მოგზაურობა კვიპროსზე

კვიპროსზე მოგზაურობას ალბათ არ დავაპირებდი რომ არა ვიზეარზე გამოჩენილი 25 ევროიანი ბილეთი. ახლა ეს აღარავის უკვირს (და თუ ვინმეს მაინც გიკვირთ, ნუ გაგიკვირდებათ, იგივე თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ), ფასმა მთელი 5 ევროთიც კი დაიკლო და ჩემი გამოფრენის დროს უკვე 20 ევრო ღირდა, ანუ ის ფასი რაც ამავე კვიპროსზე, მოლუსკებიან ულუფაში შეიძლებოდა გადაგეხადა.
მოგზაურობა მარტო გადავწყვიტე. არავისთვის აღარ ჩამომიხევია კალთები „აუუუ, წამოდი რა გეხვეწები წავიდეთ“, ასეთი მიმოწერები მეგობრებთან და ნაცნობებთან კატეგორიულად გამოვრიცხე. ბოლო სამი წლის ნაღვაწს (მოგზაურობებს) თვალი რომ გადავავლე გამახსენდა, რომ შრი ლანკაში წაყოლილი მეგობარი შრი ლანკაშივე დავკარგე. ირანში წაყოლილ ერთ-ერთ მეგზურს გამოვეყავი და მეოთხე დღეს გამოვემშვიდობე, სვანეთში ჯგუფთან ერთად ლაშქრობისას მესამე დღეს ავიკარი გუდა-ნაბადი და ჩემ გზას დავადექი. ასე გრძელდებოდა ყოველთვის, ყოველ მოგზაურობაში, აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული იდეები, გემოვნებები და სურვილები ქმნიდა პრობლემათა უსასრულო რიგს, თუმცა მოგზაურობიდან დაბრუნებულს რამდენიმე დღეში მავიწყდებოდა იარები და ისევ მზად ვიყავი წამყოლად ნებისმიერი გამვლელი მომეძებნა, ოღონდ კი მომავალ მოგზაურობაში მალე წავსულიყავი. და ასე იყო მანამ, სანამ არ წავედი კვიპროსში :).
გაფრენამდე შფოთი არ მაკლდა…. ბოლო დღეებში სიზმრებში გადამივიდა. მესიზმრებოდა რომ აეროპორტში ვაგვიანებ, რომ ლოდინის დროს რომელიღაც სადგურში ჩამეძინა და რადგან მარტო ვმოგზაურობდი ვერავინ გამაღვიძა და ა.შ. მაინცდამაინც ბოლო დღეებში ამომიხტა სოციალურ ქსელში ყველა ის საშინელება რაც მარტო მოგზაურ ქალს დამართნია, თუ როგორ მოკლეს ამერიკელი ქალი ქაუჩსერფინგის დროს ნეპალში, როგორ იპოვეს გარდაცვლილი გოგონები ეკუადორის ერთ-ერთ პლიაჟზე და ასე შემდეგ. ხოდა საკუთარ თავსაც არაერთხელ ვკითხე: „ ისა და, მარიამ, ხომ არ გადაიფიქრებდი“? ამასობაში ისევ ყველა გზას ჩავებღაუჭე, ბოლო ორ დღეში ისევ ყველა შესაძლო ვარიანტს მივწერე „ სამოგზაუროდ ხომ არ წამოხვიდოდი?“ რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ორ დღეში კვიპროსში ჩემთან ერთად მოგზაურობას არავინ გადაწყვეტდა, მაგრამ მაინც, მე ხომ უნდა მეცადათქო ვფიქრობდი.
ყველას გვაქვს რაღაც ახირება, ყველას ვინც რაღაც სფეროში თავს კარგად გრძნობს, უნდა აღნიშნულ სფეროში ახალ დონეზე გადავიდეს და უფრო გაართულოს და შემდეგ მიღებული შედეგით განუზომელი ტკბობა განიცადოს. მეც მარტო მოგზაურობა უფრო გავართულე და ამას ქაუჩსერფინგი დავუმატე. 
ლარნაკა (სადაც აეროპორტი მდებარეობს) არც ისე დიდი ქალაქია, შესაბამისად არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს, და შესაბამისად არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს ვისაც ქაუჩსერფინგი აქვს. კიდევ უფრო ცოტა ცხოვრობს ვისაც ქაუჩსერფინგი აქვს და პროფილს აქტიურად ამოწმებს, უფრო ცოტა ვისაც ქაუჩსერფინგი აქვს, პროფილს ხშირად ამოწმებს და ბევრი რეფერენსიც (რეკომენდაცია სტუმრისგან, რომელიც ურჩევს ხალხს დარჩნენ თუ არა კონკრეტულ მასპინძელთან) აქვს, ასეთი იშვიათი ადამიანი იყო ნიკოლასი. ნიკოლასი პენსიაზე გასული დედასთან მცხოვრები მამაკაცი გახლდათ. არც მეტი არც ნაკლები, გინდ დაიჯერეთ გინდ არა და 598 ჩემიანად უკვე 599 რეფერენსის პატრონი. ხოდა წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც 5 წელია აქვს ქაუჩსერფინგი და რომელმაც უმასპინძლა 600-ზე მეტ ადამიანს. გამოდის რომ ეს ადამიანი ყოველ ერთ კვირაში მაინც იტოვებს უცხო ადამიანს სახლში და ამგვარად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. განა შეიძლებოდა ასეთ საინტერესო ადამიანთან დარჩენაზე უარი მეთქვა?
აეროპორტიდან გამოვედი, ჩანთა, რომელიც ტვირთისგან ისე გაბერილიყო რომ მოქეიფე კაცის დიდ მუცელზე ძლივს შეკრულ ღილს მაგონებდა, ზურგზე მოვიკიდე და ავტობუსების გაჩერებისკენ გავწიე. ნიკოლასის სახლს მარტივად მივაგენი. სახლში სამფეხა ძაღლი და ორი კატა დამხვდა. მასპინძელს რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია და ისტორია გამოვტყუე სანამ ჭეშმარიტი პენსიონერივით ახალ ამბებს მიუჯდებოდა და ის-ის იყო მოწყენილობისგან კვდომას ვაპირებდი რამდენიმე საათში რომ ერთ-ერთი ოთახიდან გოგონამ გამოანათა. „გამარჯობა, შოკოლადიანი ბლინები გინდა? მომზადებას ვაპირებ“. ასე გავიცანი ორი უსაყვარლესი არსება, ტანია და ადამი. სერბი წყვილი, რომელიც ჩემს ჰოსტთან Airbnb-ს საშუალებით ოთახს ქირაობდა. 
მთელი დღე ერთად გავატარეთ მე, ტანიამ და ადამმა. ბევრი ვიბოდიალეთ ქუჩაში. უამრავი ვილაპარაკეთ კვიპროსზე, იმაზე თუ რა ნახეს და რა უნდა მენახა. მერე საქართველოზე, მერე სერბეთზე. მერე თავიანთ ურთიერთობაზე მელაპარაკნენ, რომ ტანიას ბებია ყოველ ნახვაზე ეკითხება, ხომ არ უთხოვია ადამს მისთვის ხელი. და აქ გამიჩქროლა გულმა და ვიგრძენი რომ მე მარტო არ ვარ, და რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, რომ ბებიაჩემი ერთადერთი ბებია არ არის დედამიწის ზურგზე, რომელიც ყოველ დარეკვაზე, საუბრის ბოლოსკენ აუცილებლად სვამს კითხვას „ბებო, ვინმე არ მოგწონს?“ მერე ადამმა გააგრძელა, რომ მის ბებიას ტანია ძალიან მოსწონს და რომ ისიც ყოველ ჯერზე ეუბნება, რომ უკვე ადამი დიდია, რომ აგვიანებს და აუცილებლად დროზე უნდა მოიყვანოს ცოლი. ახლა უკვე ნამდვილად ვიცოდი რომ ბებიაჩემისთვის აღარ უნდა მეყვირა როცა საუბარს გათხოვებაზე იწყებდა :)
მეორე დილით სამზარეულოში წერილი დამხვდა. ტანია და ადამი დამემშვიდობნენ გაფრენის წინ და საკუთარი ნივთები მე დამიტოვეს. სენტიმენტებით გულაჩუყებული ავტობუსს მოვაჯექი და გეზი სოფლებისკენ ავიღე.

