჩერებს.

დღეისთვის ეს ძირითადად იტალიის, ირანის და სამხრეთ კორეის გამო ხდება.

სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში დაავადების იმდენი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომ ძნელია სხვა ქვეყნების დანახვა, მაგრამ მოდი უფრო ახლოდან შევხედოთ გრაფიკის ქვედა, მარჯვენა კუთხეს.

ათეულობით ქვეყანაში დაავადების შემთხვევები ექსპონენციალურად იზრდება. დღეისთვის მათი უმეტესობა ევროპაშია.

თუ ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, სულ რაღაც ერთ კვირაში ასეთი სიტუაცია იქნება.

თუ გვინდა გავიგოთ, რა შეიძლება მოხდეს, ან როგორ უნდა შევაჩეროთ ეს ზრდა, სხვა ქვეყნების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ ჭკუა, ესენია: ჩინეთი, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები SARS-ის გამოცდილებით და იტალია.

ჩინეთი

Source: Tomas Pueyo analysis over chart from the Journal of the American Medical Association, based on raw case data from the Chinese Center for Disease Control and Prevention

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფიკია.

ნარინჯისფერი სვეტები დღეების მიხედვით ასახავენ ოფიციალური შემთხვევების რაოდენობას ჰუბეის პროვინციაში, ანუ რამდენ ადამიანს დაუდგინდა ამ დღეს კორონავირუსი.

ნაცრისფერი სვეტები დღეების მიხედვით ასახავენ კორონავირუსის რეალურ შემთხვევებს. ეს რიცხვები ეყრდნობა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს. დიაგნოსტირების დროს ექიმები პაციენტებს ეკითხებოდნენ: რამდენი დღის წინ დაეწყოთ სიმპტომები.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რეალური რაოდენობის გარკვევა მხოლოდ მომავალში შეგვიძლია: ჯანდაცვის სისტემამ არ იცის რამდენ ადამიანს გამოუვლინდა სიმპტომები დღეს. ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ეს ადამიანები ექიმს მიმართავენ და დაავადება დაუდგინდებათ.

ნარინჯისფერი სვეტები გვეუბნება თუ რა იცოდნენ პასუხისმგებელმა პირებმა, ხოლო ნაცრისფერი გვეუბნება რა ხდებოდა რეალურად.

21 იანვარს დამტკიცებული შემთხვევების (ნარინჯისფერი) რაოდენობა ფეთქდება: დაახლოებით 100 ახალი შემთხვევაა. რეალურად კი ამ დღეს კორონავირუსით დაახლოებით 1500 ადამიანი დაავადდა. შემთხვევების რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდებოდა, თუმცა პასუხისმგებელმა პირებმა ეს არ იცოდნენ. მათ იცოდნენ, რომ მოულოდნელად 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

2 დღის შემდეგ, უხანი (ვუჰანი) ჩაკეტეს. ამ მომენტისთვის ოფიციალურად დაახლოებით 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საყურადღებოა, რომ ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მხოლოდ 400 ახალი შემთხვევის საფუძველზე მიიღეს. რეალურად კი იმ დღეს 2500 ახალი შემთხვევა იყო, მაგრამ ეს ჯერ არავინ იცოდა.

ერთი დღის შემდეგ ჰუბეის პროვინციაში კიდევ 15 ქალაქი დაკეტეს.

შევხედოთ გრაფიკის ნაცრისფერ (რეალური შემთხვევები) სვეტებს 23 იანვრამდე, იქამდე სანამ უხანი ჩაიკეტებოდა: ის ექსპონენციალურად იზრდებოდა. ნამდვილი შემთხვევების რაოდენობა ფეთქდებოდა. როგორც კი უხანი ჩაიკეტა, რეალური შემთხვევების ზრდამ იკლო. 24 იანვარს, როცა დანარჩენი 15 ქალაქიც ჩაიკეტა, ზრდა თითქმის შეჩერდა. ორი დღის შემდეგ კი რეალური შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწია და მას მერე უფრო და უფრო მცირდება.

საყურადღებოა, რომ შემდეგი 12 დღის მონაცემებს თუ შევხედავთ, შეიძლება ჩავთვალოთ რომ პანდემია კვლავ ფეთქდება ნარინჯისფერი (ოფიციალური) შემთხვევების რაოდენობა კვლავ ექსპონენციალურად იზრდება. თუმცა საქმე სხვა რამეშია. მათ, ვინც ქალაქების ჩაკეტვამდე დაავადდა, ამ დროისთვის სიმპტომები გაუმძაფრდათ. ექიმებს უფრო მეტმა მიმართა და დაავადებულთა აღმოჩენის მეთოდიც დაიხვეწა.

ოფიციალური და რეალური შემთხვევების ეს კონცეფცია მნიშვნელოვანია. დავიმახსოვროთ, რადგან ამ საკითხს კვლავ მივუბრუნდებით.

ჩინეთის სხვა რეგიონებში ბევრად უფრო მართვადი სიტუაცია იყო, მთავრობამ მკაცრი და მყისიერი ზომები მიიღო. ამის შედეგად:

ბრტყელი მრუდები აღნიშნავს ჩინეთის რეგიონების სტატისტიკას (გარდა ჰუბეისა). ამ რეგიონებსაც დაავადების ექსპონენციალური ზრდა ემუქრებოდა, თუმცა იანვრის ბოლოს მიღებული ზომების წყალობით, თითოეულ მათგანში ვირუსი მანამ შეაჩერეს, სანამ უამრავ ადამიანს გადაედებოდა.

ამასობაში სამხრეთ კორეას, იტალიასა და ირანს მთელი თვე ჰქონდათ ჩინეთის გამოცდილების გასათვალისწინებლად, თუმცა ეს არ ქნეს. მათ ვერ შეაჩერეს ექსპონენციალური ზრდა და თებერვლის ბოლოს დაავადების შემთხვევებით ჩინეთის ყველა სხვა პროვინციას გაუსწრეს (გარდა ჰუბეისა).

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები

სამხრეთ კორეაში შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა, რატომ არ მოხდა იგივე იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდსა და ჰონგ-კონგში?

ტაივანი არც კი მოხვდა ამ გრაფიქზე, რადგან 50-იან ზღვარსაც კი ვერ გადააჭარბა, რომელიც ამ გრაფიკშია გამოყენებული

2003 წელს ამ ქვეყნებს SARS-ის ეპიდემია (ე.წ. ატიპიური პნევმონია) დაატყდა თავს. წარსულის მძიმე გამოცდილების შედეგად, იქ ადრევე მიხვდნენ, თუ რა საფრთხესთან ჰქონდათ საქმე. მყისიერად მიღებული მკაცრი ზომების წყალობით, არც ერთი მათგანის მრუდი ექსპონენციალურად არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ ადრე დაფიქსირდა.

ეს ის შემთხვევებია, როცა მთავრობებმა საფრთხე დროულად გაიაზრეს და ვირუსის ლოკალიზება შეძლეს. დანარჩენ ქვეყნებში, სამწუხაროდ, საქმე სულ სხვაგვარად წავიდა.

სამხრეთ კორეაზეც უნდა ვთქვათ ერთი სიტყვა: ეს ქვეყანა სავარაუდოდ გამონაკლისია. პირველი 30 შემთხვევის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვის ზრდა შეჩერებული იყო, თუმცა 31-ე პაციენტი სუპერგამავრცელებელი აღმოჩნდა, რომელმაც ათასობით სხვა ადამიანს გადასდო ვირუსი. დაავადებული იქამდეც გადამდებია, სანამ სიმპტომები გამოუვლინდება, ამიტომაც მთავრობამ ვერ შეძლო ვითარების კონტროლი და ქვეყანაში ვირუსი ხელმეორედ გავრცელდა. ახლა კორეელები ამ ერთი შემთხვევის შედეგს იმკიან. ამის შემდეგ მათ მათ მკაცრი ზომები მიიღეს და მაინც მოახერხეს ზრდის ტემპის შემცირება. იტალიამ დაავადებულთა რაოდენობით უკვე გაასწრო კორეას და ხვალ (10 მარტს) კი ირანი გაუსწრებს.

ვაშინგტონის შტატი

ჩვენ უკვე ვნახეთ გავრცელების ტემპი დასავლეთის ქვეყნებში და რამდენად ცუდი პროგნოზებია მხოლოდ ერთი კვირის მანძილზეც კი. ახლა წარმოვიდგინოთ რომ ლოკალიზაცია არ მოხდა, უხანის მსგავსად და მივიღებთ კოლოსალურ ეპიდემიას.

უკვე ვნახეთ, რა სწრაფად ვრცელდება ვირუსი დასავლეთის ქვეყნებში. მომავალი ერთი კვირის პროგნოზები კიდევ უფრო შემზარავია. თუ ამ ქვეყნებმა სწრაფად არ მიბაძეს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს დაავადებულთა რაოდენობა კოლოსალურ რიცხვს მიაღწევს.

მოდი შევხედოთ იმ ადგილებს, სადაც ამ დროისთვის, დაავადებულთა რაოდენობა მცირეა. ესენია: ვაშინგტონის შტატი, სან ფრანცისკო, პარიზი და მადრიდი.

ვაშინგტონის შტატი აშშ-ს უხანია. შემთხვევების რაოდენობა იქ ექსპონენციალურად იზრდება და ახლა 140-ს უტოლდება.

რამდენიმე დღით ადრე შტატში დაავადების სამი შემთხვევა და ერთი სიკვდილი იყო დაფიქსირებული. ეს სიკვდილიანობის არარეალურად მაღალი მაჩვენებელია.

სხვა ადგილებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.5%-იდან 5%-მდე მერყეობს (ამაზე მოგვიანებით). შესაბამისად ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ვაშინგტონში სიკვდილიანობა 33% ყოფილიყო?

როგორც აღმოჩნდა, ვირუსი კვირების განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდობოდა. მართლა 3 შემთხვევა კი არ ყოფილა, უბრალოდ ჯანდაცვის ორგანოებმა იცოდნენ მხოლოდ 3 შემთხვევის შესახებ. ერთ-ერთი ამ სამი დაავადებულიდან გარდაიცვალა. რაც უფრო მძიმეა შემთხვევა, მით უფრო მეტი ალბათობაა, რომ მისი ტესტირება მოხდეს (მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს პაციენტები თავად მიდიან კლინიკაში).

გავიხსენოთ ნარინჯისფერი და ნაცრისფერი სვეტები ჩინეთის გრაფიკიდან. ვაშინგტონში მხოლოდ ნარინჯისფერი სვეტის (ოფიციალური შემთხვევების) შესახებ იცოდნენ. ამ მონაცემებით საგანგაშო ჯერ არაფერი იყო. თუმცა რეალურად შტატში ასობით, ან ათასობით ადამიანი იყო დაავადებული.

პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ მხოლოდ ოფიციალური შემთხვევების რაოდენობა ვიცით, რეალური რაოდენობა კი უცნობია. როგორ შეიძლება მიახლოებით შევაფასოთ რეალური შემთხვევების რაოდენობა? ამის ორი გზა არსებობს და აქ გვაქვს ორივე მოდელი. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა რიცხვების ჩასმით მოვახდინოთ სხვადასხვა ქვეყანაზე, ან რეგიონზე მორგებული სიტუაციის მოდელირება (პირდაპირი ლინკი მოდელის ასლზე).

პირველი მათემატიკური მოდელი გარდაცვლილთა რაოდენობას ეყრდნობა. თუ იცი გარდაცვლილთა რაოდენობა შენს რეგიონში, შეგიძლია ის გამოიყენო რეალური შემთხვევების მიახლოებითი რაოდენობის დასადგენად. ჩვენ ვიცით საშუალოდ რა დრო გადის ვირუსის შეყრიდან სიკვდილის დადგომამდე (17.3 დღე). ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც 29 თებერვალს გარდაიცვალა, ვირუსი სავარაუდოდ 12 თებერვალს შეეყარა.

ასევე ჩვენ ვიცით სიკვდილიანობის დაახლოებითი პროცენტული მაჩვენებელი. ამ სცენარისთვის მე ვიყენებ 1%-ს (თუ რატომ ვიყენებთ, ერთი შეხედვით ასე დაბალ, 1%-იან მაჩვენებელს შემდეგ განვიხილავთ). ეს იმას ნიშნავს, რომ 12 თებერვალს დაახლოებით 100 შემთხვევა იყო ამ რეგიონში (ამ შემთხვევებიდან მხოლოდ ერთი დამთავრდა ლეტალურად ~17.3 დღის შემდეგ).

ახლა, გამოვიყენოთ საშუალო გაორმაგების დრო კორონავირუსისათვის (დრო რომელიც საჭიროა შემთხვევათა რაოდენობის გასაორმაგებლად) 6.2 დღე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 17 დღის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანი დაიღუპა, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 8-ჯერ (=2^(17/6)). ეს ნიშნავს, რომ თუ ყველა შემთხვევის ტესტირებას არ აკეთებ, ერთი სიკვდილი დღეს ნიშნავს დაახლოებით 800 რეალურ შემთხვევას დღეს.

ვაშინგტონის შტატში დღეისთვის დაფიქსირებულია 22 სიკვდილი. ზემოთ აღწერილი გამოთვლით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 16 000 რეალურ შემთხვევას. იმდენი, რამდენიც ოფიციალური შემთხვევებია იტალიასა და ირანში ერთად აღებული.

დეტალური განხილვისას შეიძლება გამოვყოთ, გარდაცვალების ამ 22 შემთხვევიდან 19, რომელის ერთი კლასტერად მოაზრება შეიძლება. ამ კონკრეტულმა კლასტერმა ალბათ დიდად არ გაავრცელა ეს ვირუსი. ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ამ 19 გარდაცვალების შემთხვევის 1-ად ჩავთვლა, მაშინ გარდაცვლილების საერთო რაოდენობა ჩვენი ფორმულისათვის 4 გამოდის. მოდელის განახლებით ჩვენ მაინც ვიღებთ 3000 რეალურ შემთხვევას დღეისათვის.

ეს მიდგომა ტრევორ ბედფორდმა შეიმუშავა, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დასადგენად ბედფორდი ვირუსს და მის მუტაციებს ეყრდნობა.

