ქართველი მეცენატები

დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, აკაკი ხოშტარია
მეცენატი -
მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარი მფარველი

• დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილი დაიბადა თბილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს. 1866 წელს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ სწავლა გააგრძელა გერმანიაში ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, 1871 წელს დაამთავრა ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. სამშობლოში 1880 წელს დაბრუნდა. 
 დავით სარაჯიშვილის თაოსნობით დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის ქირურგიული საავადმყოფო, ქუთაისის თეატრი და მრავალი სხვა ორგანიზაცია.

დავით სარაჯიშვილის სახლი სერგიევის ქუჩა N 13-ში (დღევანდელი მაჩაბლის ქუჩა N13) და სასახლის ქუჩაზე, სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი. დავით სახლში სასახლის ქუჩაზე, კვირაში ერთხელ თავს იყრიდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, კითხულობდნენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებს. იმართებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დავით სარაჯიშვილის სახლში წაიკითხა ილია ჭავჭავაძემ პირველად მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“.

დავით სარაჯიშვლის უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის დაარსებაში. 1906 წელს დავით სარაჯიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საძირკველში ერთი მუჭა ოქრო ჩაყარა. იაკობ მანსვეტაშვილი, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფი, გადმოგვცემს, რომ უნივერსიტეტის შენობის მშენებლობისათვის დავით სარაჯიშვილი არას ზოგავდა.

დავით სარაჯიშვილი დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივითა და მისივე სახსრებით რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას. დავითის თაოსნობით ქაშვეთის ეკლესიის ძველი, დაბზარული შენობა ახლით შეიცვალა. დავითის რჩევით გადაწყდა სამთავისის ეკლესიის (1030წ.) ასლის აგება, რომელიც სარაჯიშვილმა დააფინანსა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების შექმნა. 
 დავით სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დაარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნოლი მოღვაწეა, მათ შორის კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, მხატვარი გიგო გაბაშვილი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. 
 დავითი 1911 წელს გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ არაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

  • ძმები ზუბალაშვილები

ძმები ზუბალაშვილები- მრეწველთა, სოვდაგართა, ქველმოქმედთა და მეცენატთა ცნობილი გვარი, საისტორიო საბუთებში მე-17 საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ვახტანგ VI-ის დროიდან მოღვაწე მღვდელი გიორგი ზუბალაშვილი სარწმუნოებით მართმადიდებელი ქრისტიანი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის თანამონაწილე, ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში.

ზუბალაშვილებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის და მისი დედაქალაქის კეთილდღეობაში. გაიღეს დიდი თანხა უნივერსიტეტის შენობის აგებისათვის მათ სახელს უკავშირდება „სახალხო სახლის“ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს აგება. 1908 წელს ქალაქის გამგეობამ საჩუქრად მიიღო აღნიშნული შენობები (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი). ძმებმა ზუბალაშვილებმა ქართველთა შორის „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცეს მნიშვნელოვანი ქონება. მათი დახმარებით მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გაეხსნა უმაღლესი
განათლების მისაღებად უცხოეთში. მათ ააშენეს თბილისის მუსიკალური სკოლის შენობა (ახლანდელი ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო გიმნაზია), უპოვართა სახლი მოხუცთათვის (ახლადელი ბავშვთა პირველი საავადმყოფო). აფინანსებდნენ გაზეთ „ივერიას“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოცემებს.

  • აკაკი ხოშტარია

დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო სამეურნეო აკადემია. ჩამოაყალიბა პირველი მსოფლიო ომის წინაპერიოდში ბაქოში მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. 1918 წელს მან თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქცინზე შეიძინა მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლის წინ, ქართველ ხალხს დაუტოვა საჩუქრად. ამ სახლში შემდგომში განთავსდა მწერალტა სახლი. მისი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა მთელი შავიზღვისპირა ბულვარებისა და ბაღების გაშენება-რეკონსტრუქცია, რომელთა შორისაა ბათუმის ბულვარი, გაგრის პარკი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. იგი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
1907 წელს თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 000 მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ ოთხი სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცა საჩუქრად. აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ.

დაკრძალულია პარიზის პერ- ლაშეზის სასაფლაოზე.

მოდით ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ:
1. თქვენი აზრით, მოცემული ინფორმაციის საფუძველზე რა მაგალითს აძლევდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იმდროინდელ საზოგადოებას?
2. თქვენი აზრით, არის თუ არა მისაბაძი ცნობილი ქართველი მეცენატების ცხოვრება და მოღვაწეობა მომავალი თაობისათვის ?

გამოყენებული ლიტერატურა: 
1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი მე-9 თბილისი 1981 წელი
2. გამოჩენილი ქართველები საკითხავი ყმაწვილთათვის გამომცემლობა „ციცინათელა“ 
 თბილისი 2010
3. ისტორია მე-9 კლასის სახელმძღვანელო თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2012 წ.
4. http://droni.ge/?m=15&AID=5236