ჩართულობის ახალი მექანიზმები რუსთავში
რუსთავის ინოვაციების ჰაბმა 23 ოქტომბერს, რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლაში გამართა სამაგიდო თამაში ,,რუსთავის“ კიდევ ერთი პრეზენტაცია . მეოთხე საჯარო სკოლაში გამართული თამაშის მთავარი თემატიკა იყო- ნარჩენების მართვა. თამაშში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა ახალგაზრდამ, რომლებმაც ჯგუფურად იმუშავეს სხვადასხვა უბნებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენაზე და შეიმუშავეს მათი გადაჭრის საინტერესო იდეები.
თამაშის პროცესში ახალგაზრდები ყველაზე ხშირად ასახელებდნენ ნარჩენების სეპარირების შესაძლებლობის არ არსებობას, რაც შემდგომში ხელს უშლის მის გადამუშავებას და ეფექტურად გამოყენებას. მათი აზრით, ამ პრობლემას მოაგვარებს ქუჩებში ისეთი სანაგვე ურნების განთავსება, რომლებშიც შესაძლებელი იქნება ნარჩენების დახარისხება (მაგ.: პლასტმასი, შუშა, პოლიეთილენი, თუნუქი). აქვე სახელდება რუსთავში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნის აუცილებლობა, რაც, ამ მხრივ, ბევრად გააუმჯობესებს სიტუაციას. ახალგაზრდებმა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინოვაციური პრაქტიკის საკუთარ ქალაქზე მორგებაც გადაწყვიტეს და პრობლემის გადაჭრას გვთავაზობენ ისეთი აპარატების განთავსებით, რომელიც ნარჩენის მასში განთავსების სანაცვლოდ მოქალაქეს მისცემს გარკვეულ თანხას, ან სხვა სახის ბენეფიტს, რაც ადამიანებში გააჩენს დამატებით მოტივაციას.
მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება წყლის, კონკრეტულად კი მდინარე მტკვრისა და რუსთავის ტბის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი,რაც უნდა გადაიჭრას ფილტრების დაყენებით და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებით.
საბოოლოდ კი, მთავარ ამოცანას მოქალაქეებში,განსაკუთრებით კი სკოლის ასაკში, ცნობიერების დონის ამაღლება და მასთან დაკავშირბეული საინფორმაციო კამპანიები წარმოადგენს, რათა თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს ის მძმე შედეგი, რასაც ვიღებთ ყოველდღიურად გარემოსადმი უპასუხიმგებლო და არაგულისხმიერი დამოკიდებულებით.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით შექმნილი სამაგიდო თამაში საინტერესო ინსტრუმენტია ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და მათი ეფექტური და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიების პროცესში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩასართავად.
რუსთავის ინოვაციების ჰაბი გეგმავს აღნიშული თამაში გამართოს ქალაქის სხვა სკოლებშიც.