ციფრული მარკეტინგის სამი სტრატეგია

Kernel
5 min readMar 30, 2020

--

ბიზნესები აფორიაქებულნი არიან — ითვლიან თუ რამდენი ადამიანის გაშვება მოუწევთ, გაყიდვები რამდენით დაიკლებს, დისტანციურ მუშაობაზე როგორ გადავიდნენ, რამდენი დაუჯდებათ ეს ყველაფერი და ა.შ. ალბათ მარკეტინგის ბიუჯეტიც შეეწირება ამ ბაკქანალიას, რაც ერთი შეხედვით თითქოსდა რაციონალურ გადაწყვეტილებად ჟღერს. არადა ეს გადაწყვეტილება შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

ბიზნესის სასიცოცხლო ძალა ხომ მომხმარებელშია. თუ მომხმარებელს დაკარგავ — მოკვდები. მარკეტინგი კი სხვა არაფერია თუ არა მომხმარებელთან კომუნიკაცია.

კორონას ეპოქაში ბრენდის სწორი მენეჯმენტი და კომუნიკაციის ახალი გზების შემუშავება ვიტალურია. რატომ? იმიტომ, რომ პირველი — კომუნიკაციის, აწ უკვე, ყოფილი მეთოდები აღარ ჭრის და მეორე — მომხმარებელთა მსყიდველობითი ქცევა შეიცვალა. თქვენსავით, ისინიც კაპიკებს ითვლიან და მკაცრად არეგულირებენ დანახარჯებს.

მოდით ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება კომუნიკაციის შესანარჩუნებლად და შედეგად, ბიზნესის გადასარჩენად.

მომხმარებლებს თავი არ დაავიწყოთ

თვალში თუ არავის მოხვდით, არც არავის თავში არ იარსებებთ. ფიზიკური მაღაზიები და ავტობუსებზე, სამარშუტო ტაქსებზე, მეტროებსა და რადიოში რეკლამირება დამთავრდა, გაქრა, ჯერჯერობით აღარ არსებობს. ბილბორდების ეფექტიანობაც ნელ-ნელა არარსებულისკენ მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი სახლში ზის. ფანჯრიდან კი არავინ უცქერის ბილბორდს. კომუნიკაციის სხვა გზა უნდა გამონახოთ, თორემ მომხმარებლებს დაკარგავთ.

ასეთ სიტუაციაში არსებული კლიენტის შენარჩუნება გაცილებით უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ახლის შეძენა, ამიტომ პრიორიტეტად მათზე ზრუნვა დაისახეთ.

დააკვირდით თქვენი მომხმარებლების ცხოვრების წესს — ყველა სახლიდან მუშაობს, სახლიდან სწავლობს, სახლიდან უკვეთავს საჭმელს, სასმელს და წამლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაააალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. ის ფაქტი, რომ ადამიანები სახლში არიან, სულაც არ ნიშნავს, რომ მოთხოვნილებები აღარ აქვთ. არა, უბრალოდ მსყიდველობითი ქცევები შეიცვალეს.

გააუმჯობესეთ ბრენდის ხილვადობა

დროა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლოთ და იქ დაიწყოთ ბრენდის ხილვადობაზე ზრუნვა.

უპირველესად სოციალურ ქსელებს მიმართეთ და რა ინფორმაციის განახლებაც შეგიძლიათ ყველაფერი განაახლეთ. აუცილებელია მომხმარებელს აცნობოთ თუ რა შეიცვალა თქვენს საოპერაციო საქმიანობაში, იქნება ეს სამუშაო საათები, პროდუქტის მიწოდება, ფასები თუ სხვ. ეს ყველაფერი რეგულარულად უნდა ახლდებოდეს, რომ ნებისმიერ ადამიანს მარტივად და სწრაფად შეეძლოს თქვენ შესახებ სასურველი ინფორმაციის მიღება.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO)

ბუნებრივია, ყველაფერი, რაც კი ინტერნეტში მოიპოვება, ახლა უფრო მოთხოვნადია, ამიტომ დამალობანას თამაშის დრო არაა.

ხილვადობის გასაზრდელად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ SEO (search engine optimization) სტრატეგიები, რომ გუგლის საძიებო სისტემის მწვერვალისკენ აცოცდეთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთან დაკავშირებულ სიტყვას რომ დაგუგლავს ადამიანი თქვენი საიტი პირველივე გვერდზე უნდა ამოუგდოს. ეს საიტსა თუ გვერდზე ორგანული თრეფიქის გაზრდაში დაგეხმარებათ.

საძიებო სისტემების ალგორითმი საუკეთესო შედეგების მოსაძიებლად შემდეგ კომპონენტებს აქცევს ყურადღებას: სიტყვები, სათაურები, რეკომენდაციები და საიტის რეპუტაცია.

მოკლედ რომ ვთქვათ — საიტსა და სოციალურ ქსელში ხშირად უნდა გამოიყენოთ ის სიტყვები, რომლებიც თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს უკავშირდება. როდესაც ვინმე ამ სიტყვებს დაგუგლავს, საძიებო სისტემა მხოლოდ იმ გვერდებს მოძებნის, რომლებშიც ეს სიტყვებია გამოყენებული. თქვენი მიზანი არა მხოლოდ ამ გვერდების სიაში მოხვედრაა, არამედ სიის დასაწყისში.

ამას გარდა, საძიებო სისტემების ალგორითმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საიტის რეპუტაციას. იმ საიტებს, რომლებსაც სტაბილურად ბევრი მომხმარებელი ჰყავს, დიდი რაოდენობით კონტენტს ქმნის, კარგი გამოხმაურება აქვს და მომხმარებელზეა ორიენტირებული, მეტი შანსი აქვთ, რომ გუგლის პირველივე გვერდზე ამოჰყონ თავი. მით უმეტეს თუ სხვა საიტებიც უწევენ ამა თუ იმ საიტს რეკომენდაციას.

