იდეები პოსტ-Covid ქალაქისთვის

Rustavi 2050
4 min readJun 18, 2020

--

მსოფლიოში შექმნილმა პანდემიურიმა სიტუაციამ რეალობა შეცვალა და ადამიანები აქამდე არსებულ და დამკვიდრებული მიდგომებისა და სისტემების მდგრადობაზე დააფიქრა. შექმნილი ვითარება უპრეცედენტო გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. კრიზისმა გააღრმავა არსებული პრობლემები — არათანაბარი წვდომა განათლებაზე, სიღარიბე, გენდერული უთანასწორობა, გარემოსდაცვითი მდგრადობა, სერვისებსა და სხვდასხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.

სწორედ ახალი რეალობის გათვალისწინებითა და მასთან ადაპტირებისთვის ქ. რუსთავში განხორციელდა პროექტი — „აიდეათონი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეიმუშავეს და წარმოადგინეს საკუთარი ინოვაციური იდეები პოსტ Covid ქალაქისთვის- თუ როგორ გააუმჯობესონ ეკონომიკური და სოციალური პროცესები პანდემიის პირობებში. აიდეათონის მიზანი იყო ახალგაზრდებისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გაერთიანება პრობლემის გადაჭრის გზების დასახვისა და რეაგირების კომპლექსური მოდელის შესაქმნელად. პარტნიორთა გუნდი — რუსთავის ინოვაციების ჰაბი, Future Laboratory-ის და პლატფორმა “ორბელიანი”, რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდებთან პროექტებზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა.

რამოდენიმე თვის წინ დასრულდა რუსთავში მასწავლებლების გადამზადება, რომლის შედეგად, ისინი უკვე ახალი პრინციპით და მეთოლოგიით ასწავლიან ბავშვებს. მოსწავლეები უკვე ათვითცნობიერებენ საკუთარ როლს და მზად არიან ცვლილებები მოახდინონ საკუთარ ქალაქში; ვითარდებიან, როგორც ინოვატორები, იძენენ საჭირო უნარებს და უვითარდებათ, როგორც კრეატიული, ისე კრიტიკული აზროვნება „- აღნიშნა მომავლის ლაბორატორიის მიერ განხრციელებული პროგრამის ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ

მოსწავლეები აღნიშნულ პროცესს სახალისო მისიების შესრულების ფორმატში ახორციელებდნენ. მათ გუნდებში იმუშავეს საკუთარი იდეების ფორმირებაზე, იდეების განხორციელებისთვის მოიძიეს, შეკრიბეს და გააანალიზეს ინფორმაცია, შემოგვთავაზეს პრობლემის გადაჭრის ახლებური გზა, გაწერეს ბიუჯეტი, წარდგენისთვის მოამზადეს პრეზენტაცია. გუნდები პროცესს განაწილებული ფუნქციებით ახორციელებდნენ , რომელშიც თითოეულ წევრს საკუთარი როლი ჰქონდა. ფაქტობრივად ეს პირველი ნაბიჯები იყო ინოვაციების და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.

„აიდეათონის“ ფარგლებში, ცამეტმა გუნდმა იდეები წარუდგინა ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, პარტნიორებთან ერთად უზრუნველყო კერძო და და საჯარო სექტორის ჩართულობა ვირტუალურ აიდეათონში. ფინალისტები წარდგნენ პოტენციური სპონსორების წინაშე, რათა მათ იდეებს მიეღოთ ფინანსური თუ არაფინანსური დახმარება. მოსწავლების პროექტები საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა: საინფორმაციო კამპანია ვირუსთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პლატფორმის, საიტისა და ანიმაციების შექმნა, სიმპტომებისა და ბაქტერიების აღმომჩენი ხელსაწყოებისა და სადეზინფექციო მოწყობილობების შექმნა, ურბანული მეურნეობისა თუ ჩატ-ბოტების განვითარება.

სპონსორებმა თითოეულ გუნდს შესთავზეს სხვადახვა სახის მხარდაჭერა, რუსთავის მერმა გამოთქვა მზადყოფნა პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე ჩართვისა და დახმარებისთვის. იდეების განხორციელებასა და პრაქტიკაში დანერგვას რუსთავის ინოვაციების ჰაბი, რუსთავის მერია და ორგანიზაცია “Orbeliani” უზრუნველყოფენ.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ ისწვალონ როგორ შექმნან საკუთარი მომავალი; ეს არ არის მხოლოდ კონკურსი, ეს არის ასპარეზი იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი ქალაქი თქვენთვის და თქვენი შვილებისვთის ხვალ; ის პროცესი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართულები, არის მსოფლიოს ყველაზე პროგრესული ქვეყნების თანმდევი,სადაც ინოვატორი ახალგაზრდები მინისტრების მრჩევლებად გვევლინებიან იმისთვის, რომ ყველაფერი პასუხობდეს მომავლის ხედვას. სწორედ თქვენ უნდა იყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც იქნებიან ასეთი მრჩევლები არა მარტო რუსთავისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“- ახალგაზრდებს მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ხათუნა სანდროშვილმა.

საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ოქტომბრის თვეში იგეგმება. აიდიათონში რუსთავის 100-მდე მოსწავლემ (7–12 კლასები) მიიღო მონაწილეობა. უკვე შეიქმნა პრეცენდენტი, თუ რამდენად ეფექტურია სხვადასხვა სექტორის ერთობლივი მუშაობა და ძალების გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად. რუსთავის ინოვაციების ჰაბი კი კვლავ აქტიურად აგრძელებს პოსტ კოვიდ გარემოში ინოვაციების დანერგვას და ინტერსექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.

--

--