დიეტა.ჯი
Ana Nikoladze
315

ასე აღარ შეიძლება

საქართველოში ამ საკითხის უკუღმართობის მასშტაბებს ნელ-ნელა ვხვდები. პირველად მაშინ ვიგრძენი, როცა უფრო და უფრო მეტი გარშემო მყოფი გაოცებული იყო ხოლმე, როცა ვამბობდი რომ წონის დაკლების მიზნით არ ვჭამდი ა.შ. ვერ ხვდებოდნენ რა მინდოდა ჩემი სხეულისგან. 20 წლის ვარ და ავადმყოფურად დიდი ძალისხმევა მიმდის წონის დაკლება/შენარჩუნებაზე. ყოველი ლუკმის წინ მიწევს გადავწყვიტო, რამდენად შემიძლია თავს ამის უფლება მივცე, გამომდინარე იქიდან, რა მივიღე იმ და წინა დღეებში. ცოტა ხნის წინ სხვასთან საუბრისას გავიგე, რომ ყველა ადამიანს არ უწევს ამის გავლა. მოსაუბრე საკმაოდ შეწუხებული ჩანდა ამ ყველაფრის მოსმენით.

ამ დროს კი საქართველოში, მერვე კლასიდან მოყოლებული ყველა, მეგობრებიდან დაწყებული თითქმის უცხო ადამიანებით დამთავრებული (ამ ქვეყანაში ჰო ტაქტი არ არსებობს) მუდმივად აღნიშნავდა, რომ დაკლება მჭირდებოდა. ერთი პერიოდი კინაღამ სამუდამოდ დავიმახინჯე ფსიქიკა. რამდენიმე ახლო მეგობარს facebook-ზე ჯგუფი ქონდათ გაკეთებული დიეტებისთვის და იქ მიდიოდა სხვადასხვა ავადმფყოფური, ჯანმრთელობისთვის სრულიად დამანგრეველი დიეტების გაზიარება და ამავე დროს სხვა გაზიარებებით ჯანსაღი კვების პროპაგანდა (??). ერთმანეთის გამხნევება, რომ კიდევ ერთი დღე გაუძლონ საკვების ცდუნებას. დაკლებული/მომატებული კილოგრამების, გრამების (!!) გაზარება. როდესაც ერთმა ბიჭმა რამდენიმე თვე მხოლოდ კიტრის და პომიდორის ჭამით დაიკლო, გაინტერესებთ რა იყო რეაქცია? გაოცება, აღტაცება. აღარ მახსოვს ზუსტად კონკრეტული მიზეზი, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი რომ ჩემს თავს ასე აზროვნებისთვის არ გავიმეტებდი და ჯგუფი დავტოვე.

თუმცა ამით დაკლების პრობლემა არ მოგვარდა. შემდეგი წლების განმავლობაში რამდენჯერმე მქონდა 2–3 დღიანი სრული შიმშილის მცდელობა, უფრო ხშირად კი საღამომდე ვითმენდი და შემდეგ უკვე (თუმცა არა ღამე) ბევრს ვჭამდი. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ წარმატებული იყო ეს მეთოდი ჩემი სხეულისთვის და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სტაბილურად, პერიოდული “დიეტებით” დავიკელი ის რამდენიმე თავშისახლელი კილოგრამი, თან ასე თუ ისე ნაკლები ფსიქიკური ზარალით.

უნივერსიტეტის მეორე სემესტრში, მძიმე დეპრესიისა და უზომოდ გადატვირთული გრაფიკის გამო ფაქტიურად ხან არ, ხან ვერ ვჭამდი. რა თქმა უნდა, this was the best thing that ever happened to me, რადგან ზაფხულში ქართული საზოგადოებისთვის ნორმალური გოგოს სტანდარტებს ვაკმაყოფილებდი. როგორც იქნა, ვხედავდი როგორ მიღებდნენ სხვები სრულფასოვან ადამიანად. “სამწუხაროდ”, გარკვეული პერიოდის შემდეგ დეპრესიამ ჩაიარა და კვლავ გამიჩნდა ის ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილება, რასაც ჭამა ქვია. საქართველოში ჩასვლისას მუდმივად მიწევს ყველას შეფასების მოსმენა ჩემს წონაზე. ძირითადად იმის, რომ აი ცოტაც და უკვე კარგი ვიქნები. ახლა ხომ ცუდი ვარ.

უკვე კარგა ხანია, ჩემს ძველ ფორმას ვერ ვიბრუნებ. სულ უფრო და უფრო ცოტას ვჭამ, მაგრამ უშედეგოდ. საბედნიეროდ, ის დამატებითი წონა, რომლის გამოც სარკეში ჩახედვას ვეღარ ვბედავდი, დავიკელი, თუმცა სულ იმაზე ვფიქრობ რომ ადრე უფრო გამხდარი ვიყავი და ყველაფერი უფრო კარგი იყო ამის გამო. და მუდმივად იმაზე ვფიქრობ, რისთვის სჯობს თავის გამეტება.

ფსიქიკური აშლილობა ზედმეტი წონის გამო თუ ფსიქიკური აშლილობა უჭმელობის გამო. არსებობის სხვა ფორმა ჩემთვის აღარ არსებობს.

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.