ჭყონდიდელის დასახლებაში Co-design-ით შექმნილი ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გაიხსნა

Rustavi 2050
3 min readJul 17, 2019

--

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში, Co-design-ით შექმნილი ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გახსნა. ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატები და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სერვისცენტრი, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისთვის, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის. რუსთაველები აქ, ქალაქის მერიაში მიუსვლელად შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას.

სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და აიდი ბარათის წამკითხველი მოწყობილობით, რაც რუსთაველებს, სხვა საჯარო უწყებების სერვისებით სარგებლობის და პორტალ My.gov.ge-ზე წვდომის საშუალებასაც მისცემს. სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მისაღებად, მოქალაქეებს მხოლოდ აიდი ბარათი დასჭირდებათ. აქვე, ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში მცხოვრები რუსთაველები, ქალაქის მერთან შეხვედრის დაგეგმვასაც შეძლებენ.

სერვისცენტრის შენობა ევროკავშირის პროექტის -,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. რუსთავის ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით, შენობის შიდა დიზაინი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით შექმნეს. პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ რუსთავის მერიის სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილების, რუსთავის ქალთა ოთახისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები.

Co-design-ის პროცესში პირველ ეტაპზე იმ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას და განხილვას შეუდგნენ მონაწილეები, რაც მერიის სამსახურების მიერ სერვისების მიწოდებისას წარმოიშვება.

მეორე ეტაპზე, სერვისების მიწოდების გზების დახვეწასა და მომხმარებლებზე მორგებაზე იმუშავეს: უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა მოქალაქეებისთვის და შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი მომსახურების მოთავსება ერთ სივრცეში, მომხმარებლების დროისა და თანხის დასაზოგად.

და ბოლოს, წინა ორ ეტაპზე განხილული საკითხების გათვალისწინებით შენობის შიდა დიზაინი შექმნეს, სადაც წინასწარ იქნა გათვალისწინებული მოქალაქეთა სხვადასხვა საჭიროება და შესაბამისად გადანაწილდა სივრცეებიც. სერვისცენტრში ასევე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

--

--