რუსთავის ურბანული თამაში YouthSpeak ფორუმზე
12 მაისს, UNDP Georgia-სა და AIESEC-ის ერთობლივი პროექტის, YouthSpeak Forum’19-ის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა პირველად დაგვეტესტა ჩვენი ურბანული თამაში იმ ადამიანებთან, ვინც არ ცხოვრობს რუსთავში და არ იცნობს ქალაქის ყოველდღიურობას. მონაწილეებისთვის მეორე მთავარი გამოწვევა თემის სირთულე იყო: მათ არ ჰქონდათ ცოდნა და გამოცდილება მყარი ნარჩენების მართვა-გადამუშავების მიმართულებით. თუმცა, უმრავლესობა სამაგიდო თამაშების მოყვარული აღმოჩნდა და “მონოპოლიის” პრინციპებსაც იცნობდნენ (რაც ახლოსაა ურბანული თამაშის პრინციპებთან). შესაბამისად, დიდი ინტერესით შეუდგნენ ახალი თამაშის გამოცდას და სწრაფადაც აითვისეს.
თამაშის გამოსაცდელ სესიაში ფორუმის 24 მონაწილე ჩაერთო და 12 გუნდი 3 მაგიდაზე გადანაწილდა. სატესტო სესიის მთავარი მიზანი თამაშის დინამიკის და ჩართულობის შემოწმება იყო.
დროის სიმცირის გამო თამაშის შემოკლებული ვერსია გამოვცადეთ, რაც სრული რუკის ათვისების შესაძლებლობას არ იძლევა. ამიტომ საწყისი პოზიციები შევცვალეთ და ყველა ჯგუფმა სხვადასხვა ათვლის წერტილიდან დაიწყო თამაში, რამაც ორი მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა:
- ქალაქის ყველა უბანი ავითვისეთ
- კამათლის გაგორების შემდეგ სხვა გუნდის ტერიტორიაზე აღმოჩენის და სვლის გამოტოვების ალბათობა შემცირდა.
თუმცა, თამაშის სრული ვერსიის ტესტირებისას უკეთ გამოჩნდება რა აჯობებს: ყველა მოთამაშემ ერთი და იგივე პოზიციიდან აიღოს სტარტი, თუ სხვადასხვა წერტილებიდან.
ახლა თამაშის პროცესს რომ მივყვეთ უფრო ნათლად:
Urban Game სამი ძირითადი და ერთი დასკვნითი ნაწილისგან შედგება. პირველი ტური ქალაქის სხვადასხვა უბნებში პრობლემების იდენტიფიცირებას ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის არც ერთი მონაწილე არ ყოფილა რუსთავის მკვიდრი, საკმაოდ სწრაფად გაერკვნენ სპეციფიკაში და რუსთავის თითოეულ უბანში არსებული სხვადასხვა მოცემულობის გათვალისწინებით აქტიური მსჯელობა გაიმართა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის პრობლემების ირგვლივ.
მეორე ტურში მოთამაშეები პირველ ტურში იდენტიფიცირებული პრობლემებისთვის ეძებენ გადაჭრის ეფექტურ გზებს. ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ქალაქის მკვიდრია თუ არა თამაშის მონაწილე. თამაშის ფასილიტატორი ყველა მაგიდაზე არიგებს “მსოფლიო გადაწყვეტების” პაკეტს, რომელიც მოიცავს მსოფლიო გამოცდილებებს სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიური პრობლემის კრეატიულად გადაჭრის შესახებ. გუნდებს შეუძლიათ ამ პაკეტიდან აარჩიონ რომელიმე გადაწყვეტა და მოარგონ ადგილობრივ კონტექსტს, ან ახალი იდეებით შეეცადონ პრობლემის გადაჭრას.