******
გამჭვირვალე ზღვა და ქვიშა ჩემი გონების ისეთივე აკვიატებაა, როგორიც ვიღაცისთვის ტყე და ტყეში პატარა ქოხი. მე მთელი დღე შემიძლია ვიოცნებო ზღვის ხმაზე და თეთრ ქვიშაზე, რომ ერთ დღესაც ავდგები და ძალიან, ძალიან დიდი ხნით გავეშურები იქ სადაც სულ მზეა, ზღვა ლურჯზე ლურჯია და ქვიშა ოქროსფერი. ნიკოლასს უთენია წავადექი თავზე და გამოვუცხადე, ძალიან კარგი ჰოსთი ხარ მაგრამ ჩემი გონება სხვაგან ჰქრის, აია ნაპაში უნდა წავიდეთქო.
„ნისსი ბიიიჩ“ დაიძახა ავტობუსის მძღოლმა და პეპელასავით მსუბუქად გადმოვფრინდი ავტობუსიდან. აია ნაპაში ჩამოვედი. თქვენ არ იცით ეს რა მომენტია, როცა მე წინ ზღვა მელის, და როცა შორიდან, ძალიან ბუნდოვნად მესმის ტალღების მუსიკა. რა ამაღელვებელი და დიდებულია ჩემთვის როცა მივდივარ ზღვასთან, როგორც მკურნალთან ან გინდაც მოხუცთან, რომელსაც დავუჯდები და რაღაცეებს მოვუყვები, იმას რაც მწყენია, მტკენია და ზღვა ყველაფერს წაიღებს, მთელ დარდს, ტალღებად ჩაიხვევს და გადააგორებს, მერე შიგნით ღრმად შთანთქავს გულში და მე გამასუფთავებს. ვიჯდები ასე ზღვასთან დიდხანს, სანამ არ გაწმენს ჩემს გონებას და შემსუბუქებულ თავს უკან ქვიშისკენ არ გადავაქნევ და მზის გულზე არ წამოვიშხლართები. 
მე ჯერ არასდროს არ მინახავს ზღვა ასეთი სუფთა, ასეთი ცისფერი, მწვანე და ლურჯი. კენჭებს რომ დაითვლი ისეთი. წყნარი და მშვიდი, პატარა კუნძულებით, წელამდე წყალში რომ 100 მეტრს გაივლი, კუნძულის ნაპირზე გადახვალ, იქ აუზებივით მომრგვალებულ ქვაბულებში ილივლივებ და ერთი-ორჯერ გაიფიქრებ, რომ ცხოვრება ძალიან მშვენიერია, როცა ყველაფერი კარგადაა.

*********
პავლოსი და თეკლი სურათზეც სასიამოვნონი ჩანდნენ, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. აია ნაპას მონასტერთან წყვილმა მომაკითხა, ქაუჩსერფერებმა, რომლებთანაც აია ნაპაში ვრჩებოდი. აია ნაპაში ჰოსთის პოვნა ალბათ ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც მარსზე წყლის, მაგრამ მე რა თქმა უნდა გამიმართლა და ორი არაჩვეულებრივი ადამიანი ვიპოვე. სახლში მიმიყვანეს ისეთში, რომ რამდენიმე წუთი დაშტერებული ვიჯექი. ჰო მართლა, ჩემი დაკვირვებით კვიპროსზე ხალხი საკმაოდ მდიდარია, უმეტესობა ძალიან მდიდარიცთქო ვიტყოდი, ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ძალიან გემოვნებიან უზარმაზარი სახლებია წამოჭიმული. პირველად აქ ვნახე (ტელევიზორშიც კი რომ არ მქონდა ნანახი) შუშებიანი სამ სართულიანი აუზები სახლებში და ა.შ. ყველა სახლს აქვს საუცხოო დიზაიანი და ულამაზესი ტროპიკული ბაღები.
