მანჰეტენის დღიური

სანამ შენ საუკეთესო კოსტუმს დაუკითხავად მოგარგებენ, 6 ფუტის სიღრმეზე მიწაში ჩაგდებენ და დაგატირებენ, რომ ნაჩვენებზე უფრო მეტ სითბოს იმსახურებდი, ერთხელ მაინც უნდა შეხვდე მზის ჩასვლას Empire State Building-ში. გადმოხედო მოფუსფუსე ადამიანებს, რომლებსაც გამუდმებით სადღაც ეჩქარებათ და უფრო მძაფრად აღიქვა რა პატარები ვართ, ჩვენი პატარა პრობლემებით. აი მეც ვდგავარ ნიუ იორკის თავზე, გაურკვეველი წარმომავლობის ტურისტებთან ერთად. ჩემს ქვემოთ ალბათ 100 სართული მაინც იქნება. სუიციდის იდეით შეპყრობილთა გასანეიტრალებლად ფანჯრებზე მიმაგრებული რკინის გისოსებიდან, ვაკვირდები მზის ჩასვლას და გამუდმებით ვამოწმებ საათს, მალე JFK-დან ჩემი რეისი მიფრინავს. ის წარსულში დატოვებს ლიზას, ცხოვრების ამერიკულ პერსპექტივებს და დამაბრუნებს თბილისში. სივრცეში, რომელსაც მივეკუთვნები. წინ დიდი მოგზაურობა და ბევრი საქმეა, მაგრამ მე არ მეშინია — მანჰეტენური დღეებიდან ერთი რამ დანამდვილებით ვისწავლე. ყველაზე გრძელი გზაც, ერთი ნაბიჯით იწყება..

__

ცხელი და ტენიანი ზაფხული იცის ნიუ იორკში. აქ მოხვედრაზე ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვოცნებობდი, სკოლაში წასვლამდე სპაიდერმენის 20-წუთიან სერიებს რომ ვუყურებდი და მჯეროდა, ერთ დღეს მეც გავაბამდი ქსელებს ნიუ იორკულ ცათამბჯენებს შორის. ოკეანის თავზე გადმოფრენა პატარა ბავშვთან ურთიერთობას გავს, პირველი 7 წუთი სახალისოა, მერე გბეზრდება და ელოდები როდის დამთავრდება ყველაფერი. მე ორივეს გამოცდა ერთდროულად მომიწია. JFK-ში ვარშავის გავლით მივფრინავდი და გადასხდომის მერე, პოლონელ დედა-შვილთან ერთად მომიწია ჯდომა. დედამ თავიდანვე გასაგებად განმიცხადა, პრინციპულად არ მინდა რუსულად საუბარი და ინგლისურად გვქონდეს კომუნიკაციაო. მე ასეთი იდეოლოგიური შემართებებით არ ვცხოვრობ და გაუპროტესტებლად დავეთანხმე. პრობლემა ის იყო, რომ ბავშვი მთელი გზა ტიროდა, ისიც პრინციპულად პოლონურად. დედამისი ცდილობდა იუმორით გაენეიტრალებინა მგზავრების შეწუხება და მომიყვა, ერთხელ ასეთივე გრძელ დისტანციაზე როგორ პირდაპირ მოსთხოვა სტიუარდესას, მტირალა ბავშვისგან მოშორებით ადგილის გამონახვა. დარწმუნებული ვარ ახლაც სიამოვნებით გააკეთებდა იგივეს, მაგრამ როცა ეს მტირალა ბავშვი შენი შვილია, სავარაუდოდ ბოლომდე სწორად ვერ გაგიგებენ.

ალბათ კოლუმბს არ გახარებია ხმელეთის დანახვა ისე, როგორც მე. ატლანტის ოკეანის თავზე ფრენისას, გგონია რომ უსაზღვრო ლურჯი სივრცე, არასდროს დამთავრდება. მაგრამ ჯერ გაურკვეველი ნაპირები და მთები გამოჩნდა, მერე დასახლებული პუნქტებიც, ბოლოს კი ცათამბჯენებიც და მივხვდი რომ ნიუ იორკი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. 
 ამერიკის საზღვარზე ქართული პასპორტის ძალა მინიმალურია და შენც ცდილობ არ შეიმჩნიო დაძაბულობა. თვითმფრინავიდან ჩამოსვლის მერე, მესაზღვრეები და პასპორტკონტროლი გველოდა. მეც თავისთან მომიხმო შუშის კაბინაში ჩამჯდარმა 2-მეტრიანმა აფროამერიკელმა ჯიგარმა. მერე კომპიუტერში რაღაცები აკრიფა. მართალია დარწმუნდა რომ მექსიკურ ნარკოკორტელთან, რუსულ ქურდულ სამყაროსთან, იტალიურ მაფიასთან და იაპონურ იაკუძასთან გადაკვეთაში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ ჩემს ქართულ პასპორტს მაინც ამრეზით დახედა, ნაძალადევი ღიმილი შემომაგება და აბა შენ იცი, ველქამ თუ ამერიკაო.

ჩემებთან აეროპორტში შეხვედრა ისეთივე ემოციური იყო, როგორიც “Love Actually”-ს საწყისი კადრებია. ბებიაჩემის მსახიობებმა “ოხ, ქალბატონ ხათუნა იოსელიანს უარს აბა ვინ ეტყოდაო” და მეც კაი VIP პერსონასავით 3 მანქანით დამხვდნენ. ჩაფრენიდან პირველი 2 საათი ხათუნას არ დავლაპარაკებივარ. არ შევაწყვეტინე. 
 მაშინ ბრაიტონ ბიჩზე გვქონდა ბინა ნაქირავები, ანუ ქართველებით, რუსებით, ებრაელებით და პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნების მოქალაქეებით გადახუნძლულ ადგილას. ბრუკლინში ინგლისურის ცოდნა რეალურად არ გჭირდება, რადგან იქ ყველა რუსულად საუბრობს. აეროპორტიდან სახლამდე გზაზე უკვე მივხვდი, რომ თბილისურ საცობებზე წუწუნი სასაცილო იყო, “ტრაფიკები” ნიუ იორკის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, შესაბამისად ყველა სპეციალური აპლიკაციით სარგებლობს, რომელიც გეუბნება რა მომენტში რა ქუჩაა გადატვირთული. გულწრფელად რომ ვთქვა, პირველი შთაბეჭდილება ცოტათი გაუგებარი იყო, მე ცათამბჯენების ქალაქში ჩამოვედი, ბრუკლინში კი ჩვეულებრივი 6–7 სართულიანი სახლები იდგა ჩამწკრივებაზე და ყველას სახანძრო კიბეები ჩამოსდიოდა გარედან. ხათუნამ მოიცადე, ხვალინდელი დღეც მალე გათენდებაო.
 
 ხათუნას ვარაუდი გამართლდა.

დილით სუფთა ქართული საუზმე გვქონდა, თავის ბორჯომით, ტყემლით, შოთის პურით და ა.შ. ნიუ იორკში ‘თავისიანებთან’ ტყლაპს და გუდის ყველს რომ გატანენ, ისედაც არაადეკვატურ საქციელად მიმაჩნდა, მაგრამ ეხლა საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ ბრუკლინში რეალურად ყველაფერი იშოვებოდა, ჩურჩხელით დაწყებული, კვაწარახით დამთავრებული.

წინ მთავარი იყო, მე ნიუ იორკი უნდა დამეთვალიერებინა. ძირითადი ღირშესანიშნაობები კი მანჰეტენზეა. ბრუკლინს და მანჰეტენს რამდენიმე ხიდი აკავშირებს, როდესაც მეტროს ვაგონი ამ ხიდზე გადადის, შენს წინაშე გულწრფელად ამაღელვებელი ხედი იშლება: მანჰეტენური ცათამბჯენები, თავისუფლების ქანდაკება და ყველა ამერიკული სიამე ერთადაა თავმოყრილი. დიდხანს ვისეირნეთ ცენტრალ პარკში, ვჭამეთ ფროუზენ იოგურტი, ვიყავით ეფლის სასწაული დიზაინის მქონე შუშებიან მაღაზიაში, მუზეუმებისკენაც მექაჩებოდა ხათუნა, მაგრამ ასე უბრალოდ ქალაქში სიარული, ბევრად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

შემდეგი დღეები ერთმანეთს დაემსგავსა, ნიუ იორკი დიდია და მის დათვალიერებასაც დიდი დრო მიაქვს, მუღამი ისაა რომ არ გბეზრდება.

ჩასვლიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე ხათუნამ დილაუთენია გამაღვიძა, ვიღაც კაცი რეკავს და ინგლისურად რაღაცას მეკითხება, რა უნდა ერთი გაარკვიეო.

გამარჯობათ, ქალბატონი ხათუნა ინგლისურად ბოლომდე იდეალურად ვერ საუბრობს და რა ხდება-თქო?

ხო ამას ნამდვილად მივხვდი, მერამდენედ ვრეკავ და გაუგებარ დიალოგს ვღებულობო — გაიცინა კაცის ბოხმა ხმამ. 
 მე ქალაქ ნიუ იორკის ამა და ამ დეპარტამენტის, ესა და ეს წარმომადგენელი ვარ. ჩვენმა კომისიამ ქალბატონ ბელა იოსელიანის საქმე განიხილა და დღეიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათებში გელოდებით, იუნიონ სქუერთან, D ავენიუზე ჩვენს ოფისში მობრძანდით, საბუთებზე ხელი მოაწერეთ და გასაღები წაიღეთ, ქალბატონ ბელა იოსელიანს 2-ოთახიანი ბინა გადაეცემა ცხოვრების ბოლომდე მფლობელობაში. წარმატებულ დღეს გისურვებთო.

ნახევრად მეძინა და ხათუნას გაღიმებულმა ვკითხე, რა იყო პასპორტში ისევ ბელა გიწერია-თქო?

კი, რა ხდებაო?

არაფერი, ვიღაც ტიპი გეღადავება რომ მანჰეტენზე ბინა გადმოგცეს-თქო. — კედლისკენ გადავბრუნდი და ძილის შებრუნება დავიწყე.

ხათუნა დიდხანს იყო ჩუმად. მერე სასწრაფოდ ჩაიცვა, ჩემი ჩამოტანილი ჭაჭა ამოიიღლიავა და ისე გავარდა კარში, ძლივს დავეწიე.

შეგიძლია ამიხსნა რა ხდება-თქო?

არა, ეს ებრაელები მაინც რა ხალხია, ვის ჯეროდა გრიშასი, ეგეთი პარალეგალი მეორე არ არსებობსო და თან გარბოდა ჩემი ჭაჭით ხელში.

ბებიაჩემო, აბა დალაგებულად. ვინ არის გრიშა, რას ნიშნავს პარალეგალი, ებრაელებთან რა გინდა, ჩემი ჭაჭა სად მიგაქვს, ვინ დარეკა და საერთოდ რა ხდება-თქო?

გაჩერებამდე ხათუნამ აფორიაქებას ვერაფერი მოუხერხა, ავტობუსში რომ დავსხედით, დაიწყო: პარალეგალი ტიპია რომელიც იურიდიულ დახმარებას გიწევს, მთლად ადვოკატის სერთიფიკატი არ აქვს, მაგრამ საჭირო საქმეებში გეხმარება. რამდენიმე წლის წინ, სანამ ჯერ ამერიკის მოქალაქეც არ ვიყავი, გრინ ქარდის ამბებს ეს რუსი-ებრაელი გრიშა მიგვარებდა, მაშინ ჩემი დოსიე რომ ნახა, მითხრა ამ შენი ოსკარზე წარდგენილ ფილმში მონაწილეობით, გრან-პრებით და სხვა მონაცემებით ისეთ პროგრამაში ჩაგრთავ, ადრე თუ გვიან პროჯექტის კორპუსებში ბინასაც გადმოგცემენო. მაშინ ამის არ მჯეროდა მაგრამ დავთანხმდი, ეხლა კიდე შენითაც ხვდები რა ხდებაო.

გრიშა ზუსტად ისეთი ტიპი იყო როგორიც წარმომედგინა, წარმატებული ადამიანის ჩაცმულობით, ხელზე ძვირფასი საათით, მაგრამ ძალიან უნიჭოდ შეჭრილი ჩოლკით. ხათუნამ გრიშას ყველაფერი მოუყვა, პატივისცემის ნიშნად კონვერტში ჩადებული დოლარებიც აჩუქა და ჩემი ჭაჭაც გაუწოდა. გრიშას დოლარები არ უკვირდა, აი ჩემ “გრუზინსკაია ჩაჩაზე” კი თვალში ეშმაკები ისე აუცეკვდა, მაშინვე საბჭოთა რუსეთში ბაბუაჩემის “კონიაკით და ჭაჭით მოგვარებული საქმეები” გამახსენდა.

დაი ვამ ბოგ სჩასწიაო

ნა ზდაროვიე ჩემი ჭაჭა-თქო და წამოვედით.

გადასვლის პროცესი არ გაგვჭიმია, ხათუნას კონტრაქტით ჰქონდა ბრაიტონ ბიჩზე ბინა ნაქირავები და ხელშეკრულებაც მალევე უმთავრდებოდა. იმავე დღეს დაურეკა დიასახლისს და აცნობა, რომ შეთანხმების გაგრძელებით აღარ იყო დაინტერესებული. ხათუნას მსახიობმა, რომელიც ამავდროულად გადაზიდვებზეც მუშაობდა, დიდი მინივენით მოგვაკითხა და 2 რეისში ყველაფერი გადავიტანეთ. ნოვოსელიეებმა რამდენიმე დღე წაიღო, სუფრებისა და დალევების შემდეგ კი, მანჰეტენური ცხოვრებაც დაიწყო.

ბრუკლინში სახლის საკეტი გაფუჭებული გვქონდა, ვერაფრით მოვაბი თავი ხელოსნის მოყვანას და ამიტომ სახლში შესვლასაც დამატებით 3–4 წუთს ვანდომებდი, სანამ გასაღებს ზუსტად ისე მოვარგებდი საკეტს, რომ გადატრიალებულიყო. მანჰეტენზე იგივე პრობლემა არ იდგა, მაგრამ საკეტის გადატრიალების ხმაზე, წარმატებულ ადამიანად აღარ ვგრძნობდი თავს. 
 
 ერთ საღამოსაც ცოტა გვიან მოვედი სახლში, ხათუნამ არაფერი წამოიღო, უკვე ყველაფერი ამოვიტანეო. ამოვედი და ვიჩხუბე, ეს ამდენი პარკი რატო ათრიე, ხო გითხარი ჩავალ და მე ამოვიტან ყველაფერს-თქო.