შეეცადეთ სტრატეგია ლოკალურ ბაზარს მოარგოთ, რადგან არსებული სიტუაციის გამო, ქვეყნებს შორის მიმოსვლა რადიკალურად შემცირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სახლთან ახლოს ეძებენ პროდუქტებს.

კრიტიკული შეცდომა იქნება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შეჩერება. ამით კონკურენტებს უფლებას მისცემთ თქვენზე მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა და შედეგად მეტი კლიენტი მოიპოვოს.

მეტის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ — The Beginner’s Guide To SEO

ქონთენთ მარკეტინგი

დაიმახსოვრეთ, შთაბეჭდილების გაყიდვა სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალო პროდუქტის.

ფაქტობრივად, ქონთენთ მარკეტინგი, მომხმარებლისთვის საჭირო და რელევანტურ ინფორმაციის მიწოდებით, ბიზნესის ციფრულ სახესა და სახელს განსაზღვრავს.

ქონტენტი შეიძლება წარმოვადგინოთ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა გზით: სტატიებით, ფოტოებით, აუდიო, ვიდეო საშუალებებით, ინტერაქტიული კვლევებით, ბლოგით.

ამ დროს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ: სამიზნე აუდიტორია, ქვეყანა, რეგიონი, კულტურული თავისებურებები და აქტუალური თემები. ასე უფრო ახლო და მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ თქვენს მომხმარებლებთან. ასე, რომ იყავით აქტიურები და ყოველთვის ეკონტაქტეთ თქვენს კლიენტებს.

გარკვეულწილად სიმბიოზური ურთიერთობაა ქონთენთ მარკეტინგსა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას შორის — ერთი-მეორეს უწყობს ხელს. გამოქვეყნებულ მასალაში სპეციფიკური თეგების, სიტყვების (ტექსტში, სათაურში, ელექტრონულ მისამართში) ლინკების და ა.შ, გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა საიტმა საძიებო სისტემის წინა და წინა გვერდებზე გადაიწიოს.

მეტის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ — The Beginner’s Guide To Content Marketing

PPC (Pay-Per-Click) მარკეტინგი

წინა ორი სტრატეგის მთლიანად ან დიდწილად უფასო და ეფექტურია, მაგრამ დიდი შანსია, რომ, ორგანული თრეფიქის გასაზრდელად მხოლოდ მათი გამოყენება, საკმარისი არ აღმოჩნდეს და ციფრულ მარკეტინგში ფულის ჩადება მოგიწიოთ.

ბილბორდები აღარ არსებობსო ვთქვით, მაგრამ არ დაგვიკონკრეტებია, რომ მხოლოდ ფიზიკურ ბილბორდებს ვგულისხმობდით. ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენის, ბილბორდების ანალოგიც არსებობს ციფრულ სივრცეში.

PPC მოდელის მეშვეობით თქვენ ფიზიკურ ბილბორდებთან შედარებით გაცილებით იაფად შეძლებთ რეკლამის ისეთ ადგილას განთავსებას, სადაც მას უამრავი ხალხი ნახავს. მაგალითად პოპულარულ საიტებზე ან საძიებო სისტემებში.

მაგრამ ამ ტექნიკის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ფულს მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც ვინმე დაკლიკავს თქვენს რეკლამაზე.

მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ პროცესი არც თუ ისე მარტივია. რელევანტური საძიებო სიტყვების მოძიებითა და ორგანიზებით დაწყებული, PPC ლენდინგ ფეიჯის ოპტიმიზაციით დამთავრებული, ყველაფერი წესრიგში უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოტენციური კლიენტი ან საერთოდ ვერ გადააწყდება თქვენს რეკლამას, ან უკეთესად წარდგენილ და ორგანიზებულ რეკლამაზე დაკლიკვას ამჯობინებს.

ალბათ ხედავთ თუ როგორ ერწყმის ეს მოდელი ქონთენთ მარკეტინგსა და SEO-ს. სამივე თქვენი ხილვადობის გაზრდას ემსახურება. თუ ქონთენთის წარმოებითა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით ორგანულად ვერ მოახერხეთ გუგლის პირველ გვერდზე მოხვედრა, Google Ads-ის მეშვეობით ფასიანად შეგიძლიათ ამის გაკეთება PPC მოდელით.

თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ SEO უნდა უგულებელყოთ. პირიქით, გუგლის პირველ გვერდზე განთავსებული ფასიანი რეკლამის ეფექტურობა, ზუსტად SEO-ს კომპონენტების გამართულობასა და სწორად ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

მეტის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ — The Beginner’s Guide To PPC Marketing

რა არ უნდა გააკეთოთ

ყველა ნერვიულობს. ბევრი პანიკაშია.

როგორც კი ადამიანების ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას დაიწყებთ, მაშინვე შეგამჩნევთ ვიღაც. ამან შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოგებაც კი მოგიტანოთ, მაგრამ, როგორც კი კრიზისი დამთავრდება, ეგ საქციელი მურმანას ეკალივით დარჩება თქვენსა და პოტენციურ კლიენტებს შორის.

უმჯობესი იქნება თუ მომხმარებლებს დაანახებთ, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას იღებთ და შესაბამის ნაბიჯებს დგამთ. ამით მათ ეტყვით, რომ თქვენც გეშინიათ, მაგრამ მზად ხართ გარემოს მოერგოთ და ყველანაირად შეეცადოთ, რომ კლიენტს სრულფასოვნად მოემსახუროთ.

--

--

Kernel

A financial modeling software for early stage ventures, that is on average 10 times cheaper and immeasurably simpler to use than our competitors.