Lean-ისა და Agile-ის გარეშე ილუზიაში ვცხოვრობთ

Luka Kobalia
3 min readNov 16, 2022

--

და როცა აღმოვაჩენთ— უკვე გვიანია

ცხოვრებაში ან თავად მოგვდის კარგი ბიზნეს იდეები ან მეგობრებისგან ვისმენთ ხშირად. გვესმის მსგავსი ფრაზები — “აუ ახლა წარმოიდგინე ასეთი აპლიკაცია რომ არსებობდეს რა მაგარი იქნებოდა, მოდი გავაკეთოთ”. შემდეგ გაბრწყინებული და იმედის მომცემი თვალებით განვიხილავთ და რამდენიმე მეგობრისგან უსაფუძვლო კრიტიკასაც კი ვისმენთ. ამ კრიტიკას კი როგორც წესი ასეთი ფრაზები მოჰყვება: “არა, არა დამიჯერე უეჭველად იმუშავებს” და ვაგრძელებთ კიდევ უფრო უსაფუძვლო დასაბუთებების ტრიალს. სინამდვილეში კი ილუზიაში ვცხოვრობთ.

ილუზიაა, იმის თქმა რომ რაღაც იმუშავებს უსათუოდ. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ფულს და რესურსს დავხარჯავთ, თუ მოტივაციამ გასტანა — შევქმნით და მერე აღმოვაჩენთ რომ საერთოდაც არ ყოფილა მაგარი იდეა. რეალურად ვიწყებთ ილუზიით, თავდაჯერებული, სტარტაპული და ენტრეპრენერული სულისკვეთებით ვაშენებთ პროდუქტს, ვუშვებთ მომხმარებლებამდე და აღმოვაჩენთ რომ ვერ ვყიდით. ამასთან, თუ აქვე ვერ მივხვდით რომ პროდუქტი მომხმარებლის პრობლემებს ვერ ჭრის, ხშირად მარკეტინგს ვაბრალებთ და ვისმენთ მსგავსს ფრაზებს “აი პიარი დააკლდა თორემ ძალიან მაგარი პროდუქტი იქნებოდა”. სინამდვილეში კი ილუზიაში ვაგრძელებთ ცხოვრებას.

👉 სწორედ ამ ილუზიაში ცხოვრების, ფუჭად დაკარგული რესურსის, ფულისა და დროის აღმოფხვრას გულისხმობს პროდუქტების შექმნისა და განვითარების ლინ (Lean) მეთოდოლოგია. ამ ყველაფერს კი ერთ ფრაზაში გამოხატავს: “Eliminating Waste”.

ზემოთ ხსენებული პროდუქტის შექმნისას შესაძლოა საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავეთ და ყველა რესურსი კარგად გამოვიყენეთ. ზედმეტი ადამიანები არ დაგვიქირავებია და დანახარჯებიც საკმაოდ ოპტიმალურად ვმართეთ, თუმცა საბოლოო ჯამში ფუჭად. Lean-ის მეთოდოლოგია მომართულია იმაზე, რომ არ მოგვიწიოს ფუჭად მუშაობა. ამ ნაწილს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ხშირად არასწორად აღვიქვამთ. მაგალითად თუ 2 ადამიანი კონკრეტულ საქმეს აკეთებს და აღმოვაჩენთ რომ 1 ადამიანიც კი იგივე შედეგს მოგვცემდა, აქ ლინი არაფერ შუაშია. ის რომ 1 ადამიანის საქმეს 2 არ სჭირდება, სანამ Toyota გაგვაცნობდა 1991 წელს Lean მეთოდოლოგიის საწყისებს, მანამდეც ვიცოდით. (ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ლინი Henry Ford-ის პროცესს დაეფუძნა 1914 წელს)

💡 როგორ გვეხმარება ლინი (Lean) ?

ლინ მეთოდოლოგიის კონცეფცია

ახლა კი ვისაუბროთ თუ მაინც რას გვთავაზობს ლინი, ანუ როგორ ავარიდოთ თავი “ფუჭად მუშაობას”. თითქმის 100 წლიანი ისტორიის შემდეგ, Eric Ries-მა 2011 წელს თავის წიგნში The Lean Startup ენტრეპრენერებისთვის შემოგვთავაზა პროდუქტების განვითარების ლინ პროცესი. უფრო სიღრმისეულად თუ გაინტერესებთ, გირჩევთ ეს წიგნი წაიკითხოთ და შემდეგ Dan Olden-ის The Lean Product Playbook-ც მიაყოლოთ 💪🏻. თუ ზევით ნახსენები 2 წიგნი მოგეწონათ კიდევ ერთსაც წავიკითხავდი თქვენ ადგილას: Lean UX by Jeff Gothelf. მე კი ზოგადად პრინციპებს გაგაცნობთ.

წიგნში ძირითადად ლინის 5 პრინციპზეა საუბარი:

  1. Entrepreneurs are everywhere
  2. Entrepreneurship is management
  3. Validated learning
  4. Innovation Accounting
  5. Build-Measure-Learn

სიმარტივისთვის მე-5 პრინციპზე მოგიყვებით. ჩემებურად გადმოგითარგმნით — ააშენე-გაზომე-ისწავლე 😑. ლინი ამბობს, რომ აუცილებელია მოვახდინოთ გამოთქმული იდეის გარკვეული ვალიდაცია. ანუ თუ ვამბობთ “აუ ახლა წარმოიდგინე ასეთი აპლიკაცია რომ არსებობდეს რა მაგარი იქნებოდა, მოდი გავაკეთოთ”, ესე იგი გამოვთქვამთ დაშვებას, ჰიპოთეზას. ამ გამოთქმის შემდეგ აუცილებელია ვალიდაცია. მაგალითად შევქმნათ “მინი” ვერსია (ეგრეთწოდებული MVP), გავუზიაროთ მომხმარებლებს და მოვისმინოთ მათი აზრი და დავაკვირდეთ ქცევას. ამ ნაწილში უკვე მივხვდებით რეალურად კარგი პროდუქტი გამოგვივა ბოლოს თუ რაიმე უნდა შევცვალოთ. ანუ ავაშენოთ, შემდეგ დავაკვირდეთ, მოვისმინოთ მომხმარებლის უკუკავშირი და ვისწავლოთ. ეს პატარა პროცესი კი გავიმეოროთ ბევრჯერ, რათა მივიდეთ ისეთ პროდუქტამდე, რომელსაც ნამდვილად იყენებს მომხმარებელი და ნამდვილად ჭრის პრობლემებს. ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თუ მცირე ნაწილს ავაწყობდით და მალევე გავარკვევდით რომ მომხმარებლები არ იყენებენ, თავიდან ავირიდებდით ფუჭად დახარჯულ დროს, რესურსსა და ფულს. მოკლედ, ილუზიიდან მალევე გამოვიდოდით. შესაძლოა აღმოგვეჩინა, რომ მომხმარებლებს მოსწონთ ეს პროდუქტი და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ამ შემთხვევაში უკვე ილუზიას ნელ-ნელა ვაქცევდით რეალობად.

🤔 და Agile რაღაა?

Agile მეთოდოლოგიის კონცეფცია

ისეთი კომპლექსური პროდუქტების შექმნას, როგორიც ციფრული პროდუქტია, კომპლექსური პროცესი სჭირდება. ამ კომპლექსურ და კარგად ჩამოყალიბებულ პროცესებში ისე ხშირად ვიკარგებით, რომ გვავიწყდება მთავარი ფუნდამენტი. სწორედ ამ Lean Thinking-ის ფუნდამენტზეა დაფუძნებული Agile, რომელიც შედარებით უფრო “ჩარჩოებში” აქცევს პროცესს. მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიხსენებდეთ ამ პრინციპებს და როცა დავრწმუნდებით რომ კარგად გვესმის Lean-ის ღირებულება, ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი Agile-ზე. ეჯაილზე კი ნამდვილად ბევრი საუბარი შეგვიძლია.

მეტ ინფორმაციას Agile-ისა და Scrum-ის შესახებ მალე დავამატებ 💡

--

--

Luka Kobalia

🚀 8+ yrs. Group Product Manager | Leading Georgia's top digital APP