არა აი ნანდო მომეხმარაო.

ნანდო ვინღაა-თქო?

აი ჩვენგან რომ გახვალ მარცხნივ, პირველი არა და მეორე კარის მეზობელიო.

ვახ, შენ და შენი სოციალიზაციის უნარი-თქო რა.

ჩამოსვლის დღიდან თითქმის წვეთიც არ დამილევია და ჩემი ჩამოტანილი 6 ბოთლიდან, 5 ბოთლი ჭაჭა ხელუხლებელი იდო, ერთ-ერთს მოვკიდე ხელი და ნანდოს კარებზე ზარი დავრეკე. კარი ვიღაც ღიპიანმა ლათინოსმა ბიძაკაცმა გააღო, რომელსაც კაი აწყობილი ეპარქიის წინამძღვარს რომ შეშურდება, იმხელა ჯვარი ეკიდა კისერზე.

გამარჯობა, უკაცრავად, ნანდო თქვენ ხართ-თქო?

რა იყო კიდე რამე შარში გაეხვაო?

არა, მადლობის გადასახდელად მოვედი-თქო.

ღიპიანი სახლში შებრუნდა, ნანდოო დაიძახა და მერე ესპანურად დააყოლა რაღაც.

ოთახიდან 2-მეტრიანი ტიპი გამოვიდა, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა და პატარა ბავშვის პირტიტველა სახე. რა ხდებაო?

მგონი ბებიაჩემს დაეხმარე პარკების ამოტანაში, მადლობის გადახდა მინდოდა, ჩვენ თქვენი ახალი მეზობლები ვართ, აი ეს ჩემგან-თქო და ჭაჭის ბოთლი გავუწოდე.

მე არ ვსვამ, მაგრამ მადლობაო და ბოთლი მაგიდაზე დადო. აქ თუ არავის იცნობ გაგიჭირდება, მეც გამოვლილი მაქვს ეგ პერიოდი, ეზოში ვაპირებ ჩასვლას, თან ვიღაცეებსაც გაგაცნობ, თუ გინდა წამომყევიო.

ჩვენი სახლის წინ FDR drive-ის დიდი, ხმაურიანი სამაგისტრალო გზაა, ზემოდან კლეტკებში გახვეული ხიდი გადადის, აი ისეთი, გოგოები მაისურაწეულ ფოტოებს რომ დებენ ზურგით და tumblr-ზე ან instagram-ზე bad girls have more fun-ო აწერენ. მაგისტრალის იქით ისტ რივერია და მერე ბრუკლინი იწყება. მაგრამ მანამდე დიდი სათამაშო მოედნებია გაკეთებული. კალათბურთის, ფეხბურთის და ერთიც უბრალოდ გრძელი სარბენი ბილიკი წრეზე. ნანდოს ჩაცმულობა ისეთივე იყო როგორიც იქაური ლათინოსების უმრავლესობის. შორტები, ბრეტელებიანი მაისური, მაღალყელიანი თეთრი გეტრები და რეზინის შლოპანცები. უკან ზურგჩანთა ეკიდა, რომელშიც ყოველთვის ედო ბოტასები და კალათბურთის დიდი წითელი ბურთი. ხო, ტატუები კიდევ ცალკე თემაა, ნანდოს დიდი ჯაჭვის ტატუ ჰქონდა, რომელიც ოდნავ გვერდზე გაწეული ჯვრით იკვრებოდა, როგორც მერე მითხრა, ამას ცალკე მნიშვნელობა ჰქონდა და თავისებურად იხსნებოდა.
 კალათბურთის მოედანზე შევედით. იქ ყველა ესპანურად საუბრობდა და მე უცხოდ ვიგრძენი თავი. გაიცანით ეს ალეხანდროაო. გადამაესპანურა დაუკითხავად. მერე ვიღაც ტიპები და რამდენიმე გოგო გამაცნო. ეს ჩემი და სოფიააო. სოფია დაბალი სიმაღლის იყო, საყვარელი ყავისფერი თვალებით, აწეული, უკან შეკრული თმით და ლათინოსებისთვის დამახასიათებელი, პატარა, გამოკვეთილი სახის ნაკვთებით.
 ჩემი ინტეგრირება აშკარად შეთამაშებულ, ესპანურენოვან კამანდაში, ცოტათი ხელოვნური იყო და მხოლოდ ნანდო მეკონტაქტებოდა აქტიურად. მერე მითხრა, მოდი ერთი-ერთზე კალათბურთი ვითამაშოთო.
 
 რა აზრის აქვს, ჩემზე ალბათ 20–25 სანტიმეტრით მაღალი ხარ, თან მე კალათბურთის თამაში არ ვიცი-თქო.
 
 ჩანთიდან ბოტასები ამოიღო, ფეხზე გამოიცვალა, ბურთი გადმომიგდო და დაიწყეო. სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ, პირველივე რაც მოვიფიქრე შორიდანვე სროლა იყო, მაგრამ ჯერ იყო და დამამცირებლად დამიფარა, მერე ბურთი აიღო, ფეხებში გაიტარა, ჯერ ერთ მხარეს მომატყუა, მერე მეორე, ბოლოს თავზე გადამახტა და ჩატენა. 
 
 იქ შეკრებილ ნანდოს მეგობარ ლათინოსებს განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონიათ, მერე როგორც გავარკვიე ნანდოსგან ამას ყველა მიჩვეული იყო. ის საკუთარი კოლეჯის კალათბურთის გუნდის კაპიტანი და ლიდერი იყო, თავის მომავალსაც NBA-ს უკავშირებდა. იმ საღამოს გვიანობამდე ვიყავით ეზოში, სანამ ხათუნამ არ დამირეკა და მთხოვა ავსულიყავი. ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებოდა და ჩემი დახმარება ჭირდებოდა. გავუყევი სახლისკენ გზას, ნანდო კალათბურთის ფართან დარჩა, სახლისკენ გზაზე კი სოფია გამომყვა. მე მექსიკელები მეგონენ, გაირკვა რომ სინამდვილეში პუერტო რიკოდან ყოფილან, ისიც გაირკვა რომ ნანდოს სინამდვილეში ფერნანდო ერქვა. მერე ნომრებიც გავცვალეთ მე და სოფიამ, თავიდან ნანდოს ნომერი ვკითხე, ასე უფრო სწორად გამოდიოდა, მან ორივე მომცა, მერე კი დამცინა.
 
 T-mobile-ს რატომ ხმარობ, წეწავენ ხალხსო.

მაგდენი აღარ ვიცი, რაც დამახვედრეს, ის ნომერი მაქვს, ნანდოს უთხარი აუცილებლად მივწერ-თქო.
 
 კარგიო.
 
 დავემშვიდობეთ.
 
 
 ნიუ იორკს თუ დიდხანს შემორჩი, ერთი თავისებურება აქვს. რამდენიმე დღეში თენდება დილა, როცა ხვდები რომ მარტო ხარ. როცა პირველი ემოციური შოკი გადალახულია, როცა ხვდები რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს, ცათამბჯენებს თავიანთი. შენამდეც იდგნენ და ალაჰუ აკბარები თუ არ შეაფრინდნენ, შენს მერეც იდგებიან, არავინ მოგისაკლისებს. ხვდები რომ მანჰეტენიც უბრალო ლოკაციაა, სადაც ბედნიერებას მოპოვება უნდა. ხვდები რომ ყველაფერი მარტო პლიუსი არაა და მინუსებს ისე იავნადაც ვეღარ მალავ. თვალის გახელიდან 15 წამში უკვე მივხვდი, რომ ეგ დილა იყო. ხოდა მაგ დილას არ უნდა დაგენძრეს, თორე მერე დაგენძრევა და დაგენძრევა. გარეთ გასვლა და სწორი ნაბიჯები მჭირდებოდა. ხათუნა თეატრში იყო, სახლში სიცარიელე სუფევდა. გადავივლე, მოვწესრიგდი, თან Beenie Man-ის Street Life 3-ჯერ თუ 4-ჯერ ზედიზედ ჩავრთე. სულ კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე, პირველად მაშინ მოვუსმინე როცა ინგლისური არ ვიცოდი და ალბათ ამიტომ. ძალიან მშიოდა, მაგრამ მარტოობაში, გამზადებული საჭმლის მაცივრიდან მაგიდამდე მიტანა უფრო მიძნელდება, ვიდრე ჩვენს მთავრობას იმ აზრამდე მისვლა, რომ 25 მილიონი აღარ გადაიხადოს. უფრო სწორად მისულები არიან, უბრალოდ რომ აღარ გადაიხადონ, შემდეგი არჩევნების მერე მთავრობაში აღარ იქნებიან, თუ მიატანეს არჩევნებამდე. მეც პრაგმატულად ვუყურებ და არ ვამტყუნებ. ცხოვრება ეგეთი თემაა, ყველას გვაქვს რაღაც, რისი კეთებაც არ გვინდა, მაგრამ რომ არ გავაკეთოთ სხვა ბენეფიტებზე უარის თქმა მოგვიწევს. თორე არც ჩემი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ლექტორი ხუმრობდა სასაცილოდ და არც ბებიაჩემის დაქალებთან ბრუკლინში გასვლაზე ვოცნებობდი წინა დღეს. 
 მანჰეტენზე რამდენიმე საყვარელი ადგილი მაქვს, მაგრამ მშიოდა და ფროუზენ იოგურტი გამოირიცხა. დარჩენილი აზრიანი ალტერნატივებიც შორს იყო და ვერაფერი მოვიფიქრე. სახლთან ახლოს, იუნიონ სქუერთან რაღაც პატარა კაფეში შევედი. ლამაზი პირისახის ლათინოსმა გოგომ, რომელსაც მწვანე უნიფორმა ეცვა და მარცხენა არცთუ დიდი ძუძუს ოდნავ ზემოთ, ოქროსფერ ფონზე, შავად ეწერა მონიკა, გამიღიმა. შეიძლება სულაც არ ეღიმებოდა, მაგრამ გამიღიმა. ხოდა ასწორებს ოფიციანტი რომ გიღიმის, ჩვენთან ეგრე არ არის. მაგრამ მაგასაც თავისი მიზეზი აქვს, უცბად თავში მონიკას ცხოვრების ბიოგრაფიული ჩანახატი გამიჩნდა. მიატოვა თავისი ღარიბი მექსიკა, გადმოიპარა საზღვარზე, აქ ფეიქ მერიჯი გააფორმა და შრომის უფლებაც მიიღო. ეხლა მუშაობს საათში 16.5 დოლარზე და იღიმის. მაგრამ საათში 16.5 დოლარზე მეტად იმიტომ იღიმის, რომ ხვდება რაღაცას მიაღწია, 0-დან დაიწყო, საკუთარი გზა გამოიარა და რაღაც წერტილში მოვიდა. ჩვენთან კიდე ოფიციანტები იმიტომ არიან ოფიციანტები, რომ “ჯერ სხვა არაფერი გამოჩნდა”, არანაირი ტრენინგი არ გაუვლიათ და 16.5 დოლარს შეიძლება დღეშიც არ იღებენ. ხოდა დაგიბღვერენ, აბა რას იზამენ. ვეკიდები გაგებით.. ბევრი რომ არ გავატრაკო, კაპუჩინო და რაღაც ლორის სენდვიჩი შევუკვეთე. დიდად არ მიდიოდა ერთმანეთზე, მაგრამ ეგ არაფერი. სხვა რაღაც უფრო მაწუხებდა, მარტო ვიყავი და მანჰეტენის პეიზაჟების თვალიერებაც ისე აღარ მისწორდებოდა, როგორც თავიდან. ვიჯექი და ვფიქრობდი: თბილისზე, აქაურობაზე, ძმაკაცებზე, ყოფილებზე, რობენს რომ 2012-ს ფინალში პენალტი არ გაემაზა იმაზე და კიდევ მილიონ რაღაცაზე.

ამ სორი, სანთებელა ხომ არ გაქვთო? — ავიხედე და გაანათა. ჩემს წინ ქერა, მწვანეთვალება, ამ სიცხისთვისაც კი შეუსაბამოდ თხლად და სექსუალურად ჩაცმული, თავზე ვარდისფერქუდიანი, out of my league გოგო, კეთილი ღიმილით იდგა და ჩემგან “კის” ან “არას” ელოდებოდა.

პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი აღარასდროს გვეძლევა, თან მეც დასაკარგი ბევრი არაფერი მქონდა და მაინცდამაინც დიდი აღელვების გარეშე, როგორსაც ელოდებოდა იმაზე ბევრად გრძელი პასუხი გავეცი.

იცი ცხოვრებაში სიგარეტი არასდროს მომიწევია, ამით ყოველთვის ვამაყობდი და მოდი ისე ნუ ვიზამთ, რომ ცხოვრების სინანულად გადამექცეს პასიური მწეველობა, ჰაი მე ალექსანდერი ვარ-თქო. — ცოტა ინგა გრიგოლიასავით კი გამომივიდა ეს ბოლოში მისალმება, მაგრამ მგონი ძალიან ცუდიც არ იყო. პაუზა მოარტყა და მეც ცოტა დავიბენი. ან გამეცნობოდა, ან ბოლო დონის იდიოტად მომნათლავდა.

ჰაი, მე ლიზა ვარო.

ჩამოჯექი ლიზა-თქო.

ჩამოჯდა.

ამ იდეაში არაადეკვატური გამოხტომის მერე, ალბათ მე უნდა დამეწყო საუბარი. გამოხდა ხანი რაც ღირებულებების გადაფასების, გარკვეული იმედგაცრუებების და ალტერნატივათა სიუხვით, ერთი კონკრეტული ინდივიდის მნიშვნელობის გაუფასურების გამო, სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელ გოგოებთან საუბარში, ვეღარ ვნერვიულობ, ვეღარ მოვდივარ მარტივად აღტაცებაში, ვეღარ მაინტერესებს ძველებური დოზებით რა შთაბეჭდილებას ვტოვებ. ფლირტში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ სანამ საქმეში გრძნობები და გულწრფელობა ჩაერთვება, რამდენიმე მეთოდს, მაინც შეიძლება ეწოდოს აპრობირებული. ის იყო საუბარი უნდა დამეწყო, რომ პირველმა თვითონ დაარღვია სიჩუმე.

იცი ყოველთვის მშურდა შენნაირი ტიპებისო.

უცბად 7 წლისამ ბურთით ფანჯარა რომ ჩავუტეხე, იმ მეზობლის სიტყვებიდან, გუშინ ბრუკლინში ბებიაჩემის დაქალები რომ მლოცავნდენ იქამდე, ჩემდამი გამოთქმულმა ყველა შეფასებამ გამიარა თავში და გულწრფელად ვერ მივხვდი რისი შეშურდა, ან როგორი იყო ამ 43 წამში, ლიზას თვალით დანახული “ჩემნაირი ტიპი.”

როგორი ტიპების-თქო? — ვკითხე საშუალოზე ოდნავ უფრო გაღიმებულმა.

რომლებსაც შეუძლიათ კაფეში მარტო დასხდნენ და ჭამონ, თან არ ეშინოდეთ რომ საშინლად მარტოსულად გამოიყურებიანო.

ძაან ჩახლართე. თან მგონი შენც მარტო ხარ-თქო.

იდეაში ყავა ავიღე და ლექციაზე გავრბოდი, მაგრამ მაინც ვერ ვიტან მაგ კაცს. ტიპი ნებისმიერი სახის კრიტიკაზე ჰიპერესთეტიურია და მგონი საერთოდაც დისოციალური აშლილობა ჭირსო.

კაი მაგდენი არც ინგლისური ვიცი და არც ფსიქოლოგია. მაგრამ დაახლოებით მივხვდი რა ფაკულტეტზეც სწავლობ-თქო.

შენითო?

მგონი შენი გარეგნობის გოგოსთვის, ფლირტის აგრესიული ფორმა საუკეთესო არჩევანი არ არის-მეთქი და ვეცადე ვნებიანად შემეხედა. ანუ ისე, როგორც არასდროს გამომდის.

Come on, უბრალოდ დილაა, ძილი არ მეყო, რომ ვერ ვიტან იმ კაცის ლექცია მაქვს, სიგარეტის მოწევა მინდოდა და სანთებლის ნაცვლად, ეს დიალოგი მივიღე. თან დიეტაზე ვარ და უჭმელობა ხასიათში გადამდის, თორემ შენთან ფლირტზე, მითუმეტეს აგრესიულზე სულაც არ მიფიქრიაო და გაიცინა. რამდენიმე წამის დაგვიანებით, ზა კამპანიუ მეც გავუცინე, თორემ ჩემთან ფლირტზე თუ არ უფიქრია, ამაში სასაცილოს და ბედნიერების მომტანს, ბევრს ვერაფერს ვხედავდი.

დიალოგის პირველი ნაწილის მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ლიზასთვის კოლეჯში წასვლა, დღევანდელი To do list-იდან საერთოდ ამომეშალა. რაღაც მანქანებით ეს მოვახერხე და ეხლა ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობის დროც დადგა.

არ მინდა ჩვენი საუბარი გაცნობის საიტის სტანდარტულ დიალოგს დავამსგავსო და ავტობიოგრაფიული ჩანართი მოგთხოვო, მაგრამ თუ მეტყვი საიდან ხარ, ამ ქალაქში და ამ კაფეში როგორ მოხვდი, სიამოვნებით მოგისმენ-თქო.

კალიფორნიიდან ვარ, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით კატალინას კუნძულების პატარა ქალაქ ავალონიდან, რომ იცოდე რა ლამაზია და როგორ მიყვარს იქაურობა. როცა ჩემი ბერძენი დაქალი ავალონში ჩავიყვანე, მითხრა რომ ერთი-ერთში გავს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს. საკურორტო ქალაქია და წელიწადის ყველა დროს უამრავი ტურისტი ჩამოდის, მართლა უცნაურია ამ პატარა ქალაქში ამდენი კაფე, გალერეა და უამრავი გასართობი ადგილი როგორ ეტევა. აბა ნიუ იორკში რა უნდა დაინახო ფანჯრიდანო და ჩვენი კაფიდან, ერთმნიშვნელოვნად გასაწმენდ მინებში არსებულ ხედზე მიმანიშნა. ბეტონი, მანქანები, შენობები და ურბანიზაციის ყველა სისასტიკე ერთად. იქ კიდევ ულამაზესი ხედებია, უკიდეგანო ოკეანე, ქუჩებში ჩამწკრივებული პალმები და მუდამ გაღიმებული ხალხი. ცხოვრების სხვა რიტმი, სიმშვიდე და განცდა რომ არსად მეჩქარება, ყველაზე მეტად მენატრება. გულწრფელად გითხრა, მგონი მხოლოდ ამ განცდისთვის ჩამოგიჯექი ეხლა აქო და გამომწვევად გამიღიმა.

ამჯერად ლიზამ საპასუხო ღიმილი ვერ მიიღო.

უკვე მეორედ აკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ფლირტისთვის ან ზოგადად ჩემს გამო არ დარჩი. ფსიქოლოგმა ქალმა კი უნდა იცოდე, იმაზე თავის მართლება რაც ისედაც არ დაუბრალებიათ შენთვის, გარკვეულ ეჭვებს ბადებს-თქო.

ლიზას თემა აღარ განუვრცია და მოკლედ მომიყვა რა გზა გამოიარა ავალონის ელემენთერი სქულიდან, NYU-ს ფსიქოლოგიის მასტერამდე. მერე ვცვალეთ და ვცვალეთ თემები, ვისაუბრეთ ნიუ იორკში ცხოვრების თავისებურებებზე, ობამაქეარის მინუსებზე, კოგნიტურ დისონანსზე სადამდეც გავუქაჩე, სპორტზე, უფროსწორედ იმაზე რომ სპორტზე საუბარი არ უყვარს, ოჯახის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში, ვიხუმრეთ ბევრი.. დაბალი თვითშეფასებით შეპყრობილთა ფარულ შეკრებებზე, ჯგუფური თერაპიის მემბერ ქარდი ისედაც არასდროს მქონია, მაგრამ ჩემი ხუმრობები გულწრფელად უფრო მაღალი ხარისხის იყო. რამდენიმე წარმატებული ისტორიის და გაცვლილი კომპლიმენტის შემდეგ, შევატყვე რომ ამინდზე დავიწყეთ საუბარი. ეს ყოველთვის განგაშის ზარია. მივხვდი რომ რაღაც ახალი უნდა მომეფიქრებინა, თორემ სულ მალე დადგებოდა ის საშინელი წამი, რომელსაც ჰქვია მოწყენილობა. მოწყენილობა ეს გაურკვევლობაში მყოფი ადამიანის განცდაა, მე კიდე როდის, როდის და ეხლა, ნამდვილად არ ვიყავი გაურკვევლობაში. ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა. იმაზე უნდა მეზრუნა, რომ ლიზასაც სცოდნოდა. იდეაში, ეგზისტენციალური მოწყენილობა ლიზას არც ემუქრებოდა, მაგრამ სიტუაციური მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად, იანგ ლეიდის ერთი დღით დიეტის დარღვევა ვთხოვე. სტეიკი და წითელი ღვინო ყოველთვის იდეალური არჩევანია. ერთი ის იყო, რომ კაფე რომელშიც ვისხედით, კონკრეტულად ყავის და სენდვიჩების მიმართულებით მუშაობდა, ამიტომ ლოკაციის შეცვლა მოგვიწევდა. მონიკამ 2 ანგარიში მოიტანა. რა თქმა უნდა, ვცადე გურჯისტან მაფია ჩამეტარებინა, მაგრამ ლიზამ ისეთი სახით გამომხედა, რომ მივხვდი თუ არ მინდოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ენჯეოშნიცა ფემინისტები“ მოთხოვნით „ორგაზმი მამაკაცების გარეშე“ ჩემკენ დაძრულიყო, ამერიკაში მყოფს, ამერიკული ქუდი უნდა დამეხურა.

გამოვედით. ლიზამ თადარიგი დაიჭირა, საჭესთან ახალი დამჯდარი ვარ, მანქანას ამიტომ ვატარებ ცუდად და არა იმიტომ რომ გოგო ვარ. დაბალი ხარისხის მასკულინური იუმორის პროდუცირებას თუ აპირებ, შემიძლია დიეტის დარღვევა გადავიფიქროო. 
 
 პასუხი არ გამიცია.
 
 გარეთ გამოსულებს შეცვლილი ამინდი და საშინელი ხმაური დაგვხვდა. 
 
 ლიზამ ჩანთა გახსნა და იმხელა კევი ამოიღო, რეკლამაშიც ერთს რო იდებენ. მეც გამინაწილა.
 
 აი ეს საყვარელი წითელი მანქანა ჩემიაო.
 
 გინდოდა გეთქვა Audi A4, თუ არ ვცდები 2010 წლის გამოშვება, 4-ცილინდრიანი, 2.0 ძრავით, 8 აირბეგით, ჰიდრავლიკით და 220 ცხენის ძალით. ვერ ვიტყვი რომ დამწყები გოგოსთვის იდეალური არჩევანია, მაგრამ ნება შენია-თქო.
 
 კიდევ ბევრ უსარგებლო ინფორმაციას ფლობო?
 
 კი, შემიძლია ჩამოგითვალო ბაიერნის ყველა სეზონის სრული შემადგენლობა 2000–01-დან დღემდე, ჩამოგითვალო რამშტაინის ალბომები წლების მიხედვით, გითხრა რომ რეალურად ჟირაფი უფრო დიდხანს ძლებს უწყლოდ ვიდრე აქლემი და ფუტკარს 5 თვალი აქვს, გავაგრძელო-თქო?
 
 არა სად წავიდეთ, ის მითხარიო
 
 რამდენიმე დღის წინ ხათუნას ერთ-ერთმა მსახიობმა დაგვპატიჟა სტეიკზე და ლიზას მეც ის ადგილი შევთავაზე. პრინციპში სხვა ბევრი არც ვიცოდი, მაგრამ ლიზამ ნიუ იორკში საუკეთესო სტეიკის გასინჯვა თუ გინდა, მე-6 ავენიუზე, STK Midtown-ში წავიდეთ, წესით ადგილები წინასწარ უნდა დაგვეჯავშნა, მაგრამ თუ გაგვიმართლა დაგვსვამენო. 
 
 როგორც ჩვენთან უნიჭოდ ხუმრობენ, ლიზა საჭესთან ნამდვილი ქალღმერთი იყო — ის ატარებდა, მე ვლოცულობდი. წინა მანქანამ ავარიულები რომ ჩართო და ლიზამ „გაიგე ეხლა ეს საით უხვევსო“, მანდ მივხვდი რომ ღვედი კარგად უნდა გადამეჭირა.
 მანჰეტენურ ტრაფიკებში მოგზაურობის შემდეგ, STK Midtown-შიც მივედით. აი დატრენინგებული ოფიციანტები აქ იყვნენ, თუ იყვნენ. რაც ნიუ იორკში ჩამოვედი იმის მერე სულ თენქიუ-ველქამის მოსმენაში და 32-კბილიანი ღიმილის ყურებაში ვარ. რეალურად ეს სასიამოვნოა და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ხელოვნური პოზიტივი ხანდახან ბუნებრივ ნეგატივზე დამღლელი და უსიამოვნოა.
 
 თუ ვსვამთ, მანქანას პარკინგზე დავტოვებ და ხვალ მოვაკითხავო. 
 
 გულწრფელად გითხრა, მე 1 ჭიქის მოწრუპვის ხასიათზე უფრო ვარ. თუ მენდობი, სახლში მე დაგტოვებ, შენ და წითელ ღვინოს, ურთიერთობის თავისუფლებას გაძლევთ-თქო. 
 
 მცირედი ყოყმანის მერე ლიზა დამთანხმდა.
 
 სულ რომ 50 წლის იყო, ამერიკულ რესტორნებში ID ბარათს მაინც გთხოვენ, რათა დარწმუნდნენ რომ სრულწლოვანი ხარ. კანონით ალკოლოჰის გაყიდვა არასრულწლოვნებზე უმკაცრესად კონტროლდება. გამონაკლისი არც აქაურობა იყო. ოფიციანტმა ჯერ ლიზას ID ნახა. დონელი ელიზაბეტ, კი ბატონო.. თუ შეიძლება თქვენიც რომ ვნახოო. ქართული ID გაუკვირდა, მერე მიხვდა რომ ჩემი გვარის წაკითხვას აზრი არ ჰქონდა და პირდაპირ დაბადების თარიღს ჩახედა. 2 სტეიკი და წითელი ღვინო. მალე მოგართმევთო და დაგვტოვა.
 
 შეიძლება შენი ქართული ID მეც ვნახოო? 
 
 კარგია რომ ჩიპში ჩასახლებულ ანტიქრისტეზე ამერიკაში არაფერი სმენიათ, ლიზამ დიდხანს უყურა ჩემს ID-ს და მერე ხმამაღლა დაიწყო კითხვა: 
 
 ალექსანდრე კალ.. ამაჰ.. ელიდ.. ზ.. ეს შენი გვარიაო?
 
 კალმახელიძე-მეთქი. მოკლედ მოვუჭერი ეიფორიავერგაზიარებულმა.
 
 ამას როგორ იმახსოვრებო? 
 
 ქართულს როცა ისწავლი და ყველა სიტყვის მნიშვნელობას გაიგებ, მერე შენც მარტივად დაგამახსოვრდება-თქო.
 
 და რას ნიშნავს შენი გვარიო?
 
 ვერაფრით გავიხსენე ინგლისურად კალმახი როგორ იყო და თევზს-მეთქი.
 
 კარგი, მაშინ მეც ენა რომ აღარ მოვიმტვრიო, Fish-ს დაგიძახებო.
 
 და აი აქ, ჩემმა ჯერ კიდევ წლების წინ ჩამკვდარმა, ქუჩური მენტალობის მქონე ალტერ ეგომ, ჰპოვა ის ბედნიერება, რომელიც მისთვის, არავის არასდროს მიუნიჭებია. საქმე ისაა რომ ჩემ უბანში, ალბათ ისევე როგორც თბილისის უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ყველა ბიჭს გიორგი, სანდრო და ნიკა ერქვა. მათი იდენტიფიცირებისთვის კი გვარის, საქციელის, წარმომავლობის თუ სხვა ნიშნის მიხედვით, თითოეულს საკუთარი ზედმეტსახელი ჰქონდა. ხოდა ჩვენ უბანშიც დადიოდნენ კაკაბა, ხონსკი, მუმუ, კოშკა, რებეთა და სხვები. მე კიდევ უბანშიც, სახლშიც, სკოლაშიც, ფეხბურთზეც, გოგოსთან პაემანზეც, ინგლისურის გაკვეთილზეც და ვიღაც ტიპთან თრახის თემაზეც, საშკა ვიყავი. იმიტომ არა, რომ საკუთარი სახელი არ მომწონს. პირიქით, უბრალოდ მაშინ ვფიქრობდი რომ ეს ფაქტორი, უბნის ცხოვრებაში ჩემს ასიმილაციას გარკვეულწილად ხელს უშლიდა.
 