რადგანაც, მეორე ტური უმეტესად მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის გზის აღწერას მოიცავს, პროცესის საინტერესოობა მთლიანად გუნდებზეა დამოკიდებული: როცა გუნდი მსოფლიო გამოცდილებების გამოყენების ნაცვლად საკუთარი იდეებით ცდილობს პრობლემის გადაჭრას, თამაში უფრო აზარტული და საინტერესო ხდება.
ამ თამაშში 2 მაგიდაზე არაერთი ორიგინალური იდეა მოიფიქრეს გუნდებმა იდენტიფიცირებული პრობლემის გადასაჭრელად, ხოლო ერთზე უმეტესად მსოფლიო გამოცდილებები გამოიყენეს (მაგალითად “Smart Belly, Big Belly” ავსტრალიიდან).
მდინარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გადაწყვეტა იყო ხიდის მოაჯირებზე მთელ სიგრძეზე, გარედან ორიგინალური “სანაგვე ურნის” მიმაგრება, რომელიც მტკვარში გადაყრილ ნაგავს დაიჭერს; ხოლო, უკვე მტკვარში მოხვედრილი ნარჩენების დასაჭერად სპეციალური ბადის დამაგრება კალაპოტზე.
თამაშის მესამე ტურში მოთამაშეები ისევ დაფას უბრუნდებიან, რათა მათ მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაწყვეტამ ვალიდაცია გაიაროს დანარჩენ გუნდებთან “გამოწვევების” დაძლევის გზით. ამ დროს მოწმდება რამდენად რეალური და მდგრადი შეიძლება იყოს ესა თუ ის გადაწყვეტა.
ამ სესიაზე გუნდებს შემთხვევითობის პრინციპით 2–2 გამოწვევის ბარათი დაურიგდათ შემდეგი კატეგორიებიდან: სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვა, ინოვაციური და ტექნოლოგიური. გამოწვევის ბარათზე მოცემულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გარეშე გუნდი ვერ განახორციელებს თავის იდეას შერჩეული პრობლემის გადასაწყვეტად.
თამაშის დასკვნით ნაწილში სიმულაციურად ხდება გამოწვევა დაძლეული იდეების განხორციელება. იგებს ის გუნდი, რომელიც მეტ იდეას განახორციელებს და პარტნიორობის გზით მეტი პროექტის განხორციელებას მოახმარს წინა ტურებში დაგროვილ ფულს.
პირველი ტურის შემდეგ ყველაზე აქტიური და საინტერესო ბოლო ნაწილი აღმოჩნდა, რადგანაც, ამ დროს გუნდები საუკეთესო გადაწყვეტების გამოსავლენად აქტიურ დისკუსიებში ჩაებნენ და არგუმენტირებულად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ დანარჩენი გუნდები მათი დარჩენილი იდეის განხორციელებისთვის დაეხარჯათ დარჩენილი ფული. რაღა თქმა უნდა, ყველაზე დიდი აქტიურობა იმ მაგიდებზე იყო, სადაც ბევრი ახალი იდეა გაჩნდა და ერთგვარი შეჯიბრიც გაიმართა.
ურბანული თამაშის გამოსაცდელი სესია წარმატებით დასრულდა: პროცესი მაღალი დინამიურობით გამოირჩეოდა და არაადგილობრივი მონაწილეებიც აქტიურად ჩაერთნენ. ასევე, მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ისიც, რომ მიუხედავად დროის სიმცირისა, განახლებული სტრატეგიის მეშვეობით რუკაზე არსებული ყველა სივრცის პრობლემების განხილვა მოვასწარით.
დღეიდან ვაგრძელებთ მუშაობას ურბანული თამაშის დასანერგად ქალაქის საჯარო კონსულტაციებში რუსთავის მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად ქალაქის ნებისმიერი სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად თვითმმართველობასთან ერთად.
თუ გსურთ მეტი გაიგოთ ურბანულ თამაშზე, ან თავად გახდეთ მონაწილე, დაგვიკავშირდით: Twitter, Facebook
ავტორები: სოფო ბალანჩივაძე, მიშა ლობჟანიძე