უმეცრება კლინიკურ მედიცინაში
დიპლომიანი მკვლელების შესახებ
ბომბი შენელებული მოქმედების მექანიზმით– ამგვარი დეფინიცია შეიძლება მივცეთ თანამედროვე მედიკოსთა თაობას. უმეცრება დამანგრეველი მასშტაბების ძალას წარმოადგენს და აღნიშნულს ყოველდღიურად ვაწყდებით რეალურ ცხოვრებაში. მითუფრო მძაფრად აღიქმება ეს ყოველივე, როდესაც საქმე ადამიანთა ჯანმრთელობას ეხება. ხშირად მომისმენია და წამიკითხავს ისტორიები „გაუნათლებელი“, „არაფრისმცოდნე“, „მკვლელი“ ექიმების შესახებ. მსგავს ეპითეტებს არ იშურებს დაზარალებული პაციენტი და ვერც გავამტყუვნებთ.
როდესაც საუბარი სამედიცინო განათლებას ეხება, აუცილებლად უნდა მოხდეს არსებული მდგომარეობის ჯეროვანი ანალიზი, რომლის შესახებაც არამედიკოსს უბრალოდ ზერელე წარმოდგენა გააჩნია. რაც უფრო ჩავუღრმავდებით აღნიშნულ საკითხს, მეტად შევიცნობთ არსებული პრობლემის მასშტაბებს.
უპირველეს ყოვლისა, გავაკრიტიკოთ ინდივიდი, საკუთარი არჩევანის გამო. ადამიანი, რომელიც უმაღლესი განათლების მიღებას სამედიცინო კუთხით აპირებს და რომლის მთავარი მოტივატორი გახლავთ „მშობლებს ასე უნდათ“– რბილად რომ ვთქვათ, ცოდოა. ცოდოა საკუთარი გაუცნობიერებლობის გამო. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის ზრდასრულობაზე, როდესაც მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ აქვს საკუთარი მომავლის ხედვა? აღნიშნულში ჯერ კიდევ ინფანტილურ ინდივიდს ხელს უშლის უპირველესად მშობელი, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შვილის ნაცვლად იღებს და ამგვარად შესაძლოა მისი შემდგომი, ზრდასრული ცხოვრების ტრავმატიზმის მიზეზი გახდეს. მეორე მომენტია თავად მედიცინის სფეროს რომანტიზირება ასევე უფროსი თაობის მიერ. ამგვარი ქმედების უგუნურებას კი ხშირად ახალგაზრდა სტუდენტი საკმაოდ მწარედ იწვნევს საკუთარ თავზე. ცოტა მაგალითი არ მოიპოვება სწავლის შეწყვეტის და სხვა პროფესიაზე გადაბარგებისა სამედიცინო ფაკულტეტის ისტორიაში.
რამ განაპირობა ამგვარი დამოკიდებულების გაჩენა? უპირველეს ყოვლისა წარსულმა გამოცდილებამ. ექიმობა საამაყო, ერთგვარი მაღალი სოციალური სტატუსი გახლდათ. მარტივად რომ ვთქვათ, პროლეტარიატის გულიდან წამოსულ ინდვიდს საშუალება ეძლეოდა მუშათა კლასიდან პრივილეგირებულ ფენაში გადასახლებულიყო ისე, რომ საზოგადო სიყვარული და სიმპათია მოეპოვებინა.

აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით მედიცინის შესწავლა 70-იან წლებში მეტად პრესტიჟული გახდა ახალგაზრებში. ზოგიერთი შრომით, ნაწილი– მშობლის სქელი ჯიბით ახერხებდა მედიცინის შესასწავლ გზაზე შედგომას. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა ექიმთა ბიპოლარული პლეადა: ერთ მხარეს– საკუთარი საქმის პროფესონალები და აღნიშნულის ანტაგონისტი– დიპლომიანი უმეცრები. ამ თაობის ხელი 90–იანი წლების საზოგადოებაზე ნათლად აისახა.
პოსტ–საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მეტად მახინჯი, გროტესკული იერით შემორჩა ადამიანთა მეხსიერებას. გაპარტახებული საავადმყოფოები, დიაგნოსტიკის ლამის პირველყოფილი მეთოდები, ფიზიკური გადარჩენისთვის მებრძოლი გავაჭრებული ექიმები– შეუძლებელია აღნიშნულს გავლენა არ მოეხდინა იმდროინდელ ახალგაზრდა მედიკოსთა თაობაზე. ასეც გახლდათ. ზემოთქმულის შედეგებს ამჟამად ჩვენ ვიწვნევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე…
ამჟამად რა არის ძირეული პრობლემა? მედიცინის შესწავლა, პრაქტიკის გარეშე, სრულიად უფასოდ, სახლიდან გაუსვლელად შეიძლება. ადამიანს კი ექიმად პრაქტიკა აყალიბებს, რომელიც ზოგჯერ დიამეტრალურად განსხვავდება წიგნის ფურცლებზე ამოკითხული კლასიკური მედიცინისგან. გამოთქმაც კი არსებობს ექიმებს შორის: „ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც წიგნშია“. ზემოთქმული საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამგვარი შემთხვევების რაოდენობა მეტად მცირეა. მკურნალის გაზრდა, დახვეწა და ჩამოყალიბება ხდება კლინიკაში, ავადმყოფის საწოლთან. ათჯერ ფურცელზე ამოკითხულს ერთხელ პალატაში ნანახი სჯობს ყოველთვის.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხედულებას უნივერსიტეტები ნაწილობრივ იზიარებენ. კლინიკური ბაზები უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ სტუდენტს საშუალება მისცეს თეორიაში ნასწავლი მასალა მუდმივი პრაქტიკით გაამყაროს. ამჟამინდელი მდგომარეობით, სტუდენტებისთვის საავადმყოფო უბრალოდ სალექციო აუდიტორიასთან ასოცირდება. ასეთი მშრალი მიდგომის შედეგია, რომ გარკვეული სპეციალობების შესახებ ახალგაზრდა მედიკოსებს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნიათ. სტუდენტისათვის, რომელიც რეალურად წარმოადგენს უფასო მუშახელს მაღალი მოტივაციით, კლინიკის კარი დაკეტილი არ უნდა იყოს!
„ სისტემა ქმნის სიტუაციას, რომელიც აფუჭებს ინდივიდს “ ფილიპ ზიმბარდო; „ბოროტების ფსიქოლოგია“
ზემოთქმული ფაქტორები განაპირობებს და ხელს უწყობს კლინიკურ უმეცრებას, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სავალალოდ აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე. დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სისტემის სისუსტე და მანკიერება ახალგაზრდა მედიკოსთა თაობას ლიცენზირებულ მკვლელებად ქცევით ემუქრება!
ამ ყველაფრის ფონზე, ისმის რიტორიკული შეკითხვა: სჭირდება ქვეყანას ყოველწლიურად სამუშაო ბაზარზე გამოუშვას 1000–ზე მეტი ადამიანი, რომელიც შრომისუუნაროა, ხოლო დასაქმების შემთხვევაში საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის?