დილას გამაღვიძეს

დილას გამაღვიძეს..

ჩემმა გულის ხმამ გამაღვიძა უჩვეულო ხმაურით,

მეჩხუბებოდა მძინარეს:

გაიღვიძე, გაიღვიძე, გამოფხიზლდი. ცოცხალი ხარ! შენ ცოცხალი ხარ! გიბოძა ღმერთმა სიცოცხლე. არ მოგყიდა, არც გაგიცვალა, გაჩუქა! სულ შენია, დასაწყისიდან დასასრულამდე. ეს უბრალო არ არის, ყველაზე ძვირფასია, ჯადოსნურია. თუ კარგად შეიცნობ, ის ერთადერთია რასაც შეუძლია რომ შენ უკვდავგყოს.

არ გჯერა?

ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი შეგიძლია შექმნა რასაც კი მოისურვებ. მითხარი, დამისახელე რაიმე უფრო ძვირფასი, რაიმე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო ვიდრე დრო, იმისთვის, რომ შენ შექმნა..

უმიზნოდ ცხოვრება ტრაგედიაა, ყველაზე დიდი ტრაგედიაა რაც კი შეგიძლია საკუთარ თავს თვითონ მოუწყო.

შენ ამბობ რომ დრო ცოტაა? რომ დრო არ გყოფნის? გიფიქრია კი ოდესმე იმაზა, თუ რამხელაა დრო? იცი რამხელაა? იმხელაა, და იმდენად დიდია, როგორი დიდიც ლეონარდო იყო, მიქელანჯელო, შექსპირი იყო, რაფაელი, გოეთე..

მათ ზუსტად იმდენივე დრო ქონდათ, რამდენიც შენ გაქვს, ისინიც ღმერთისგან დაჯილდოებულები აღმოჩნდნენ როდესაც უფლისგან ეს საჩუქარი მიიღეს. მაგრამ მათ ეს მიიღეს ისეთივე მნიშვნელობით და ისეთივე დღესასწაულით, როგორადაც მათ ღმერთმა უბოძა. და დრომ უკვდავყო ისინი. ისინი ცხოვრობდნენ, ახლა კი ცოცხლობენ.

შენც ხომ გაქვს მიზანი. თანაც ხომ რა დიდია იგი, დროს არ ჩამოუვარდება.. მაგრამ იცი რა, გაიაზრე ისიც, რომ დროც იმდენადვე დიდია რამხელაც შენი მიზანი. ყოველდღე, არც ერთი დღის გამოკლებით, გადადგი ნაბიჯები შენი დიდი მიზნებისაკენ.

ჩვენ ყველას მოგვეცემა ცხოვრების შანსი, მაგრამ ყველას სხვადასხვა რამ გვინდა მისგან. ზოგს მხოლოდ გართობა უნდა, ზოგს სიძულვილით და სიბოროტით უნდა გაძღომა, ზოგმა არ იცის რა უნდა, ზოგს არაფერი არ უნდა, ზოგს კი მთლიანად, მთელი თავისი მნიშვნელობითა და სიდიადით სურს მიიღოს იგი.

მ.ქართლელიშვილი