8 მიზეზი, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებზე შენს წარმოდგენას სამუდამოდ შეცვლიან

Mariam Gurchiani
4 min readJun 11, 2022

--

სამწუხაროდ, ჩვენს დროში მასობრივი წარმოებისთვის გვერდის სრულიად ავლაზე საუბარი წყლის ნაყვაა, თუმცა უამრავი მეწარმე თუ ორგანიზაცია ცდილობს, როგორმე სამყარო მდგრადი განვითარების კურსში აქტიურად ჩართოს და პროცესები შეამსუბუქოს. სწორედ მათ რიცხვში შედიან ადამიანები, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებსა და აქსესუარებს ქმნიან და მათ პოპულარიზაციას ეწევიან. მრავალი მიზეზის გამო აღნიშულ პროცესს დიდი პოტენციალი აქვს, ერთგვარ შვებად იქცეს კაცობრიობისვის.

ხელნაკეთი ნივთები — გზა მდგრადი განვითარებისკენ

ხელნაკეთი ნივთები ერთ-ერთი რეალური ალტერნატივაა კლიმატურ პრობლემებთან საბრძოლველად.

  • ისინი არ მზადდება ქარხნებსა თუ სხვა მასშტაბურ, ხმაურიან საწარმოებში, შესაბამისად, ნაკლები ელექტროენერგიისა და წყლის რესურსი იხარჯება, ნაკლები ქიმიკატით ბინძურდება ჰაერი/ხმელეთი/წყალი.
  • როგორც წესი, როდესაც ხელნაკეთ ნივთს ვუკვეთავთ, ვიცით, რომ მას არ მოუწევს რამდენიმე ათასი კილომეტრის გამოვლა, რათა ჩვენამდე მოაღწიოს.
  • მწარმოებლები ცდილობენ, ნივთების შესაქმნელად გამოიყენონ გადამუშავებული ან გადამუშავებადი მატერიები და პარალელურად წარმატებით ითვისებენ მწვანე შეფუთვის ტექნიკებს. ბიზნესის ე.წ. სწორხაზოვანი მეთოდით კეთების პრინციპს (გააკეთე და შემდეგ გადააგდე) აღარ მიჰყვებიან და ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციას ნერგავენ, რაც გულისხმობს: აიღე, გამოიყენე, არ გადაყარო, დააბრუნე. აღნიშნულმა მიდგომამ ფართოდ დანერგვის შემთხვევაში უდიდესი გავლენა უნდა იქონიოს გლობალურ დათბობაზე.

ხელნაკეთი ნივთების შესყიდვით ხელს ვუწყობთ ადამიანის შრომის ღირსეულად დაფასებას

როდესაც სწრაფი მოხმარების მასობრივ ნაწარმს ვყიდულობთ, იშვიათად ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც რეალურად ენით აღუწერელი შრომა ჩადეს მათ შექმნაში და რომელთა სოფლები, ქალაქები თუ მდინარეები ქიმიკატებისგან დაწამლულია. ისინი არაადამიანურ პირობებში მუშაობენ, ცუდი გრაფიკითა და დაუჯერებლად დაბალი ხელფასებით და, სამწუხაროდ, სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ პროცესს ხშირად სიცოცხლეებიც კი ეწირება.

ხოლო, როდესაც შენაძენს ადგილობრივ მცირე ბიზნესთან აკეთებ, ფული აღარ ნაწილდება ინტერნაციონალურ თუ იერარქიულ დონეებზე. თანხა პირდაპირ ნივთის შემქმნელებთან მიდის და კონკრეტული ადამიანების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. დიდი კომპანიებისა და ქარხნების შემთხვევაში, ნივთის უშუალო შემქმნელი შემოსავლიდან თანხის უკიდურესად მცირე ნაწილს იღებს.

ამგვარად, შენთვის, როგორც შემსყიდველისთვის, მოტივაცია უნდა იყოს, რომ არა მხოლოდ ფულის ლოკალურ სივრცეში დატოვებასა და ხარჯვას, არამედ ადამიანის შრომის ღირსეულად დაფასებასაც უჭერ მხარს. უზარმაზარი საერთაშორისო კომპანიის უბრალო სტატისტიკიდან ძალიან ჰუმანურ, ყოველდღიურ დონეზე ინაცვლებ და რეალურ ადამიანებს ეხმარები.

ტრადიციები ისეთი მომხიბვლელი არასოდეს ყოფილა, როგორც შეუქცევადი გლობალიზაციის პროცესში

ხშირად ხელნაკეთი ნივთები ტრადიციებთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული. მაგალითად ავიღოთ ქართული აქსესუარები: ფაფახი, სვანური ქუდი, ყანწები თუ ხანჯლები; ჩინური ვაზები; ლურჯთვლიანი თილისმები თურქული ბაზრობებიდან ან, თუნდაც, სპარსული ხალიჩები.

სამწუხაროდ, დღესდღეობით ნივთების ტრადიციული მეთოდებით შექმნის ტექნოლოგიები იკარგება. ხელნაკეთი აქსესუარების ყიდვით კი, ფაქტობრივად, ამ ადამიანების ტალანტს, განვითარებასა და ნიჭს აფინანსებ. შანსს აძლევ, რომ ხელობის შემდეგ თაობებზე გადაცემის ისტორია გაგრძელდეს. მით უმეტეს რომ ხერხი, რომლითაც ისინი მზადდება, პირდაპირპროპორციულად უტოლდება ხარისხის ნიშანს.

ხელნაკეთ ნივთს მეტი პოტენციალი აქვს, ტრენდულობა შეინარჩუნოს

ინდივიდუალური ხელოსნები და დიზაინერები ტრენდულები ხშირად იმაზე სწრაფად ხდებიან, ვიდრე მასიური წარმოების კომერციული პროდუქტი.

მოდა, ისევე, როგორც ინფორმაცია, მალფუჭებადი პროდუქტია. ახალი ხაზის წარდგენისათვის კომერციულ ორგანიზაციას დიდი დროითი რესურსი და ბიუჯეტი სჭირდება, თუმცა იმ წამიდანვე, როცა აღნიშნული სამოსი, აქსესუარები თუ სხვა ნივთები გაყიდვაში ეშვება ანდაც მოდის კვირეულებზე ჩნდება, მსოფლიოს ბაზრობებზე აღნიშნული ნივთების ყალბი ანალოგები იწყებს ზღვასავით შედინებას.

დამოუკიდებელი ხელოსნისათვის კი პროცესი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივია. პატარა ბიზნესს აქვს იმის ფუფუნება, რომ ექსპერიმენტები უფრო თავისუფლად ჩაატაროს და იმის იმედიც ჰქონდეს, რომ, მაგალითად, ალასკის შტატიდან ან ქუთაისიდან შორს მისი ხელნაკეთი ნივთის ანალოგების შექმნას უცებ ჩინეთში არავინ დაიწყებს.

კომფორტული სერვისი

რამდენჯერ შეგიძენიათ ნივთი, რომლის შესახებაც გარკვეული კითხვები ან შენიშვნები გქონიათ და მაღალ რგოლამდე მისაღწევად რამდენიმე ნომერზე დარეკვა, ლოდინი, მეილების გზავნა თუ მაღაზიაში უკან მიბრუნება დაგჭირვებიათ, საბოლოო ჯამში კი მაინც ვერაფერი გაგირკვევიათ?

როდესაც პროდუქტს ხელოსნებისგან ყიდულობ, შეგიძლია მათთან პირდაპირი კომუნიკაციით გაარკვიო ნებისმიერი დეტალი. ესეც არ იყოს, მგონია, რომ ნივთის შემქმნელთან უშუალო კონტაქტის საშუალება, როგორღაც, შენაძენს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, მთლიანად ბრენდს აადამიანურებს.

ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოებს დაუვიწყარი აურა აქვთ

ოდესმე სტუმრებიხარ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოს? თუ არა, ერთხელ აუცილებლად სცადე. როგორ/რის სახელოსნოში აღარ ვყოფილვარ და ყოველთვის ყველგან ჯადოსნური გარემო დამხვედრია. აი, ისეთი, რომ მოგანდომებს, პროფესია შეიცვალო და ამ ხელოვანი ხალხის მყუდრო ბუდეში სადმე, კუთხეში შენც მოკალათდე.

ვყოფილვარ ხანჯლების, თითქოს დროში დაკარგულ სახელოსნოში; ქოთნიანი მცენარეებით ამწვანებულ სახელოსნოში, სადაც დიმიტრი შოსტაკოვიჩის მელოდია უკრავდა; მოხატული ავეჯის სახელოსნოში, სადაც მუშაობის პარალელურად მხატვრები იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ ხელოვნება ორსული ქალივითაა, თუ შენშია, შეუძლებელია, არ ,,იმშობიარო’’ და ა.შ.

ყოველთვის, ყველა სახელოსნოში განსაკუთრებული აურა ტრიალებს. ასეთ ადგილებს სული აქვთ — შეუძლებელია, იქიდან წამოღებულმა ნივთმა თავი ჯადოქრობის ნაწილად არ გაგრძნობინოს.

ხელნაკეთი საჩუქრის მიღება თავს განსაკუთრებულებად გვაგრძნობინებს

არასოდეს გიგვრძნია თავი ,,მიფუჩეჩებულ’’ იუბილარად, რადგან ვიღაცამ თაიგული, სუნამო ან საათი მოგართვა? არასოდეს დაგწყვეტია გული, რომ ვიღაცას უბრალოდ ფიქრი დაეზარა და ძალიან მარტივ გამოსავალს მიმართა?

როდესაც ადამიანს ხელნაკეთ ნივთს ჩუქნი, მით უმეტეს, პერსონალიზირებული დეტალით, ადრესატმა უკვე იცის, რომ შენ აზრი ჩაატანე საჩურის არჩევას, დრო დაუთმე მისი პიროვნების შესაბამისი ნივთის პოვნას.

ხელნაკეთი ნივთები ამდიდრებენ ჩვენს იდენტობას და ეს შეგრძნება მხოლოდ შინაგანი არ არის

თუ საერთაშორისო ბრენდები ფართო მასების ყოველწლიურ ან სეზონურ ტრენდებს აყოლილი გემოვნების დაკმაყოფილებაზე არიან კონცენტრირებულები, ხელნაკეთი აქსესუარების მცირე ბიზნესების მფლობელები, პირიქით, მაქსიმალურად პერსონალიზირებული, განსხვავებული ნაწარმის შექმნას ცდილობენ.

როგორც უილიამ შექსპირმა თქვა, ,,არაფერია ისე გავრცელებული, როგორც სურვილი, რომ გამორჩეული იყო’’. ჩვენ გვიყვარს, როდესაც რაიმე ნივთი იმის გასაქანს გვაძლევს, რომ იდენტობა გავიმდიდროთ, მასისგან რაიმე ნიშნით გამოვიკვეთოთ.

21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მომხმარებელი იყო. არ დაგავიწყდეს — თითოეულ ადამიანს ზუსტად იმდენადვე შეუძლია ნეგატიური გავლენის მოხდენა, რამდენადაც პოზიტიურის.

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში:

Facebook

Instagram

--

--