ალტერნატიული რეალობის პატერნი

მთელი დღე იყო ქარი, მერე ცოტა იწვიმა კიდეც. სველი ტანსაცმლით და უპერსპექტივო გაქცევის გეგმებით დამძიმებული ავდივარ უკანასკნელ აღმართს სახლამდე. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი წინდახედულობა და გამბედაობაა საჭირო, არადა ისე ვარ, მოვტყან მაიკლ სკოფილდი და ყველა დღემდე უკანონოდ თავისუფალი მექსიკელი პატიმარი.
ალბათ ჩემამდე რამდენს უცდია და უარეს სიმულაციაში გადაიყვანეს. ალბათ სხედან და ბედსაც დაბეჩავებულები ეგუებიან. მაგათი დუმილის მძიმე მატერია მაღალი ბგერებით მეტყველებს: “ გაჩერდი, ამ ნაბოზრებს ყველაფერი დეტალებში აქვთ გათვლილი”, “ამათ უკვე იციან”. ჩემი ნეირონების სიგნალებს კოსმოსური თანამგზავრები იჭერენ და ამუშავებენ. უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. ყველაფერი ისეა, რო დიდი ძმა გამოყლევდებოდა.

#შემოსვლა

კარი, რომელიც გარესამყაროსთან გვაკავშირებს გარედან უფრო მარტივად იღება. ოთახი ისეთია, როგორიც დამრჩა — პატარა და დაულაგებელი, ჰაერზე მეტი სიგარეტის და ფურცლების სუნია, შენ-არა. რატომღაც მინდა რომ წასვლამდე უკანასკნელად წამოვწვე. ვგრძნობ, როგორ ვიღვრები ოთახის, ამჯერად უფრო ვიწრო, იატაკზე, კედლები ჯებირებივით იკავებს შიგნეულობას, ფანჯრები გასვლამდე გადავკეტე. ამ ბოლო დროს აღარ მსიამოვნებს, როცა ვცდილობ და ჰალუცინაციები არ წყდება, თუმცა ძველებურად ვერ ვიტან რუტინულ სიფხიზლეს.

სადაც არ ვართ, ყოველთვის იქ გვინდაო, — სადღაც ეგ პონტია რა.

ვაკვირდები უნიჭოდ გალესილ ჭერს, რომელიც დანამდვილებით ვიცი, რო არასოდეს მომენატრება. პარალელურად ქვეცნობიერი იგონებს ბავშვობის გაღმა მხარეს, დავიწყებულ, ჩაძირულ კუნძულს, სველი მიწით და მაღალი ხეებით გაშენებულ დაკარგულ სამოთხეს. დიდი ცისფერი მინდვრები გაფართოვებულ გუგებს ეკვრის. ყველაფერი ზედმეტად ლოგიკურია, გონება ყოველთვის მარტივ პარალელებს ავლებს. უსწორმასწორო იატაკზე ადამიანის სილუეტი იკვეთება, რომელის კონტურსაც ასი ერთდროული ორგაზმის სიამოვნებით მოვხატავდით ცარცით, მაგრამ არ გვაწყობს.

თქვით, რამდენჯერ გაგხსენებიათ პირველი გაკვირვებები, დრო, როცა ყველაფერი ძალიან დიდი იყო? ამასობაში საათზე ოცი წუთი გადის, გონებაში — წვინტილიონი.

რაღაც ეტაპზე ყველაფერი წყვეტილი და შენელებულია. დაბლურებულ კადრებში გავარჩიე პირველი სახლი, მის წინ რუებად მომავალი გაწურულ ღრუბლები და წითელი თევზები, რომლებსაც ვიჭერდით და ვჭამდით, კიდევ უფრო დიდი მდინარე, ვიდრე მინახავს და ტივი, რომელიც — არასდროს. 
წარმოიდგინეთ, მთელი ოკეანე ჰქონდა ბებოს ეზოში. მე და ადგილობრივ ლაწირაკებს ზვიგენის ხორცი არ მოგვკლებია. ზაფხულობით აკვალანგებით მივცურავდით წარმოუდგენელ სიღრმეებში, სადაც სინათლის სხივიც ვეღარ აღწევს და ვუერთდებოდით ჩრდილოეთისკენ მიმავალ ზღვის კუების ჯგუფებს. ზამთარში ვსრიალებდით მის ზედაპირზე, ვძირავდით ათასობით ტიტანიკს და უფრო მეტ დიკაპრიოს.

#გაქცევა

სხვანაირად დავიღალე. აღარაფერი მისწორებს, ისე როგორც ოდესღაც მისწორებდა. რაღაც ახლის ძიებაში ვარ, თუნდაც ეს მორიგი უბედურება იყოს, ან უარესი — გამქრალი ბედნიერება. ძველი შენობები, მარშრუტები, თემები, ადამიანები, ძველი ახალი ამბებიც კი შენსავით ვეღარ ამიტანია. ჩვენ, ყველას უკანასკნელი მოჰიკანის სისხლი გვიჩქეფს ძარჩვებში, მარა ზოგიერთი შიშმა გამოაყლევა. ვინც ჩქარი ნაბიჯებით კვეთენ გზატკეცილებს, რომლებიც იმათ დაუგეს, როგორც ხაფანგებს უგებენ ვირთხებს. დანარჩენები კანალიზაციის მილებში დავძვრებით და მთვარის შუქზე ამოვდივართ, იშვიათად. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სადღაც შუა ქალაქში დიდი შავი ხვრელი გაჩნდება და ყველას საკუთარ სამყაროში დაგვაბრუნებს. რომ მე ისევ შევძლებ ზღვის კუების ჯგუფს შევუერთდე და მერე უკიდურეს ჩრდილოეთში, ან კიდევ უფრო შორს სამუდამოდ გავუჩინარდე.

შენ?

“I know it’s been so long since we saw each other last
i’m sure we’ll find some way to make the time pass

hey moon
it’s just you and me tonight
everyone else is asleep.”

https://youtu.be/Av5Jb52yFBo

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.