ჩართულობის ინოვაციური მექანიზმები ტყიბულში
სახელმწიფოს განვითარების ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართვა მიმდინარე პროცესებში, მათი აზრისა თუ ხედვის გათვალისწინება, წარმატების უპირობო საფუძველია.
რუსთავის ინოვაციების ჰაბი აქტიურად იყენებს ჩართულობის ინოვაციურ ფორმებსა და საშუალებებს, რათა საზოგადების სხვადასხვა ჯგუფებმა მიიღონ მონაწილეობა ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის ეფექტური გზების ძიებაში. ჰაბის ინტერესებში ასევე შედის უკვე დაგროვებული საინტერესო და საჭირო გამოცდილების სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარება. სწორედ ამ მიმართულებას ეხებოდა უახლოესი ვიზიტი ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ჩატარდა ჩართულობის ორი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, „ფორსაიტისა“ და „სამაგიდო თამაში — რუსთავის (ტყიბულის)“ სატესტო შეხვედრები.
ნებისმიერი ქალაქის განვითარებისთვის პირველი და აუცილებელი საფეხურია, რომ მას ჰქონდეს გრძელვადიანი ურბანული/მუნიციპალური ხედვის გეგმა. როგორც ქალაქის ლიდერებსა და მმართველებს, ისე მის რიგით მაცხვრებლებს, ურბანული/მუნიციპალური ხედვა აძლევს ინტელექტუალური, პრაქტიკული და პოლიტიკური საშუალებების ერთობლიობას მათი გადაწყვეტილებების ეფექტისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და ალტერნატივები ტყიბულის განვითარების შესახებ. მათ გამოკვეთეს ორი ძირითადი მიმართულება: ტურიზმი და ინდუსტრიალიზაცია. მუნიციპალიტეტს ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, როგორც კულტურული და ისტორიული ძეგლების სიმრავლით, ისე ბუნებრივ-გეოგრაფული გარემოს მრავალფეროვნებით. რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციის განვითარებას — ამ კუთხით ახალგაზრდები უფრო მეტად გეგმებს ჩაის პლანტაციების განვითარებაზე ამყარებენ; ტყიბულის ჩაი უკვე საკმაოდ ცნობილია მთელ საქართველოში. ამ მხარეში ჩაის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის და პოტენციალიც უფრო მეტი აქვს მაღალ დონეზე განვითარების, პლანტაციების და გადასამუშავებელი ფაბრიკების არსებობის შემთხვევაში.
პროცესის ბოლოს მონაწილეებმა დაწერეს განვითარების ოთხი სცენარი, თუ როგორი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმ შემთხვევაში თუ მათ ხედვები გამართლება ან პირიქით, ვერ განხორციელდება. ქალაქის განვითარების იდეალური სცენარის მიხედვით ტურიზმიც ვითარდება და ინდუსტრიალიაზიც მაღალ დონეზეა: ინდუსტრიალიზაციის განვითარება გამოიწვევს მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივ მოსახლეობას. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული ნაკადის ზრდა მუნიციპალიტეტში გააჩენს შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჰოსტელების და სხვადასხვა ტურისტული სერვისების განვითარებისთვის.
ჩართულობის კიდევ ერთი მექანიზმის „სამაგიდო თამაშის“მეშვეობით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების აღმოჩენისა და მათ გადაჭრის გზების ძიებაში, ახალგაზრდებმა საინტერესო მიგნებები გააკეთეს.
მანამდე ჩატარებული „ფორსაიტის“ შეხვედრის საკითხიდან გმაომდინარე თამაშის თემა იყო ტყიბულის, როგორც ტურისტულ ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობები და იმ პრობლემების აღმოჩენა, რაც ხელს უშლის აღნიშნული პოტენციალის განვითარებას. აღმოჩნდა,რომ ტყიბულის მიუნიციპალიტეტში უმარტივესი ტურისტული ნაკადის უზრუნველყოფისთვის საჭირო აღჭურვილობაც არ არსებობს, მათ შორის: მიმართულების მანიშნებლები, ბილიკები ტყეში, განათებები, საკვები ობიექტები, სადღეღამისო მაღაზიები, აფთიაქები, დასასვენებლი და რეკრეაციული ზონები და სასტუმრო-ჰოსტელები. როდესაც საქმე პრობლემების გადაჭრის გზებთან მივიდა, მონაწილეებმა ფოკუსირება უფრო მარტივ და საბაზისო პრობლემების მოგვარებაზე გააკეთეს. ძირითადი გადაწყვეტილებები ეხებოდა სხვადასხვა ტიპის ბილიკების გაყვანას, სანაგვე ყუთების განთავსებას, მოსასვენებელი სკამების მოწყობას, განათებების დაყენებასა და მანიშნებლების დამონტაჟებას. იდენტიფიცირებული პრობლემების დიდი ნაწილიარც ისე რთულად მოსაგვარებელია და ამისთვის საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის მოტივაცია, სურვილი და მონდომება.
ნებისმიერი ქალაქის სამომავლო იდეასა და განვითარებაზე საუბრისას, აუცილებელია, რომ ზედმიწევნით გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის აზრი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მომავალი თაობის, რადგან თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ მთავარი აქტორები ნებისმიერი სამომავლო გეგმის განხორციელებისას. თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობის განაწილება არის ის მთავარი პირობა,რომელმაც უნდა მოიტანოს ყველასთვის სასურველი შედეგი.
რუსთავის ინოვაციების ჰაბის ერთგვარი ტურნე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამოცდილებების გასაზიარებლად კვლავ გრძელდება და უკვე ნათელია ის დადებითი შედეგები, რომლებიც ამგვარ ურთიერთობებს მოაქვთ.