 ლიზას ღვინო მალევე მოეკიდა და ჩვენს შორის არსებულმა ყინულმაც, ახალი ტემპით დაიწყო დნობა. ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ, სტეიკიც დავაგემოვნეთ და უკვე ბოლომდე უცნობებიც აღარ გვეთქმოდა. მე ყველა საკითხზე თამამდ ვსაუბრობდი პირადის გარდა. როგორც წესი, ეს გოგოებს აფრთხობთ ხოლმე. ლიზამ მანქანის გასაღები რომ ჩამაბარა და მე-2 ბოთლი წითელი ღვინოც თამამად შეუკვეთა, თვითონ გახსნა ახალი თემა.
 
 როცა სვამ და ყოფილისთვის მიწერა გულწრფელად აღარ გინდება, ხვდები რომ რენდი კროუფორდის When I get over you-ს ძველებური სიხშირით აღარ უნდა მოუსმინო ხოლმეო და ისე გამომწვევად გაიღიმა, კინაღამ ჩამოვადნი მაგიდას.
 
 შემიძლია თამამად გაგიზიარო გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ადამიანზე ემოციური დამოკიდებულებისგან, ამის მეტი მგონი ცხოვრებაში არაფერი მიკეთებია-თქო. 
 
 რატომღაც ამ თემაზე უცნობებთან საუბარი უფრო მიადვილდება, ვიდრე უახლოეს დაქალთან, რომელიც არ მყავს. მე-2 თვეა რაც ჩემთვის რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დავამთავრე, ზუსტად ვიცი რომ უკან არ დავბრუნდები, მაგრამ ეხლა თავს გამოფიტულად და მოტივაციადაკარგულად ვგრძნობ. მშობლებს ბავშვობაში ფანქრების შეკვრა რომ მოჰქონდათ, ბოლოში ყოველთვის იდო თეთრი ფანქარი. უფუნქციო და ზედმეტი. რაღაც ეგეთად ვგრძნობ ნიუ იორკში თავს. ზაფხულის დამატებითი სემესტრი მაქვს NYU-ში აღებული, 3 თვეში ბოლო გამოცდასაც ჩავაბარებ და აღარასდროს გამოვიხედავ აქეთო.
 
 იცი თეთრი ფანქარი შეიძლება ყველაზე მკვეთრი და საჭირო გახდეს, შავ ფურცელს თუ იპოვის-თქო.
 
 ლიზამ მოვლენების რომანტიზებაზე დემონსტრაციულად დამცინა. კიდევ თითო-თითო სტეიკი რომ დავამატოთ, იმედია წინააღმდეგი არ ხარ, სამწუხაროდ მოტივაციას უფრო მარტივად ვკარგავ ვიდრე წონას, თვის დასაწყისში ჩემ თავს შევპირდი, რომ თვის ბოლომდე 5 კილოს დავიკლებდი, დამრჩა 1 კვირა და 8 კილოგრამიო.
 
 სტეიკს დაველოდეთ, ლიზა ღვინის მომდევნო ბოთლს ნელა მაგრამ მეთოდურად უყვანდა ძირს. ყველა ჭიქასთან ერთად, მისი ირონია, რომელიც ნიღაბს უფრო გავდა, სულ უფრო და უფრო იკლებდა.
 
 მოდი პირდაპირ ვისაუბროთ. მე ზუსტად 3 თვეში ავალონში დავბრუნდები, ეს ალბათ ყველაზე უცნაური ნაცნობობაა რაც ამ 24 წლის განმავლობაში მქონია, მაგრამ გულწრფელად გეტყვი, რომ ახლა არც ახალი ურთიერთობა, მეგობარი, სექსუალური პარტნიორი და მითუმეტეს ბოიფრენდი არ მჭირდება. თუ მაინცდამაინც უახლოეს პერიოდში საჭირო ადამიანს განვიხილავთ, მხოლოდ ერთი მიმართულებით მჭირდება ვიღაც, მაგრამ შენ ამისთვის არ გამოდგებიო.
 
 შეიძლება ვიკითხო რა მიმართულებით-თქო?
 
 როგორ გითხრა, მასტერის ხარისხის დაცვამდე 3 თვე რჩება. ჩემი კურსელების უმრავლესობა საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის, გადამწყვეტ ფაზაში არიან, მე კიდე პირადი პრობლემების, სიზარმაცის, დეპრესიის და არეულობის გამო, ისიც ვერ მოვახერხე რომ მუშაობა დამეწყო. ჩემი თემა ერთ კონკრეტულ ტიპზე დიდი ფსიქოპორტრეტის გაკეთება, მისი ყველა რაკურსით ახსნა, წარსულის, აწმყოს და მომავალი პერსპექტივების გაანალიზება და ზოგადი დახასიათებაა. რა უნარ-ჩვევებს ფლობს, რაში ჰპოვებს თვითრეალიზაციას, რა სტრესული სიტუაციები აქვს გავლილი და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს მის ამჟამინდელ ყოფაზე, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა სფეროებისადმი, ოჯახი, ურთიერთობები, ერთი სიტყვით ყველაფერი. გარდა ამისა ეს ტიპი რომელიც იდეაში ცდისპირი და დაკვირვების ობიექტია, სხვადასხვა სიტუაციებში უნდა გამოვცადო. მე ზიმბარდოს ფეტიში მაქვს და ვიტყოდი, ეს ყველაფერი უკეთესი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ცდისპირს კონკრეტულ შემთხვევებში არ ეცოდინება რომ ცდისპირიაო.
 
 არ ვიცოდი ჯიპა და NYU ერთნაირი სქემით თუ მოქმედებდნენ-თქო. მივუგე სიცილით.
 
 მგონი ღვინოს მე ვსვამ და შენ დათვერი, საერთოდ ვერ გავიგე რა თქვიო.
 
 ჯიპა ეგეთი უნივერსიტეტია თბილისში, სადაც ჩემი ბესთფრენდი სწავლობს, ზუსტად იგივე თემაზე აქვს ნამუშევარი, ოღონდ მას ჩემთვის კითხვების დასმა და სიტუაციების მოწყობა არ დასჭირვებია, რადგან ყველა სიტუაციას ფაქტობრივად ერთად გავდიოდით. ცდისპირობას რაც შეეხება, ერთადერთი იმაზე დაწყდა გული, რომ ავტორიტეტისადმი დაქვემდებარების ექსპერიმენტის და ელექტროშოკით გაღიზიანების უფლება არ ჰქონდა. თუ გინდა გადმოვაგზავნინებ და მოკლედ გითარგმნი რა და როგორ, მერე შენ შენით ააწყვე-თქო.
 
 არა, პრობლემაც იმაშია რომ ძალიან გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, ფსიქოლოგია მიყვარს და რეალურად ყველაფრის ჩემით გაკეთება მინდა. დამიჯერე ეხლა ყველაფერი გერომანტიკულება, მაგრამ ჩემთვის ამხელა დროის დათმობა, ცდისპირის როლში შესვლა, სამაგიდო სამუშაოები, ამდენი რაღაცის მოყოლა, დაწერა და გაანალიზება, დამღლელი და რუტინული საქმეა, ნუ გაებმები მახეშიო.
 
 ნაშრომს როცა ჩააბარებ, ყველა გაიგებს რომ ეს ტიპი რეალურად მე ვარ-თქო?
 
 სახელით და გვარით, რა თქმა უნდა არაო.
 
 მაშინ მე თანახმა ვარ, თან დიუის კონცეფციით განათლება გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს, მე კიდე ესეთი შემთხვევა უკვე მქონდა, შემიძლია დაგეხმარო-თქო.
 
 რამდენიმეწუთიანი დისკუსიის მერე, ლიზა დამთანხმდა. 
 
 ზოგადი ინფორმაციის გაცვლის და ზედაპირული დაკვირვების შემდეგ, შენთვის გარკვეული სიტუაციების მოწყობა მომიწევს, ამის შესახებ შეიძლება შენ არც იცოდე და ვერც საბოლოო ჯამში გაიგო, თუ ამაზე მთანხმდები, მზად ვარ ხვალიდანვე დავიწყოთო.
 
 ჩემთვის “შესრულება” არც ისეთი მარტივია, როგორც შენ გგონია-თქო ვუთხარი აროგანტულად და როგორც ბოლოს გაირკვა, სწორედ აქ დავუშვი საკრალური შეცდომა.
 
 გამოვედით. საჭესთან ამჯერად მე დავჯექი. მანქანის ტარება ისე მქონდა აქ ყოფნის პერიოდში მონატრებული, რამდენიმე წუთი ვერაფერზე ვფიქრობდი. წითელ აუდი A4-ს მივაქროლებ მანჰეტენზე, იდეალური ამინდია, გვერდით ესეთი გოგო მიზის, carpe diem მეტი კი არაფერი არაა. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ამას გვიან ვხვდებით ხოლმე.
 სახლამდეც მივედით. კორპუსს 2-სართულიანი ფარეხი ჰქონდა, მანქანა ქვედა სართულზე დავაყენეთ. ლიზას ეტყობოდა რომ წითელ ღვინოსთან იმეგობრა, როგორც ყველა სუსტი აღნაგობის გოგო, ისიც ისეთი სიძლიერით აჯახუნებდა მანქანის კარს, კარგად გაბრაზებულ ჰალკსაც შეშურდებოდა. ლიზას საბარგულში დატოვებული ჟაკეტი ჰქონდა მოცმული და გრძელი ქერა თმები ზურგზე ეყარა. ხელი მოვკიდე და საკუთარი ბინის კარამდე მივაცილე. შეპატიჟების ინიციატივა არც თვითონ გამოუჩენია და არც მე გამოვიდე თავი. ვუყურებდი და რაღაცნაირად მიხაროდა მასთან ერთად ყოფნა, თითქოს მანჰეტენურმა ცხოვრებამ ახალი აზრი შეიძინა. მომიტრიალდა და თავისი მწვანე, წყლიანი თვალებით ცოტა ხანი ჩუმად მიყურებდა.
 
 საცურაო კოსტუმი გაქვსო?
 
 კი, მაგრამ ოკეანეში ერთხელ ვიბანავე და აღარ ვაპირებ, მადლობა-თქო.
 
 ოკეანეში არ გეპატიჟები. ხვალ დილის 12-ზე NYU-ს Palladium Athletic Facility-ში მოდი, იუნიონ სქუერთან ძალიან ახლოსაა, მგონი მხოლოდ NYU-ს სტუდენტებს გვიშვებენ, მაგრამ დაცვის ბიჭს ისე მოვწონვარ აღარ იცის რა ქნას, ყველა შესაძლებლობისას ფლირტში შემოსვლას ცდილობს, დარწმუნებული ვარ შემოშვებაზე პრობლემა არ გვექნებაო.
 
 დაცვის ბიჭის დედას შევეცი-თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ ურთიერთობის ზედმეტად ადრეული ეტაპი იყო ჩემი არაადეკვატურობების გამოსავლენად, ამიტომ სოციალურად აქცეპტირებადი ტიპის ღიმილი მოვირგე, დაცვის ბიჭის კეთილი ნების მოლოდინში.
 
 კარგი მიდი, ხვალამდე, შენს ოთახამდე არსად გადაუხვიოო ლიზამ და გამიღიმა. ოღონდ ისე მომაკვდინებლად არა როგორც კაფეში.
 
 ხო, მერწმუნე ეხლა ჩემ ოთახამდე შორი გზაა, ძალიან შორი-თქო.
 
 ნუ გეშინია fish, ყველაზე გრძელი გზაც, ერთი ნაბიჯით იწყებაო.
 
 ___
 
 სახლისკენ აფორიაქებული, ემოციებით და ფიქრებით დატვირთული გავემართე. ის დრო იყო, მთელი ნიუ იორკი სამსახურებიდან რომ ბრუნდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარტო თბილისში არ აქვს კამანდას ეგეთი სახეები, აქაც ეგრეა. ერთი მე ვიჯექი იდიოტივით გაღიმებული და ყველასთვის მინდოდა მომეყოლა ჩემი დღის შესახებ. ნიუ იორკში ყველას ყოველთვის სადღაც ეჩქარება, ჩემთვის კი მომდევნო დღის 12 საათამდე პერიოდის ერთადერთი დანიშნულება ის იყო, რომ რაც შეიძლება მალე გასულიყო.
 
 სახლში როგორც კი მოვედი, სკაიპს ვეცი და შათირას დავურეკე. ილია ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორც თვითონ ამბობს შათირა მე შევარქვი. არადა წესით, ჩემამდეც უნდა შერქმეოდა. ერთმანეთი მე-10 კლასში გავიცანით. წინა დღეს სკოლაში თქვეს ვიღაც მაგარი გოგო გადმოდისო, მე კიდე სამწუხაროდ შათირა შემრჩა ხელში. როგორც მერე გაირკვა საბედნიეროდ. მაგარი გოგოები მოდიან და მიდიან, ჩვენ ვრჩებით. პირველი შთაბეჭდილება არარეალური იყო. კლასელი გვყავდა დავითაია, რომელსაც ჩემ თვალწინ მარტოს ყავს 8 ტიპი ნაცემი, დანარჩენები გაიქცნენ. ოღონდ არ ვიტყუები. მართლა 8 ტიპი ცემა და სხვები გაიქცნენ. ილიამ სკოლაში მოსვლის პირველივე დღეს დავითაიას ხელი გადაუწია. წითელ ზონას რომ გააშავებენ, რაღაც ეგეთი საქციელი იყო. მართალია იმის მერე 35 კილო დაიკლო და ჯანსაც ვერ მისცა გზა ფართო, მაგრამ ლარს რიკენმა სხვა რომ არაფერი გააკეთოს (და არც გაუკეთებია), იმ გოლს მაინც სულ გაუხსენებენ. ეგრეა ამის ამბავიც. პირველივე დღეს მივხვდით, რომ უნდა გვემეგობრა, ერთნაირად არ მოგვწონდა მხითარიანი, ერთნაირად ვუყურებდით პოლიტიკურ ამბებს, ერთი და იმავე თემებს დავცინოდით, ვაფასებდით და ა.შ. ერთი ის იყო, რომ მანჩესტერის ფანია. უ ვსეხ სვაი ნიდასტატკი. 
 თბილისში ძირითადად სულ ერთად ვართ, თუ არ ვართ საღამოს ვურეკავთ ერთმანეთს და დღის შეჯამებას ვაკეთებთ ხოლმე. აქ ეგ თემა ცოტა აგვერია. ნიუ იორკში როცა შუადღეა, თბილისს უკვე მშვიდი ძილით სძინავს.
 
