თანამშრომლობიდან წარმატებამდე
დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია მიაღწიო წარმატებას კარგად განვითარებული და ფართო თანამშრომლობის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ბევრი თავი უკეთესია ვიდრე ერთი, იმიტომ რომ სხვადასხვა სექტორის გამოცდილება უფრო ყოვლისმომცველია, იმიტომ რომ ცალკეული წარმატება მთელ თავის მომხიბვლელობას კარგავს თუ მისი განვრცობა და განზოგადება არ მოხდა.
სწორედ ამიტომ დაიგეგმა ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელების ერთობლივი ვიზიტი ჭიათურასა და ტყიბულში.
,,ორბელიანი საქართველო“ უკვე წელიწადზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს რუსთავის თვითმმართველობასთან და რუსთავის ინოვაციების ჰაბთან. შედეგად — 25-ზე მეტი ერთობლივად განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივა, ინტერ-სექტორული თანამშრომლობა, ახალი იდეები და ახალი აქტივობები.
რატომ შეირჩა ტყიბულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტები? იმიტომ რომ გარკვეულწილად ისინი გვანან რუსთავს თავისი პროფილით და არსებული პრობლემა -გამოწვევებით.
მუნიციპალიტეტები სადაც თავის დროზე განვითარებული იყო სამთო — მომპოვებელი მრეწველობა დღეს პრობლემებს განიცდიან გარემოსდაცვითი, ჩართულობის, მდგრადი დასაქმების და მიგრაციის კუთხით.
ვინმე შეიძლება თქვას — მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვსო. ვინ დავობს? იქაც მივალთ!
მივალთ და გავუზიარებთ იმ ხედვებს, გეგმებს და პერსპექტივებს რაც ბოლო პერიოდში, რუსთავში, სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობის შედგმად გამოიკვეთა. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია რეალურად წარმატებული გავხადოთ რუსთავის ინოვაციების ჰაბის საქმიანობა.
შეხვედრები მნიშვნელოვანი, დროული და წარმატებული გამოდგა. აღმოჩნდა რომ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვებია რუსთავში. ახლა დროა მის რეპლიკაციაზე ვიზრუნოთ. სწორედ ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი.
თვითმმართველობებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ ახალგაზრდული აქტივობების განვითარებაზე, ჩართულობის გაზრდაზე, ახალ სერვისებზე, ბლოკ-ჩეინზე, გარემოსდაცვით ინიციატივებზე და… ძალიან სასიამოვნო პასუხები მივიღეთ. ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა სიახლეებისთვის, განვითარებისთვის და ინოვაციებისთვის,
არავინ თქვას რომ ადგილობრივ დონეზე არ არსებობს ცვლილების ხედვა, ინტერესი და სურვილი. არსებობს, რაც ძალიან კარგად დავინახეთ ამ შეხვედრების დროს. სამაგიეროდ არ არსებობს რესურსი, პირველ რიგში ადამიანური…
ეს რესურსი მოსაძიებელია, შესაქმნელია, განსავითარებელია. 2 წლის წინ არც რუსთავში არ არსებობდა ინოვაციების ჰაბი. და ძალიან ბევრი არც დაიჯერებდა, რომ რუსთავში იარსებებდა პლასტიკის ნარჩენების გადამუშავების სრული ციკლი, სამაგიდო თამაში, რომელსაც მოქალაქეების უკეთ ჩასართავად გამოვიყენებდით, რომ საფუძველი ჩაეყრებოდა ბლოკ-ჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის შექმნას, რომ რუსთავს საერთაშორისო დონეზე გაიცნობდნენ როგორც ინოვაციების ქალაქს… მაგრამ შევძელით. და ახლა გვინდა რომ სხვებმაც შეძლონ.
საკმაოდ რთული გამოწვევები გვიდგას წინ როგორც რუსთავის ინოვაციების ჰაბს, ასევე ორბელიანი საქართველოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ რომ მათ დავძლევთ. დავძლევთ ერთობლივი თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. დავძლევთ იმიტომ, რომ ადგილზე გვეყოლებიან ისეთი შესანიშნავი პარტნიორები როგორიც ჭიათურის და ტყიბულის თვითმმართველობები, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და ჭიათურელთა კავშირია.
თანამშრომლობიდან წარმატებამდე ხომ მხოლოდ ერთი ნაბიჯია.