„ეგ ხომ ისედაც ვიცი“
სტრატეგიის დეკლარირების აუცილებლობა მისი აღსრულებისთვის
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა გვინდა და რას რატომ ვაკეთებთ, სანამ ვინმე არ გვკითხავს ამის შესახებ.“
ეს ძალიან მცირე ამონარიდი ჩინური ფილოსოფიიდან კარგად აჩვენებს, რომ საკუთარ გონებაში მოთავსებულ სტრატეგიაში თავდაჯერებულობა არახალი ფენომენია და ალბათ, სიტყვები „ეგ ხომ ისედაც ვიცით“ იმდროინდელ კონსულტანტებსაც ხშირად ექნებოდათ მოსმენილი.
ლექციებზე ხშირად მიხსენებია და პრინციპში ჩემი წინა სტატიაც იმის კარგი მაგალითია, რომ სტრატეგიის დანიშნულებაზე საუბრისას, ყველაზე ნაკლებად იმაზე საუბრობენ, რომ თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია სტრატეგიის არა მხოლოდ გონებაში, არამედ დეკლარირებულად, დაწერილად ქონა.
არადა, მე თუ მკითხავთ, მყარ ზედაპირზე (ბეჭდურზე ან ციფრულზე) გადატანის გარეშე, სტრატეგია სტრატეგიულ დანიშნულებას სრულად კარგავს.
ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
1. ჯერ ერთი, მე მკაცრად მჯერა, რომ ადამიანი გონიერი არსებაა და რომ ის, თუ რისთვის ვცხოვრობთ და რა გვინდა მომავალში, გულის სიღრმეში მართლა ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, ზემოთნახსენები ჩინური სიბრძნისა არ იყოს, თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, გონების რომელიღაც კუნჭულში მიმალული ეს ცოდნა არც ისე მარტივად გამოსათქმელი და გასაზიარებელია.
გონების სარდაფში, პასიური ცოდნის კარგად გამოკეტილ სკივრში მოთავსებული ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ზემოდან ჩვენი ყოველდღიური ფიქრები და აზრები აყრია, ძალიან ხშირად ისე ძველდება, მის გააზრებას ვერც ვახერხებთ.
სტრატეგიის დეკლარირება ძველმანების სკივრიდან ძველი ტანსაცმლის ამოღებას და მზეზე გამოკიდებას ჰგავს: ხშირად ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ჩრჩილმა არ შეჭამოს და დრომ სახე არ დაუკარგოს.
ჩვენი სტრატეგიული ჩანაფიქრების გარეთ გამოტანით, გარედან შეხედვით და შემდეგ მისი ხშირად წაკითხვით, მის სიცოცხლეს უზრუნველვყოფთ — ობისგან ვიცავთ მას.
2. მეორეც, ჩვენი გონება AIRBNB სახლივითაა: აზრები, მოგზაურებისა არ იყოს, მას მხოლოდ დროებით გასაჩერებლად და საზიაროდ იყენებენ. ტვინისთვისაც, ყოველი შემდეგი დღე ახალი მგზავრი და ახალი სტუმარია. განსაკუთრებულად მაშინ, როცა კონკრეტულ კომპანიაში, კონკრეტულ ბრენდებს მართავთ და აზროვნებაც მუდმივად მათ გარშემო გიტრიალებთ, ყოველ ახალ იდეას მორიგი, ახალი, იმავე ტვინის მიერ მოფიქრებული (და როგორც წესი მის მიერვე უკეთესად შერაცხული) იდეა მოყვება: მართალია მშვენიერი აზრი იყო გორში კატლეტის საჭმელად წასვლა, მაგრამ სამაგიეროდ თუშეთი? ხედები?
სტრატეგიის დაწერა, მისი მყარ ზედაპირზე გადატანა ერთადერთი გზაა მომავლის ხედვა დროსა და სივრცეში დავაფიქსიროთ და წინ მხოლოდ მის მიხედვით, შეძლებისდაგვარად მინიმალური გადახვევებით ვიაროთ. სტრატეგიის აღსრულებას, მომხმარებლის გონებაში სასურველი ადგილის დამკვიდრებას დრო და ჯიუტად თანმიმდევრული ნაბიჯების მუდმივობა სჭირდება. დანიშნულებისა და გზის მუდმივი, ხასიათის მიხედვით ცვლა, უტყუარი გზაა ამ დანიშნულებამდე ვერასდროს მისვლისა.
„მივდივარ იქით, რაც დავწერე და არა იქით, რაც დღეს, კარგ ხასიათზე გაღვიძებისას მომაფიქრდა და რაც ხვალვე შეიძლება შევცვალო“
3. და ბოლოს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ სტრატეგიულ ცოდნას კარგად უვლით, ახალივით ინახავთ და კონცენტრაციის განსაკუთრებული (მე ვიტყოდი არაამქვეყნიური) უნარების დახმარებით, არც ხშირად ცვლით მას, რა ხდება მაშინ, თუ ამ თქვენი ჩაფიქრებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე მარტო ყოფნა არ გსურთ?
დიდი შენობები მარტო იშვიათად შენდება. როგორ უნდა გაიგონ თქვენმა თანამგზავრებმა საით მოგყვებიან? მარტივია, ყველაფერი ზეპირად მოყვეთ, თუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიმგზავრეთ, მაგრამ რა მოხდება, თუ მათი რიცხვი 1000-მდე გაიზრდება? რა მოხდება, თუ ყველასთვის ცალ-ცალკე მოსაყოლად დროს გამონახავთ, მაგრამ სადღაც ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი დაგავიწყდებათ? და საერთოდაც, რა მოხდება თუ კამპანიას გამოაკლდებით და ერთ მშვენიერ დღესაც მარტო გაუშვებთ სამოგზაუროდ? როგორ უნდა გადასცეს ამ ხალხმა თქვენი წესები სხვა, ახალ თანამგზავრებს?
განა მოსეს არ შეეძლო 10 მცნება ზეპირად მოეყოლა ხალხისთვის?
ეპილოგის მაგიერ
თავს უფლებას ვერ მივცემ არ გამოგიტყდეთ: ჩინური ანდაზა, რომელიც თავში მოგახსენეთ, არც ჩინურია და მითუმეტეს არც ანდაზა. მთლიანად მე გამოვიგონე და თანაც სპეციალურად ამ სტატიისთვის.
თუმცა, თუ ახლა ამ ეპილოგს კითხულობთ, დიდი შანსია ეგ გამონათქვამი გულზე მოგხვდათ და მაშინ, რაღა მნიშვნელობა აქვს ჩინურია თუ ხონური?