თეკლის და პავლოსს ჩემი მოგზაურობით ვერ გავაკვირვებდი. მომიყვნენ, რომ მთელ ევროპაში არიან ნამყოფები, რომ ახლა ტაილანდის ბილეთები იყიდეს და დიდ აზიურ ტურს იწყებენ. ძალიან სასარგებლო ინფორმაციაც გამიზიარეს, ევროპაში ერთ-ერთი პროგრამით ვიყავით, (www.workaway.info) რომლის საშუალებითაც მოგზაურობის დროს ვმუშაობდითო, ამიტომ საცხოვრებელი და კვება უფასო გვქონდა და შევძელით რამდენიმე თქვე დავრჩენილიყავით ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, ესპანეთი და პორტუგალიაო.
ზღაპრულ სახლში ცხოვრება ორი დღე გაგრძელდა. ამ ორი დღის მანძილზე თეკლისთან ერთად გავაკეთეთ ნაციონალური კერძები, პავლოსთან ერთად გადმოვხტი კლდეებიდან ზღვაში, სამივემ ერთად ბევრი ვიარეთ აია ნაპაში და მეორე დღის ბოლოს მათაც დიდი სენტიმენტებით და გულისწყრომით გამოვემშვიდობე.

**********
დედაქალაქისკენ დავადექი გზას. ტელეფონი დამიჯდა და გუგლის რუკა ხელიდან გამომეცალა. დავმწუხრდი, ვაითუ იმ მისამართს ვერ მივაგნო სადაც მივდივარ და ღამე ქუჩაში ამოვყო თავი ბარგითთქო. მინდა ავტობუსის მძღოლს ვკითხო ჩემს მისამართთან გაივლის თუ არა ახლოს, მაგრამ მერიდება. წინა ავტობუსის მძღოლი არც ისე სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა, ვზივარ გატრუნული, ბედის ანაბარა. საიდან ხარო მეკითხება მძღოლი. ვახ, რა მაგარია, თვითონ რომ დაიწყოთქო, საქართველოდანთქო. მერე მკითხა სად მიდიხარო, აქა და აქ თქო. ეგ მისამართი რომ არ ვიციო? ერთ-ერთ კოლეჯთანაა ახლოსთქო და ვუთხარი სახელი. უი ეგ კოლეჯი ვიციო, ჩემი მეგობრის შვილი სწავლობდა მანდო. ახლავე დავრეკავ და ვკითხავ სად არის რომ იმ ადგილას ჩამოგსვაო. დარეკა. ყველაფერი კარგად იქნებაო, არ ინერვიულო შენო. მივხვდი სადაცაა და რომ მივალთ გეტყვიო. ჩამომსვა კოლეჯთან, დამანახა, ამ შუქნიშანზე არა და მეორე რომ შეგხვდება იქ შეუხვიე მარჯვნივო, მერე გზაჯვარედინი იქნება და მარცხნივ ადი და მანდ უნდა იყოს შენი სახლიო. მადლობაც არის და მადლობაც მარა იმ მომენტში ჩემ მიერ ნათქვამ მადლობას ასი ოქრი და ვერცხლი გადმოვაყოლე პირიდან ასე მეგონა. 
6 საათი ხდებოდა. მე ისევ შუქნიშნებს შორის დავბოდიალობდი. კვიპროსზე 6 საათის დადგომა ნიშნავს რომ ქალაქი ამ დროს პარალიზებული ხდება, ყველაფერი იკეტება, ქუჩაში აღარავინ დადის და შეიძლება თავი იმ ერთ ქართულ ფილმშიც წარმოიდგინო ბათუმში რომ უკაცრიელ ქუჩებში დადიან ყმაწვილები. მოკლედ ეს კარგის ნიშანი არ იყო, ეს იმას ნიშნავდა რომ თუ რამდენიმე წუთში სახლს ვერ ვიპოვიდი, მერე ვეღარც ვერავინ დამეხმარებოდა მისამართის პოვნაში, ვეღარც ტელეფონს დავტენიდი ვერსად, ვერც ვერავის მივწერდი. ქუჩაში გავიყინებოდი და სული ამომძვრებოდათქო არა მარა, კაი ტკბილ მოგონებად დამრჩებოდა ალბათ ნიქოზიაში ქუჩაში გათეული ღამე. მე შენ გეტყვი და ტაქსის იპოვი სადმე, სანთლით საძებარია. ათასში ერთხელ თუ სადმე ჩაგიქროლა ისიც მგზავრიანმა ბედნიერი უნდა იყო. ამ ფიქრებში ვიყავ და მოხუცი ბერძენი კაცი შემეფეთა. სულ თავისით, სახეზე რომ სიმწრის ოფლი მასხამდა და თვალების ცეცებაში ვიყავი. „პოლშა?“, — „ ნოუ, ხეორხია“, — აააა, ხეორხიააააა“ და მერე გააგრძელა ბერძნულად და მე მისი ერთი სიტყვაც არ მესმოდა ისევე როგორც მას ჩემი ინგლისურის. მე ჩემსას მივერეკებოდი, სახლს ვეძებ და ვერ ვპოულობ და იქნებ მაპოვნინოთთქო და ის თავისას ლაპარაკობდა. როგორც იქნა მივახვედრე, რომ ქუჩის სახელს ვეკითხებოდი და იმანაც თავისი მანქანა დამანახა. ჩამსვა და სახლის ძებნა დავიწყეთ. ხან ვისთან დარეკა, ხან რომელ ტაქსის კომპანიაში, ხან რომელ სუპერმარკეტში შევიდა, რა აღარ იღონა რომ მისამართი გვეპოვნა. სულ რაღაც ერთ საათსა და რამდენიმე წუთში (თუმცა ახლა მე უკვე დარწმუნებული ვარ რომ მაქსიმუმ 100 მეტრის რადიუსში წრეებს ვურტყამდით კორპურსებს და ვერ ვაგნებდით) მივაგენით სანუკვარ ქუჩას და ნომერს. ბერძენი მანქანიდან გადმოხტა და სიხარულით ყვიროდა, „აიიი მარიაააა, მარიაა“ და მეც ვყვიროდი სიხარულისგან და ორივე ვეხვეოდით ერთმანეთს. და ვფიქრობდი რომ, რაღაც არსებობს, რაღაც ძალიან დიდი ამ სამყაროში, რასაც სიკეთე ჰქვია. და რომ არა სხვა დანარჩენი, მარტო იმათ ღირს მოგზაურობა რომ იპოვო სიკეთე და იპოვო ადამიანები.

********
კვიპროსის დედაქალაქი ვერაფერი ჩიტი აღმოჩნდა, სხვა თუ არაფერი, დედამიწაზე არსებობს მინიმუმ ერთი დედაქალაქი რომელსაც ასი თავით სჯობია საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ყოველ მხრივ, თქვენ წარმოიდგინეთ სიმწვანით და სანახაობების რიცხოვნობის მხრივაც კი.
ქაუჩსერფინგის აპლიკაციამ გაიწკარუნა. ნიქოზიელი ვინმე ხრისტოსი მწერდა. თუ გინდა ერთად გავისეირნოთო. გავისეირნოთთქო მეც ვუპასუხე. ის დღე იყო და მე და ხრისტოსი დავძმობილდით. იშვიათად მინახავს ასეთი პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არცერთი წამით დარწმუნებული ვარ არაფერი მზაკვრობა არ გაუვლია გულში. არამარტო ჩემზე, არც ვინმე სხვაზე, ოდესმე. მომატარა ქალაქი, რუდუნებით გადამიღო ყველგან სურათი სადაც ვთხოვე. გულმოდგინეთ მელოდა ყველა სუვენირების მაღაზიაში, იქამდე სანამ სამმა გამყიდველმა არ გამლანძღა მაღაზიაში ხანგრძლივად ყოფნის გამო და რამდენიმემ ხრისტოსსაც უსაყვედურა, სად იპოვე ამისთანა რთული ქალი, რომ ამდენი ხანი სუვენირი ვერ აურჩევიაო. 
**********
მეორე დღეს ხრისტოსის მეგობრები და მეგობრების მეგობრები ლაშქრობას აწყობდნენ ტროდოსის მთებში. ურბანიზაციით მობეზრებულმა, ხრისტოსს ვკითხე იქნებ მეც წამოვიდეთქო და ისიც სიხარულით დამთანხმდა.
