ახლა აღარავინ მათქმევინებს უარს

შენ არ იცი რისი თქმა მსურს.
რაზე ვფიქრობ.
რა მინდა.
რას ვაპირებ.
რა მაწუხებს.
რა მელის.
რისი მეშინია.
რას განვიცდი.
მაგრამ შენ იცი, რომ მე აბიტურიენტი ვარ.
არსებობს ლეგენდა, რომ საქართველოში 17–18 წლის მოზარდები ყველაზე დათრგუნულ, დაძაბულ, ემოციურად არასტაბილურ და დატვირთულ რუტინულ ცხოვრებას ეწევიან, რადგან ისინი აბიტურიენტები არიან. აბიტურიენტობის ჟამი არის აწ უკვე განვლილი და გასავლელი ცხოვრების ყველაზე დრამატული, რთული და პასუხისმგებლობებით დატვირთული ხანა.
ამ დროს ვიღებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებას, როგორიცაა — “რა უნდა გამოხვიდე.” ეს ფრაზა იმდენად პოპულარულია ჩვენს საზოგადოებაში, რომ პირველად 7 წლის ასაკში მკითხეს, “უკვე დიდი გოგო ხარ, გეცოდინება რა უნდა გამოხვიდეო…”
თუმცა, მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ადრეული ასაკიდან „რა უნდა გამოხვიდე-ს“ მსხვერპლი გახდა.
ეს ერთი შეხედვით სათნო ფრაზა სულაც არ იქნებოდა ასეთი მძიმე, მის უკან ჩვენს ქვეყანაში კარგად დამკვიდრებული და ფესვებგადგმული “ინფორმაციული ვაკუუმი” რომ არ არსებობდეს.
პირველივე აბზაცი მე ტყუილით დავიწყე. აღნიშნული მდგომარეობა ლეგენდა ნამდვილად არ არის. ეს მწარე რეალობაა. იყო აბიტურიენტი, ნიშნავს ატარებდე რიგ პასუხისმგებლობებს. მე სულაც არ მიმაჩნია, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები სწორედ აბიტურიენტობის დროს ყალიბდება. ეს უკვე კარგად დამკვიდრებული მოსაზრებაა და იძულებული ვარ შელამაზების გარეშე დაგანახო ჩემი, შენი და ჩვენი პრობლემა — აბიტურიენტობა.
მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. აბიტურიენტობამდე, თორმეტი წლის დაუღალავი შრომისა და სწავლის პერიოდია, რომელმაც იდეაში საბაზისო ცოდნისა და მედალ/ლეპტოპების გარდა, თვითგამორკვევის მინიმალური შესაძლებლობა მაინც უნდა მოგცეს და დაგეხმაროს როგორც თვითრეალიზაციაში, ისე საკუთარი უნარების განვითარებაში.
სკოლა წარმოადგენს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას, ისე სოციალიზაციის ინსტიტუტს, ამიტომ მის ერთადერთ მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს მოსწავლის ინტელექტუალური განვითარება, ამასთანავე ის პიროვნების სრუფლასოვან ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს და ახალგაზრდას გეზს აძლევდეს დამოუკიდებელი არჩევანისკენ.
სკოლის დანიშნულებაზე საუბარს ჩემსავით ალბათ ათასობით ახალგაზრდა შეძლებს, თუმცა საინტერესოა გვაძლევს თუ არა ქართული საჯარო სკოლები ამ ყველაფერს და ორიენტირებულნი არიან თუ არა ისინი თითოეულ ჩვენგანზე.
რეალობა ასეთია: აბიტურიენტობის დროს ემზადები ოთხ ან ხუთ საგანში, ამავდროულად დადიხარ სკოლაში, რათა “არების” რაოდენობამ ატესტატს — შენს საგანძურს არ დაგაშოროს, თან ფიქრობ, ბევრს ფიქრობ უნივერსიტეტებზე და ფაკულტეტებზე, მოხვდები თუ არა იქ სადაც გინდა, აიღებ თუ არა გრანტს და ზოგჯერ იმაზეც ჩაფიქრდები — ნამდვილად გინდა იურისტობა? ბიზნესის ადმინისტრირება? ან სამედიცინო? იქნებ საერთაშორისო ურთიერთობები სულაც არ არის “შენი,” მაგრამ ამაზე ფიქრს მალევე ანებებ თავს, რადგან შენ უკვე აბიტურიენტი ხარ, შენ უკვე უნდა გააკეთო არჩევანი შენს მომავალზე.
კიდევ ერთი ლეგენდად გამეფებული სიმართლე არის ის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სკოლის საგნის შეფასების მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულია შენი მომავალი კარიერისა. აი მაგალითად: კარგად სწავლობ მათემატიკას? შენი სკოლის მასწავლებელი ალბათ გირჩევს ბიზნესზე ჩაბარებას ან მინიმუმ გეტვყის, რომ ტექნიკური აზროვნება გაქვს. თუ ლიტერატურა გხიბლავს და თავისუფალ თემებსაც წარმატებით ეუფლები, მაშინ აუცილებლად ჰუმანიტარი ხარ, თუ ბიოლოგიას ფლობ ათიანზე, არცაა საუბარი, შენ ნამდვილ ექიმად ხარ დაბადებული, მაგრამ თუ მეხსიერება გყოფნის და ისტორიული ფაქტების დამახსოვრება არასოდეს ყოფილა შენთვის რთული, ბედი სამართალზე უნდა სცადო.
