Rustavi 2050
3 min readFeb 6, 2020

გრძელვადიანი ურბანული ხედვის გეგმა რუსთავს

თანამედროვე ქალაქები მეტად დინამიურია, მათი სტრუქტურა სწრაფად იცვლება და ჰიბრიდული ხდება, სხვადასხვა ფუნქციებისა და როლების შეთავსებით კი მოქალაქეებს მრავალ ახალ გამოწვევასა და შესაძლებლობას სთავაზობენ. ნებისმიერი ქალაქის განვითარებისთვის პირველი და აუცილებელი საფეხურია, რომ მას ჰქონდეს გრძელვადიანი ურბანული ხედვის გეგმა. როგორც ქალაქის ლიდერებსა და მმართველებს, ისე მის რიგით მაცხვრებლებს, ურბანული ხედვა აძლევს ინტელექტუალური, პრაქტიკული და პოლიტიკური საშუალებების ერთობლიობას მათი გადაწყვეტილებების ეფექტისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ურბანული ხედვის შექმნის პროცესი კი პრაქტიკაში გულისხმობს:

➢ ახალი იდეების აღმოჩენას

➢ მომავლის შესახებ უკვე არსებული შეხედულებების გადახედვას

➢ ტენდენციებსა და ცვლილებებს შორის ურთიერთქმედებების შესწავლას

რუსთავის ინოვაციების ჰაბმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო რუსთავის ურბანულ გეგმაზე მუშაობა და სწორედ მაშინ ჩატარდა საცდელი რამდენიმე შეხვედრა; ამ ეტაპზე კი სამუშაო შეხვედრების აქტიური ფაზა მიმდინარეობას სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან.

უკვე ჩატარებული სამი შეხვედრიდან მიღებული შედეგები საინტერესო და მრავალფეროანია. მოქალაქეები გვთავაზობენ განსხვავებულ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსთავი 2050 წლისთვის და როგორ განისაზღვროს ქალაქის მთავარი იდეა,რომელიც აამოძრავებს ქალაქს და შექმნის პლატფორმას,სადაც ყველას შეეძლება გამოავლინოს და განავითაროს საკუთარი პოტენციალი. რუსთავის ადგილობრივი კონტექსტისა და ინდივიდუალური ხასიათის გათვალისწინებით, სამუშაო პრეცესში უკვე ჩამოყალიბდა რამდენიმე მოდელი ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის.

მაგალითად, განსაკუთრებით აქტუალურია აზრი, რომ რუსთავი გახდეს პროფესიული განათლებისა და სწავლების მთავარი ცენტრი- თანამედროვე ინფრაქტრუქტურითა და საჭირო დაწესებულებებით. ასევე ხშირია იდეა რუსთავის მწვანე ქალაქად გადაქცევის შესახებ, რომელიც გამორჩეული იქნება განსაკუთრებული ჯიშის ხეებით, ინოვაციური რეკრეციული სივრცეებითა და ლამაზი დეკორაციებით. პოპულარობას არ კარგავს ქალაქის ინდუსტრიალიზაცის გზით განვითარების იდეა, სადაც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოები და ქარხნები. ყოველივე ეს უკავშირდება სამომავლოდ ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ქალაქი, გასართობი ცენტრების, ქუჩის მხატვრობისა თუ სპორტული ქალაქი- ეს იმ იდეების მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც სამუშაო შეხვედრებზე ჩამოყალიბდა.

რუსთავის ინოვაციების ჰაბი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან აგრძელებს შეხვედრების ციკლს და რუსთავის ურბანული განვითარების გეგმის ჩამოყალიბებას.