 სკაიპი ჩაირთო, ვიდეოს რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ერთმანეთის ხმა გვესმოდა. 
 
 ბიჭო კაფეში ვიყავი, ვაბშე ჩემ თემაში, მარტო, გრუსნიაკშეპარული და უცბად ძალიან მაგარი გოგო, აი გლობუსას ბოლო ზარზე რო გაიჩითა, იმაზე მაგარი გოგო, ვაბშე სპონტამ მოვიდა ჩემთან და სანთებელა ხო არ გაქვსო?
 
 შენ რო კაცი სანთებელას გთხოვსო და გადაიხარხარა. არსებობს ღმერთი, ტყუილად არ მიჯერებო. 
 
 ხო ბიჭო, მეც ეგ ვუთხარი, ცხოვრებაში სიგარეტი არ მომიწევია-თქო და მერე მაქედან ავაგე ამბები. ფსიქოლოგიის თემაშია ესეც და დაჟე არ დაიჯერებ, მაგრამ ფსიქოპორტრეტის გაკეთება უნდა, მგონი ჯიპაში NYU-ს პროგრამით გასწავლიან-თქო.
 
 ჰა რა ქენი ხო არ შემარცხვინე, ჩაუტარე ბორხესის პაროდიაო?
 
 შეგარცხვინე რა, ნი პად ცვეტ გალსტუკი მე არ მკეთებია და სტეიკის ჭამისას პირსაც არ ვატკლაცუნებდი, ბორხესის პაროდია კიდე აბა უშენოდ როგორ-თქო.
 
 ბორხესის პაროდია ჩემი და შათირას საფირმო ნომერია, რომელსაც ორმაგ პაემნებზე „სპონტანურად“ ვაკეთებთ ხოლმე. გულწრფელად სასაცილო რამეა. მთელი ისტორია იმაშია, თუ როგორ ბრუნდება მთვრალი ბორხესი სახლში და როგორ გრუზავს მისი მეშჩანი ცოლი ყოფითი თემებით, გაზის გადასახადით და ძმაკაცებთან ურთიერთობას უკრძალავს. სამწუხაროდ ცოლის როლი ყოველთვის მე მხვდება ხოლმე, შათირა ამბობს რომ უფრო ნიჭიერი ვარ და იმიტომ. მე გულწრფელად მჯერა, რომ უბრალოდ თვითონ უნდა ბორხესობა.
 
 კაროჩე ვატყობ რომ გულწრფელად აჟიტირებული ხარ, ეგრე რა, მოიხოდე ცოტა. სამსახურის ფურცლები თავზე მაყრია, დავალაგებ ყველაფერს და მერე ერთს აზრიანად დაგელაპარაკებიო.
 
 გვიანი იყო, ვერ ვიძინებდი. ეზოში გადავიხედე და დიდი კამანდა იყო შეკრებილი, შეიძლებოდა ნანდოც იქ ყოფილიყო, ხოდა ჩავედი. ნიუ იორკში არც ქუჩაში და არც ეზოებში დალევა არ შეიძლება, მაგრამ ამათ ლუდი პარკში ჰქონდათ გახვეული და ამ მოფარებულ შიდა ეზოშიც, წესით არავინ მოვიდოდა. ნანდოს გარდა ყველა სვამდა. ჩანთიდან ერთი ლუდი მეც მომცეს, „ნეგრა მოდელო“. ვერ ვიტყვი, რომ უკეთესი არ დამილევია, მაგრამ მექსიკური ლუდის თაობაზე, ურიგო არ იყო. თან ნაჩუქარ ლუდს ...
 ნანდო 16 წლის იყო, სოფია მასზე 3 წლით უფროსი, მაგრამ ლათინურ ოჯახებში ისეთივე მკვეთრად გამოხატული პატრიარქალური სისტემაა, როგორც ჩვენთან, ხოდა ნანდოც იქით უკრძალავდა სოფიას რაღაცებს, ლუდის დალევა გამონაკლისი იყო.

ნანდო ცოტა ხნით გვერდზე გავიყვანე და ლიზას ამბები მოვუყევი.
 
 ეს აღსანიშნავი ამბავია, აქ მოვაყომაროთ სიტუაცია და სახურავზე ავიდეთ, შენთვის პუერტო-რიკოული მედიცინა მაქვსო.

სოფია ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ნანდოს მზრუნველი ძმის როლი ჰქონდა მორგებული და სოფიას, მოსაწევს არ აკარებდა. იმ ღამეს მე და ნანდო მთელი ღამე ვისხედით სახურავზე. უნდა ვაღიარო, გალი პუერტო რიკოსთან უშანსოდ დაეცა.

როგორც იქნა გათენდა. ავდექი, მოვწესრიგდი, წვერი გაპარსული მქონდა მაგრამ კიდევ ერთხელ გავიპარსე. ჩანთაში აუზისთვის საჭირო ნივთები ჩავალაგე და გზას გავუყევი.
 
 გამოსვლამდე, ხათუნამ სად მიდიხარო?
 
 ყველაფრის მოყოლა არ ჩავთვალე საჭიროდ. ერთი გოგო უნდა ვნახო-თქო. 
 
 კარგი აბა შენ იცი, იდიოტივით არ მოიქცე და უბრალოდ შენი თავი იყავიო.
 
 მაგ ორიდან, რომელი რჩევა გავითვალისწინო-თქო.
 
 დავაი რა. რო დაბრუნდები, პური წამოიყოლეო.
 
 იუნიონ სქუერისკენ ჩვენგან 14D ავტობუსი მიდის, კაცმა რომ თქვას ფეხითაც არ არის შორი, მითუმეტეს ნიუ იორკის მასშტაბების გათვალისწინებით. დანიშნულ ადგილზე პირველი მივედი, ცოტა ხანში ლიზაც გამოჩნდა. მივესალმეთ და პირველი რამდენიმე წამი უხერხულობაში გავატარეთ, გუშინდელი დრაივი თითქოს დაკარგული იყო და თავიდან გვჭირდებოდა ამოქოქვა. ლიზამ და დაცვის ტიპმა მოსიყვარულედ გადაკოცნეს ერთმანეთი, ეს ჩემი მეგობარია ალექსი, დღეს უნდა შემაყვანინო აუცილებლად, სხვა დროს გპირდები აღარ გთხოვო და გაუღიმა.
 
 დაცვის ბიჭმა, ხო იცი სხვისთვის ამას არ გავაკეთებდიო. ლიზამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ისევ ხელოვნურად გაიღიმა. უკვე მეორედ. გასახდელებში გადავნაწილდით და აუზზე შეხვედრისთვის მოვემზადეთ. გასახდელებიდანაც, რა თქმა უნდა, მე გამოვედი პირველი და ლიზას აუზთან ველოდებოდი. ეს 4–5 კილოგრამიც ჩემთან ერთად რომ არ დალოდებოდა, ალბათ უფრო ამაყად დაველოდებოდი, მაგრამ რა გაეწყობოდა. კარის გაღებაზევე მივხვდი, რომ ის იყო. რა სტრანნი რაღაცაა ეს წინასწარი განწყობა და დადგენილი ნორმები. ლიზა შიდა საცვლებში და სხვა სიტუაციაში რომ დამენახა, ალბათ აჟიტირების სულ სხვა დონეს მივაღწევდი, მაგრამ აუზზე საცურაო კოსტუმში ადამიანის დანახვა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა და დაჟე ფიქრებშიც ვერ ვახდენთ მათ სექსუალიზაციას.
 ვერ ვიტყვი რომ ფელპსი მოტივაციის ასამაღლებლად ჩემ ვიდეოებს უყურებდა, მაგრამ ცუდად არ ვცურავ, როგორც მინიმუმ ლიზას ვასწრებდი. ერთი ეგაა რომ მალე ვიღლები და კროლის ბრასით ჩანაცვლებას, შეზლონგზე წოლა და ლიზასთან საუბარი მერჩივნა. 
 
 ჩიტები კარგი, მაგრამ ვერაფრით ვხვდები ეგ უცნაური ფორმის ტატუ რა არის-თქო.
 
 ტალღააო.
 
 ტალღა და გადამფრენი ჩიტები… გუგლში დავსერჩო თუ შენ თვითონ განმიმარტავ-თქო.
 
 ჩიტები ეს თავისუფლების სიმბოლოა. ტალღა კი ჩემი პირველი ტატუ იყო, მაშინ 16 წლის ვიყავი. ავალონთან იდენტიფიცირების გარდა, იმ სიძლიერის დატვირთვაც აქვს, რომელიც მეზღვაურს ან შტორმში მოახვედრებს, ან სამშვიდობოს გაიყვანსო.
 
ნიუ იორკში ხათუნას მსახიობმა დროებითი ტატუ გაიკეთა და მერე მეც წამიყვანა იმ იაპონელ ტიპთან. ლიზამ შემომხედა და შენ ზურგზე ეგ იაპონური იეროგლიფები, ზედმეტედ მეინსტრიმულად მიმაჩნიაო.
 
 დროებითია და ჩემ ფსიქოპორტრეტში ნუ მოახვედრებ-თქო, ვუთხარი აგდებულად. მერე თავი დავიცავი და დიდხანს ვუხსნიდი რატომ ვცემ პატივს ბუშიდოს და რატომ ვემიჯნები სეპუკუს რიტუალს. სამუდამო მხარეში ხომ მხოლოდ სიმწუხარეა.
 
 იმ დღეს ბევრი აღარ გვილაპარაკია, ლიზამ სახლში მანქანით დამტოვა. 
 მომდევნო დღეებმა ცოტათი რუტინული ხასიათი მიიღო, ურთიერთობაში თითქოს ერთ ადგილს ვტეკპნიდით, ლიზას „სამეცნიერო ნაშრომი“ კი უფრო და უფრო მრავალგვერდიანი ხდებოდა. ვხვდებოდით სხვადასხვა ლოკაციებში, კაფეებში, ოკეანის სანაპიროზე, ნაცნობ-მეგობრების წრეში. მე პატარა ბავშვივით მიხაროდა თუ ლიზა 1 ჭიქას მაინც დალევდა და საჭესთან მე გადავინაცვლებდი ხოლმე. სახლამდე მისულებს კი თვითირონიული ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა, მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მისი სახლის ზღურბლიდან ჩემ ოთახამდე, ძალიან გრძელი გზა იყო. ყველაზე გრძელი გზაც, ერთი ნაბიჯით იწყებაო, მანუგეშებდა ხოლმე ლიზა.
 ერთ საღამოსაც მითხრა, ხვალ ჩემი ძმა ჩამოდის ნიუ იორკში, აქ ბევრი მეგობარი ყავს, კევინი საინტერესო ტიპია და აუცილებლად გაგაცნობო. 
 
 ამასობაში ჩემი და ნანდოს მეგობრობაც სულ უფრო და უფრო მჭიდრო ხდებოდა. თავიდან ჩემ თავს ვეკითხებოდი ნანდოს იმიტომ ვემეგობრები, რომ სხვა არავინ მყავს, თუ უშუალოდ ნანდოსთან მეგობრობა მინდა-თქო. მერე ეჭვები გაქრა. რამდენჯერმე თავისი კოლეჯის კალათბურთის მატჩზეც დამპატიჟა, ვერ ვიტყვი რომ თავისნაირ 2-მეტრიანებთან ისეთივე დომინანტი იყო როგორიც ჩემთან, მაგრამ ნიჭი და სისწრაფე შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობოდა. მე და სოფიასაც ძალიან ფამილარული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, დავცინოდი შენმა ცისფერმა ლაქმა, ნანდოს თეთრი გეტრებიც გადაფარა-თქო. რამდენჯერმე მაღაზიებშიც გავედით ერთად, ვხვდებოდი რომ მათ ოჯახს ძალიანაც არ ულხინდა და სოფიას ერთ-ერთი გასვლისას რაღაც წითელი კაბა ვუყიდე, რომელიც რამდენჯერმე სასხვათაშორისოდ მოიზომა. ზოგადად გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობის ისევე მჯერა როგორც ჯიგარი მენტის, მშვიდობიანი ისლამის და უპროცენტო სამომხმარებლო სესხის, მაგრამ სოფიას მიმართ რასაც განვიცდიდი არც ბიჭსა და გოგოს შორის მოწონება იყო და მითუმეტეს არც მასთან დაწოლის სურვილი, ეს იყო რაღაც შუალედური, მეგობრობასა და მზრუნველობას შორის. ლიზას ძმის გაცნობის წინა საღამოს, ნანდო ტელეფონს არ პასუხობდა და მეც სოფიას მივწერე შენ ძმას სახურავზე ველოდები-თქო. სახურავზე ასვლა პუერტო-რიკოულ მედიცინას გულისხმობდა. დასავლეთ საქართველოსადმი დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, მექსიკური ტაკო სანელებლებით ბევრად მწარე იყო ვიდრე მეგრული აჯიკა, ნანდოს პუერტო-რიკოული მოსაწევი კი როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრად ძლიერი, ვიდრე გალის პლანი. ხათუნა ბედნიერი იყო, ბრუკლინში არაფერს ჭამდი, ეტყობა მოგიხდა მანჰეტენის ჰაერი, აქ რა ნოყიერად იკვებებიო.
 
 სახურავი „ჩვენი ადგილი“ იყო. ნანდოსთვის დიდი ხანი მოცდა არ მომიწია, მალე ამოვიდა, ახალი ბენდენა ჰქონდა ნაყიდი და მიმარიაჟებდა. ცოტა ხანში ძალიან ბედნიერები ვიყავით. ნანდოს მივუბრუნდი, რაღაც უნდა გკითხო და არ გეწყინოს-თქო.
 
 გამოუშვიო.
 
 მგონი უნდა გაჩერდე, ეგრე არაფერი გამოვა, მოსაწევი და დიდი სპორტი ერთად როგორ-თქო?
 
 მუდამგაღიმებული ნანდო პირველად ვნახე სერიოზული. ცოტა ხანი უემოციო სახით იჯდა და სივრცეში იყურებოდა, მერე მომიტრიალდა. თან ლიზა და თან ჩემ დასთან ფლირტი ერთად როგორო?
 
 მე და სოფია..
 
 გაჩერდიო.
 
 როგორც ჩანს დიდი ხანი აწუხებდა ეს და არ მეუბნებოდა, მე ჩემ სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი, ნანდოს მივუბრუნდი.
 
 არ მენდობი-თქო?
 
 გენდობი, მაგრამ სოფია ჩემთვის ხელშეუხებელი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში გავიზარდე, მე ისე ვაზროვნებ როგორც ყველა ჩემ სამშობლოში. ამერიკელებს ეს ფეხებზე კიდიათ, მათი უახლოესი მეგობარი შეიძლება დის ბოიფრენდი გახდეს, მერე ექს-ბოიფრენდი და ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობას, მე კიდე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ძმაკაცის დასთან ფლირტი არ მოსულა, მაპატიე თუ რამე არასწორად გავიგეო.
 
 შეგეძლო თავიდანვე გეთქვა და მთელი ეს პერიოდი გულში ეჭვები არ გეტარებინა, მეწყინება თუ არ მენდობი, სოფიასთან არ ვფლირტაობ, უბრალოდ მასთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მითუმეტეს იმ სიტუაციაში რომელშიც მე ვარ და აქ საერთოდ არავინ მყავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მენდობოდე, მაგრამ შენ თუ გინდა საერთოდ შევწყვეტ მასთან კომუნიკაციას-თქო.
 
 ნუ სულელობ, გენდობი. უბრალოდ სოფიას კონტექსტში ძალიან მაშინებს ის თავისუფლება რომელიც ნიუ იორკში სუფევს, ამის გამო ხანდახან ზედმეტები მომდის, ბოდიში თუ გაწყენინეო.
 
 ნანდო, ხანდახან მგონია რომ ქართველი ხარ-თქო.
 
 ისე ქართულ გაგებას და ამერიკულ გაგებას შორისაც, ძალიან დიდი განსხვავებააო?
 
 უფრო ადრე, ეხლა ნაკლებად-თქო.
 
 მაგალითადო?
 
 აი მაგალითად ბარიგა. ბარიგა ამერიკაში ჩვეულებრივი ტიპია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ისეთივე რესპექტს იმსახურებს, როგორსაც საზოგადოების ყველა სხვა დანარჩენი წევრი. ჩვენთან ბარიგა უკანასკნელი დონის ნაბიჭვარია, რომელსაც ისინიც არ ცემენ პატივს, ვინც მისგან წამალს ყიდულობს-თქო.
 
 კიდეო?
 
 ხო გეუბნები, ეს უფრო ადრინდელი ამბებია. აი მაგალითად კუნილინგუსი. კუნილინგუსი ამერიკული გაგებით თავისუფალი სექსის განუყოფელი ნაწილია, ჩვენთან კუნილინგუსის გამკეთებელი მამრი საყოველთაო დაცინვის და აბუჩად აგდების ობიექტი იყო, ან შეიძლება არის კიდევაც-თქო.
 
 მერე კიდე ბევრი ვისაუბრეთ როგორ განსხვავდება როგორც პუერტო-რიკოული და ამერიკული, ისე ქართული და ამერიკული აღქმები სხვადასხვა მოვლენებზე.
 
 რადგან კარტები გავხსენით, ერთ რაღაცას გკითხავ-თქო.
 
 გისმენო.
 
 სოფიას მოსაწევს რატომ უკრძალავ? ამასწინათ შემომჩივლა. ძალიან უნდა და ხომ იცი მაინც გასინჯავს, ვფიქრობ უცხო წრეში და ვიღაც უცნობ ბიჭებთან მოწევას, ჯობია ისევ ჩვენთან ერთად მიცე სახურავზე ამოსვლის უფლება-თქო.
 
 ასე ფიქრობო?
 
 კი-მეთქი.
 
 სოფიას მესიჯი მივწერე და ცოტა ხანში უკვე სამნი ვისხედით სახურავზე. ბედნიერები ვიყავით. ძალიან ბედნიერები. გვიანობამდე ვისხედით, ვუყურებდით FDR drive-ს და ისტ რივერს, ვბჭობდით რა ფერის მანქანა გამოივლიდა შემდეგი, ვეჯიბრებოდით ვინ ჩართავდა საუკეთესო სიმღერას და რაც მთავარია ვიცინოდით ძალიან ბევრს. სახლში შუაღამეს ჩავედი. ხათუნა ჩაძინებული დამხვდა.
 
 ლიზას ძმის ნახვა მაინც გარკვეულ ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული, არ ვიცოდი რა კონტექტსში მიაწვდიდა ჩემთან ურთიერთობას კევინს. ლიზამ სუფრა გაშალა და თვითონაც შესამჩნევად ნერვიულობდა.
 კევინი დაგეგმილზე გვიან ჩამოვიდა თავის გერლფრენდთან ერთად და შესაბამისად მოსვლაც დააგვიანდა. ლიზას ყველაფერი თავის ხელით ჰქონდა გაკეთებული, განსაკუთრებით კი კევინის საყვარელ პარმეზანის სუპზე ნერვიულობდა, იმედია გემრიელი გამომივიდაო.
 
 კარებზე ზარი გაისმა და კევინიც შემოვიდა თავის გოგოსთან ერთად. და-ძმა იმდენი ხანი ესიყვარულებოდა ერთმანეთს, მე და კევინის გერლფრენდი ცოტა ოფსაიდში დავრჩით. მალე სუფრასთან გადავინაცვლეთ, ვერ ვიტყვი რომ ლიზა საუკეთესო კულინარი იყო ვინც ცხოვრებაში შემხვედრია, მაგრამ მონდომებას ნამდვილად დაუფასებდა კაცი. კევინთან განსაკუთრებული პრანჭიაობა არ დამჭირვებია, მალევე გავხსენით კარტები. გაირკვა რომ ადრე კევინიც ნიუ იორკში ცხოვრობდა, სანამ აბიგაილთან ერთად აიდაჰოში არ გადავიდა. თქვა რომ იქაურ სიწყნარეს ვერაფრით ეგუებოდა და ნიუ იორკის 24-საათიანი ხმაურისთვის იყო გაჩენილი. მივედ-მოვედეთ თემებს. 
 
 საღამოს მე და აბიგაილი კლუბში ვაპირებთ წასვლას, თქვენც ხო არ წამოხვალთო. 
 
 ღირს დაფიქრებადო ლიზამ.
 
 გადავრეკე-გადმოვრეკე და ყველაფერი იქნება. ხო ხვდები რასაც ვგულისხმობო.
 
 ყველანი კარგად ვხვდებოდით კევინი რასაც გულისხმობდა, მე კლუბზე მეტად სხვა რამეზე ვფიქრობდი. ამერიკული და პუერტო-რიკოული გაგების დიფერენცირება, აქაც მკვეთრად გამოხატული იყო. ვიჯექი და ჩემთვის ვავლებდი პარალელებს ლიზა-კევინის და ნანდო-სოფიას, და-ძმობას შორის.
 
 საქმე მარტივადაა, როცა მარტო მიდიხარ კლუბში ექსტაზი გჭირდება, როცა გოგოსთან ერთად მდმა, მთელი დაზოგილი ენდორფინი დღეს უნდა გამოვყოო კევინმა და გულიანად გადაიხარხარა.
 
 მდმა თუ გაქვს, ჩართე MØ-ს Slow Love ყურსასმენებში და სულ დაიკიდე კლუბიო აბიგაილმა.
 
 სამივეს ვაკვირდებოდი. ბევრს იცინოდნენ, ხალისობდნენ და სასიამოვნო ღამისთვის ემზადებოდნენ. არავისთვის არაფრის დამმშავებლებს არ გავდნენ, ქართული კანონმდებლობით კი მათ მკაცრად მოეთხოვებოდათ პასუხი და მთელი ცხოვრება გაუმწარდებოდათ. ეს ჩვენთან 260-ე მუხლია, გრამამდე მდმა 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, გრამზე მეტი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. ყველაფერი კონტექსტია და ჩვენთანაც უამრავი ადამიანი ამ კონტექსტს შეეწირა. 90-იანებში კრიმინალი და ნარკომანია სინონიმის დონეზე გათანაბრებული ცნებები იყო. ხალხისთვის ნარკოტიკი მხედრიონის, კაიფში გაბრუებულ, ავტომატიან, ყველაფერზე წამსვლელ ტიპებთან ასოცირდებოდა, შიშთან, გაჭირვებასთან, სოციალურ პრობლემებთან, უმუშევრობასთან, ეზოში დაყრილ შპრიცებთან და ბნელ სადარბაზოებთან, სადაც „შეგათრევდნენ და წამალს გაგიკეთებდნენ.“ კონსტიტუციაში შეტანილ მკაცრ ცვლილებებს მაშინ შედეგიც ჰქონდა და საზოგადოებამაც პოზიტიურად მიიღო ნულოვანი ტოლერანტობის ეს მიმართულება. დრო იცვლება, იცვლება კონტექსტიც და ძლიერმა სახელმწიფომ მას ფეხი უნდა აუწყოს. სახელმწიფოს განვითარებულობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, მისი წარმოებული ნარკოპოლიტიკაა. დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ტიპი რომელიც კლუბში მიდის და თავისთვის ერთობა, 8 წლით ციხეში არ უნდა ჯდებოდეს. მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა შსს-ს ხელში არსებული ძლიერი ბერკეტია, რომლითაც ყველას მართვა შეუძლია და რომელსაც ბოლომდე არ დათმობს, ამის შესაცვლელად კი ჯერჯერობით საქართველოში საკმარისად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა, საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტალურ რეფორმაშია, რომელიც ისეთი მოქალაქეების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომლებიც საკუთარ უფლებებში ბოლომდე იქნებიან გარკვეულები. იბრძოლებენ მათ მოსაპოვებლად, შემდეგ კი შესანარჩუნებლად. მანამდე ინგა გრიგოლიები რეიტინგისთვის ისევ მოიწვევენ გივი სიხარულიძეებს, ჯონდო ბაღათურიებს და იმ ჯომარდის ტიპებს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ჯონდოები თავისნაირ ჯონდოებს ზრდიან და ჩვენც მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.
 არის თუ არა კლუბური ნარკოტიკი პრობლემა? პრობლემა დამოკიდებულებაა. დამოკიდებულება პრობლემაა კლუბურ ნარკოტიკზეც, ალკოჰოლზეც და ყოფილ შეყვარებულზეც. ლოგიკა მარტივია, თუ ფუძის ანგელოზის სადღეგრძელოზე, ჭაჭით ალავერდის გადასვლას, შენთვის კლუბში მარტო ცეკვა და რელაქსი გირჩევნია, შენ ამ სივრცეში ზედმეტი ხარ. ერთ დღესაც ძლიერი ქართული სამოქალაქო საზოგადოება იტყვის: „იქმნას ნათელი“ და გაჩნდება ნათელი. მთავარი კითხვაა “როდის?”.
 
 კლუბი ბრუკლინში იყო. “Good Room”. მართალია სახელით თსუ-ს ბუფეტ “Good Food“-ს ჩამოგავდა, მაგრამ გულწრფელად სხვა ემოციებს იწვევდა. კევინი მართალი აღმოჩნდა, როდესაც კლუბში გოგოსთან ერთად მიდიხარ, ექსტაზს ყოველთვის მდმა ჯობია. ასეთი ღამეებისთვის ენდორფინის შემონახვაც ღირს.

მომდევნო დღეებში ლიზას ძირითადად კევინთან ერთად ვნახულობდი. ერთ დილასაც დამირეკა, კევინმა და მისმა მეგობრებმა სოკერის სამოყვარულო ლიგისთვის გუნდი შეკრეს, ერთი ტიპია გორდონი, რომელიც ვეღარ ახერხებს მისვლას, შენ ხომ ფეხბურთელი იყავი, ერთი კაცი ჭირდებათ და იქნებ დაეხმაროო.
 
 ფეხბურთს კიდევ ერთხელ თუ დაუძახებ სოკერს, შეგიძლია აქ აღარ დარეკო-თქო.
 
 მიპასუხე, მეჩქარებაო.
 
 არ ვიცი, ძალიან დიდი ხანია ფეხბურთი არ მითამაშია. არ მინდა შეგარცხვინო-თქო.
 
 არც ესენი არიან ბარსელონა, მოკლედ კევინს ვეტყვი რომ შეძლებ მისვლას, თამაში საღამოს 6-ზეა, მეც ვიქნებიო.
 
 დიდი ფეხბურთის თამაში ის ოცნება იყო, რომელიც არ ამიხდა. ბავშვობაში „ირაოზე“ დავდიოდი. შუა ჭავჭავაძეზე იყო სტადიონი და „ჩელსის“ რომ არისტოკრატებს ეძახიან ლოკაციის გამო, რაღაც ეგეთი დვიჟენია იყო ჩვენი მასშტაბის. დათო ყიფიანის შვილიშვილი, არველაძეების შვილები, ლევან ჟორდანიას და მაკა ასათიანის შვილები და კიდე დიდი კამანდა ჩემი გუნდელები იყვნენ. ხათუნას ვეუბნებოდი, შენ პონტში მეც ელიტა ვარ-თქო. 
 რამდენჯერმე შოთი და აჩიც მოვიდნენ და ჩვენთან ითამაშეს. ეხლაც მახსოვს როგორ მარიგებდა შოთი თუ როგორ უნდა შემერბინა დასწრებაზე და საჯარიმოს რა მონაკვეთში უნდა დავლოდებოდი ბურთს. მაშინ შოთი კარიერის პიკში იყო, ზუსტად არ მახსოვს ან აიაქსში ან რეინჯერსში თამაშობდა, მაგრამ ზლატანთან, დე ბურებთან და ლიტმანენთან ნათამაშები კაცი რჩევას რომ გაძლევს, უკვე დიდი ამბავია. შოთიმ ბევრად დიდი ფეხბურთი ითამაშა ვიდრე აჩიმ, მაგრამ თამაშის სტილით მე კარიერავერაწყობილი აჩი ყოველთვის უფრო მომწონდა. თან აჩის პაოლო მალდინი ყავს მოტყუებული. ერთ ადგილზე. ორჯერ. გამოუღებლად. 
 ერთ დღეს ყველაფერი აირია, ჯერ იყო და მე შემექმნა მუხლის ჯვარედინა მყესზე პრობლემები, ოპერაცია გამიკეთეს და რამდენიმე თვე ფეხბურთის თამაში კიარა, სიარულიც მიჭირდა. მერე ჩემი ირაოს სტადიონი დაანგრიეს, უკან კორპუსი დააშენეს, წინ სმარტი. მეც ამიცრუვდა გული და გამოჯანმრთელებულს, უბნის იქით ფეხბურთი აღარსად მითამაშია. არადა კაცმა რომ თქვას, ბოლომდე რომ გავყოლოდი, ვინმე დონეცკებში და ხარკოვებში გაჩითული აგენტი მენახა და ცოტა გამმართლებოდა კიდეც, ხაბაროვსკის სკა-ენერგიაში სათადარიგო მარცხენა მცველობას მაინც გავქაჩავდი.
 
 სტადიონი ბრუკლინში იყო. ლიზა დილიდანვე გავიდა საქმეებზე და უკვე იქ დაგვხვდებოდა, მე კევინმა გამომიარა და მხოლოდ ეხლა ვნახე რა მანქანა ყავდა. რეტრო სტილში გადაწყვეტილი, ფორდ მუსტანგ შელბი. “ამერიკული კუნთები” როგორც აქ ეძახიან. მართალია უბრალოდ ხვრიპავს ბენზინს, მაგრამ აქ ერთი გალონი 4 დოლარზე იაფი ღირს, გალონი დაახლოებით 4 ლიტრია, საშუალო სტატისტიკური ამერიკელის შემოსავალს თუ გავითვალისწინებთ, ბენზინი პრობლემა არაა. არ ვიცი ოდესმე კიდევ მომიწევს თუ არა ასეთ მანქანაში ჯდომა, მაგრამ „დამსვის“ თქმა „ერთი კრუგი დამარტყმევინე, სულ შენი არაა“-სავით გამოდიოდა.
 
ჯერ კიდევ სახლში საცირკო ნომრის ჩატარება გადავწყვიტე და შიდა თეთრ მაისურზე, შავი მარკერით დიდად დავიწერე “ლიზა”. 
კევინმა, აქ რეგისტრაციით ხდება ამბები და შენც ვითომ გორდონ ბლექი ხარ, ნუ გეშინია კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ჩადიხარო და კაი დიდი ხნის ძმაკაცივით მომარტყა ბეჭებზე ხელი. რა მეტყობოდა ეხლა მე გორდონის, ან ბლექის მითუმეტეს. 
 6-ნომრიანი მაისური რომ მომცეს, ჩემი გასატანი გოლის პერსპექტივა ცოტა ეჭვქვეშ კი დადგა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე. თან ისეთი უაზრო მწვანე ფორმა იყო, მხოლოდ გროზნოს წერეკი თუ დათანხმდებოდა ჩაცმას. ისიც ახალნაომარი.
 გასახდელში შევედით. კევინი მეკარე იყო, მწვრთნელი არ გვყავდა და დარიგებების მოცემა მაღალმა ტიპმა ითავა რომლის სახელიც არ მახსოვს, ზურგზე 10-იანი ეწერა. ჩემი ნომერი ირაოს გუნდში. უხმოდ დავეთანხმე იმას, რომ ძირითადად ცენტრში, ჩემ ნახევარზე ვიქნებოდი და ბურთის მოპოვების შემთხვევაში, მაშინვე მაღალ გადაცემას დავკიდებდი ამ 10 ნომრისკენ. ბიჭები ნელ-ნელა მინდვრისკენ დაიძრნენ. ვუყურებდი ჩემ თავს იქვე დაკიდებულ სარკეში და ბრაზი მახრჩობდა. არც ვიცი რამდენი წელი გავიდა მას მერე, რაც ბოლოჯერ ფორმაჩაცმული გავედი ფეხბურთის სათამაშოდ. ბავშვობაში ხშირად ვპირდებოდი ჩემ თავს, რომ ერთხელაც ბაიერნის ძირითადი თავდამსხმელი გავხდებოდი. ამ ოცნებამ ისე შორს ჩაიარა, რომ გულიც ვერ მწყდება მასზე. წარმოუდგენელია რას გრძნობ როდესაც მიუნხენის დიდ სტადიონზე გამოდიხარ, მარცხნიდან რიბერი გეხმარება, სიღრმიდან მიულერი და მარჯვნიდან რობენი. არა, რობენი არ გეხმარება, ის ეგოისტია და ყოველთვის თავის თავზე თამაშობს. რა გრძნობა იქნება, როცა გატანილი გოლის შემდეგ 75 000 კაცი სტადიონზე და მილიონობით ტელევიზორთან, შენ სახელს ღრიალებს. შენ კიდევ ცენტრისკენ მოდიხარ მშვიდი სახით, ვითომც აქ არაფერიო. მხოლოდ ერთი ასეთი დღისთვის დაუფიქრებლად დავთმობდი ყველაფერს.
 კაცმა რომ თქვას, ცრუ 9-იანის პოზიციას ბაიერნი არ იყენებს, ტარანის ტიპის ფორვარდად მე არ გამოვდგები, ხოდა ალბათ გამანათხოვრებდნენ სადმე ფორტუნა დიუსელდორფში ან ალემანია აახენში. არ მინდა ბატონო. აგერ კევინის მეგობრების გუნდი, ჩემი 6-ნომრიანი გროზნოს წერეკის მაისური, ბურთი და მოედანი. ვიქნები გორდონ ბლექი. სხვა რა გზაა.
 გულწრფელი რომ ვიყო, მთელი თამაშის განმავლობაში არაფერი პოზიტიური არ გამიკეთებია, ერთხელ 2-მეტრიანმა შავმა მუტრუკმა მხარი ჩამიდგა და თვითონ წაიქცა, ერთხელაც შორიდან დავარტყი და მაინცდამაინც მაშინ გაიღვიძა იმ ტიპში მიძინებულმა ბუფონმა. ეს იყო და ეს მთელი ჩემი ჰაილაითები. 3–0 მოგვიგეს და კევინიც ორჯერ მაგრად გაიდირკა. საშინელ ხასიათზე გამოვედი გასახდელში, აქ გასართობად მოვედით, მე კიდე მკაცრად შემახსენეს ვერახდენილ ოცნებებზე.
 თითქოს ჩემი გასაჭირი არ მეყოფოდა, ლიზაც მაინცდამაინც მაშინ შემოვიდა გასახდელში, როცა შიდა მაისურის გახდას და პარკში ჩუმად დამალვას ვაპირებდი, მერე რომ გადამეგდო. ტოტალურ ლუზერად ვიგრძენი თავი. შავი მარკერით დაწერილ „ლიზაზე“, ლიზას გაეღიმა. მოვიდა და ჩამეხუტა. საშინელი თვისებაა, მაგრამ მირჩევნია ყველაზე დიდი მარცხი გადავიტანო მარტოობაში, ვიდრე მცირედ წარუმატებლობაზეც კი, ვინმეს ნუგეშისცემის ობიექტად ვიქცე. ჩვენს ირონიული გამოსვლებით აღსავსე ურთიერთობაშიც იყო იშვიათი თბილი წუთები და ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. რეალურად ცხოვრებაში ის ერთი ხელი უფრო მნიშვნელოვანია რომელიც ჩვენს წარუმატებლობას ცრემლს მოწმენდს, ვიდრე ის ათასი, რომელიც ჩვენ წარმატებას ტაშს დაუკრავს. 
 
 კევინი აბიგაილთან წავიდა, რომელმაც თამაშზე მოსვლა ვერ მოახერხა. მე ლიზას აუდის საჭე მეპყრა ხელთ და მშვიდად მივუყვებოდი გზას მანჰეტენისკენ. შუქნიშანთან, ძალიან გრძელ წითელზე ვიდექით, ფონად დაბალ ხმაზე ჯო კოკერის My Father’s Son ისმოდა. ლიზამ მხარზე თავი დამადო და დაიწყო.
 
 რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ გთხოვ ეს წაგებული თამაშის ნუგეშისცემად, ან გასახდელში მომხდარი ეპიზოდის კომპენსაციად არ აღიქვა. უკვე საკმაო ხანია მე თვითონ მინდოდა ასე და ვფიქრობ შესაფერისი მომენტიაო.
 
 გისმენ-მეთქი.
 
 შეგიძლია დღეს ჩემი სახლის ზღურბლიდან, შენი ოთახის კარამდე არსებული ის გრძელი გზა აღარ გაიარო და დარჩეო? მკითხა ლიზამ, რომელიც არც მწვანე შუქის მერე აპირებდა ჩემი მხრიდან თავის აღებას.
 
 ერთი ის მახსოვს, რომ გავიღიმე და ლიზასთვის არაფერი მიპასუხია. მერე მისი ჯიპიესის ნაჩვენები გზებიდან გადავუხვიე და როგორც თბილისელი ნაბიჭვარი ტაქსისტები ატარებენ ჩემ, რაიონიდან ჩამოსულ პირველკურსელ გოგოებს შემოვლითი გზებით, რომ მერე ლარით მეტი გამოართვან, ისეთივე აბდა-უბდა მარშრუტით მივედი ლიზას სახლამდე. მიყვარდა განვლილი გზის ყოველი წამი. მახსოვს ღრმა ბავშვობაში, როცა მშობლები ძილის წინ ჯერ კიდევ ზღაპრებს მიყვებოდნენ, ვინი პუჰის ამბავი წამიკითხეს. იქ ერთი ეგეთი პასაჟია, ვინი პუჰს ეკითხებიან, რა გიყვარს ცხოვრებაში ყველაზე მეტადო და ვინიც დაუფიქრებლად აპირებს უპასუხოს „თაფლის ჭამა“. მაგრამ მერე ვინი ჩუმდება და ახსენდება, რომ არის ერთი წამი, გრძნობა რომელიც თაფლის ჭამამდე ეუფლება, რაღაც ძალიან კარგის მოლოდინი, რომელიც თვით ჭამის პროცესზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს მას. მეც რაღაც ეგეთში ვიყავი გაჭედილი, ზუსტად ვიცოდი რომ ხვალინდელ საშკას რაღაც დოზით შეშურდებოდა დღევანდელის, რადგან ვასილ კეჟერაძემ დანამდვილებით იცის რომ თამაზი უფრო ბედნიერი ადამიანია, მას ხომ ხულიო კორტასარის და მარიო ვარგას ლიოსას პირველად წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვს.
 
 __

ამასობაში ხათუნას სპექტაკლის პრემიერა ახლოვდებოდა. როცა საკუთარ თავზეა დამოკიდებული არასდროს ნერვიულობს, მაგრამ ახლა მსახიობის გარდა, რეჟისორის ამპლუაც შეთავსებული ჰქონდა და კოლექტიური პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა, მართალია სახალხოდ ამას არ იმჩნევდა, მაგრამ ჩემთან პირად საუბარში რამდენჯერმე აღნიშნა, ვინმემ რამე რომ მიქაროს, ჯოხი ჩემზე გადატყდებაო. 
ღრმა ბავშვობიდან ხათუნას ბევრი როლი მახსოვს თეატრშიც და კინოშიც. ყველაზე მეტად ჰამლეტში მომწონდა, სადაც გერტრუდას თამაშობდა. ფართო მასები როგორც ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე, თეატრიდან კი არა ფილმებიდან და სერიალებიდან იცნობდნენ. „მგლების ხორუმის“ პერიოდში, საერთოდ ჟურნალისტებთან ერთად ვსაუზმობდი, ვსადილობდი და ვვახშმობდი სახლში. 
 აქ ხათუნა სპექტაკლ „შთამომავლობას“ დგამდა, რომელიც თავის დროზე რუსთაველის „სარდაფში“ აქვს ნათამაშები. სარდაფის პერიოდი საერთოდ საოცრება იყო, დღეს წამყვანი ქართველი მსახიობების აბსოლუტური უმრავლესობა, თავის დროზე იქ თამაშობდა. პატარა დარბაზი და პატარა სცენა საოცარ პრივატულობის განცდას ბადებდა, სასაცილო ხელფასზე მოთამაშე მსახიობებიც, ნამდვილ შედევრებს ქმნიდნენ. თუ ვინმე მკითხავს რა არის ჯაზი? მე თამამად ვუპასუხებ, რომ ეს სარდაფში დადგმული სპექტაკლები იყო. იმპროვიზაცია, მოქმედებაში ჩართული მაყურებელი და უსაზღვრო თავისუფლების განცდა.
მერე სარდაფი გაიყიდა, ეხლა მგონი სავაჭრო ცენტრია იქ. როგორც ხდება ხოლმე..
 
 პრემიერის დღე მოვიდა, გენერალურმა რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა. თავიდან სპექტაკლზე ნანდოს, სოფიას და ლიზას წაყვანაც მინდოდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ნიუ იორკში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, პრემიერის დროს სხვა შტატებიდანაც ჩამოდის კამანდა. ბრუკლინში 400-კაციანი დარბაზი Roulette Intermedium ნელ-ნელა ივსებოდა. მართალია ბილეთი მქონდა, მაგრამ კულისებიდან ვაპირებდი სპექტაკლის ყურებას, ხათუნამ გთხოვ დარბაზში ჩადი, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავსო. ისეთი მომენტი იყო, არ მქონდა უფლება მისთვის თუნდაც მცირედი დაბრკოლება შემექმნა და მეც დარბაზში გადავინაცვლე. ფარდა გაიხსნა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, დარბაზიდან ერთმანეთის მიყოლებით ისმოდა სიცილი, ტირილი და ბრავო-ს შეძახილები. ფინალური სიტყვა ფატი გურიელის იყო, რომლის როლსაც ხათუნა ასრულებდა, ძლიერი სიტყვაა, რომელიც მთლიანად ატრიალებს სპექტაკლის მიმდინარეობას. დარბაზი ცრემლებს ვერ იკავებდა, პაკლონმა დიდხანს გასტანა, ხათუნასთვის მიტანილი ყვავილების ნახევარი მანქანაში არ ჩაეტია და ბრუკლინში დავტოვეთ. 
 სპექტაკლის მერე პატარა ბანკეტი იყო, რომელზეც პატარა საჩუქარი მეც მივიღე, მინიატურული ვეფხისტყაოსანი, რომელზეც ჩემი სახელი იყო ამოტვიფრული. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ მაჩუქეს რომ ხათუნასთვის ესიამოვნებინათ და არა იმიტომ, რომ მე მე ვარ, მაგრამ მაინც გამიხარდა. მანჰეტენზე ხათუნას ერთ-ერთმა მსახიობმა წაგვიყვანა, ყვავილები სახლში დავტოვეთ, ხათუნას დიდი ემოციური მუხტი ჰქონდა მიღებული და წამოდი გავისეირნოთო. მე ჩემი ვეფხისტყაოსნით გავყევი.
 
