„ბრენდი ვარ?“

რა ლოგიკა დგას ბრენდის რაობის ფოლკლორული გაგების უკან

Photo by Myznik Egor on Unsplash

“მინდა, რომ ბრენდი გავხდე”; “ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია არსებობს და ათასობით ადამიანს ემსახურება, მაგრამ “ბრენდი” არ გვაქვს”;”რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბრენდი გავხდეთ”…

ეს იმ ფრაზების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც სიტყვა “ბრენდი” მისი ფოლკლორული გაგებით გამოიყენება, რომელიც ძალიან ხშირად მესმის პარტნიორებისგან, სტუდენტებისგან თუ მეგობრებისგან და რომლის გამოც ამ პატარა სტატიის დაწერა გადავწყვიტე.

ბოლოს შეკითხვა “ჩვენ ბრენდი ვართ?” “კაცებში” სტუმრობისას დამისვა ჩემი საყვარელი გადაცემის (და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამაგალითო ქართული ბრენდის) ერთ-ერთმა თანაავტორმა და რატომღაც დარწმუნებული ვარ, თუ აქამდე არ გაგჩენიათ ამის გაგების სურვილი, ოდესმე თქვენც მოგინდებათ მასზე პასუხის მოსმენა, თქვენს წამოწყებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ კაკაბას შეკითხვაზე პასუხის გაცემას იქვე შევეცადე, არ ვიცი, იმ ნერვიულობის ფონზე როგორ გამომივიდა და ამიტომ აქაც შევეცდები კიდევ უფრო დეტალურად ავხსნა რამდენად სწორი ან არასწორია მისი ამგვარი ფორმულირება.

კითხვით რომ არ დაგღალოთ, პასუხს თავიდანვე გეტყვით და თუ დეტალებიც დაგაინტერესებთ, მათაც აქვე, ორ წუთში მიაგნებთ:

შეკითხვა ყოველდღიური სასაუბრო ენის დონეზე ლეგიტიმურია, თუმცა თუ აკადემიური პასუხი გვაინტერესებს, მცირე კორექტირებას მაინც საჭიროებს. და აი რატომ:

საქმე ისაა, რომ ბრენდი, მისი ყველაზე თანამედროვე განმარტებით (რომელიც ბრენდინგის დიდ გურუს და ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელსა და მეგობარს, Marty Neumeier-ს ეკუთვნის), ადამიანის შეგრძნებაა პროდუქტის, მომსახურების, კომპანიის, ადამიანის, ადგილმდებარეობის…და ა.შ. მიმართ.

შესაბამისად, მისი აკადემიური გაგებით, ბრენდი არის ყველაფერი, რის მიმართაც რაიმე შეგრძნება, დამოკიდებულება გვაქვს. შეგრძნებები და შთაბეჭდილებები კი, როგორც წესი რასთანაც კი შეხება გვაქვს, ყველაფრის მიმართ გვიჩნდება, სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვანაირი: ნეგატიური, ნეიტრალური ან პოზიტიური. ბრენდია კომუნიზმიცა და კაპიტალიზმიც, ჰიტლერიცა და სტალინიც, ხაშურიც და ნიუ-იორკიც, კამაზიც და ვოლვოც…

მეტიც, სწორედ ამ, აკადემიური განმარტების ბრალია ბრენდის პარადოქსის არსებობაც: ბაზარზე ახალი პროდუქტის (მომსახურების, კომპანიის…) გამოჩენისთანავე, იმდენი ბრენდი იბადება, რამდენი ადამიანიც დაინახავს და შეეხება მას პირველად. ეს კი, როგორც ალბათ მიხვდებოდით, იმიტომ, რომ ყველა ამ ადამიანის გონებაში ჩნდება პირველადი წარმოდგენები, დამოკიდებულებები, პირველადი “ბრენდები” ამ ახალნაცადი პროდუქტის თუ მომსახურების მიმართ… ბრენდის მფლობელების მიზანიც ამიტომაა მარტივი — დროთა განმავლობაში, კომუნიკაციის მართვით, რაც შეიძლება ერთგვაროვანი გავხადოთ ამ ადამიანების ეს დამოკიდებულებები ამ პროდუქტების (მომსახურებების, კომპანიის…) მიმართ: მივაღწიოთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ფიქრობდეს ჩვენზე.

ერთი მხრივ ამიტომაცაა ბრენდის შენება უწყვეტი პროცესი: სულ უფრო და უფრო მეტ ახალ ადამიანში გვიწევს ამ დამოკიდებულების “სტანდარტიზაცია” და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის გონებაში გვიწევს ძველი სტანდარტის დაცვა, შენარჩუნება.

მოკლედ, ბრენდი “კომპანიის/პროდუქტის/მომსახურების მიმართ შთაბეჭდილების, შეგრძნების, რეპუტაციის” სინონიმია და მისი არსებობა ან არ არსებობა თქვენზე კი არა, თქვენს მომხმარებელზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გინდათ ეს თუ არა, აცნობიერებთ ამას თუ არა, მართავთ მას თუ არა, სანამ საქმიანობაში ხართ, სანამ რაიმეს აწარმოებთ, ყიდით და ამის შესახებ ვინმემ იცის, ბრენდი გაქვთ.

სხვა საკითხია რამდენად ისაა ეს ბრენდი რაც თქვენ გსურთ რომ იყოს, რამდენად ძლიერი და მდგრადია ის, რამდენად იმას გრძნობენ და ფიქრობენ ადამიანები თქვენს ნაწარმზე, რასაც თქვენ გინდათ რომ ფიქრობდნენ და რამდენად საიმედოდ გიპყრიათ ხელთ მისი მართვის სადავეები.

ზუსტად ამავე მიზეზის გამო, ის, რომ ბრენდი ხარ, (ესე იგი ვიღაცამ რაღაც იცის შენ შესახებ და აზრიც, დამოკიდებულებაც გააჩნია) საამაყო ფაქტი სულაც არ არის და მთავარი აქ ისაა, რამდენად ძლიერი და მდგრადი ბრენდი ხარ - რამდენად ბევრ ადამიანს აქვს ერთიდაიგივე, ურყევი, აუცილებლად დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს შენ მიმართ.

კამაზიც ბრენდია, მაგრამ მისი შემქმნელი კომუნიზმისა არ იყოს, ძლიერი და მდგრადი ბრენდი ვერ გამოდგა, როგორც ალბათ მოსალოდნელიც იქნებოდა, იმ დროს რომ გვეცხოვრა…

პროლოგად:

ამიტომაა ის შეკითხვა, თავიდან რომ მოგახსენეთ ლეგიტიმური: ფოლკლორში სიტყვა “ბრენდი” ფაქტობრივად შემოკლებაა “დიდი და მდგრადი ბრენდისა”. ყოველდღიურ ლექსიკონში ასე იყენებენ ამ სიტყვას: ბრენდი გაქვს/ხარ თუ ბევრი ხალხის ერთგვაროვან კეთილგანწყობას იმსახურებ და არ ხარ, თუ შენ შესახებ წარმოდგენები სხვადასხვაგვარი და გაბნეულია, ან უბრალოდ უარყოფითი.

--

--

შოთა ჩინჩალაძე
შოთა ჩინჩალაძე

Written by შოთა ჩინჩალაძე

ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი