BTC S2F ჯვარედინი აქტივების მოდელი

Giorgi Gelantia
7 min readMay 8, 2020

--

ეკონომისტ PlanB-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის — Bitcoin Stock-to-Flow Cross Asset Model — ორიგინალის თარგმანი, რომელიც შესრულებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის მალხაზ ჩიქობავას მიერ.

„მეცნიერებაში მნიშვნელოვანია არა იმდენად ახალი ფაქტების მიღება, რამდენიც აზროვნების ახალი მეთოდების აღმოჩენა“ — უილიამ ლოურენს ბრეგი.

შესავალი

ბიტკოინის (BTC) Stock-to-flow (მარაგი ნაკადებთან მიმართებაში) (S2F)-ის მოდელი გამოქვეყნებულ იქნა ანალიტიკოსის მიერ, ფსევდონიმით PlanB 2019 წლის მარტში[1].

BTC S2F-ის ამოსავალი მოდელი წარმოადგენს ფორმულას, რომელიც ეფუძნება S2F-ისა და აქტივებზე ფასების ყოველთვიურ მონაცემებს. რამდენადაც კერძო მნიშვნელობების ინდექსირება ხდება დროითი მწკრივების მიხედვით, ეს მოდელი წარმოადგენს დროითი მწკრივის მოდელს. მოცემულმა მოდელმა გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით ანალიტიკოსთა მხრიდან ინტერესი და მრავალმა დაადასტურა S2F-ისა და BTC-ის ფასს შორის დამოკიდებულების ეფექტიანობა[2][3][4].

S2F-ის მიმდინარე მოდელი

თუ თქვენთვის ცნობილი არ არის S2F-ის მოდელი, მე დაბეჯითებით გიწევთ რეკომენდაციას წაიკითხოთ ორიგინალი სტატია, რადგანაც ის წარმოგვიდგენს მოცემული კვლევის წინარე ისტორიას და ტერმინოლოგიას.

მოცემული სტატია ამყარებს S2F-ის ამოსავალი მოდელის მნიშვნელობას, რომელიც გამორიცხავს დროით მაჩვენებლებს და მოდელში ამატებს დამატებით აქტივებს (ვერცხლსა და ოქროს). მე ამ ახალ მოდელს ვუწოდებ BTC S2F (S2FX) ჯვარედინი აქტივების მოდელს. S2FX მოდელი საშუალებას იძლევა შეფასდეს სხვადასხვა აქტივი, ისეთი, როგორიცაა ვერცხლი, ოქრო და BTC (ბიტკოინი) ზოგადი ფორმულის გამოყენებით.

თავდაპირველად შემოგთავაზებთ განიხილოთ ფაზური გადასვლების კონცეფცია, რომლის წყალობითაც შესაძლებელი ხდება სხვა რაკურსით შევხედოთ BTC-სა და S2F-ს. ეს კონცეფცია გვიხსნის, თუ რატომაა S2FX მოდელი ესოდენ მნიშვნელოვანი.

შემდგომ შემოგთავაზებთ S2FX მოდელის აღწერას, მისი მუშაობის პრინციპს და მოდელის შედეგების მნიშვნელობას.

ფაზური გადასვლები

ფაზური გადასვლები თამაშობს მნიშვნელოვან როლს S2FX მოდელის გაგებაში. ფაზური გადასვლების შედეგად საგნები იძენენ აბსოლუტურად ახალ თვისებას. გადასვლები ხშირად მკვეთრი ხასიათისაა. ფაზური გადასვლების სამი მაგალითი შემდეგია:

1. წყალი

2. აშშ დოლარი

3. ბიტკოინი

წყალი

ფაზური გადასვლის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს წყალი. წყალი შეიძლება არსებობდეს ოთხ სხვადასხვა ფაზაში (მდგომარეობაში): მყარ, თხევად, აიროვან და იონიზირებულ მდგომარეობაში. ყველა ზემოჩამოთვლილი წყალია, მაგრამ თითოეულ ფაზაში მას სრულიად განსხვავებული თვისება გააჩნია.

სხვადასხვა მასალა იცვლის მდგომარეობას ტემპერატურაზე დამოკიდებულებით

აშშ დოლარი

ფაზურ გადასვლას ადგილი აქვს ფინანსების სფეროშიც. მაგალითად, აშშ დოლარმა განიცადა სამი ფაზური გადასვლა, კერძოდ: ოქროს მონეტიდან (ერთი დოლარი = 371.25 გრანი სუფთა ვერცხლი = 24 გრანი ოქრო) ბანკნოტებზე, რომელიც ოქროთი იყო გამყარებული (ექვემდებარებოდა ოქროს მონეტებით ანაზღაურებას წარმომდგენის მოთხოვნის საფუძველზე) და ბანკნოტიდან არაფრით უზრუნველყოფილ ბანკნოტაზე („ეს ბანკნოტა წარმოადგენს კანონიერ საგადახდო საშუალებას ყველა ვალზე — სახელმწიფოზე თუ კერძოზე“). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღემდე ამ ბანკნოტას ვუწოდებთ „დოლარს“, მას სამ ფაზაში დოლარს სრულიად განსხვავებული თვისებები ჰქონდა.

BTC

იგივე წარმოადგენს სიმართლეს ბიტკოინებთან მიმართებაშიც. ნიკ კარტერმა (Nic Carter) და ჰასუმ (Hasu) 2018 წლის თავიანთ კვლევაში აჩვენეს, თუ როგორ იცვლებოდა ბიტკოინის ნარატივები (აღქმა) დროთა განმავლობაში[5].

ბიტკოინის ძირითადი ნარატივების (აღქმის) შეცვლა მისი არსებობის მანძილზე

ბიტკოინის აღნიშნული ნარატივები (აღქმა) მოცემულ დიაგრამაზე საკმაოდ უწყვეტად გამოიყურება. მაგრამ, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ნარატივებს ფინანსურ ეტაპებთან (ხოლო შემდეგ S2F-ის მონაცემებთან და ფასებთან), გამოიკვეთება მათი მსგავსება გარკვეულ ფაზებთან, რომლებიც ხასისიათდება უფრო მკვეთრი გადასვლებით:

1. „კონცეფციის დადასტურება“ → ბიტკოინის ვაიტფეიფერის (Bitcoin white paper) გამოქვეყნების შემდეგ [6]

2. „გადახდები“ → ბიტკოინისა და აშშ-ის დოლარის პარიტეტის შემდეგ (1 BTC=$1)

3. “E-Gold” → პირველი ჰალვინგის (განახევრების) შემდეგ (BTC-ის ღირებულების მიახლოება უნცია ოქროს ღირებულებასთან)

4. „ფინანსური აქტივი“ → მეორე განახევრების (halving) შემდეგ (დღეში $1 მლრდ ტრანსაქციის მოცულობის მიჯნის გადალახვა, სამართლებრივი სიცხადე (განსაზღვრულობა) იაპონიასა და ავსტრალიაში, ფინანსური ბაზრები CME და Bakkt).

წყლის, აშშ-ის დოლარისა და ბიტკოინის ფაზური გადასვლების მოცემული მაგალითი ახალ პერსპექტივას გვთავაზობს BTC-ისა და S2F-სთვის. მნიშვნელოვანია პრობლემის განხილვა არა მხოლოდ უწყვეტი დროითი მწკრივის თვალსაზრისით, არამედ ყურადღება უნდა მივაქციოთ მკვეთრი გადასვლების ფაზებსაც. S2FX-ის მოდელის დამუშავების დროს, BTC ყოველ ეტაპზე განიხილება, როგორც ახალი აქტივი სრულიად განსხვავებული თვისებებით. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია BTC-ის ფაზური გადასვლების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი შეფასება.

BTC S2F (S2FX) ჯვარედინი აქტივების მოდელი

ქვემომოცემულ გრაფიკზე ნაჩვენებია BTC S2F-ის ყოველთვიური მნიშვნელობები და მონაცემები ფასებზე, რომლებიც გამოყენებულია S2F-ის ამოსავალ მოდელში. აქ თვალნათლივ ჩანს ოთხი ცალკეული კლასტერი.

ეს ოთხი კლასტერი, შესაძლოა, ასახავდეს ბიტკოინის ფაზურ გადასვლებს.

BTC-ისა და კლასტერების ყოველთვიურ მონაცემებს შორის დაშორების მინიმიზაციის გზით შეიძლება შევასრულოთ მათი რაოდენობრივი შეფასება. ოთხივე კლასტერის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის მე ვიყენებ გენეტიკურ ალგორითმს (აბსოლუტური დაშორების მინიმიზაციას). მომავალი კვლევები შეიძლება კონცენტრირებულ იქნეს კლასტერიზაციის სხვადასხვა ალგორითმზე (მაგალითად, k-საშუალო ალგორითმი).

BTC-ის ოთხივე იდენტიფიცირებულს კლასტერს გააჩნია ძალიან განსხვავებული S2F-საბაზრო ღირებულების კომბინაცია. როგორც ჩანს, ამ კომბინაციებიდან თითოეული თავსებადია ჰალვინგთან და BTC-ის ნარატივის ცვლილებასთან:

1. BTC „კონცეფციის მტკიცებულება“ (S2F 1.3 და საბაზრო ღირებულება $1 მლნ)

2. BTC „გადახდები“ (S2F 3.3 და საბაზრო ღირებულება $58 მლნ)

3. BTC „E-Gold” (S2F 10,2 და საბაზრო ღირებულება $5,6 მლრდ)

4. BTC „ფინანსური აქტივი“ (S2F 25,1 და საბაზრო ღირებულება $144 მლრდ).

წყლისა და აშშ-ის დოლარის მსგავსად, BTC-ის ეს კლასტერები წარმოადგენს ოთხ განსხვავებულ აქტივს, რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსხვავებული ნატარივი და მახასიათებლები. BTC, როგორც „კონცეფციის მტკიცებულება“ S2F 1.3-ით და სულ რაღაც $1 მლნ საბაზრო ღირებულებით, კარდინალურად განსხვავდება BTC-სგან „ფინანსური აქტივის“ როლში, S2F 25-ით და $144 მლრდ საბაზრო ღირებულებით.

BTC კლასტერების ფაზური გადასვლების განხილვის გათვალისწინებით შესაძლებლობა გაჩნდა სხვადასხვა აქტივების სახით მოდელი შეივსოს სხვა აქტივებით, ისეთით, როგორიცაა ვერცხლი და ოქრო. ეს საშუალებას იძლევა აიგოს ჯვარედინი აქტივების რეალური მოდელი. ვერცხლისა და ოქროსათვის მე ვსარგებლობ მარაგისა და ნაკადის მნიშვნელობებით, რომელიც აღებულია იან ნუივენჰეისის (Jan Nieuwenhuijs)[7] ბოლოდროინდელი ანალიზიდან და მასთან შესადარი 2019 წლის დეკემბრის ფასებით, რომელიც აღებულია პლატფორმა TradingView-დან.

5. ვერცხლი S2F 33,3 (900,000/27,000 ტონა) და საბაზრო ღირებულება $561 მლრდ;

6. ოქრო S2F 58,3 (190,000/3,260 ტონა) და საბაზრო ღირებულება $10,088 მლრდ.

მარაგი ნაკადის მიმართ (Stock-to-flow)

დიაგრამა გვიჩვენებს BRC-ის ოთხ რაოდენობრივ კლასტერს (ამას დამატებული BTC-ის ამოსავალი ყოველთვიური მონაცემები კონტექსტისათვის), ვერცხლს და ოქროს. ისინი წარმოქმნიან იდეალურ სწორ ხაზს.

S2FX-ის მოდელის ასაგებად მე ვსარგებლობ რეგრესიული ანალიზით. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ S2F-ის ამოსავალ მოდელთან მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მე ვიყენებ S2F-ის მონაცემებს ვერცხლისა და ოქროსათვის და მონაცემებს საბაზრო ღირებულებაზე რეგრესიულ ანალიზში. S2FX მოდელი ახდენს მნიშვნელოვანი კავშირის დემონსტრირებას S2F-სა და ამ ექვსი აქტივის საბაზრო ღირებულებას შორის (F-ტესტის დაბალი მნიშვნელობა, p-ს დაბალი მნიშვნელობა) იდეალური თავსებადობით (99,7% R^2).

S2FX მოდელის ფორმულა შეიძლება გამოყენებულ იქნეს BTC-ის შემდეგი ფაზა/კლასტერის საბაზრო ღირებულების შესაფასებლად (BTC S2F ტოლი იქნება 56-ის 2020–2024 წლებში):

საბაზრო ღირებულება=exp (12,7598)*56^4,1167=$5,5T.

ეს ნიშნავს, რომ BTC-ის ფასი (2020–2024 წლებში მიმოქცევაში 19 მილიონი BTC-ის გათვალისწინებით) შეადგენს $288,000.

BTC-ის ფასების პროგნოზი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე $55,000 თავდაპირველ კვლევაში. არ დაგავიწყდეთ, რომ S2FX მოდელი — ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც ჯერ კიდევ არ ყოფილა აღწარმოებული და ხელახლა განხილული სხვა მკვლევარების მიერ.

