ქართული მთავრულების შესახებ

George Gach
3 min readNov 7, 2016

--

ქართული ანბანი ერთ რეგისტრიან (უნიკამერულ) ანბანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს რომ ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა ასო. მიუხედავად ამისა ქართული ანბანის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე არსებობდა ტენდენცია ანბანში მაღალი ასოების შემოღების.

ასომთავრულ-ნუსხური ჻ ხუცური

IX საუკუნიდან ჰაგიოგრაფიებსა და სასულიერო წერილებში შევხვდებით ნუსხურისა და ასომთავრულის კომბინაციურ სტილს — ხუცურს რომელიც მთავრული ასოების გამოყენების გარკვეული მართლწერის ნორმებით ხასიათდებოდა. ხუცური სტილი დღესაც გამოიყენება სასულიერო წრეებში სადაც ასომთავრული სიმბოლოები ატარებენ როგორც დეკორატიულ ისევე ორთოგრაფიულ მნიშვნელობას.

ასომთავრულ-ნუსხური - ხუცურიႠⴀ Ⴁⴁ Ⴂⴂ Ⴃⴃ Ⴄⴄ Ⴅⴅ Ⴆⴆ Ⴇⴇ Ⴈⴈ Ⴉⴉ Ⴊⴊ Ⴋⴋ Ⴌⴌ Ⴍⴍ Ⴎⴎ ႯⴏႰⴐ Ⴑⴑ Ⴒⴒ Ⴓⴓ Ⴔⴔ Ⴕⴕ Ⴖⴖ Ⴗⴗ Ⴘⴘ Ⴙⴙ Ⴚⴚ Ⴛⴛ Ⴜⴜ Ⴝⴝ Ⴞⴞ Ⴟⴟ Ⴠⴠ
„Ⴐⴀⴑⴀⴚⴀ ⴂⴀⴑⴚⴄⴋ ⴘⴄⴌⴈⴀ, ⴐⴀⴚ ⴀⴐⴀ, ⴃⴀⴉⴀⴐⴂⴓⴊⴈⴀ!“
~ Ⴘⴍⴇⴀ Ⴐⴓⴑⴇⴀⴅⴄⴊⴈ, Ⴅⴄⴔⴞⴈⴑⴒⴗⴀⴍⴑⴀⴌⴈ

მთავრულ-მხედრული ჻ ტფილელისეული

შემდგომ, უკვე XVIII საუკუნის დამდეგს ევროპული დამწერლობებით შთაგონებულ ნიკოლოზ ტფილელს ჰქონდა მცდელობა შეექმნა და დაემკვიდრებინა მთავრული ასოები მხედრულისთვის. ასე დაიბადა მხედრულის მთავრული. ესაა უშუალოდ მხედრულისგან წარმოებული ახალი ერთ რეგისტრზე განლაგებული ასონიშნების მიმდევრობა რომელიც შედარებით დიდი თვალის ფორმითა და სიმაღლით ხასიათდება. მხედრულ-მთავრულ, იგივე ტფილელისეულ სტილს, როგორც Anbani.ge-ზე ვუწოდებთ საპატივცემულოდ ავტორისა, არ ჰქონია დიდი გამოხმაურება თუმცა XIX საუკუნის სტამბაში შევხვდებით მის მაგალითებს გაზეთ „დროებაში”.

მთავრულ-მხედრული - ტფილელისეულიᲐა Ბბ Გგ Დდ Ეე Ვვ Ზზ Თთ Იი Კკ Ლლ Მმ Ნნ Ოო Პპ ᲟჟᲠრ Სს Ტტ Უუ Ფფ Ქქ Ღღ Ყყ Შშ Ჩჩ Ცც Ძძ Წწ Ჭჭ Ხხ Ჯჯ Ჰჰ
„Რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“~ Შოთა Რუსთაველი, Ვეფხისტყაოსანი

დღეს მხედრულის მთავრული (ან უბრალოდ მთავრული) ფართოდ გამოიყენება მასმედიაში, ვებ გვერდებზე, წიგნის ყდებზე და საგზაო ნიშნებზეც კი. მისი გამოყენებისთვის არ არსებობს ორთოგრაფიული ნორმები და გვხვდება მხედრულთან შეუწყვილებლად (ანუ All Caps). ძირითადად გამოიყენება სათაურებში, ემფატურობის გამოსახატად ან უბრალოდ ვიზუალურ შემოქმედებაში სადაც მნიშვნელოვანია სიმბოლოების ერთი სიმაღლე. მიუხედავად მთავრულის აქტიური გამოყენებისა, თანამედროვე ქართულ სიმბოლოთა ეს ჯგუფი 2018 წლამდე არ ყოფილა Unicode-ის ოჯახის წევრი რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა სამომხმარებლო თვალსაზრისით და დიდ პრობლემებს ქმნიდა ქართულ ფონტის ინჟინერიაში. ამჟამად მხედრულის მთავრული ინტეგრაციის პროცესშია და უახლოეს მომავალში ველით მის გააქტიურებას სხვადასხვა მობილურ და პერსონალურ სისტემებში.

ასომთავრულ-მხედრული ჻ შანიძისეული

Ⴀსომთავრულ-მხედრული წერის პრაქტიკის მაგალითები ჯერ კიდევ XII საუკუნის ხელნაწერებში გვხვდება, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მან XVII — XIX საუკუნეებში ჰპოვა. Ⴀმ პერიოდში ასომთავრული ასონიშნები მხედრულ ტექსტებში გვხვდება როგორც სასათაურე ისევე ორთოგრაფიული დანიშნულებით. 1950 წელს Ⴀკაკი Ⴘანიძეს ჰქონდა მცდელობა წარედგინა ასომთავრული ანბანი როგორც თანამედროვე ანბანის მთავრული მწკრივი. Ⴋხედრულ-ასომთავრულადაა გამოქვეყნებული მისი ნაშრომი „Ⴅეფხისტყაოცსანიც”. Ⴋიუხედავად ინიციატორის დიდი შრომისა, ასომთავრულ-მხედრული წერის სტილს არ მოყოლია დიდი გამოხმაურება, რაც გამოწვეული იყო რიგი მიზეზებით, მათ შორის იმ დროინდელი გეოპოლიტიკური კლიმატით. Ⴃღესდღეობით ასომთავრულ-მხედრული გამოყენების სულ მეტი და მეტი ტენდენცია შეინიშნება. Ⴑტატიის ეს აბზაციც ამ სტილითაა დაწერილი. Ⴀსომთავრულ-მხედრული წერის სტილს Anbani.ge-ზე, მოკლედ, Ⴘანიძისეულს ვუწოდებთ, საპატივცემულოდ მეცნიერის დიდი ღვაწლისა.

ასომთავრულ-მხედრული - შანიძისეულიႠა Ⴁბ Ⴂგ Ⴃდ Ⴄე Ⴅვ Ⴆზ Ⴇთ Ⴈი Ⴉკ Ⴊლ Ⴋმ Ⴌნ Ⴍო Ⴎპ ႯჟႰრ Ⴑს Ⴒტ Ⴓუ Ⴔფ Ⴕქ Ⴖღ Ⴗყ Ⴘშ Ⴙჩ Ⴚც Ⴛძ Ⴜწ Ⴝჭ Ⴞხ Ⴟჯ Ⴠჰ
„Ⴐასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“
~ Ⴘოთა Ⴐუსთაველი, Ⴅეფხისტყაოსანი

ბიკამერული ანუ ორ რეგისტრიანი ანბანის დადებითი მხარეები ცალკე სტატიას იმსახურებს, თუმცა იქამდე ჩაატარეთ ექსპერიმენტი და წაიკითხეთ ინგლისური (ან ნებისმიერი ბიკამერული ანბანის) ტექსტი მხოლოდ დაბალ რეგისტრში და შემდეგ კი სწორად მთავრული ასოებით.

იმისათვის რომ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი სამი სტილი ქართული ტექსტების ორ რეგისტრში საწერად მიჰყევით ამ ლინკს ვიდეო ინსტრუქციისთვის —

https://www.facebook.com/anbani.ge/videos/1085984224834067/

--

--