Spacewalker — კოსმოსში საბჭოთა პირველობის ერთი ჩვეულებრივი ამბავი

ეს მესამე სტატიაა კოსმოსის ისტორიასა და CCCP vs. USA პაექრობის თემაზე.

1962 წელია. შავი ვოლგა ჩერდება საინჟინრო კვლევითი დაწესებულების კართან. მანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოსული კაცი სწრაფი ნაბიჯებით მიემართება დაფასთან სადაც, 5 წლიანი გეგმაა გაწერილი. ცარცით გადახაზავს ბოლო ორ წელს და ხმამაღლა გამოაცხადებს რომ, პროექტი 5 წლის ნაცვლად სამ წელში უნდა დასრულდეს რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელები დაგვასწრებენ.

ეს ნამდვილ მოვლენებზე დაფუძნებული 2017 წელში გამოსული თანამედროვე რუსული ფილმის საწყისი კადრებია. ფილმში მოთხრობილია თუ როგორ გაიყვანა საბჭოთა კავშირმა პირველი ადამიანი, ალექსეი ლეონოვი, ღია კოსმოსში. ყველამ ვიცით პირველი თანამგზავრის სპუტნიკის ამბავი, პირველი ადამიანი კოსმოსში გაგარინი იყო, პირველი ქალი ტერეშკოვა და ა.შ. ეს პირველობის სია ამით როდი შემოისაზღვრება.

საბჭოთა კავშირის პირველობა კოსმოსის ათვისებაში უდაოა. ამ სტატიაში მინდა ერთ ისეთ კითხვას შევეხო რომელიც, დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვის პირადად თავსატეხი გახლდათ; როგორ ახერხებდა საბჭოთა კავშირი პირველობის შენარჩუნებას? ვიცით რომ ამერიკაში უფრო დიდი თანხები იხარჯებოდა ანუ, ფული გამოვრიცხეთ. ნუთუ KGB-ს წნეხის ქვეშ მომუშავე მეცნიერები და ინჟინრები უფრო სწრაფად დებდნენ შედეგს? თუ ე.წ. რუსული საინჟინრო გამჭრიახობას უნდა ვუმადლოდეთ სსრკს-ს პირველობას?

რუსული საინჟინრო გამჭრიახობა

ეს ამბავი უთუოდ გაგონილი გექნებათ: თითქოს ამერიკელებმა მილიონებით ფული ჩაყარეს კალმის შექმანში რომელიც უწონობაში წერას შეძლებდა მაშინ როდესაც, რუსები უბრალოდ ფანქარს იყენებდნენ.

რუსული საინჟონრო გამჭრიახობის ბევრ სხვა მითსაც წააწყდებით. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდაც სიამოვნებით ატრიალებს ამ ნარატივს. იმდენად ევასებათ ეს იდეა რო ზემოთნახსენებ ფილმში აი სწორედ ამ ფანქარს 25 წამიანი სცენაც კი ეძღვნება ექსკლუზიურად! (სემიოტიკა)

სინამდვილე კი ბევრად უფრო ბანალურია. კალამი რომელიც უწონობაში წერს შექმნა კერძო მეწარმემ Paul C. Fisher-მა საკუთარი ფულით და დაარქვა Space Pen — ასე უკეთებდა რეკლამას. ეს კალმები მართლაც გამოიყენებოდა NASA-ს მიერ. მოგვიანებით საბჭოთა კავშირიც გადავიდა ამ კალმების გამოყენებაზე. ორივე კლიენტისათვის Fisher-ს ერთიდაიგივე “სოლიდური” ფასი ქონდა დაწესებული 8$ (რვა ამერიკული დოლარი).

ფანქარი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. სხვა ამერიკული და რუსული ტექნიკური გადაწყვეტილებების შედარებაც იგივეს გვიჩვენებს — გამჭრიახობა არც ამერიკელებს აკლდათ.

აბა რა იყო პირველობის საწინდარი?

სიტყვა პირველობას შეგნებულად და თანამიმდევრულად ვხმარობ. ამდენი პირველობა ტავტოლოგიად კი ჟღერს მაგრამ, მხატვრულ ამბავში სიტყვა პირველობას სიტყვით “წარმატება”, “გამარჯვება” ან “მიღწევა” უბრალოდ შინაარსობრივად ვერ ჩავანაცვლებ რადგან, ამ შემთხვევებში პირველობა იყო თვითმიზანი და არა რაიმე ღირებულის შექმნა. Spacewalker-ის მისიას ერქვა Voskhod-2. მას Voskhod-1 უძღოდა წინ და სრული სურათის დასანახად მოყოლა უთუოდ Voskhod-1-ით უნდა დავიწყოთ მიუხედავად იმისა რომ, ფილმში არც კი არის ნახსენები.

Voskhod-1 — პირველი სამკაციანი ეკიპაჟი კოსმოსში

ეს მისია იმითაცაა აღსანიშნავი რომ, კაპსულის 24 საათიანი კოსმოსში ყოფნის დროს ქვეყანაში სახელმწიფოს ხემძღვანელის ძალადობრივი ცვლილება მოხდა. კოსმონავტები ნიკიტა ხრუშოვმა გააცილა, კოსმოსში ელაპარაკა და როგორც კი ყურმილი დაკიდა მოაძრეს და მიწაზე დაბრუნებულ კოსმონავტებს... ტადაა! უცებ ბრეჟნევი დახვდა თავისი კარაკულის ქუდით. ანუ, გესმით რამდენად ძლიერ პოლიტიზირებული იყო ეს კოსმოსი. ხრუშოვის მოხსნა დროზე ადრე არ უნდოდათ — მისია არ ჩავარდესო. არც მისიის მერე ივარგებდა. მორიგ წარმატებას მიიწერს და კოსმონავტებთან გადაღებულ სელფებს ინსტაგრამში დადებსო, ჰოდა ჰაერშივე მოხსნეს.

ყველაფერი გაშვებამდე ერთი წელით ადრე დაიწყო როცა, პარტიამ დამაჯერებლად და მკაცრად მოუხმო საბჭოთა კოსმოსის მესვეურებს 1963 წლის ტერეშკოვას მერე, 1964 წელშიც დაედოთ რაიმე “პირველობა”. ამათმაც, რა ვქნათ, რა ვქნათო? და აი ეს მოიფიქრეს: 
- მოდი ოოოო, ორი კი არა ახლა სამი კაცი გავტყორცნოთო.
- აუ შანსი არაა. ჰა, ჰა, ორი კაცი და ერთი ძაღლი ჩავტენოთო. მეტი ადგილის შანსი არაა და თან წონაშიც ვიჭედებითო.
- აგერ მიყურე თუ არაო. ამსიგანე სკამები რად გვინდა? სკაფანდრების გამო? ჰაერი რო გაიპაროსო? ნაxxx სკაფანდრებიო. ეს ერთი. ადგილი ხო გაჩნდა, ჰოდა ჩავდგათ მანდ სკამიო.
- კაი, და წონაზე რას ვშვებით მაშინო?
- კატაპულტი და ევაკუაციის სისტემა მოვაძროთ. დაიბრიდებიან, დაიბრიდებიან xxxსნიმ-ო.
- მაინც გვაკლდება 20 კილოო. ეხლა კოსმონავტებს ხო არ გავახდუნებთო?

როგორც დაგიბარებია. კოსმონავტები შვიდ-შვიდი კილოთი გაახდუნეს. აი ის კაცი, წინა დიალოგიდან, ეს ყველაფერი რომ მოიგონა — ინჟინერი კონსტანტინ ფეოკტისოვი იყო. აი როგორც მოიგონე, ისე შენ თვითონ გაფრინდებიო უთხრეს, ამ სამეულში ჩატენეს. სამ თვეში უსწრაფესი ტემპით ზედაპირულად მოამზადეს და ლაიკა რო გატყორცნეს კოსმოსში, აზრზე მოუსვლელად, ბედისა და გრავიტაციის ანაბარა, ესენიც ისე მოიქნიეს ცაში.

მისიამ აბსოლუტური ნოლი სამეცნიერო-კვლევითი სარგებელი დადო. როგორებიც ატყორცნეს ისევ ისეთები ჩამოცვივდნენ 24 საათში უკან. ეხლა სამნი იქნებოდნენ თუ ორი, რა სხვაობაა? ჰო, კინაღამ დამავიწყდა: პირველი ფრანგული კომუნის დროშა ქონდათ თან წაჩანჩალებული და იქ ზემოთ ფანჯრიდან გადმოაგდეს — პროპაგანდის პონტში.

Voskhod-2 — პირველი ადამიანი ღია კოსმოსში (EVA)

დაუბრუნდეთ Spacewalker-ს. ფილმს უდიდესი სიამოვნებით (ორჯერ) ვუყურე. აშკარად რუსულ პატრიოტულ ნოტაზეა გადაღებული და ალბათ ბევრ პოსტსოვიეტურ მაყურებელში სიამაყისა და უპირატესობის (superiority) შეგრძნებებსაც იწვევს. მე კი, ყოველი სცენა სულ სხვა, ბნელ და გაუსაძლის საბჭოთა წარსულში მაბრუნებდა. აი როგორც ამ სურათში ზოგი რომ მარტო ლამაზ და ახალგაზრდა ქალბატონს ხედავს არა და, სინამდვილეში მახინჯი მოხუცის პორტრეტი რომაა.

ჩემდაგასაკვირად, ამ ისტორიის თითქმის ყველა სამარცხვინო მომენტი საკმაოდ აუთენტურადაა გადმოცემული (ერთის გარდა რომელზეც, ბოლოში მოგახსენებთ).

მარტო მოვლენები კი არა, მთავარი გმირების ტრაგიკული ბექგრაუნდებიც კი ჩანდა. მაგ.: ბევრია კოსმონავტ ლეონოვის ბავშვობის სცენები. ერთ მომენტში თვითონაც ყვება თავის ამბავს. შეძლებული გლეხის შვილი იყო, საზრიანი ბავშვი. მოსიყვარულე მამას მკაში და თესვაში ეხმარებოდა. თან ბუნებასა და გარემოს შესახებ ცოდნას დიდი ცნობისმოყვარეობით ეწაფებოდა. … მამა განაკულაკეს, დახვრიტეს. მშიერ მწყურვალ ოჯახს პროლეტარება დარჩენილი სარჩო საბადებელიც აართვეს. პატარა ლეონოვს მეზობელმა უკანასკნელი შარვალი გახადა. ამას მოყვა შიმშილი ომი და უბედურება.

ჰოდა ეს კაცი ნომერი ერთი პატრიოტი და თავდადებული გმირია. უფროსი ყავს თლა უკეთესი, გულაგში ნაჯდომი და დახვრეტას გადარჩენილი კოროლიოვი. მიდის დიდი გულზე მჯიღის ცემა, სოციალისტური სამშობლოს ტრფიალი და მზადება კოსმოსში გასასვლელად. კოროლიოვს კაგებეს კაცი ადგას თავზე. ის კი თავისმხრივ კოსმონავტებს ტისკავს. ერთხელ ლეონოვი დაიჩივლებს სკაფანდრი არ ვარგაო, ისე მზღუდავს თითქოს ხელბორკილები მედოსო. მაგაზე კოროლიოვი მიუგებს: ეჰ, შენ კი არა, მთელს ერს გვადევს ხელბორკილიო, მარა მაინც ვჩალიჩობთ რაცხასო, სხვა რა გზა გავქვსო.

ჰოდა ჯერ საცდელი მისია უნდა გაეშვათ ამ სკაფანდრის დასატესტად, ღია კოსმოსში გაძლებდა თუ არა. საცდელი გაშვების რაკეტა ჩამოვარდა. ტესტი ჩაიშალა. კოროლიოვი დაიბარა ახალგვირგვინდასმულმა ბრეჟნევმა და, ჩამოვარდა არა ტოროლაო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა იცოდეო და ეხლა იმ ორი კოსმონავტის ჯერიაო. ორ კვირაში შედეგი დაიდოს თორე ხრუშოვზე ნაკლები ხო არ გამოვალო.

ეს საცოდავებიც Voskhod-1 ის მაგვარად ლაიკასავით ბედის ანამაბრა გატყორცნეს კოსმოსში. ჰომალდი იმდენად არასაიმედო იყო რომ ზოგიერთი სისტემა, როგორც მაგალითად კოსმოსში გასასვლელი სარკმელი 10 დან მხოლოდ 9 შემთხვევაში იკეტებოდა (გაზვიადების გარეშე 10% იანი შეცდომა ქონდა).

მოკლედ გავიდა ეს ჩვენი ლეონოვი კოსმოსში. იქიდან რაც ყველაზე მთავარი იყო ბრეჟნევს დაელაპარაკა. საინსტაგრამე სელფები გადაიღო და … უკან ვეღარ შემოდის. სკაფანდრი გაიბერა და აღარ ეტევა ამ სარკმელში.

ეს სხვა ფილმიდანაა მაგრამ, შინაარსობრივად უხდება.

სკაფანდრიდან ჰაერი გამოუშვა და ისე შემოვიდა მარა, მერე სარკმელი არ დაიკეტა. ხელით დაკეტა, ძლივს შემოაღწია როგორც იქნა.

ეხლა ჟანგბადით მომარაგების სისტემამ აურია. ამასაც გადაურჩნენ. შემდეგ ავტომატური დაბრუნების სისტემამ არ იმუშავა. მანუალურ რეჟიმში მართვისას არჩევანი იყო ან ევროპაში ჩამოვარდებოდნენ და გადარჩებოდნენ ან სადმე რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში დაეშვებოდნენ და გაიყინებოდნენ. პარტიამ — “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა”-ო და ტაიგაში გააქანა.

ორი დღე ვერ პოულობდნენ. რადიო კავშირის საშუალება მთავარიც და სათადარიგოც გაფუჭდა. დარჩა მარტო მორზეს აპარატი (ტუუუ-ტუუ-ტუუუ, აი ჩვენ სოლომონი რომ გვასწავლიდა სამხედრო კათედრაზე ის). ამასობაში კოსმონავტები იქიდან SOS-ებს აგზავნიან. აქ კი ლევიტანი (ქარიზმატული დიქტორი) მათი გმირული დაღუპვის შესახებ ვრემიაში გასაშვებ მიმართვას იწერს თურმე. რუსები დანაკარგს უკვე შეგუებულნი იყვნენ როცა, გერმანიის საკონსულოდან დაურეკეს და შეატყობინეს, ჩვენი რადიომოყვარულები თქვენი კოსმონავტების SOS სიგნალებს ღებულობენ და იქნებ მიხედოთო. აი ზუსტად ეს ბოლო ფეილი ამოჭრეს და შეცვალეს ფილმში. ტეხავს მაინც შენს კოსმონავტს დასავლეთ გერმანელი რადიომოყვარული რო იპოვის გაყინულს ტაიგაშიო, ალბათ იფიქრეს.

ყველაფერი დანარჩენი სამარცხვინო დატოვებულია. მეტიც, მემგონი ფილმის ავტორებს არც უტყდებათ, პირიქით საამაყოდაც კი თვლიან ამგვარ ჰეროიზმსა და იდეისათვის ადამიანის სიცოცხლის გარისკვას.

რატო ვილაპარაკე ეხლა ამდენი

პირველობის იდეით შეპყრობილი და KGB-ს წნეხის ქვეშ მყოფი საბჭოთა კოსმოსური პროგრამა შეგენბულად და თანამიმდევრულად უზარამაზარი რისკის ქვეშ აყენებდა ყველაზე ღირებულს ამქვეყნად — ადამიანის სიცოცხლეს. ამ სახის თავგანწირვა გმირობად ითვლებოდა. კოსმონავტებს შესანიშნავად ესმოდათ რომ წარუმატებლობის შემთვევაში მათი არსებობის შესახებაც არავის ეცოდინებოდა მაგრამ, მთელი საზოგადოება იყო ასე მოწყობილი. საზოგადოებრივი ცრუ ღირებულებები, კომუნისტური სისტემის თითქოსდა უპირატესობა ინდივიდის სიცოცხლესა და ბედნიერებაზე ბევრად მაღლა იდგა პრიორიტეტების სიაში. არც მეცნიერულ ღირებულებას ქონდა დიდი მნიშვნელობა და არც მატერიალურს, მთავარი შიდა პროპაგანდისათვის საჭირო პირველობა გახლდათ.

პირველობის საწინდარიც ეს იყო — პირველობა ნებისმიერი რისკის ფასად, თითქმის ნულოვანი სანაცვლო ღირებულებით.

განა ამერიკელებს არ ქონიათ მსხვერპლი. Apollo-1 მისიის ტრეინინგის დროს 3 ასტრონავტი დაიღუპა. სამაგიეროდ ყველაფერი შეჩერდა და გადაიდო დიდი ხნით სანამ პრობლემები არ მოგვარდა. პირველობის სურვილს ამერიკელი ხალხის წინაშე ადამიანების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობამ გადაწონა. პროგრამა დროებით შეჩერდა.

ეს “ჩერეზ ნემაგუ” გმირობა და იდეისათვის თავგანწირვა საბჭოთა კავშირის დროინდელი ღირებულებაა. გააზრებულ რისკზე წასვლა ერთია მაგრამ, გამიზნულად და შეგნებულად საზოგადოებრივი ფსევდო-ინტერესის ერთეულ პიროვნებაზე მაღლა დაყენება დღემდე რომ შემოგვრჩენია, უთუოდ საბჭოთა გადმონაშთია რომელიც, დროზე უნდა მოვიცილოთ.