სტრატეგიის სტრატეგიული საჭიროება
5 მთავარი შეკითხვა, რომელსაც სტრატეგიამ უნდა უპასუხოს
„თუ გინდა შენი ნათქვამი უფრო სერიოზულად მიიღონ, უბრალოდ ჩაამატე სიტყვა „სტრატეგიული“ შენი პრეზენტაციის შუაში“ ასე ჟღერდა რჩევა, რომელიც ჩემი ჰოლანდიელი ჯგუფელის, ჟასპერისთვის უთქვამს თავის ლექტორს, ოდესღაც, გერმანიაში სწავლისას.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიაზრე, გამოცდილმა პროფესორმა კარგად იცოდა რაზე საუბრობდა და ამ ხუმრობაშიც ნამდვილად იყო ხუმრობის პატარა მარცვალი.
შესავალი
„სტრატეგია“ კორპორაციულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის უდავოდ იკავებს მოწინავე პოზიციებს („ლანჩის“ და „შესვენების“ შემდეგ) და მის სტრატეგიულ დანიშნულებაზე გვესაუბრებიან ყველგან, სადაც ბიზნესთან თუ მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზეა საუბარი. პარადოქსულია, თუმცა ამის ბრალი მგონია, რომ მისი ზუსტი მნიშვნელობა და საჭიროება ხშირად ბუნდოვანია. სტრატეგიის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ჩვენი ცოდნა ინტუიციური გახდა — თითქოს არ სჭირდება დამატებითი ახსნა, გარეთ გამოტანა, „ახალი თვალით შეხედვა“, ისედაც ყველამ იცის, ისედაც ყველას კარგად ესმის.
აი მე ასე არ ვფიქრობ. მაინც მგონია, გამეორებისა არ იყოს, იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი, იმის წაკითხვა და, მითუმეტეს, ახალი კუთხით დანახვა, რაც თითქოს უკვე ვიცით, ცოდნის გაღრმავების საუკეთესო წყაროა.
ჰოდა, თუ თქვენც ჩემსავით მიგაჩნიათ, ამ საკმაოდ მოცულობით სტატიას მართლაც ჰქონია არსებობის უფლება.
რაში გვჭირდება სტრატეგია — პრობლემის დეფინიცია
მოდით სტრატეგიის სტრატეგიულ დანიშნულებაზე სასაუბროდ და მისი საჭიროების უკეთ აღსაქმელად საქმე გავიმარტივოთ და ერთი ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მაგალითი განვიხილოთ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს მაგალითი მოგზაურობას ეხება — ყველა ბიზნეს წამოწყება ხომ მორიგი მოგზაურობაა, ახალ სამყაროში; ადგილის გამოცვლა, გარემოს შეცვლა.
წარმოვიდგინოთ, რომ თბილისის ხმაურისგან დაღლილს, ქალაქიდან გაცლა გაქვთ გადაწყვეტილი.
ერთი შეხედვით, თქვენი ჩანაფიქრი მარტივად ჟღერს — გსურთ იყოთ სადმე, ოღონდ არა თბილისში. თუმცა, საკმარისია სულ ცოტა ხნით ჩაფიქრდეთ ამ საწადელზე, რომ მიხვდებით — მის ასასრულებლად კონკრეტული გეგმა უნდა შეადგინოთ.
იმასაც მიხვდებით, დასვენების, გონების განიავების გეგმის შესამუშავებლად, მხოლოდ თბილისიდან მოშორების ზოგადი სურვილი არ კმარა. ახლა, პირველ რიგში, მომავლის თქვენეული ჩანაფიქრი, კონკრეტული, ხედვის ჩამოყალიბებაა საჭირო — საით მიდიხართ, რის მიღწევას ცდილობთ, რა ადგილის დაკავებას აპირებთ სამყაროში. მოკლედ რომ ვთქვათ, სტრატეგია გჭირდებათ.
მთავარი ნაწილი: რაში მჭირდება სტრატეგია
- სტრატეგია მჭირდება რესურსების სწორად შესარჩევად
თუკი მოგზაურობის დაწყებამდე არ ვიცი საბოლოო წერტილი, შეუძლებელია სწორად განვსაზღვრო ტრანსპორტი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანს. როგორი მანქანა უნდა ვიყიდო ან ვიქირავო? თუ გეზს ქუთაისისკენ ავიღებ, არჩევანის ეკონომიურ სედანზე შეჩერება აზრს მოკლებული არ იქნება. თუმცა, თუ თუშეთში წასვლას გადავწყვეტ, ტოიოტა პრიუსში ფულს ტყუილად დავხარჯავ და სჯობს, თავიდანვე მაღალი გამავლობის მანქანაზე ვიფიქრო.
ჩამოყალიბებული სტრატეგია, მომავლის მაქსიმალურად ზუსტი ხედვა საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ ბიზნესის საწარმოებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობების, პროცესების, გუნდის უნარების და ფორმაციის საჭიროებები და „მოგზაურობასაც“ საკადრისად მომზადებული შეხვდეთ.
მთავარი შეკითხვა N1
როგორია მომავალი, რომელიც ჩემი ბრენდისთვის და მასთან ერთად სამყაროსთვის ჩავიფიქრე? რა ტექნიკური საშუალებები, პროცესები, ცოდნა და უნარები, რა ფორმაციის გუნდი მჭირდება ამ მომავლის ხედვის რეალობად გადასაქცევად?
2. სტრატეგია აუცილებელია რესურსების მოცულობის სწორად დასაგეგმად
როგორ უნდა გავიგო რა მოცულობისა და რაოდენობის (მატერიალური თუ ადამიანური) რესურსი მჭირდება მოგზაურობისთვის, თუ ჯერ არ ვიცი, რა მანძილზე ვაპირებ თბილისიდან მოშორებას? თუ გასვლის მიზანი გორული კატლეტის მირთმევა და ატენის სიონის ხეობაში წიგნის წასაკითხად წამოწოლაა, ავზის ავსება აუცილებელი არ არის — გორი აქვეა და სავარაუდოდ 100 კილომეტრის გასავლელად საჭირო საწვავი სრულად უნდა მეყოს. აი თუკი გორული კატლეტი არ მაკმაყოფილებს და კოლორიტული კერძებიდან ბიკენტიას ქაბაბის დაჭაშნიკებას ვარჩევ, მაშინ, როგორც მინიმუმ, სამჯერ მეტი საწვავის მომარაგება მომიწევს.
მთავარი შეკითხვა N2
როგორია მომავალი, რომელიც ჩემი ბრენდისთვის და მასთან ერთად სამყაროსთვის ჩავიფიქრე? რა მოცულობის ადამიანური, დროითი თუ მატერიალური რესურსები დამჭირდება ამ მომავლამდე მისასვლელად? ანდა მარტივად — რა დამიჯდება სტრატეგიის აღსრულება?
3. სტრატეგია მჭირდება იმისთვის, რომ გზის შერჩევაში დრო არ დავკარგო
თანამედროვე სამყაროში რომ ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. რა მოხდება, თუ ჩემი სპონტანური გადაწყვეტილებით თავდაპირველად რიკოთის მიმართულებით გავემგზავრები. გზაში, ხმადაბალი მუსიკისა და თავისუფალი გზისგან შთაგონებულს კი მოულოდნელად კახეთისკენ მომინდება განავარდება და ახალ დანიშნულებადაც თელავს ავირჩევ? გარდა იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი გეგმის გადახედვის აუცილებლობის წინაშე დავდგები, ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს — დროს დავკარგავ და კახეთის გულამდე საჭირო 3 საათის ნაცვლად, დიდი შანსია, მთელი დღე მოვუნდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას.
მთავარი შეკითხვა N3
როგორია მომავალი, რომელიც ჩემი ბრენდისთვის და მასთან ერთად სამყაროსთვის წარმომიდგენია? და როგორია უმოკლესი გზა ამ დანიშნულების წერილამდე მისასვლელად? რაზე უნდა ვიფიქრო, რომ სხვამ არ დამასწროს ამ მომავლის შექმნა?
4. სტრატეგია აუცილებელია, რათა სწორად შევარჩიო დრო ჩემი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად
რა მოხდება, თუ შუა ზამთარში თუშეთისკენ გამიწევს გული? თოვლისა და გზის საშიშროების გამო, თუშეთში ზამთრის პერიოდში წასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია და დიდი შანსია, ამ ადგილზე გული მხოლოდ იმიტომ ამიცრუვდეს, მხოლოდ იმის გამო ვერ შევძლო იდეალური ხედებით ტკბობა, რომ უბრალოდ არასწორი დრო შევარჩიე იქ წასასვლელად.
ზუსტად ისე, როგორც ზოგიერთი დანიშნულების ადგილამდე მისვლაა წლის გარკვეულ პერიოდებში ფიზიკურად შეუძლებელი, ძალიან ხშირად, ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურებების წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ სწორი დრო ვერ შევარჩიეთ. ან ბაზარი არ იყო მისაღებად მზად, ან უბრალოდ დავაგვიანეთ.
მთავარი შეკითხვა N4
როგორია მომავალი, რომელიც ჩემი ბრენდისთვის და მასთან ერთად სამყაროსთვის წარმომიდგენია? და როდის დადგება იდეალური დრო ჩემი ბრენდის დანიშნულების ადგილისკენ გეზის ასაღებად?
და ბოლოს:
5. სტრატეგია მჭირდება იმისთვის, რომ განვსაზღვრო წესები ჩემი თანამგზავრებისთვის
როგორც წესი, ჩვენი წარმოდგენილი და ჩაფიქრებული მომავლის ნაწილი სხვა ადამიანებიც არიან.
ხმაურიანი გუნდი ძალიან კარგია, თუმცა ერთგვარ გამოწვევადაც გადაიქცევა ხოლმე — იმდენნაირი წარსულის, აღზრდის, ღირებულებებისა და ქცევების ადამიანებს შეიძლება აერთიანებდეს. არადა, მარტო კაცი ჭამაში ნამდვილად ბრალია და იმისათვის, რომ გორის კატლეტების საჭმელად მისულს ნადიმი უკვე დასრულებული არ დამხვდეს ან პირიქით, სხვების ლოდინმა არ მომიწიოს, აუცილებელია წინასწარ, ყველა თანამგზავრი შევთანხმდეთ წესებზე, რომელიც ჩვენი ჩანაფიქრის ასრულებას შეუწყობს ხელს — რა სიჩქარით უნდა ვიაროთ? ვჩერდებით თუ არა გზაში შესასვენებლად? რამდენ ადამიანზე უნდა დავჯავშნოთ მაგიდა? და ა.შ.
მთავარი შეკითხვა N5
როგორია მომავალი, რომელიც ჩემი ბრენდისთვის და მასთან ერთად სამყაროსთვის წარმომიდგენია? წარმოდგენილი აქვს თუ არა ეს მომავალი ყველას ჩემ გარშემო? თანხმდება თუ არა ყველა იმ გზაზე, რაც ამ მომავლისკენ მიგვიყვანს? იზიარებს თუ არა ყველა თანამგზავრი იმ ქცევის ნორმებსა და მოგზაურობის წესებს, რომელიც ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით შევიმუშავე?
ეპილოგი: ცხოვრებისეული ჭეშმარიტება
სტრატეგიის სტრატეგიული დანიშნულების შესახებ ჩამონათვალის გაგრძელება ალბათ უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მგონია, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლის გააზრების შემდეგაც, აღარ უნდა გაგვიჩნდეს შინაგანი ეჭვი იმის შესახებ, ღირს თუ არა ამ საკმაოდ რთულ პროცესში დროისა და სხვა რესურსების ინვესტიცია.
ბრენდის შენება ძალიან ჰგავს ჩვენს ყოველდღიურობას და სულ რომ არასდროს გვქონდეს ბიზნესთან კავშირი, ცხოვრებისეული მაგალითები ნათლად აჩვენებს ხოლმე ერთ უდავო ჭეშმარიტებას — ყველა ეფექტური ქმედება გეგმას ეფუძნება და ერთადერთი გზა, რომ ეს გეგმა თანმიმდევრული იყოს ისაა, რომ ის, თავის მხრივ, ნათელ, კონკრეტულ და ჩამოყალიბებულ სტრატეგიას დაეფუძნოს.