კვიპროსი არის ქვეყანა, სადაც კვიპროსელები ტყეში სურათს უღებენ და აღფრთოვანების გამოხატავენ თითოეულ უცნაურად წამოზრდილ ფოთოლზე. კვიპროსი არის ასევე ქვეყანა, სადაც ჩანჩქერს უწოდებენ ადგილს, სადაც ორი მეტრის სიმაღლიდან მოწანწკარებს რამდენიმე წვეთი წყალი. ზოგჯერ საჭიროა ადამიანმა ნახო ამისთანა რაღაცეები, რომ მეტად დააფასო შენი ქვეყანა და აეროპორტში ჩამოსვლისას ნაცრისფერი ქალაქით კი არ აგერიოს გული, სიამაყით აივსო რომ შენი ქვეყანა ძალიან ლამაზია.

**********
უკანა გზაზე ავტობუსში მგზავრობისას მიკროფონთან გამომიხმეს, ჩვენთან ერთად ქართველი ტურისტი მგზავრობს და საქართველოზე მოგვიყვებაო. დავდექი მეც მიკროფონთან, სუფრაზე რომ პატარა ბავშვს ლექსის თქმას დააძალებენ და ბევრი ვიტლიკინე, რომ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა ვართ, რომ ოქროს საწმისის ლეგენდა საქართველოზეა და მედეა ქართველი იყო, რომ უნიკალური ენა და ანბანი გვაქვს, რომელიც 14 უნიკალურ ანბანში შედის, უამრავი უძველესი ქრისტიანული არქიტექტურული ძეგლი გვაქვს და რაც მთავარია მთები, ევროპაში ყველაზე მაღალი სოფლით და ბუნებით, რომლის წარმოდგენაზეც კვიპროსელებს ნერწყვი ადგებოდათ.

**********
ბოლო დღეს ისევ მივედი ზღვასთან, რომელიც აეროპორტთან რამდენიმე ასეულ მეტრშია. მოვუყევი ამბები, ის რაც კვიპროსმა მასწავლა. მოვუყევი, რომ საკუთარი თავის კამპანიაში ყოფნა ყველაზე კარგი კამპანიაა, რომ მხოლოდ მარტო მოგზაურობის დროს გაქვს საშუალება იფიქრო ყველაზე მნიშვნელოვანზე, საკუთარ თავზე და საკუთარი თავის მისიაზე. მოვუყევი, რომ ადამიანიების სწორად შერჩევა და ნდობა ყველაზე დიდი ნიჭია, რომ თუ ენდობი ესეიგი არ გეშინია, ესეიგი შენი გონება არ ფიქრობს არაფერ ცუდზე, ნდობა იმის ამოძახილია რაც შენში ხდება, და თუ შენში კარგი ხდება, ირგვლივ აუცილებლად ყველაფერი მოხდება კარგი. მოვუყევი, რომ ვენდე უცხო ხნიერ მამაკაცს და მასთან ვიცხოვრე სახლში, მოვუყევი რომ უცხო ქალაქებში ვიარე ავსტოსტოპით უცხო ადამიანების მანქანით, მოვუყევი რომ უცნობ წყვილთან გავათიე სახლში, რომ ქუჩაში შემხვედრ ბერძენ კაცს დავუჯერე და მის მანქანაში ჩავჯექი, რომ უცნობ ბიჭთან ერთად ვისიერნე უცნობ ქუჩებში. ვუთხარი, რომ დრო გავა და დამავიწყდება ყველა ლამაზი ადგილი, რომელიც ვნახე კვიპროსში. ყველა ლამაზი ქუჩის სახელი, ყველა ლამაზი პლიაჟი და კაფე, რომელსაც ვესტუმრე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ნიკოლასი, ტანია, ადამი, პავლოსი, თეკლი და ხრისტოსი. ზღვა მისმენდა და თან უკრავდა. უკრავდა მუსიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.

Like what you read? Give Mary Austin a round of applause.

From a quick cheer to a standing ovation, clap to show how much you enjoyed this story.