რა აერთიანებს მეძავსა და მონაზონს? დრო ..

ჩემი მორიგი თემა(ჩვენზე) არვიცი რამდენად მოგეწონებათ, მაგრამ მაინც დავწერ სასვენი ნიშნებისა და ათეული ადამიანების ხათრით❤!
ნებისმიერი პრაგმატული პიროვნება იტყვის, რომ დროის საზომი არის საათი და ის აბსოლუტურად მართალი იქნება. დროს ნამდვილად საათით ვზომავთ. მაგრამ პრაქტიკული ასპექტის გარდა აქ რაღაც უფრო ღრმა უნდა იმალებოდეს.
დრო გადის… იცვლებიან ადამიანები, გარემოებები, პრობლემები, მიზნები, მეფეები, პრეზიდენტები…
(ეს ისე, არაფერ შუაშია აქ: “დრო ყველაფერს ცვლის, გარდა იმ “რაღაცისა”, რაც ჩვენშია და რასაც ყოველი ცვლილება უკვირს” – ავტორი არ მახსოვს.)
მაგრამ რა აერთიანებს ნეანდერტალელს და ჰომო საპიენსს; მალაიზიელსა და ქართველს; ამებასა და სპილოს; მეეზოვესა და ეკონომისტს; რადიკალ ისლამისტს და მშვიდ ბუდისტს? – დრო. დროე ერთი დიდი თასია, სადაც ყველა მოვლენა (უმნიშვნელოც კი), ყველა ცოცხალი არსება იყრის თავს.
ჩვენ ვიბადებით, რაღაცისთვის ვიბრძვით (ან არ ვიბრძვით, და მაშინ ზომბად ვიქცევით), და ვკვდებით.
მსმენია სადღეგრძელო ცხოვრებაზე – ტრადიციული, ბანალური. მაგრამ ყველაფერში შეიძლება რაღაც საინტერესოს დაჭერა. ” – აი იმ ტირეს გაუმარჯოს (ტირეა თუ დეფისი? – ეს ისე), რომელიც საფლავის ქვაზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს შორის რომ არისო”. აზრი გასაგებია: “ცხოვრებას გაუმარჯოსო”. ეს სადღეგრძელო მთლად სწორი არ უნდა იყოს, რადგან ბევრ საფლავზე ტირე კი არა, წერტილიც კი არ უნდა ესვას, რადგან მათი ცხოვრება უბრალოდ არარაობა იყო. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთა მიმართ ეს სადღეგრძელო გამართლებულია. მათი ცხოვრება ტირე კი არა უსასრულო გზაა, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც ბოლო. ასეთი ადამიანები არიან დროის საზომები.

თითოეულ ადამიანს საკუთარი დროის სისტემა აქვს. ყველასათვის სხვადასხვანაირად ბრუნავს საათის ისარი ციფერბლატის, დედამიწა – ღერძის, ან სულაც მზის გარშემო.

დროის საზომი ადამიანის შემოქმედებაა. გამიგონია: “საქმეში დახმარება თუ გსურს, იმას მიმართე, ვინც ყველაზე დაკავებულია, რადგან უსაქმურს დრო საერთო არ აქვს”. “დაკავებული”, შრომისმოყვარე ადამიანები ქმნიან ისტორიას. ძირითადი თემიდან შეიძლება გადავუხვიო, მაგრამ მაინც “დროის” გარშემო ვიტრიალებ.

არსებობს რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება დეიზმი. მათი აზრით, დედამიწაზე მოქმედებს მხოლოდ ბუნების კანონები, რომლებიც ღმერთის დადგენილია. ამ კანონთა კრებულს მე პირობითათ “დროს” ვუწოდებდი.

ხშირად მას არაფრად ვაგდებთ, ე.ი. ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ და კრიმინალურ აქტს ჩავდივართ.

ბევჯერ მომისმენია აღიარებები, რომ ჩვენ ვკარგავთ დროს, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ დროს კი არა, საკუთარ თავს ვკარგავთ.

ზოგადად რასაც დროის ფლანგვას ვუწოდებთ – ჩვენი ნიჭის, შესაძლებლობების გამოუყენებლობა ეწოდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ თვითრეალიზებას. ნებისმიერი უქმად დაკარგული ტვინის პატრონი – დამნაშავეა.

თუ დროის ფენომენს რაციონალურად მივუდგებით – მაშინ დავეუფლებით უდიდეს ძალას.

წარსულს ვერაფერს ვუშველით, მაგრამ მომავლის შეცვლა აწმყოს დამარცხებითაა შესაძლებელი.

“ყოველი დაგეგმილი და ორგანიზებული წუთი – მოგებული საათია” – ამერიკელი ბიზნესმენი, ჰარვი მაკკეი. – “დრო უფასოა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს; მას ვერ დაეუფლები, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო; მას ვერ იქონიებ, მაგრამ შეგიძლია დახარჯო; და თუ დაკარგე – მაშინ საკუთარი თავი დაკარგე”.

ყველა ადამიანი, ვინც დროის ფასი იცის -დროის საზომია. ფრანკლინმა თქვა: “დრო ფულია”, მაგრამ ჩემი აზრით, დრო ფულზე მეტია. დაკარგული ფულის ანაზღაურება შეიძლება, მაგრამ დროს ვერ დავაბრუნებთ!

ყველა, ვისაც რაღაცის მთელი გულით და გონებით სწამს – დროის საზომია, რადგან ჩემი აზრით, მთავარი ის კი არ არის რა გწამს, არამედ როგორ გწამს (შეგიძლიათ შემედავოთ).

ყველა, ვისაც უყვარს და ვინც უყვართ – დროის საზომია.

ყველა შემოქმედი დროის საზომია. ისინი “დიდი შემოქმედის”- ღმერთის პატარა ანალოგები არიან.

და ბოლოს, ჩვენ, ადამიანებს, ყველას გვაქვს საკუთარი პატარა დროის მანქანები. ზოგი მათგანი წარსულში გვაბრუნებს – მათ მოგონებები ეწოდებათ. ზოგიც მომავალში გვამოგზაურებს – მათ ოცნებები. სიყვარულს შეუძლია დროის გაჩერება [ მან ო’ჰენრის ნეკერჩხლის ფოთოლიც კი “არ გაიმეტა” ჩამოსაგდებად].

სიყვარული ყველაზე დიდი დროის მანქანაა. ეს ის ტკბილ მოგონებათა, განხორციელებულ ოცნებათა მთელი დასტაა, რომელიც ყველა ჩარჩოს ამსხვრევს, გვაფრთიანებს და გვათქმევინებს: “წამო, შეჩერდი, მე ის მიყვარს!”; “წამო, შეჩერდი, მას მე ვუყვარვარ!”; “წამო, შეჩერდი, მშვენიერი ხარ!”; ” წამო, შ ე ჩ ე რ დ ი ! ! ! – მე ბედნიერი ვარ . და შენ ?❤
- ლაშა სალამაშვილი

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.