შენიშვნა 1: მიუხედავად იმისა, რომ ზემონახსენები ექვსი დაკვირვება დაბალია, მე მაინც მაღალ შეფასებას ვაძლევ S2FX მოდელის შედეგებს. ამის მიზეზია — F-ის მაღალი მნიშვნელობა, p-ს დაბალი მნიშვნელობა და R^2-ის მაღალი მნიშვნელობა, აგრეთვე S2F-ის ცნობილი ჭეშმარიტი თანაფარდობა ფასთან და კოინტეგრაცია დროითი მწკრივების ანალიზის დროს. მე S2FX მოდელს განვიხილავ, როგორც სამუშაო ჰიპოთეზას, S2F მოდელის მსგავსად. მომავალი კვლევები შეიძლება მიმართული იყოს მოცემული მოდელის სრულყოფისკენ დამატებითი აქტივების დამატებით. მაგრამ, საქმე ისაა, რომ აქტივთა უმრავლესობის S2F-ის მნიშვნელობა დაბალია (≤1) და ამიტომ, ისინი საინტერესო არაა. მეორე მხრივ, მაგალითად, ალმასების S2F, მაღალია, მაგრამ ამ აქტივის შეფასების მოდელის აგება ძალიან რთულია (უხეში/დაწახნაგებული, კარატები, ფერებსა და სისუფთავეში განსხვავება და ა.შ.).

შენიშვნა 2: S2FX მოდელი უშვებს ინტერპოლაციას S2F-ის ამოსავალ მოდელში ექსტრაპოლაციისგან განსხვავებით. S2F-ის ამოსავალი მოდელის პროგნოზი ცდება მონაცემთა დიაპაზონის ზღვარს, რომელიც გამოიყენება მის შექმნაში. S2FX-ის ახალი მოდელი აკეთებს პროგნოზს, რომელიც ხვდება ფორმულის მისაღებად გამოყენებულ მონაცემთა დიაპაზონში.

ინტერპოლაციისა (მარცხნივ) და ექსტრაპოლაციის (მარჯვნივ) მაგალითი, სადაც მონაცემები აღნიშნულია ლურჯი ფერებით, შავი ხაზით — მოდელი, ხოლო წითელი წერტილებით — პროგნოზი.

დასკვნა

მოცემული სტატია ამყარებს S2F-ის ამოსავალი მოდელის მნიშვნელობას, დროითი მაჩვენებლების იგნორირებით და მოდელში დამატებითი აქტივების (ვერცხლი და ოქრო) წარმოდგენით. მე ამ ახალ მოდელს ვუწოდებ BTC S2F (S2FX) ჯვარედინი აქტივების მოდელს. S2FX მოდელი საშუალებას იძლევა შევაფასოთ სხვადასხვა აქტივები, ისეთი, როგორიცაა ვერცხლი, ოქრო და BTC საერთო ფორმულის გამოყენებით.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია ფაზური გადასვლების აღწერა. ფაზური გადასვლების წყალობით შესაძლებელი ხდება BTC-სა და S2F-ს შევხედოთ სხვა რაკურსით. სწორედ ამან მიმიყვანა S2FX მოდელის იდეამდე.

S2FX მოდელის ფორმულა იდეალურად ერგება მონაცემებს (99,7% R^2).

S2FX მოდელი პროგნოზირებს BTC-ის შემდეგი ფაზა/კლასტერის საბაზრო ღირებულებას (S2F ბიტკოინის მნიშვნელობა შეადგენს 56-ს 2020–2024 წლებში) $5,5 ტრლნ ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ BTC-ის ფასი (2020–2024 წლებში მიმოქცევაში არსებული 19 მილიონი BTC-ის გათვალისწინებით) შეადგენს $288,000-ს.

S2F ორიგინალური კვლევიდან ცნობილი ფაქტების განმტკიცებით, S2FX მოდელი გულისხმობს აზროვნების ახალ ნიმუშს, ახალ შეხედულებას BTC-ის მეხუთე ფაზაში გადასვლაზე.

ლიტერატურა:

[1] PlanB@100trillionUSD, Modeling Bitcoin Value with Scarcity, 2019

[2] Nick Emblow, Falsifying Stock-to-Flow As a Model of Bitcoin Value, 2019

[3] Marcel Burger, Reviewing “Modelling Bitcoin’s Value with Scarcity”, 2019

[4] Mannuel Andersch, Is Bitcoin outshining gold?, 2019

[5] Nic Carter, Hasu@Hasufl, Visions of Bitcoin — How major Bitcoin narratives changed over time, 2018

[6] https://bitcoin.org/bitcoin.pdf — Satoshi Nakamoto, 2008

[7] Jan Nieuwenhuijs, How Much Silver Is Above Ground?, 2019

……………………………………………………………………………….

BITCOIN TRANSLATED –

ჩვენი მხარდაჭერა შესაძლებელია

ბიტკოინი: 1BPYaQJf4zBLmkuHntWjJxMRjZGto8yRA

--

--