მომავლის ქალაქები — კონფერენცია 2050 ლუბლინში

Rustavi Innovation Hub
3 min readApr 5, 2018

--

ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბისთვის

იყო თუ არა ლიუბლინის კონფერენციაზე წასვლა ამბიციური განაცხადი ჩვენის მხრიდან? რასაკვირველია იყო. კონფერენცია, რომელზეც საკუთარი ხანგრძლივი გამოცდილების ჩვენებას აპირებდნენ ევროპის სხვადასხვა დიდი ქალაქები: გლაზგო, სკოპიე, ვილნიუსი, ლიუბლინი და სხვები, ცოტა არ იყოს და ნაადრევი გვეჩვენებოდა რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბისთვის, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ 2 თვიან არსებობას ითვლიდა. გვეფიქრებოდა არასერიოზულად არ მიეღოთ მონაწილეებს ჩვენი პრეზენტაცია, რომელიც მხოლოდ ჰაბის შექმნის მიზნებსა და გეგმებს მოიცავდა.

წასვლა გადავწყვიტეთ, პრეზენტაცია მოვამზადეთ (მადლობა დახმარებისთვის ხათუნა სანდროშვილს, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამაში სახელმწიფო სექტორის ინოვაციების საკითხებზე მუშაობს) და ლიუბლინს ვესტუმრეთ.

კონფერენციის წინა დღეს მცირე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიუბლინის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად მოვისმინეთ სხვადსხვა ქალაქებში ინოვაციური ჯგუფების მუშაობის გამოცდილება, მერე კი ჯგუფური სამუშაო დაიწყო. მე და ჩემს კოლეგას, თამთა დოკვაძეს, ლიუბლინის მერიის თანამშრომლებთან ერთად მოგვიწია მუშაობა იმაზე, თუ რა სახის გამოწვევები დგას დღეისთვის ინოვაციების ჯგუფების წინაშე და როგორ უნდა გადაიჭრას ისინი

ამ დავალების შედეგი ერთის მხრივ ის იყო, რომ როგორც აღმოჩნდა, გამოწვევები ყველა ქვეყანაში დაახლოებით იდენტურია: მოქალაქეთა გააქტიურება და ჩართულობის უზრუნველყოფა, დაფინანსების მოპოვება, თანამშრომლობა და კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფებთან, მოტივირებული ადამიანების იდენტიფიკაცია, საქმიანობის რელევანტური ინსტრუმენტების შექმნა.

გადაჭრის გზების ძიებისას კი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ რუსთავის გამოცდილება პარტნიორებისთვის საკმაოდ საყურადღებო აღმოჩნდა. ჩვენს მიერ შეთავაზებულმა ხედვებმა, როგორიცაა სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა, დაინტერესებულ მხარეებთან საერთო ინტერესების წერტილების მოძებნა, წარმატებული მაგალითების პოლულარიზაცია, კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობა — შეხვედრის მონაწილეთა მოწონება და ინტერესი გამოიწვია.

სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის დელეგაციის მიერ მომზადებული პრეზენტაცია

გაცილებით უკეთესი განწყობით (რომელსაც ჩემი საშინელი გაციებაც კი ვერ აფუჭებდა) წავედით მეორე დღეს კონფერენციაზე. პირველი მოულოდნელობა კონფერენციაზე დამსწრეთა რაოდენობა იყო, რომელიც 200 აჭარბებდა. ორგანიზატორმა, იუსტინა კროლმა, რომელიც ჩვენი ქალაქის და ინოვაციების ჰაბის ძალიან დიდი მეგობარია, მოგვიბოდიშა, ცუდი ამინდის გამო 100-მდე დარეგისტრირებულმა მონაწილემ ვერ შეძლო მოსვლაო.

შთამბეჭდავი იყო კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერაც. დარბაზის ფოიეში დამონტაჟებულ ორ დიდი ეკრანზე პარალელურ რეჟიმში გადიოდა ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეებზე, მიმდინარე საკითხებზე და ტვიტერში კონფერენციის შესახებ დადებული პოსტები. კონფერენციის მიმდინარეობისას მეც ვდებდი ინფორმაციას რუსთავის ჰაბის ტვიტერის გვერდზე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი ტვიტები ამ ეკრანებზე დავინახე.

მაგრამ მთავარი მაინც კონფერენციის პრეზენტატორები და შინაარსი იყო: ვიტაუტას იანკაუსმასმა, სუპერფლექსის წარმომადგენელმა ისაუბა ინოვაციურ მიდგომებზე, რომელიც გამონაბოლქვით გამოწვეულ დაბინძურებას ამცირებს; გარი ჰასანმა, გლაზგო 2020 ის წარმომადგენელმა გაგვაცნო ორგანიზაციის ხედვა ქალაქებზე შორსმიმავალ პერსპექტივაში, შემდეგ კი ჩვენმა მასპინძელმა, იუსტინკამ წარადგინა ანგარიში ლიუბლინის 2050 წლის სამომავლო სტრატეგიული ხედვის შესახებ. დღე დასრულდა მრავალმხრივი კონსულტაციებით.

რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის წარმომადგენლები სადისკუსიო პანელზე

მართალია ჩვენი პრეზენტაცია კონფერენციის ბოლო, მესამე ბლოკში იყო და შთაბეჭდილებებებით გადატვირთული აუდიტორიის წინაშე ინგლისურად გამოსვლის პერსპექტივა გვაღელვებდა მეც და თამთასაც, მაგრამ პრეზენტაციის დასრულებისთანავე პარტნიორობის ორი შემოთავაზება მივიღეთ უცხოელი კოლეგებისგან ლიბულინიდან და სკოპიედან. ლიუბლინელებმა, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენთან ინოვაციების დანერგვით, შემოგვთავაზეს ერთობლივად ვიმუშაოთ უკრაინის ქალაქების თვითმმართველობების ხელშეწყობის პროგრამებზე. სკოპიეს ინოვაციების ლაბმა კი თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრი შემოგვთავაზა ისეთ საკითხევზე როგორიცაა: ღია მმართველობის პარტნიორობა (პრეზენტაციისას განსაკუთრებული სიამაყით ავღნიშნე, რომ რუსთავი ერთადერთი რეგიონალური ქალაქია საქართველოში რომელსაც ღია მამრთველობის სტრატეგია გააჩნია), ღია მონაცემების და დიზაინ- ვორქშოპების გამოყენება იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ე.წ. Smart– city-ს შექმნას უკავშირდება, ბლოკჩეინი და ხელოვნური ინტელექტი მმართველობში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ჰაბს მხარდაჭერას UNDP და სახელმწიფო სერვისების განვითარებეის სააგენტო უწევს, ეს თანამშრომლობა საკმაოდ რეალური და შედეგიანი გვეჩვენება.

არ ყოფილა ამაო ერთდღიანი კონფერენციის გამო ნახევარი ევროპის შემოვლა, არც იმ ხალხის შრომა ვინც რომ ჩვენი ამ კონფერენციაზე მოხვედრისთვის ყველაფერი იღონა, და არც ჩემი საშინელი გაციების გამო თვითმფრინავის ყოველი აფრენა-დაჯდომისას გადატანილი აუტანელი თავის ტკივილი.

ახლა უკვე ვუბრუნდებით მუშაობს ჩვეულ რეჟიმს და ვაგრძელებთ ჰაბში დაგეგმილ საქმიანობას: მოსახლეობასთან კონსულტაციების რუსთავის გრძელვადიან ხედვაზე, ახალგაზრდობის განათლებისა და დასაქმების პერსპექტივებზე კერძო სექტორთან თანამშრომლობით, და სამომავლო პროექტებზე, რომელსაც სხვადასხვა მხარეებთან ერთად დავგეგმავთ და განვახორციელებთ. ყველას, ვისაც დააინტერესებს ჩვენი საქმიანობა, გთხოვთ მოგვმართოთ რუსთავის ინოვაციების ჰაბში და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან.

--

--