ინოვაციების ჰაბი აგრძელებს აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას
თანამედროვე გამოწვევების ფონზე,რომლებიც მრავალმხრივ და ინტენსიურ რეაგირებებს საჭიროებს, რუსთავის ინოვაციების ჰაბი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საინტერესო გამოცდილებების რეპლიკაციაზე ქალაქში. სწორედ ამის გამოხატულებაა ორგანიზაცია „EdgeRyders“-სა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის 2019 წლს მაისიდან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებები, რომლის საფუძველზეც ქალაქი გახდა „Trust in Play Nomadic Branch“-ის ნაწილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის იგეგმება მემორანდუმის გაფორმება. პროექტი ერთ წელზეა გაწერილი და შეთანხმების მიხედვით, რუსთავი აქტიურად უნდა ჩაერთოს ურბანული თამაშების შექმნისა და განვითარების პროცესში.
სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით, საბერძნეთში, ქალაქ ათენში, ურბანული თამაშების დიზაინის კვირეული გაიმართა, რომელზეც რუსთავის ინოვაციების ჰაბის წევრები იმყოფებოდნენ. პროექტში — „Trust in Play: European School of Urban Game Design“- მსოფლიოს 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ურბანული თამაშები გულისხმობს საჯარო სივრცეში, არაფორმალურ გარემოში, გართობით მიღებულ საინტერესო გამოცდილებასა და ცოდნას. კვირეულის ფარგლებში, სემინარები და პრაქტიკული სამუშაოები ემსახურებოდა ურბანული თამაშების შექმნის ტექნიკების სწავლებას, მის განვითარებასა და მორგებას სხვადასხვა თემატიკასა და სოციუმზე; ასევე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას მათი შექმნის პროცესში,ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ელემენტების გათვალისწინებით თამაშებისთვის უფრო საინტერესო ფორმის მინიჭებას.
ურბანული თამაშები მონაწილეებს ეხმარება სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ, გააკეთონ საინტერესო მიგნებები და გართობით მიიღონ საჭირო ინფორმაცია, აღმოაჩინონ ახალი თვისებები საკუთარ თავში და უკეთ გაიცნონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ.
სკოლის მონაწილეებმა უკვე შეუიმუშავეს რამდენიმე ურბანული თამაშის პროტოტიპი, რომელზე მუშაობაც აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
რუსთავის ინოვაციების ჰაბი, მუნიციპალიტეტთან ერთად, გეგმავს საერთაშიორისო თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებას, მათ შორის, ურბანული თამაშების დიზაინის ევროპული სკოლის წარმომადგენლებთან და უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტის რუსთავში განხორციელებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მზადება ურბანული თამაშების ფესტივალისთვის, რომელიც იქნება ახალი და საინტერესო გამოცდილება სხვადსხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის.