რატომ ბუზღუნებს ცხრათავიანი დევი?
დილას ყველა ერთად იღვიძებს.
თვრამეტივე თვალი ერთად უნდა მოისრისოს, დაიბანოს, ცხრაჯერ ოცდათორმერტი კბილი გამოიხეხოს.
ჩაცმა არც ისე ძნელია როგორც შეიძლება გეგონოთ, შემოიცმევს ერთ საყელოიან პერანგს და მზადაა.
ადრე ვიღაც დიზაინერმა ცხრასაყელოიანი მაისურები გამოუშვა, მაგრამ ძალიან არაკომფორტული იყო. ხანდახან რომ სახელოში თავს გაყოფ და საყელოში ხელს, ხო იცით? ახლა ეგ ცხრა თავზე წარმოიდგინეთ.
საუზმე რიგრიგობით უნდა ჭამონ, თორემ ერთხელ ყველაფერი ერთად შესანსლეს, წიწიბურა, ფაფა, მურაბიანი პური, ფუნთუშა, ორცხობილა, ჩაი.
და მერე მთელი დღე მუცელი სტკიოდა.
მაგრამ თან ყველაფერი დასწრებაზეა.
მერე ამდენ ჭიქას, ლამბაქს, კოვზს, ჩანგალს და თეფშს ვინ დარეცხავს.
ამიტომაც ბუზღუნებს და ბუზღუნებს.
დილიდანვე დაღლილია.
ახლა ჩაცმის დროა. ტანსაცმელს ყოველთვის მესამე არჩევს. ერთხელ “მოდების ჩვენება” გამართეს და ასე დადგინდა, ყველაზე კარგი გემოვნება მას აქვს.
აქ ყველაფერი ადვილია, შარვალი და პერანგი. კიდევ კარგი მხოლოდ ორი ფეხი აქვს და ფეხსაცმლის ჩაცმაც ადვილია.
— წარმოგიდგენია, რვაფეხა რა ცოდოა? — ხუმრობს მეხუთე და ყველა ხარხარებს. სახლი ზანზარებს, ჭაღი ბზრიალებს, კარადა დახტის, კედლებზე სურათები ქანაობენ.
რვაფეხას კი დასცინა, მაგრამ თვითონ რომ ცხრა ქუდი აქვს დასახური და ცხრა კაშნე — შემოსახვევი? აქაც მესამე ირჩევს ყველა ფერს და ფორმას. მაგრამ ხანდახან, რომელიღაც მაინც შემოიხვევს ხოლმე რაღაც მყვირალას და დანარჩენები რომ აღმოაჩენენ, უკვე გვიანია.
და მერე ბუზღუნებს და ბუზღუნებს და ბუზღუნებს.
სამსახური ადვილი აქვს. პრომო დევუნად მუშაობს. ფასდაკლება აქეთ, ახალი კოლექცია იქით, ლობიანი აქეთ და შოთის პური იქით.
ამდენი ყვირილისგან მალევე წყურდება.
მეცხრეს პირი სულ მშრალი აქვს, სანამ ჭიქა წყალი მასთან ააღწევს ხელები ეღლება, ხოლო რომ დაისვენებს, ახლა უკვე რომელიმე ქვედა თავს სწყურია.
მერე მთელი დღე რომ ქუჩაშია მტვერი ცხრავე ცხვირში ეყრება და იწყებს ცემინებას.
ერთს თუ დააცემინა, ყველა ზანზარებს. ცხვირსახოცები, ფურცლები, საბუთები და გაზეთები ფრიალებს. სკამები, მაგიდები, თეფშები და პიანინოც კი ხტის.
ორი ხელით ცხრა ცხვირს ერთად ვერ მოიხოცავს და არის წვინტლებიც ცვენა და ფრენა.
— ვიყიდოთ პირბადეები! — ყივირს მეექვსე.
იყიდე კარგია, ცხრა პირბადე ყოველდღე იცვალო, ეხუმრები შენ ამხელა ხარჯს?
ახლა კიდე შეიძლება იყიდოს, ცემინება მხოლოდ მტვერსა და პილპილზე უტყდებათ, მაგრამ ახალი ალერგია რომ გაუჩნდეს?
იბუზღუნებს, აბა რა იქნება?
გასართობაც წასვლას იშვიათად ბედავს. მეხუთე საერთოდ არაა ხალხში გამოსაჩენი, მაგრამ მის გამო გეგმებს ხომ ვერ ჩაიშხამებს? თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც ადგილის არჩევაა.
მაგალითად, კინოში ან თეატრში წასვლა შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ყოველ ჯერზე უწევს მოლარესთან იმის მტკიცება, რომ რადგან ერთ ადგილს იკავებს ერთი ბილეთი უნდა იყიდოს და არა ცხრა.
— უკაცრავად და ციკლოპებს ნახევარი ბილეთისას ახდევინებთ? — გამოყოფს თავს მეხუთე. ჩხუბი უყვარს ძალიან.
— თქვენ ერთი სახელი გქვიათ თუ ცხრა, ახალგაზრდა — გამოხტება ვიღაც არამკითხე მოამბე რიგის ბოლოდან.
— სახელი ცხრა, ბატონო, მაგრამ პირადობის მოწმობა და პირდი ნომერი მაქვს ერთი და არჩევნებშიც ერთ ხმას ვაძლევ, გასაგებია? — გაღიზიანდება პირველი!
და აი, ასე ჩხუბი და კამათი ხანდახან ძალიან ეზარება.
რესტორანში ან კაფეში წასვლა ძვირი ჯდება. მართალია, მუცელი ერთი აქვს, მაგრამ ცხრავეს თავისი საჭმლის ჭამა უნდა.