როგორც ჩანს, ახლა ვაშინგტონის შტატში დაახლოებით 1100 შემთხვევაა.

ეს მეთოდები არ არის სრულყოფილი, თუმცა ყველა მათგანი ერთ რამეზე მიგვანიშნებს: ჩვენ არ ვიცით რეალური შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ისინი ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევები. ის ასეულობით არაა. ის ათასეულებია, ან შეიძლება მეტიც.

სან ფრანცისკო

8 მარტამდე ამ რეგიონში არც ერთი სიკვდილი არ დაფიქსირებულა. ეს შემთხვევების რეალური რაოდენობს დადგენას ართულებდა. შემთხვევების ოფიციალური რაოდენობა 86 იყო. თუმცა აშშ საგრძნობლად ცოტას ტესტავს, რადგან ქვეყანაში სათანადო ტესტების რაოდენობა მცირეა. შტატებმა გადაწყვიტეს საკუთარი სატესტო კიტების შექმნა, რომლებმაც ვერ იმუშავა.

ესაა ცხრილი სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ტესტების რაოდენობის შესახებ 3 მარტის მონაცემებით:

წყარო

თურქეთს, სადაც კორონავირუსის შემთხვევა, ამ დროისთვის, ჯერ არ იყო დაფიქსირებული, ერთ სულ მოსახლეზე ათჯერ უფრო მეტი ტესტი აქვს გამოყენებული ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. 10 მარტის მონაცემებეთ აშშ-ში სიტუაცია ბევრად არ გაუმჯობესებულა სულ 4000 ადამიანია ტესტირებული (8000 ჩატარებული ტესტით).

სან ფრანცისკოს რეგიონისთვის ტესტავდნენ ყველას ვინც იმოგზაურა, ან ჰქონდა კონტაქტი მასთან ვინც ცოტა ხნის წინ იმოგზაურა, რაც იმას ნიშნავს, რომ იცოდნენ მოგზაურობასთან დაკავშირებული შემთხვევების უმეტესობა, თუმცა შიდაგადადების შემთხვევების შესახებ არაფერი იცოდნენ.

მოგზაურობასთან დაკავშირებულ გავრცელებასა და შიდაგავრცელების ტემპებს შორის თანაფარდობის გასაგებად შეგვიძლა ვნახოთ სამხრეთ კორეის მონაცემები, რომელზე დაყრდნობაც თამამად შეიძლება (სამხრეთ კორეა ყველაზე მეტ ტესტირებას ატარებს). იმ დროისთვის როცა მათ 100-მდე შემთხვევა ჰქონდათ, შიდაგავრცელების წილი იყო 86%.

ამ რიცხვით შეგიძლია ვივარაუდოთ რეალურ შემთხვევათა რაოდენობა სან ფრანცისკოს რეგიონში. თუ სან ფრანცისკოში დღეს 90-მდე დაავადებულია, დიდი ალბათობაა, რომ რეალური რიცხვი 600-მდე აღწევდეს.

საფრანგეთი და პარიზი

10 მარტის მონაცემებით საფრანგეთი აცხადებს, რომ 1 400 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი და 30 გარდაიცვალა. წინა ორი მეთოდის გამოყენებით რეალურ შემთხვევათა რაოდენობა 24 000-იდან 140 000-მდე უნდა იყოს.

კორონავირუსის რეალურ შემთხვევათა რაოდენობა საფრანგეთში 24 000-სა და 140 000-ს შორისაა.

მოდი გავიმეორებ: რეალური შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში სავარაუდოდ ერთი ან ორი რიგით (10-ჯერ ან 100-ჯერ) დიდია, ვიდრე ოფიციალური შემთხვევების რაოდენობა.

თუ ჩემი არ გჯერა, მოდი ისევ უხანის გრაფიკს შევხედოთ.

თუ დავაჯამებთ ნარინჯისფერ სვეტებს 22 იანვრამდე, მიიღებ 444 შემთხვევას. ახლა შევკრიბოთ ყველა ნაცრისფერი სვეტი. მიიღებ დაახლოებით 12 000-ს. ანუ, როდესაც უხანში ეგონათ, რომ მხოლოდ 444 შემთხვევა იყო, რეალურად 27-ჯერ მეტი ადამიანი იყო დაავადებული. საფრანგეთში კი, თუ 1 400 შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, მაშინ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია.

იგივე მეთოდი გამოგვადგება პარიზის შემთხვევაშიც. ქალაქის ფარგლებში 30 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი, როცა რეალურად ასობით, ან ათასობით ადამიანი შეიძლება იყო ინფიცირებული. 300 შემთხვევით ილ დე ფრანსის რეგიონში კი, საერთო რაოდენობა ალბათ უკვე ათი ათასს აცდა.

ესპანეთი და მადრიდი

ესპანეთს საფრანგეთის მსგავსი რიცხვები აქვს (1 200 ესპანეთში, 1 400 საფრანგეთში და ორივეს 30 სიკვდილი). ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე წესები მოქმედებს აქაც: ესპანეთს ალბათ 20 000-ზე მეტი რეალური შემთხვევა აქვს.

მადრიდის რეგიონში კი, სადაც დაავადების 600 ოფიციალური შემთხვევითა და 17 სიკვდილი დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი 10 000-სა და 60 000-ს შორის უნდა იყოს.

თუ ფიქრობ, რომ შეუძლებელია, ეს რიცხვები სიმართლე იყოს, შეგახსენებ, რომ როცა უხანში შემთხვევების ეს რაოდენობა დაფიქსირდა, ქალაქი უკვე სრულიად ჩაკეტილი იყო.

იმ რაოდენობის შემთხვევებით, რომლებსაც ჩვენ ისეთ ქვეყნებში ვხედავთ, როგორებიცაა აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, ირანი, გერმანია, იაპონია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი ან შვეიცარია, უხანი უკვე ჩაკეტილი იყო.

და თუკი თავს უმეორებ, რომ “ნუ, ჰუბეი მხოლოდ ერთი რეგიონია”, მოდი გაგახსენებ, რომ მას დაახლოებით 60 მილიონი მოსახლე ჰყავს, ესპანეთზე მეტი და დაახლოებით იმდენივე რამდენიც საფრანგეთს.

2. რა მოხდება, როცა კორონავირუსის ეს შემთხვევები გამოვლინდება?

კორონავირუსი უკვე ჩვენ გვერდითაა. ის დამალულია და ექსპონენციალურად იზრდება.

რა მოხდება ჩვენს ქვეყნებში, როცა ის დაგვარტყამს? ამის ცოდნა მარტივია, რადგანაც უკვე არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც ეს ხდება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი უხანი და იტალიაა.

სიკვდილიანობის მაჩვენებლები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) სიკვდილიანობის მაჩვენებლად 3.4%-ს ასახელებს. ეს ნიშნავს, რომ დაავადებულთა 3.4 პროცენტი იღუპება. თუმცა ეს რიცხვი კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი დამოკიდებულია ქვეყანაზე და დროის კონკრეტულ მონაკვეთზე: სამხრეთ კორეაში მაჩვენებელია 0.6%, ხოლო ირანში 4.4%. რომელს დავუჯეროთ? ამის დასადგენად, შეგვიძლია, პატარა ხრიკს მივმართოთ.

სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლის ორი მეთოდი არსებობს: 1) გარდაცვლილთა რაოდენობა გაყოფილი შემთხვევათა მთლიანი რაოდენობაზე. 2) გარდაცვლილთა რაოდენობა გაყოფილი დახურული (გამოჯანმრთელებულს + გარდაცვლილი) შემთხვევების რაოდენობაზე. პირველი მეთოდი ჯეროვნად ვერ აფასებს რეალობას, რადგანაც ზოგიერთი ჯერ კიდევ მიმდინარე შემთხვევა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მეორე კი გადაჭარბებულ შეფასებას გვაძლევს, რადგანაც სიკვდილის შემთხვევა უმალ აღირიცხება დახურულ შემთხვევად, გამოჯანმრთელების შემთხვევაში კი ლოდინი და რამდენიმე ტესტის გავლაა საჭირო.

თუ დავაკვირდებით ორივეს განვითარებას, დროთა განმავლობაში, ამ რიცხვებიდან ორივე ერთმანეთს გაუტოლდება მას შემდეგ, რაც ყველა შემთხვევას დაიხურება. ასე რომ, თუ წარსულის ტენდენციებით მომავალზე ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, დავასკვნათ, თუ რა იქნება სიკვდილიანობის საბოლოო მაჩვენებლი.

ჩინეთის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახლა 3.6%-ს და 6.1%-ს შორის მერყეობს. თუ ამ მონაცემებს გავყვებით, ვნახავთ, რომ ის დაახლოებით 3.8% 4%-ის ტოლი გახდება. ეს მონაცემი ექსპერტების ვარაუდს ორჯერ აღემატება, სეზონური გრიპის ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელს კი 30-ჯერ.

თუმცა, ეს რიცხვი ორ სრულიად განსხვავებულ მონაცემს ეყრდნობა: ჰუბეის პროვინცია და ჩინეთის დანარჩენი რეგიონები.

ჰუბეიში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 4.8%-ზე გაჩერდება, ხოლო ჩინეთის დანარჩენი რეგიონებისა 0.9%-ზე.

ქვემოთ იტალიის, ირანის და სამხრეთ კორეის სიკვდილიანობის მაჩვენებლებია.

თუ ირანის და იტალიის გარდაცვალების შემთხვევებს გავყოფთ შემთხვევების საერთო რაოდენობაზე მივიღებთ დაახლოებით 3 4%-ს. სავარაუდოა, რომ საბოლოოდ მათი რიცხვებიც ამ მონაცემის ახლოს იქნება.

სამხრეთ კორეა ყველაზე საინტერესო მაგალითია, რადგან ეს ორი რიცხვი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. სიკვდილის შემთხვევები გაყოფილი შემთხვევების მთლიან რაოდენობაზე მხოლოდ 0.6%-ია, მაგრამ სიკვდილის შემთხვევები გაყოფილი დახურულ შემთხვევებზე 48%. ჩემი აზრით, ეს რამდენიმე უნიკალური ფაქტორის გამოა. უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კორეაში ყველა ადამიანს უტარებენ ტესტირებას (ამდენი ღია შემთხვევის ფონზე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალ რიცხვად ჩანს) და დიდი ხნის განმავლობაში ტოვებენ შემთხვევებს ღიად (პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში კი სწრაფად ხურავენ). მეორეც, მათ აქვთ საკმაოდ ბევრი ადგილი საავადმყოფოში (იხილეთ გრაფიკი 17.ბ). შესაძლოა, სხვა მიზეზებიც იყოს, რომლებიც არ ვიცით. რელევანტური ისაა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაყოფილი შემთხვევების რაოდენობაზე თავიდანვე 0.5%-ის გარშემო ტრიალებდა და, ალბათ, აქვე დარჩება კიდეც, ამაზე დიდი გავლენა იქონია ჯანდაცვის გამართულმა სისტემამ და კრიზისის მენეჯმენტმა.

კიდევ ერთი რელევანტური მაგალითია “Diamond Princess”-ის კრუიზი: 706 შემთხვევა, 6 გარდაცვლილი და 100 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირველი მეთოდით 1%-ია, მეორე მეთოდით 6.5%.

ისიც საყურადღებოა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ქვეყნის ასაკობრივი განაწილებაც ახდენს გავლენას: რადგანაც ხანდაზმულებში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ქვეყნებში, სადაც მეტი ხანდაზმული ცხოვრობს, მაგალითად, იაპონიაში, ეს უფრო მძიმე დარტყმა იქნება, ვიდრე, ისეთ ქვეყნებში, სადაც მეტი ახალგაზრდაა, მაგალითად, ნიგერიაში. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ამინდის ფაქტორიც, განსაკუთრებით ტენიანობა და ტემპერატურა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს დაავადების გავრცელებასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

აი რა შეგვიძლია დავასკვნათ:

  • იმ ქვეყნებში, რომლებიც კორონავირუსს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებლი სავარაუდოდ 0.5%-დან (სამხრეთ კორეა) 0.9%-მდე (ჩინეთი ჰუბეის პროვინციის გამოკლებით) იქნება.
  • ქვეყნებში, სადაც არ მოხდა ჩაკეტვა და საავადმყოფოები გადატვირთულია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იქნება 3–5%.

სხვაგვარად რომ ვთქვათ: ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ სწრაფად, სიკვდილიანობის მაჩვენებლის 10-ჯერ შემცირება შეუძლიათ. და ეს მხოლოდ სიკვდილიანობის შემთხვევების დათვლაა. სწრაფად მოქმედება ასევე მკვეთრად შეამცირებს ახალი შემთხვევების რაოდენობას და პანდემია უფრო მარტივად ჩაივლის.

ქვეყნები, რომლებიც მოქმედებენ სწრაფად გარდაცვლილთა რაოდენობას მინიმუმ 10-ჯერ ამცირებენ.

რა სჭირდება ქვეყანას მზადყოფნისთვის?

რა დატვირთვის ქვეშ მოექცევა ჯანდაცვის სისტემა?

ინფიცირებულთა დაახლოებით 20% საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, 5% ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანას, 2.5% კი ვენტილატორს, ან ECMO-ზე (ფილტვის ფუნქციის შემსრულებელ აპარატზე) მიერთებას.

პრობლემა ისაა, რომ ვენტილატორების და ECMO-ების წარმოება, ან ყიდვა მარტივი არაა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ამერიკას ჯამში 250 ECMO აპარატი ჰქონდა.

ასე რომ, თუ უეცრად 100 000 ადამიანი დაავადდა, ბევრს მოუნდება ტესტირება, დაახლოებით 20 000-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, 5 000-ს ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანა, 1 000-ს კი აღჭურვილობა, რომელიც ახლა საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს. და ეს მხოლოდ მაშინ, როცა 100 000 შემთხვევაა.

კიდევ ერთი პრობლემა ნიღბებია. ამერიკის მსგავს ქვეყანას, სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფისთვის საჭირო რაოდენობის ნიღბების მხოლოდ 1% გააჩნია (12 მილიონი N95, 30 მილიონი ქირურგიული ნიღაბი, როცა 3.5 მილიარდია საჭირო). თუ ერთბაშად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, ამერიკას არსებული ნიღბების მარაგი მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში ეყოფა.

იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, სინგაპური და ჩინეთი (გარდა ჰუბეის პროვინციისა) მზად იყვნენ პანდემიისთვის და შესძლეს პაციენტებისთვის საჭირო დახმარება გაეწიათ, მაგრამ დანარჩენი დასავლური ქვეყნები ჰუბეის და იტალიის მიმართულებით უფრო მიდიან, რა ხდება ამ ქვეყნებში?

როგორ გამოიყურება ჯანდაცვის გადატვირთული სისტემა

ჰუბეიში და იტალიაში განვითარებული მოვლენები საშინლად ემსგავსება ერთმანეთს. ჰუბეიმ 10 დღეში ორი საავადმყოფო ააშენა, მაგრამ, ამ პირობებშიც კი, მთლიანად გადატვირთული იყო.

პაციენტებმა წალეკეს საავადმყოფოები, ავადმყოფებს მკურნალობდნენ ყველგან — დერეფნებში, მოსაცდელ ოთახებში.

ტვიტერის ამ მოკლე პოსტის განხილვებში დეტალურად არის აღწერილი იტალიაში არსებული მდგომარეობა.

სამედიცინო პერსონალი ერთსა და იმავე დამცავ აღჭურვილობაში მუშაობს, რადგანაც საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობა არ აქვთ. ამის შედეგად, საათობით ვერ ტოვებენ საავადმყოფოებს, ხოლო როცა ტოვებენ, დეჰიდრირებულები და ქანცგაწყვეტილები არიან. სამუშაო ცვლები აღარ არსებობს, პენსიაზე გასული ხალხი უკან ბრუნდება. ადამიანები, რომლებსაც ექთნობის არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ერთ ღამეში გადიან ტრენინგს, რათა კრიტიკულად საჭირო ადგილები შეავსონ. ყოველთვის ყველა გამოძახებაზეა.

ფრანჩესკა მანჯიატორდი, კორონავირუსთან ბრძოლით ქანცგაწყვეტილი იტალიელი ექთანი.

და ეს მანამ, სანამ ექიმებიც დაავადდებიან, რაც ხშირად ხდება, რადგან მუდმივი კონტაქტი აქვთ დაავადებულ ხალხთან და საკმარისი დამცავი აღჭურვილობა არ გააჩნიათ. დაავადებული ექიმები 14 დღით კარანტინში უნდა იყვნენ, რის დროსაც სხვა პაციენტების დახმარებას ვერ ახერხებენ. საუკეთესო შემთხვევაში, იკარგება 2 კვირა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მათი სიცოცხლე.

ყველაზე მძიმე ვითარება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, სადაც პაციენტებს საზიარო ვენტილატორები და ECMO-ები აქვთ. მათი გაზიარება შეუძლებელია, ამიტომ სამედიცინო პერსონალმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პაციენტი შეძლებს აპარატის გამოყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადაწყვიტონ, რომელი იცოცხლებს და რომელი მოკვდება.

“არჩევანის გაკეთება გვიწევს […], ყველას ინტუბაცია შეუძლებელია. უნდა გადავწყვიტოთ (ვის ვუმკურნალებთ) ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.” ქრისტიან სალაროლი, იტალიელი ექიმი.

სამედიცინო პერსონალი დამცავ კოსტიუმებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ დაავადებულებს ეხმარება, უხანი, ჩინეთი, 6 თებერვალი.

ამ ყველაფრის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.5%-დან 4%-მდე იზრდება. თუ გინდა, რომ შენი ქალაქში, ან ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4%-მდე გაიზარდოს, დღეს არაფერი გააკეთო.

სატელიტით გადაღებულ სურათზე გამოსახულია ბეჰეშთ მასუმეს სასაფლაო ქალაქ ქომში, ირანში.

3. რა უნდა გააკეთო?

გააბრტყელო მრუდი

ახლა პანდემიაა. მას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ შეგვიძლია მისი გავლენა შევამციროთ.

ზოგიერთი ქვეყნები ამას სანიმუშოდ აკეთებენ. სანიმუშო მაგალითია ტაივანი, რომელიც ჩინეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მაგრამ აქ ჯერჯერობით მაინც 50 შემთხვევაზე ნაკლებია დაფიქსირებული. ეს ბოლო სტატია აღწერს ყველა იმ ზომას, რომელიც ტაივანმა ადრევე გაატარა. ეს ზომები ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ლოკალიზაციისაკენ იყო მიმართული.

ტაივანში შეძლეს ვირუსის ლოკალიზაცია, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა. ახლა ამ ქვეყნების შემდგომი მიზანი მდგომარეობის შემსუბუქებაა. ვირუსი იმდენად უვნებელი უნდა გახადონ, რამდენადაც შესაძლებელია.

თუ ინფექციებს რაც შეიძლება მეტად შევამცირებთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შეძლებს, რომ შემთხვევებს უკეთესად გაუმკლავდეს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბლა დაწიოს. თუ ასე მოვიქცევით გარკვეული დროის განმავლობაში, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა საზოგადოების დანარჩენი წევრები აცრილები იქნებიან და რისკს მთლიანად გავაქრობთ. ჩვენი მიზანი არაა ის, რომ ვირუსის გავრცელება ჩავახშოთ, არამედ დროში გადავდოთ იმდენად, რომ საავადმყოფოები არასდროს გადაგვევსოს და ვაქცინას მოვუსწროთ მინიმალური სიკვდილიანობით.

წყარო

რაც უფრო შევაფერხებთ ვირუსის გავრცელებას, მით უკეთ შეძლებს ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებას, უფრო დაბალი იქნება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ინფიცირებამდე შეძლებს აცრას.

როგორ გავაბრტყელოთ მრუდი?

თვითიზოლაცია

თვითიზოლაცია საკმაოდ მარტივია, ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია და ის არაჩვეულებრივად კარგად მუშაობს.

უხანის გრაფიკიდან გემახსოვრებათ, რომ ქალაქის ჩაკეტვიდან მალევე შემთხვევების რაოდენობამ იკლო, რადგანაც ხალხმა ვერ მოახერხა ერთმანეთთან კონტაქტი და ვირუსი ვერ გავრცელდა.

მეცნიერების თანახმად, ვირუსი 2 მეტრის ფარგლებში ვრცელდება, თუ ვინმე დაახველებს. სხვა შემთხვევაში, წვეთები ძირს ეცემა და ინფიცირების შანსი ძალიან მცირეა. თუმცა ზედაპირებიც საკმაოდ საშიშია: ვირუსი 9 დღე ახერხებს გადარჩენას მეტალის, კერამიკის და პლასტმასას ზედაპირზე. ეს ნიშნავს, რომ კარის სახელურები, მაგიდები ან ლიფტის ღილაკები შესაძლოა ინფექციის წყაროები იყვნენ.

ერთადერთი გზა ინფექციის შესამცირებლად თვითიზოლაციაა: ხალხი სახლში უნდა დარჩეს, სანამ ამისი საშუალება არსებობს, რაც შეიძლება დიდი ხნით, სანამ ეს ყველაფერი გადაივლის.

ეს ადრეც დამტკიცებულა: სახელდობრივ, 1918 წლის გრიპის (ე.წ. ესპანური გრიპი) პანდემიისას.

1918 წლის გრიპის პანდემიის გაკვეთილი

როგორც ხედავთ, ფილადელფიას სწრაფად არ უმოქმედია და სიკვდილიანობის მაჩვენებლის უზარმაზარი პიკი ჰქონდა. ახლა სენტ-ლუისის მაჩვენებელს შეადარეთ, სადაც ზომები სწრაფად გატარდა.

შემდეგ შეხედეთ დენვერს, რომელმაც თავიდან მკაცრი ზომები მიიღო, შემდეგ კი შეამსუბუქა. დენვერს ორი პიკი ჰქონდა, მეორე კი პირველზე უფრო მაღალი იყო.

აი რას ვიღებთ ამ გრაფიკის განზოგადებით:

ეს გრაფიკი აჩვენებს აშშ-ში 1918 წლის გრიპის პანდემიის დროს სიკვდილის რამდენი შემთხვევა იყო თითოეულ ქალაქში, იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად მიიღეს ზომები. სენტ-ლუისმა ზომები პიტსბურგამდე 6 დღით ადრე მიიღო და ერთ მოქალაქეზე ნახევარზე ნაკლები სიკვდილის მაჩვენებელი ჰქონდა. საშუალოდ, 20 დღით ადრე ზომების მიღებამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაანახევრა.

იტალია ამას როგორც იქნა მიხვდა. კვირას მათ ლომბარდია ჩაკეტეს, ერთი დღის შემდეგ კი მთელი ქვეყანა. იმედია, ამის შედეგების ნახვა 1–2 კვირაში იქნება შესაძლებელი (ორიგინალი სტატია დაწერილია 10 მარტს, და მართლაც ჩაკეტვიდან ზუსტად 12 დღეში 21 მარტიდან იტალიაში ახალი შემთხვევების რაოდენობა აღარ იმატებს). უხანში 12 დღიანი დაყოვნება იყო ჩაკეტვის გამოცხადებიდან შემთხვევების რიცხვის კლებამდე.

როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა წვლილი შეიტანონ მოქალაქეების თვითიზოლაციაში?

ეპიდემიის კონტროლის რამდენიმე საფეხური არსებობს, პროგნოზების გაკეთებით დაწყებული და აღმოფხვრით დამთავრებული, მაგრამ ბევრი ვარიანტისთვის უკვე გვიანია. ერთადერთი შანსი რაც დღეისთვის დაგვრჩა, არის შემთხვევების გავრცელების შეჩერება და ლოკალიზაცია, ვირუსის მოქმედების შემსუბუქება.

გავრცელების შეჩერება და ლოკალიზაცია

ვირუსის ლოკალიზაცია დაავადების თითოეული შემთხვევის იდენტიფიცირებას, დაავადებულთა კონტროლს და იზოლაციას გულისხმობს. ამას კარგად უმკლავდებიან სინგაპურში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში და ტაივანში: საზღვრები ჩაკეტილია, თითოეული ავადმყოფი იდენტიფიცირებულია და მყისიერ იზოლაციას ექვემდებარება. სპეციალური ჯგუფები მიჰყვებიან კონტაქტების კვალს და მათ იზოლაციას ახდენენ… ეს კარგად მუშაობს მაშინ, როცა მზად ხარ და როცა ადრეულ ეტაპზე იღებ შესაბამის ზომებს.

უკვე აღვნიშნე ტაივანის სამაგალითო მიდგომა, მაგრამ ტაივანს არც ჩინეთის მეთოდი ჩამოუვარდება. გასაოცარია, თუ რამხელა შრომა გასწიეს ჩინეთში ვირუსის ლოკალიზაციისთვის. მაგალითად: 1 800 5-კაციანი გუნდი ჰყავდათ, რომელთაგანაც თითოეული გადიოდა დაავადებული ადამიანის კონტაქტებზე, თითოეულ ადამიანზე ვისთანაც დაავადებულს თუნდაც მცირე კონტაქტი ჰქონდა და მათ იზოლაციას ახდენდნენ. ასე შეძლეს ვირუსის ლოკალიზაცია მილიარდობით პოპულაციის მქონე ქვეყანაში.

დასავლურ ქვეყნებს ეს არ უქნიათ და ახლა ძალიან გვიანია. ამერიკის უახლესი განცხადება ევროპაში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ არის ლოკალიზაციისთვის გატარებული უსაფრთხოების ზომა ქვეყნისთვის, რომელსაც დღეისათვის აქვს იმაზე 3-ჯერ მეტი და ექსპონენციალურად ზრდადი შემთხვევების რაოდენობა, ვიდრე ჰქონდა ჰუბეის, სანამ ჩაიკეტებოდა. საიდან უნდა ვიცოდეთ, საკმარისია თუ არა ეს? როგორც აღმოჩნდა, შეგვიძლია გავიგოთ უხანის მოგზაურობის აკრძალვაზე დაკვირვებით.

წყარო

ეს გრაფიკი აჩვენებს უხანის მოგზაურობის აკრძალვის გავლენას ეპიდემიის გადავადებაზე. წრეები გვიჩვენებენ დღიური შემთხვევების რაოდენობას, ზედა ხაზი აჩვენებს შესაძლო შემთხვევებს, თუ არანაირი ზომა არ იქნებოდა მიღებული. დანარჩენი ორი ხაზი აჩვენებს გავლენას, თუ მოგზაურობის 40% და 90% შეიზღუდებოდა. ესაა ეპიდემიოლოგების მიერ შექმნილი სავარაუდო მოდელი, რადგან ზუსტად არ ვიცით რა მოხდებოდა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მოგზაურობის აკრძალვამ გავრცელება 3–5 დღით გადადო.

რას ფიქრობენ მკვლევარები, რა იქნებოდა გადადების შემცირების გავლენა?

ზედა ბლოკი იგივეა, რაც უკვე გინახავთ. დანარჩენი ორი ბლოკი გვიჩვენებს გავრცელების შემცირებულ ტემპს. გავრცელების ტემპი თუ 25%-ზე დავა დისტანცირების შედეგად, გააბრტყელებს მრუდს და პიკს 14 კვირით გადაავადებს. გადადების ტემპი თუ 50%-ით შემცირდება, ეპიდემია უახლოეს კვარტალშიც კი არ დაიწყება.

ამერიკის ადმინისტრაციის შეზღუდვა ევროპაში მოგზაურობაზე კარგია: ამან რამდენიმე საათით მეტი მოგვცა, შეიძლება 1 ან 2 დღე, მაგრამ მეტი არა. ეს არაა საკმარისი. ესაა ლოკალიზაცია, როცა საჭიროა შემსუბუქება.

როდესაც პოპულაციაში შემთხვევების რაოდენობა ასობით ან ათასობით იზრდება, იმისთვის, რომ ეს შეჩერდეს, არსებული შემთხვევების კვალის მიგნება და მათი კონტაქტების იზოლირება საკმარისი აღარაა. შემდეგი ეტაპია შემსუბუქება ან შეჩერება.

შემსუბუქება ან შეჩერება

ახალი სტატია, კორონავირუსი: ჩაქუჩი და ცეკვა ეხება შემსუბუქებისა და შეჩერების საკითხებს.

შემსუბუქებისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით ტესტირება, კონტაქტებზე გასვლა, კარანტინი და იზოლაცია რათა მრუდი გაბრტყელდეს გავრცელების შეუჩერებლობის მიუხედავად.

შეჩერება ერთი ნაბიჯით უფრო შორს მიდის და დაავადების აფეთქების შეწყვეტას ცდილობს. შეჩერება მოიცავს მკაცრ დისტანცირებას. ხალხი უნდა შეეშვას ერთმანეთის ნახვას, რათა გავრცელების ტემპი (R) დაეცეს R=~2–3-დან (ესაა მონაცემი იმ შემთხვევაში, როცა არანაირი ზომა არაა მიღებული) 1-ზე ქვემოთ, რათა დროთა განმავლობაში ვირუსი გაქრეს.

ეს ზომები მოიცავს კომპანიების, მაღაზიების, ტრანსპორტის, სკოლების დახურვას, ჩაკეტვის ზომების მიღებას. რაც უფრო ცუდია შენი ვითარება, მით უფრო მკაცრია ჩაკეტვის ზომები. რაც უფრო ადრე მიიღებ მკაცრ ზომებს, მით უფრო ნაკლები დრო დაგჭირდება მათი შესრულება, მით უფრო მარტივია ახალი შემთხვევების ამოცნობა და უფრო ცოტა ადამიანი დაავადდება.

ეს გააკეთა უხანმა. იტალია იძულებული გახდა, ეს ზომები მიეღო, შემდეგ საფრანგეთი, ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. იმის გამო, რომ ვირუსი შეუჩერებელია, ერთადერთი ზომაა ყველა ინფექცირებული არეალის ჩაკეტვა, რათა გავრცელება ერთბაშად შეწყდეს.

ათასობით ოფიციალური და ათიათასობით ნამდვილი შემთხვევის ქონისას, ესაა რაც უნდა გააკეთონ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების და შვეიცარიის მსგავსმა ქვეყნებმა.

ზოგიერთი ბიზნესი სახლიდან აგრძელებს მუშაობას, რაც ფანტასტიურია.
ზოგიერთი მასობრივი ღონისძიება შეჩერდა.
ზოგიერთი რეგიონი, რომელშიც ვირუსი გავრცელდა, თვითიზოლაციაშია

ყველა ეს ზომა ვირუსს შეანელებს და დაავადების ტემპს 2.5-დან 2.2-ზე ან 2-ზე დაიყვანს. იმედია მეტზეც. მაგრამ ეს საკმარისი არაა, რომ 1-ზე დაბლა ჩამოვიდეს იმ დროით, რომ ეპიდემია შეწყდეს.

ისმის კითხვა: რა კომპრომისებზე მოგვიწევს წასვლა R-ის შესამცირებლად? ესაა მენიუ, რომელიც იტალიამ ყველას წინ დაგვიდო:

  • არავის შეუძლია ჩაკეტილ რეგიონებში შესვლა ან გამოსვლა, თუ არაა გადაუდებელი საოჯახო ან სამუშაო მიზეზი.
  • რეგიონების შიგნით მოძრაობას უნდა მოერიდოთ, თუ არაა სასწრაფო პირადი ან სამსახურის საქმე, რაც ვერ გადაიდება.
  • სიმპტომებიანი ხალხი (სასუნთქი გზების ინფექცია და სიცხე) “მკაცრად რეკომენდირებულია” დარჩნენ სახლში.
  • სამედიცინო პერსონალისთვის შეზღუდულია თავისუფალი დრო
  • ყველა საგანამანთლებლო დაწესებულების (სკოლები, უნივერსიტეტები…), სავარჯიშო დარბაზების, მუზეუმების, სათხილამურო კურორტების, კულტურული და სოციალური ცენტრების, საცურაო აუზების და თეატრების დახურვა.
  • ბარებს და რესტორნებს აქვთ ლიმიტირებული დრო დილის 6 საათიდან საღამოს ექვს საათამდე მინიმუმ 1 მეტრის დისტანციით ხალხს შორის.
  • ყველა პაბი და კლუბი იკეტება.
  • ყველა კომერციული აქტივობა უნდა ხდებოდეს მომხმარებლებთან 1 მეტრის სიშორეზე. თუ ამ ზომების მიღება არ შეუძლია კომპანიას, უნდა დაიკეტოს. ეკლესიები შეიძლება დარჩნენ ღია, თუ დისტანციას დაიცავენ.
  • მეგობრების და ოჯახის წევრების მონახულება საავადმყოფოში ლიმიტირებულია.
  • სამსახურის შეხვედრები უნდა გადაიდოს. სახლიდან მუშაობას უნდა დავუჭიროთ მხარი.
  • ნებისმიერი სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი, საჯარო თუ კერძო, უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაკეტილ სივრცეში უნდა ჩატარდეს.

ორი დღის შემდეგ მათ დაამატეს: არა, ყველა ბიზნესი უნდა დაიკეტოს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ამიტომ ვწყვეტთ ყველა კომერციულ აქტივობას, ვხურავთ ყველა ოფისს, კაფეს და მაღაზიას. მხოლოდ ტრანსპორტი, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები იქნება ღია.

როგორ შევარჩიოთ ქვეყნისთვის საჭირო ზომები? წაიკითხეთ კორონავირუსი: ჩაქუჩი და ცეკვა. ერთი მიდგომაა თანდათანაობით გაზარდოთ ზომები. სამწუხაროდ, ეს ვირუსს გავრცელების დროს აძლევს, თუ გინდა, რომ დაცული იყო, გააკეთე უხანის მსგავსად. ხალხი ახლა იწუწუნებს, მერე კი მადლობას გადაგიხდის.

როგორ შეუძლიათ ბიზნეს-ლიდერებს დისტანცირებაში წვლილის შეტანა?

თუ ბიზნეს-ლიდერი ხარ და გსურს იცოდე, რა შეგიძლია გააკეთო, ყველაზე კარგი რესურსია, სახლში დარჩენა.

ესაა დისტანცირების მიდგომების სია, რომლებსაც იყენებენ ამერიკული ტექ-კომპანიები, ჯერ-ჯერობით, 878.

მიდგომები ვარირებენ — ნებადართულია ან აუცილებელია სახლიდან მუშაობა, შეზღუდული ვიზიტები, მოგზაურობა და ღონისძიებები. ბევრი რამაა, რაც ყველა კომპანიამ უნდა განსაზღვროს, მაგალითად, რა მოიმოქმედოს საათობრივად მომუშავე ადამიანებთან, დაკეტოს თუ არა ოფისი, როგორ ჩაატაროს ინტერვიუები, რა მოუხერხოს კაფეტერიას…თუ გსურს გაიგო თუ როგორ გადაჭრა ეს პრობლემები ჩემმა კომპანიამ, Course Hero-მ, რათა გქონდეს ნიმუში, თუ რა უთხრა შენს ბიზნესში მომუშავე ადამიანებს, აქაა ის, რაც ჩემმა კომპანიამ გამოიყენა.

4. როდის?

დიდი ალბათობაა, რომ ჯერჯერობით ყველაფერში მეთანხმები რაც ვთქვი და დასაწყისიდანვე ფიქრობ იმაზე, თუ როდის უნდა მივიღოთ თითოეული გადაწყვეტილება. სხვანაირად რომ ვთქვათ, რა უნდა გახდეს საბაბი თითოეული ზომის მისაღებად.

რისკზე დაფუძნებული პროვოცირების მოდელი

ამის გადაწყვეტისთვის მოდელი შევქმენი (ლინკი ასლზე)

ეს საშუალებას გაძლევს განსაზღვრო შენს რეგიონში შემთხვევების სავარაუდო რიცხვი, ალბათობა, რომ შენი თანამშრომლები დაავადებულები არიან, როგორ ვითარდება ეს დროთა განმავლობაში და როგორ უნდა მიხვდე, დაიხურო თუ არა.

ეს გეუბნება, რომ:

  • თუ შენს კომპანიას ჰყავს 100 მომუშავე ვაშინგტონის შტატში, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსის 11 შემთხვევა 8 მარტს, 25%-ია იმის შანსი, რომ შენი რომელიმე თანამშრომელია დაავადებული და უნდა დაიხურო ახლავე.
  • თუ შენს კომპანიას ჰყავს 250 მომუშავე სამხრეთ ყურის (სან მატეოს და სანტა კლარას საგრაფოებში, რომლებსაც ჯამში 22 ოფიციალური შემთხვევა ჰქონდათ რვა მარტს და ნამდვილი რიცხვი იყო ალბათ მინიმუმ 54), 9 მარტს 2%ია იმის შანსი, რომ მინიმუმ 1 თანამშრომელია ინფიცირებული და უნდა დახურო შენი ოფისი.
  • [12 მარტის განახლება] თუ შენი კომპანია პარიზშია და 250 მომუშავე ჰყავს, დღეს 95%-ია იმის შანსი, რომ შენს რომელიმე თანამშრომელს კორონავირუსი აქვს და ხვალვე უნდა დახურო ოფისი.

ეს მოდელი იყენებს ტერმინებს, როგორებიცაა “კომპანია” და “თანამშრომელი”, მაგრამ იგივე მოდელი შეიძლება ნებისმიერი სხვა ადგილისთვის გამოიყენო: სკოლა, ბევრი ხალხის გადამყვანი ტრანსპორტი. ასე რომ თუ პარიზში მხოლოდ 50 თანამშრომელი გყავს, მაგრამ ყველა მათგანი მატარებლით დადის და ათასობით სხვა ადამიანს ხვდება, იმისი ალბათობა, რომ რომელიმე დაინფიცირდება, ძალიან დიდია და უმალ უნდა დახურო ოფისი.

თუ მაინც ყოყმანობ, რადგანაც არავის აქვს სიმპტომები, გააანალიზე, რომ გადადების 26% ხდება მანამ, სანამ ადამიანი სიმპტომებს გამოავლენს.

ლიდერების ჯგუფის ნაწილი ხარ?

ეს გამოთვლები ინდივიდუალურია, ყველა კომპანიის რისკს ინდივიდუალურად აფასებს, შეგვიძლია, იმხელა რისკზე წავიდეთ, რამხელაზეც გვინდა, სანამ კორონავირუსის გარდაუვალი ჩაქუჩი ჩვენს ოფისებს დახურავს.

თუმცა, თუ შედიხარ ბიზნეს ლიდერების ლიგაში ან პოლიტიკოსებში, შენი გამოთვლები ეხება არა მხოლოდ ერთ კომპანიას, არამედ მთლიანს. ხდება შემდეგნაირი გამოთვლები: რა არის რისკი, რომ შენს რომელიმე კომპანიაში დაინფიცირებულია? თუ გაქვს 50 კომპანიის ჯგუფი საშუალოდ თითოში 250 მომუშავით სან-ფრანცისკოს ყურის არეაში, 35%-ია იმის შანსი, რომ შენს მინიმუმ 1 კომპანიას ჰყავს ინფიცირებული მომუშავე და ეს მოლოდინი 97%-ით გამართლდება შემდეგ კვირაში. ამისათვის მოდელში ტაბი დავამატე.

დასკვნა: ლოდინის ღირებულება

შეიძლება შეგეშინდეს დღეს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ საკითხს ასე არ უნდა შეხედო.

ეს თეორიული მოდელი სხვადასხვა საზოგადოებებს გვიჩვენებს: ერთი არ ითვალისწინებს დისტანცირების ზომებს, ერთი იღებს ამ ზომებს აფეთქების მე-n-ე დღეს, სხვა მე-n+1-ე დღეს. ყველა რიცხვი აბსოლუტურად ფიქციურია (ისინი ავირჩიე, რათა მიმემსგავსებინა ჰუბეის ვითარებისთვის, ყველაზე უარეს შემთხვევაში ყოველდღიურად ~ 6000 ახალი შემთხვევა). ესენი აქ იმიტომაა, რომ ვიზუალურად ასახოს, როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს 1 დღეც კი მაშინ, როცა გვაქვს ექსპონენციალური ზრდა. შეგიძლია ნახო ერთი დღის დაყოვნების პიკები უფრო გვიან და უფრო მაღლა, მაგრამ ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ნულს უახლოვდება.

კი მაგრამ, ჯამური შემთხვევები?

ამ თეორიულ მოდელში, რომელიც უხეშად ასახავს ჰუბეის სიტუაციას, ერთი დღით მეტი ლოდინის შედეგად ვიღებთ 40%-ით მეტ ქეისს. ასე რომ, ჰუბეის მთავრობას ქალაქი 22 იანვარს რომ ჩაეკეტა 23-ის მაგივრად, შეიძლება 20 000-ით შეემცირებინათ შემთხვევების რიცხვი.

და გახსოვდეს, ესენი მხოლოდ შემთხვევებია. სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იქნებოდ, რადგანაც იქნებოდა არამხოლოდ 40%-ით მეტი სიკვდილის შემთხვევა, არამედ ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო დიდი კრახი, რაც სიკვდილიანობის 10-ჯერ უფრო მაღალ მაჩვენებლამდე მიგვიყვანდა, ვიდრე ისაა, რაც ვნახეთ. ასე რომ, ერთი დღის განსხვავებამ დისტანცირების ზომების მიღებაში შეიძლება მოგვცეს უამრავი სასიკვდილო შემთხვევა შენს საზოგადოებაში ინფექციების შემთხვევების გაზრდით და სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით.

ესაა ექსპონენციალური საფრთხე. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. როცა ერთი დღით აყოვნებ გადაწყვეტილების მიღებას, მხოლოდ მცირე დამატებით შემთხვევას არ ქმნი. ალბათ ასობით ან ათასობით შემთხვევაა შენს საზოგადოებაში. ყოველი დღე, როცა დისტანცირების ზომებს არ ვიღებთ, შემთხვევების რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდება.

გაავრცელე ამბავი

ესაა ალბათ ერთადერთი დრო ბოლო ათწლეულში, როცა სტატიის გაზიარებამ შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს. ყველამ უნდა გაიგოს ეს, რათა კატასტროფა ავიცილოთ თავიდან. მოქმედების დრო ახლაა.

--

--

No responses yet