მე უკვე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მტკნარ სიცრუეზე აგებული იმედებია, არც იმის მჯერა, რომ საბაზისო განათლებაში მიღწეული წარმატებები აუცილებლად კავშირში უნდა იყოს შენს მომავალ პროფესიასთან და თან ფქირობ:
სად არის ინფორმაცია თანამედროვე ასპარეზზე არსებულ ასობით ახალ პროფესიაზე?
ვინ გვესაუბრება იმ ვიწრო სპეციალობებზე, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწინავე თანრიგები დაიკავეს?
ან ვინ ზრუნავს გაგვარკვიოს ჩვენსავე არჩევანში და გაგვაცნოს სხვადასხვა მიმართულების ღირებულებები?
21-ე საუკუნეში, რომელიც კონკურენციის ეპოქაა, საკუთარი თავის დამკვიდრება ადაპტირებულ, ინოვაციურ და კრეატიულ ფარგლებში შეგვიძლია. თუმცა ჩვენ, ქართველი აბიტურიენტები, მაინც ზოგად დინებას მივყვებით, დინებას, რომელსაც მე თამამად შემიძლია საბჭოთა კავშირის გადმონაშთი ვუწუდო.
რატომ?
თუ შენ 18 წლის ხარ, სკოლას ამთავრებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ხარ ჩამოყალიბებული შენს მომავალ არჩევანზე, არ აპირებ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში და გსურს მეტი გამოცდილების მიღება- ოჯახი, მეგობრები და საზოგადოება აუცილებლად შეგრაცხავს დროის მფლანგველ პიროვნებად. თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, რა არ გვასწავლეს სკოლაში. არავინ უკვირდება, რომ ლამაზად შეფუთული პროფესიების თვალიერებით იშვიათად თუ ვაკეთებთ სწორ არჩევანს. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ხომ მხოლოდ გაცნობითი პროგრამებით თუ დავიკმაყოფილებთ ჩვენს ინტერესებს სხვადასხვა პროფესიისადმი.
მაგრამ საკმარისია კი ეს ზუსტი და ურყევი არჩევანის გასაკეთებლად?
არის კი სასკოლო პროგრამა მორგებული იმ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ახალგაზრდებს თვითშეცნობის საშუალებას აძლევს?
რატომ ხდება, რომ თითქმის არავინ ვიცით წინასწარ რას წარმოადგენს ის ფაკულტეტი რაზეც ვაბარებთ?
თუმცა როდესაც ამ პრობლემებზე ვფიქრობთ, გვახსენდება, რომ საჯარო სასკოლო განათლება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აუცილებელ პროგრამაშიც ვერ გვამზადებს. გიწევს დიდი ფინანსური რესურსის გაღება იმისათვის, რომ ჩავაბაროთ 12 წლის განმავლობაში გატკეპნილი საგნები.
მე სამი წლის წინ გავხდი აბიტურიენტი და კარგად მახსოვს ჩემი იმედგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით:
დაბნეული ვარ. მეშინია. ყველა მხრიდან ჩამესმის, რომ ეს წელი ჩემს ცხოვრებას წყვეტს. ან მოვხვდები იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მინდა, ან ვერა და მერა რა უნდა ვქნა? სად უნდა წავიდე? და ქულა რომ დამაკლდეს? წელს ხომ დიდი კონკურენციაა, თურმე მათემატიკას იმდენი მოსწავლე აბარებს, ციფრი რომ არ დამამახსოვრდა უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს. დღეში ექვსი საათი მიწევს ვიმეცადინო. სამ საათიანი გაკვეთილი მაქვს, დავალების შესრულებას უფრო მეტ დროს ვანდომებ, ფორმულების დაზეპირებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად არ მაშინებს, როგორც პასუხისმგებლობა. შევწყვიტო იმის კეთება რაც არ მაინტერესებს? დავისვენო ცოტა ხნით და საკუთარ თავში ვეძიო პასუხები? მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ დრო აღარ არის, უკვე ხუთივე საგანში ვემზადები, პროგრამის ნახევარი გავლილი მაქვს, ახლა ვეღარ ვიტყვი უარს, ახლა აღარავინ მათქმევინებს უარს.
მე მინდა დაგანახოთ, რამდენად სათუთები ვართ ჩვენ, რამდენად ბევრს ვფიქრობთ და ვდაობთ საკუთარ თავებთან, რამდენად მეტი ინფორმაციის მიღება გვინდა და რამდენად არ ვიმსახურებთ ჩვენს ახალგაზრდობაში არასწორად გაკეთებული არჩევანის გამო წარუმატებლობას მომავალში.
ჩვენ ახლაც ვცდილობთ აღმოვაჩინოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებზე პასუხების გაცემაც ინფორმაციისა და გამოცდილების არ ქონის გამო აბიტურიენობის დროს შეუძლებელი იყო.
მიუხედავად ამისა, ახლა ჩვენ მაინც ვდგავართ გარკვეული სირთულეების წინაშე, რაც ფაკულტეტის შეცვლას უკავშირდება. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დავუთმეთ როგორც თვითგამორკვევას, ისე ინფორმაციის მოძიებას ჩვენი ინტერესების შესაბამისად, მაგრამ ეს ადვილი გზა ნამდვილად არ იყო და ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში სასკოლო განათლების სისტემა კონცენტრირდეს ზემოთხსნებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და უფრო გლობალური, ადაპტირებული მიდგომით იმუშაოს საქართველოს მომავალი თაობების სწორ განვითარებაზე.
ავტორი: თაკო კაჭახიძე, თბილისი