ნაყინის ჭამაც კი შარია. რომ დაიწყებენ თქვლეფას, ყველას ერთად ეყინება ტვინი და ცხრავე დარეტიანებულია.
იბუზღუნებს, აბა არ იბუზღუნებს?
დასვენებაც დამღლელია. წამოწვება სავარძელში, ერთს ტელევიზორის ყურება უნდა — ჭინკების სერიალს უყურებს. მეორეს წაძინება, მესამეს წიგნის კითხვა ურჩევნია და მეოთხეს თამაში. მეხუთეს კი სულაც მეცადინეობა უნდა — ინგლისურს სწავლობს.
ახლა ახალი სამსახურის შოვნას ცდილობს. ერთ-ერთ პროფესიად თარჯიმნობა განიხილება. ყველა თავი სხვადასხვა ენას ისწავლის და ასე სამსახური ყოველთვის იქნება.
ადრე კბილის ექიმობა უნდოდა. ერთხელ ძალიან ასტკივდა მეშვიდეს. კი, კარგად უვლის და ყოველდღე იხეხავს ცხრავე პირს, ორას ოთხმოცდარვავე კბილს, მაგრამ ჭია შეიძლება სადმე მაინც ჩარჩეს. ექიმის ეშინოდა, მაგრამ ცხრავე ცხარე ცრემლებით ტიროდნენ და რაღა უნდა ექნა.
მე კბილის ექიმი უნდა გამოვიდეო, გამოაცხადა, მეშვიდე თავმა იმავე დღეს. მაგრამ ეს იდეა მაშინვე უარყვეს. დანარჩენებს სხვის პირში თვრამეტი თვალით ყურება დიდად არ ეპიტნავებათ.
მსახიობობაზეც ფიქრობდა, უბრალოდ ცოტა როლები აღმოჩნდა მისთვის, ხოლო ერთი მსახიობის თეატრი თითქოს კარგი იდეა იყო, მაგრამ მერე ესეც ქაოსში გადაიზარდა, ხან რომელს ავიწყდებოდა ტექსტი და ხან რომელს.
ეჰ… არ ვიცი… არ ვიცი, რაღაცას მოიფიქრებს.
ფიქრიც დამღლელია, მით უმეტეს თუ ყველა ერთად ფიქრობს. ხელზე თავის ჩამოდებაც ყველას უნდა. ვერ ეტევიან, ვინც ეტევა ისინი მძიმეა და ხელები და იდაყვები ეღლება.
შენ ის თქვი, ფიქრისას თუ რომელიმეს თავი მოეფხანა…
ფხანაზე მოგახსენოთ, როცა ცხრა თავი და ორი ხელი გაქვს ჩვეულებრივი მოვლენები დიდ პრობლემებად იქცევა.
მაგალითად, თუ სამი ან მეტი თავი ერთად გეფხანება, მოგიწევს რიგრიგობით მოიფხანო, მაგრამ ვინ არის პირველი? ან მეორე? ან მესამე? ამიტომ თავის ერთი მოფხანა უცხო თვალისთვის შეიძლება ფართხალსაც ჰგავდეს. ვინ იცის იქნებ ამიტომაც ჰგონიათ დევები ზღაპრის გმირებსა და მთხრობელებს ავები და ბოროტები?
მესამეს, მეექვსესა და მერვეს რომ სათვალე დასჭირდათ, ოფთალმოლოგთან წასვლა მოუწია და იქაც ერთი ამბავი იყო. ძლივს დაახუჭინა ექიმმა ჩვიდმეტ-ჩვიდმეტი სხვადასხვა თვალი ექვსჯერ. ქუთუთოებიც კი დაეღალათ.
სათვალის გაკეთებაც ძნელია, სანამ მესამე, მეექვსესა და მერვემდე მიაღწევს, ყველამ უნდა მოისინჯოს, მერე ამდენი ცხვირი და პირი ორთქლავს.
იბუზღუნებს, აბა არ იბუზღუნებს?
დაძინების დრო რომ მოდის ეგეც დიდი ამბავია. ზოგს არ ეძინება, ზოგიც კი დაღლილია და თვალები ეხუჭება, მერე ამათი ჩაძინებული და ჩამოკონწიალებული თავების თრევა და შემოლაწუნება ყველას ბეზრდება.
კბილებს ისევ იხეხავს, აღარ უნდა ჭიები.
შხაპიც უნდა მიიღოს. ვისაც ეძინებოდა ახლა ისინი ფხიზლობენ. მეცხრე, რა თქმა უნდა, წყალს აქაც გველეშაპივით ეპატრონება, მერე ყველა თავის შეშვერას ცდილობს და ასე ძლივ-ძლივობით დაიბანს ხოლმე.
ჩაძინება არ უჭირთ. ცხვრებს რიგრიგობით ითვლიან და სანამ მესამე წრეზე წავლენ მეექვსე უკვე ფშვინავს.
მთელი ღამე ხვირნავენ. სახლი ზანზარებს, ჭაღი ბზრიალებს, კარადა დახტის, კედლებზე სურათები ქანაობენ.
მეზობლებს თუ დავუჯერებთ, თუ მიაყურადებ, ხანდახან რაღაც მელოდიასაც ამოიხვრენენ ხოლმე.
მთავარია ცხრავემ ერთად არ მოაღოს პირი და ბუსუსი, პეპელა ან მტვერი არ შეუფრინდეთ, თორემ დაიწყება ცემინება და ხველება.
და მერე იბუზღუნებს, იბუზღუნებს და იბუზღუნებს.