რუსთავში ინოვაციური სტარტაპ-იდეების დაფინანსება იწყება
როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ისე საქართველოში ყოველდღიურად სულ უფრო თვალსაჩინო და აქტუალური ხდება ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით პროგრესი და დაინტერესება. სტარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი რეალურ მომგებიან საქმიანობად.
რუსთავის ინოვაციების ჰაბი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იწყებს ახალ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სტარტაპერების დაფინანსება და ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობა. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ორგანიზაციის პარტნიორები კერძო სექტორიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
ინტერ სექტორული თანამშრომლობა უკვე შედგა და სამუშაო შეხვედრების ციკლიც ინტენსიურად მიმდინარეობს. სტარტაპ იდეების კონკურსის მთავარი არსი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა, რომელიც ფუნქციურად აუცილებლად უნდა ეხებოდეს რუსთავს.
ეს პროცესი მიმდინარე წლის იანვარში, რუსთავის ინოვაციების ჰაბის ინიციატივით შექმნილის ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდამჭერი ეკოსისტემის ნაწილია.
სტარტაპ იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დაეთმობა საკონკურსო იდეების მიღებას შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით. შემოსული იდეებიდან ინტერსექტორული ჟიურის მიერ შეირჩევა დაახლოებით 8–10 იდეა. შემდგომ ეტაპზე გადასული ახალგაზრდები გაივლიან აქსელერაციის პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარებისთვის. საბოლოოდ კი შეირჩევა სამი ყველაზე კარგად მომზადებული ბიზნეს იდეა, რომელიც დაფინანსდება 8,000 ლარამდე თანხის ოდენობით. მთლიან პროცესს გაუძღვებიან კომპეტენტური ტრენერები და მენტორები, რომლებიც მონაწილეებს შეასწავლიან ისეთ საკითხებს, რომლებიც შეეხება ბიზნეს გეგმის წერას, ფინანსებს, მარკეტინგსა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს.
პროექტში ჩართული მხარეები მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ინიციატივის წარმატებაში. ის, რომ დაგეგმარების პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მსგავს საქმიანობაში, ქმნის კარგ წინაპირობას საბოლოო წარმატებისთვის.
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სტარტაპებთან მუშაობისა და მათი საჭიროებების კვლევის. მზად ვართ ადამიანური თუ პრაქტიკული რესურსით მხარში დაგიდგეთ“.- განცხადა შეხვედრაზე ანა ლომთაძემ, BTU-ს (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის) წარმომადგენელმა
პროცესში მონაწილე გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები დამატებითი ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ატვირთონ ფონდი ორბელიანი-საქართველოს კრაუდფანდინგის პლატფორმაზე https://orbelianimeti.ge . ფონდი ასევე უზრუნველყოფს კონკურსისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მედია-პიარ კამპანიას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკვე არსებულ სტარტაპებსა და ინოვაციური იდეების ავტორებს. რუსთავის ინოვაციების ჰაბი უზრუნველყოფს სტარტაპების კონკურსის პროცესის ორგანიზებას.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები უფრო ხშირად გაჩნდეს და განხორციელდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. რუსთავში დაწყებული და წარმატებით განხორციელებული პროცესი შესაძლებელია ამისი კარგი წინაპირობა გახდეს.