Rustavi 2050
3 min readOct 28, 2019

ინტერ-სექტორული თანამშრომლობა ინოვაციებისთვის

თანამედროვე გამოწვევები იმდენად მრავალფეროვანი და რთული გახდა, რომ მათ დასაძლევად აღარაა საკმარისი მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ან ცალკეული სექტორის ძალისხმევა. სწორედ ამიტომ რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ განხორციელება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სექტორებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდების ალტერნატიული ტექნიკური და სამეწარმეო უნარების განვითარების საპილოტე მოდელების დანერგვა, ინოვაციური საჯარო სერვისების შექმნა, მონაწილეობითი თვითმმართველობის მოდელების შემუშავება , კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის განვითარება და საგარეო პარტნიორობის ხელშეწყობა.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ქალაქის მასშტაბით პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარირებასა და გადამუშავებას მოიცავს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გარეშე. ამ თანამშრომლობის წინაპირობა იყო რუსთავის ინოვაციების ჰაბის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები როგორც ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე ბიზნეს სექტორთან. გამომდინარე იქიდან, რომ პლასტმასის ნარჩენების მოგროვება გადამუშავების საკითხი საინტერესოა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის, თანამშრომლობის შეთანხმება შედგა და პროცესიც დაიწყო.

რუსთავის ერთ ერთ ბაგა-ბაღში მოგროვებული პლასტმასისი ნარჩენები

სექტორთა შორისი თანამშრომლობის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია ,,სანიტარს“ შორის, რომელმაც თავის თავზე აიღო ვალდებულება წლის ბოლომდე უფასოდ განახორციელოს მოგროვებული ნარჩენების დისტრიბუცია. ამის შემდეგ საქმეში ერთვება კომპანია კავკაზ-პაკი, რომელიც მოახდენს მოგროვებული ნარჩენების მიღებას და მათ მეორად გადამუშავებას.

რუსთავის ინოვაციების ჰაბის ინიციატივით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი რუსთავის მერიასა და კომპანია ,,სანიტარს” შორის

პროექტი საპილოტეა, ის 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი განხორციელების პირველ ეტაპზე, რუსთავში არსებულ 47 საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსდა პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისთვის საჭირო კონტეინერები.

კონტეინერების დისტრუბუცია რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ნარჩენების გადამუშავების ციკლის მეორე ეტაპი, რაც შეგროვებული ნარჩენების დანიშნულების ადგილზე გადატანას და დახარისხებას გულისხმობს წარმატებით მიმდინარეობს.

მოგროვებული პლასტმასის ნარჩენების დისტრიბუცია გადამუშავებისათვის

ციკლის საბოლოო ეტაპი კი ნარჩენების გადამუშავების შედეგად მეორადი პროდუქციის გამოშვებაა,რასაც ეკონომიკურად მომგებიანი და სასარგებლო ეფექტი უნდა ჰქონდეს.

რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მესიჯები

მიმდინარე პროცესები სამ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება: 1) ეს არის ზოგადად ეკოლოგიაზე, გარემოზე ზრუნვა, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს მას და შემცირდეს პლასტმასის ნარჩენების მასა, რომელიც ყოველდღიურად, განუსაზღვრელი რაოდენობით ხვდება ბუნებაში და უამრავ საფრთხეს ქმნის. 2) ადრეული ასაკიდან ახალ თაობაში ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე, რაც მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 3) მესამე მიზანი კი ემსახურება ეკონომიკურ ეფეტურობას და პერსპექტივაში იმის გაზომვას, თუ რამდენად შესაძლებელია ნარჩენების შეგროვება/გადამუშავება რუსთავში იყოს მომგებიანი.

გაროს განვითარების პროგრამასთან UNDP თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და სიანტერესო აქტივობაა დაგეგმილი, რასაც რუსთავის ინოვაციების ჰაბი პარტნიორებთან ერთად, ეტაპობრივად განახორციელებს.