 ჰა აბა, ჩაგინაცვლებს ჰაიკუებსო? მკითხა ხათუნამ, რომელსაც ვერაფრით შევაცვლევინე აგდებული დამოკიდებულება მაცუო ბაშოს პოეზიისადმი. 
 
 ვერა-მეთქი.
 
 რეალურად ვეფხისტყაოსანი დიდია. ძალიან დიდი. იმდენად დიდი, რომ ისეთივე წარმატებით შეიძლება იმის კითხვა, თუ როგორ დაიწერა ვეფხისტყაოსანი, როგორც მაგალითად, როგორ აიგო პირამიდები. გარდა იმისა რომ გენიალური პოეზიაა, პასაჟთა მთელი ნუსხა, ფონეტიკურად აბსოლუტურად შეესაბამისება თეოლოგიურ შინაარსს. თუ რიგითი ადამიანის პოზიციიდან შევხედავთ და ვეფხისტყაოსნის ნაკლზე საუბარი მოგვინდება, ეს ალბათ ისევ მის უნაკლობაშია. ვეფხისტყაოსანს არ ჭირდება რომ ის საშკას, პეტრეს ან პავლეს მოწონდეს, არჩევდეს მას და სიახლეები შეჰქონდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ის მაინც იქნება მაღლა მდგარი, საკუთარი იდეალური სამყაროთი. ვეფხვებთან მოჭიდავე ტიპებით და სილამაზით, მზის სადარი ქალებით.

ჩემი მაცუო ბაშო და მისი ჰაიკუები სხვა ისტორიაა. არის ეგეთი ჰაიკუ „წერილი ჩრდილოეთში“:
 
 გახსოვს, ერთად რომ ვუცქერდით,
 როგორ ბარდნიდა? ეჰ თქვენკენ
 ისევ ჩამოთოვა წლეულსაც ალბათ.
 
 აქ შენ ხარ სიტუაციის ბატონ-პატრონი. ჰაიკუს შენ ჭირდები. შენ უნდა ააგო სიუჟეტი და დახატო მთელი ისტორია. წარმოუდგენელია რამხელა სივრცეს გიტოვებს ავტორი სააზროვნოდ.
 
 ხათუნამ, რამდენიმე დღეში დარიალოვს რომ თამაშობდა, იმ მსახიობის დაბადების დღეა, წამოდი რამე კარგი სასმელი ამარჩევინეო.
 
 ბოლო ბოთლი ჭაჭა დამრჩა, თუ გინდა ის წაუღე-თქო.
 
 საშკა, ეგ ჭაჭა ამერიკელებისთვის არის ეგზოტიკა, თორემ ქართველს საჩუქრად ოჯახის ჭაჭა როგორ მივუტანო დაბადების დღეზეო.
 
 კარგი-მეთქი და ალკოჰოლის უახლოეს მაღაზიაში ჯიმ ბიმი ვაყიდინე. მერე შუაღამემდე ვისხედით იუნიონ სქუერში და ვლაპარაკობდით. ნიუ იორკი 24-საათიანი ქალაქია. მთელი ღამე სავსე იყო იქაურობა, ზოგი მუსიკას უსმენდა, ზოგი სკეიტზე იდგა, ზოგიც ჩვენსავით უბრალოდ ლაპარაკობდა.
 
 ხათუნა იხსენებდა, როგორ უყვებოდა 96 წელს გადაღებაზე პიერ რიშარი ხათუნას, ჟერარ დეპარდიეს მოყოლილ ისტორიას იმაზე, თუ როგორ ეხუმრა „უკანასკნელი ქალბატონის“ გადაღებაზე განათების რეჟისორი შიშველ ორნელა მუტის. ხუმრობა დიდი ვერაფერი, მაგრამ ჯაჭვის ერთ ბოლოში მე ვიყავი და მეორეში შიშველი ორნელა მუტი, მართალია მთლად პირდაპირი კავშირი არ იყო, მაგრამ შიშველ ორნელა მუტისთან რაღაც კორელაციაში რომ შედიხარ, გიცხოვრია რა კაცს.
 
ხათუშკი, ხო იცი მე მალე მივფრინავ, წამო რა შენც წამომყევი თბილისში-თქო.
 
 ნუ დაიწყე თავიდანო.
 
 მერე ალბათ ნახევარი საათი მაინც ვეხუმრებოდი ხათუნას გაამერიკელებაზე.
 
 საშკა, მე ამ ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია, მან კი ყველაფერი მომცა. მოქალაქეობა, ბინა, თეატრი, თვითრეალიზაციის საშუალება.. ჩემი ქვეყნისთვის ყველაფერს ვცდილობდი, ჩემი პროფესიით ვემსახურებოდი, რამდენი როლი შემისრულებია, რომლითაც საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელი გაჟღერებულა, ყველაფერს რომ თავი გაანებო 97 წლის ოსკარზე ვიყავით საუკეთესო ხუთეულში წარდგენილები, ყველაზე რთული დრო ერთად გადავიარეთ, ჩემი ერთადერთი ძმა საშკა იოსელიანი, რომლის სახელიც შენ გქვია, აფხაზეთის ომს შეეწირა, რა თქმა უნდა საქართველოს სიყვარულს ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ საპასუხო პატივისცემას რომელი ქვეყანა იმსახურებს ჩემგან, ეგ შენით გადაწყვიტეო.
 
 პრემიერის საღამო იყო და არ მინდოდა ხათუნასთვის ხასიათის გაფუჭება, მაგრამ ყველა ჩემი შემდეგი ხუმრობა უადგილო აღმოჩნდა. ხათუნა უკვე სხვაგან იყო ფიქრებით, სოხუმის დაცემასთან, ბაბუშარაში ჩამოგდებულ თვითმფრინავთან და სნაიპერისგან მოკლულ ძმასთან, რომელიც თვალებგახელილი ჩამოუსვენეს სახლში.
 
__

ნიუ იორკის სანაპიროზე, ოკეანეში ბანაობა, მხოლოდ შორიდანაა რომანტიზებული მოვლენა. საშინლად ცივი და ჭუჭყიანი წყალია, თან სიღრმეც საკმაო დისტანციის მერე ეწყება და წესიერად ვერც იცურავებ კაცი. რამდენჯერმე ზვიგენებიც შენიშნეს ნაპირთან ახლოს. შესაბამისად ლიზას ინიციატივას, რომ მანჰეტენ ბიჩზე გაგვეტარებინა დღე, ისეთი ცივი უარი ვხიე, ვითომ მალიბუს, ნიცას და მალდივების სანაპიროზე მაქვს ბავშვობა გატარებული და არა ქობულეთის სიმინდისტაროებიან ნაგავსაყრელზე, უმაღლესი პრასვეტი დათვთან და კვერნასთან ფოტოს გადაღება რომ იყო.
 
 მე წავედი, სანთებელა თუ სახლში დამრჩა და ვინმე სიმპათიური ბიჭისთვის მომიწია თხოვნა, მერე პრეტენზიები არ იყოსო.
 
 ვერ ვიტყვი რომ ან სიმპათიური ბიჭის არჩევაში, ან მწეველების გამოცნობაში კარგი ალღო გაქვს-თქო.
 
 map-ზე მოგინიშნავ ლოკაციას და მესენჯერში ჩაგიგდებ, ერთ საათში იქ იყავი, თორემ მეწყინებაო.
 
 ეგრე დაგეწყო-თქო.
 
 ერთ საათში უკვე მანჰეტენ ბიჩზე ვიწექით და მზეს ვეფიცხებოდით. არის ისეთი კითხვები, ცხოვრების ბოლომდე გამოცანად რომ დარჩება, არსებობდა თუ არა ატლნატიდა, რა ხდება ბერმუდის სამკუთხედში, როგორ გაშიფრეს ეგვიპტური იეროგლიფები.. ასეთივე კალიბრის კითხვა იყო, საიდან აღმოაჩნდა ლიზას ყაზანის რუბინის პირსახოცი, გოკდენიზ კარადენიზის გამოსახულებით და 61-ნომრიანი წარწერით.
 
 ჩემ რუს დაქალს დარჩა ერთხელ ჩემთან და არ გადამიგდია, ეხლა რუსეთში დაბრუნდა და იქ სწავლობს. სხვათაშორის დამპატიჟა მოსკოვში, იქ თუ მოვხვდები გპირდები საქართველოს ხუთჯვრიან დროშას ავაფრიალებ და ისე გადავიღებ კრემლის წინ ფოტოსო.
 
 კაი, მაინცდამაინც ტარიან დროშას ნუ წაიღებ-თქო.
 
 ლიზას ეწყინა ჩემგან მისი ქართული პატრიოტიზმის ვერდაფასება. იმ დღესაც შევნიშნე, მაგრამ მომერიდა კითხვა. ფეხზე ეს შრამი რა არისო?
 
 ლიზ, მთელი ბავშვობა ფეხბურთს ვთამაშობდი, თან ისე ცუდადაც არა როგორც კევინის გუნდში. ამასთან ერთად, ალბათ არ არის იმის თავიდან მოყოლა საჭირო, თუ როგორ უბანში ვიზრდებოდი-თქო.
 
 გასაგებიაო და ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა. არ ვიცი ჩემში დაკარგული მარადონა დაინახა თუ ვერშემდგარი ალ კაპონე, მაგრამ იმის აღიარებას რომ ბეყე ბავშვი ვიყავი და შტაბის მშენებლობისას ხეზე ტოტს ჩამოვეხიე, ნამდვილად არ ვაპირებდი.
 
 ეხლა ძალიან ბევრი კითხვა უნდა დაგისვა და მოემზადეო.
 
 მე ფსიქოლოგის განათლება არ მაქვს, უცნაურია, მაგრამ მგონი სერიოზული საუბრებისთვის სპეციალურად არჩევ ასეთ ადგილებს, სადაც რელაქსირებულად ვიგრძნობ თავს და არა მაგალითად შენს სამუშაო კაბინეტს-თქო.
 
 ხო, რაღაცებს შენც ხვდები ცხოვრებაში, შეიძლება დავიწყოო?
 
 კარგი შევდივარ ცდისპირის როლში, მანამდე ნანდოს ვუპასუხებ მესიჯზე და დავიწყოთ-თქო.
 
 ეგ ნანდო ალეხანდროს გეძახის, ისე ალექსანდერი ხარ, შემოკლებით ალექსი, ქართველები საშკას გეძახიან, ჩემთვის fish ხარ, კევინის გუნდში გორდონ ბლექი იყავი. უკვე მეშინია დისოციაციური აშლილობა არ დაგეწყოსო. 
 ლიზამ ბლოკნოტი ამოიღო და ჩანიშვნები დაიწყო. ძირითადად კონკრეტულ კითხვებს არ მისვამდა, თემას მეუბნებოდა და მე ჩემს აზრს ან დამოკიდებულებას ვაფიქსირებდი. ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ დიდხანს ვისაუბრეთ ღმერთზე, ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, გართობაზე, თამაშზე, დრაგებზე, სასმელზე. ყოფილ შეყვარებულებს რომ მიადგა, ვუთხარი რომ ამაზე საუბარი არ მინდოდა. თავიდან მტკიცე უარზე ვიყავი, მაგრამ საღამოსთვის ისეთი რაღაცები შემომთავაზა, ჩემი კი არა, მამაჩემის ოდესის, ბაბუაჩემის კისლავოცკის, ძმაკაცების ჩინელი ბოზების და ბონუსად ლედი ჩეტერლეის საყვარლების ისტორიებიც, ეგრევე დავფქვი.
 ბაღის სიყვარულიდან დავიწყე, სკოლის პერიოდზეც ბევრი ვისაუბრე, მერე ჩემს ყველაზე ხანგრძლივ ურთიერთობაზეც და მისი დამთავრების შემდეგ განვითარებულ ამბებზე. ურთიერთობების მთელი ირონია იმაშია, რომ ერთი ქალისგან დატოვებულ ტკივილებს, მხოლოდ მეორე კურნავს. ჩვენც დიდი იდეალების მიყოლას, ყოველდღიურ რუტინას ვარჩევთ. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ერთმანეთს იცნობთ, იყვარებთ, ანდობთ საიდუმლოებს, იზეპირებთ რამდენი კოვზი შაქარი გიყვართ ჭიქა ჩაიში, იკმაყოფილებთ ყველანაირ სექსუალურ ფანტაზიას, უსმენთ muse-ს hysteria-ს წვიმიან ღამეებში, უხერხულობის ნაცვლად კომფორტს პოულობთ სიჩუმეში, გულამოსკვნილი ტირით ერთმანეთის მკერდზე თავდადებული, ატარებთ ერთად დღეებს, თვეებს და ზოგჯერ წლებსაც კი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიხვდეთ, თუ რამდენად უცხოები ხართ ერთმანეთისთვის-თქო. 
 
 ლიზამ გადაწყვიტა რომანტიკას არ შემოყოლოდა. 
 ხანდახან არსებობს რაღაც, რისი გამოკეთების იმედიც არ უნდა გქონდეს, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვას კი ახლის შექმნა ჯობიაო.
 
 ამიტომაც გყავს პატარა ძმა-თქო.
 
 აგრესიული იუმორი დიდი რისკია, მასში მაღალი ხარისხი თუ არ დევს, ესეთ წარუმატებელ მდგომარეობაში აღმოჩნდები ხოლმეო.
 
 მერე ბევრი თემა გავიარეთ და პოლიტკორექტულობაზეც მკითხა. რეალურად საშინელი რაღაცაა. წარმოვიდგინოთ 15 საშუალოზე დაბალი დონის რაგბისტი მამაკაცი და 15 საუკეთესო ქალი რაგბისტი. ყველამ ვიცით, რომ მამაკაცების გუნდი თავ-ყბას დაანგრევს და ბონუსად 100 ქულას მაინც აიღებს, 0-ს წილ. მაგრამ თუ მე ვიტყვი, რომ რაგბი კაცების სპორტია, ეს ქალების დისკრიმინაციაში ჩამეთვლება. სიმართლის თქმას მაგიდაზე დარტყმული ძლიერი მუშტით ამიკრძალავ, თუ სათვალის ზემოდან ინტელექტუალური გამოხედვით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
 
 გაგვიგრძელდა პლიაჟზე ყოფნა, თან ძალიან მომშივდა, უკვე ლიზასთან მივდიოდით როცა გამოვუტყდი, აქ გატარებულ დღეებზე ჩანახატებს ვაკეთებ, შენდა უნებურად მგონი მთავარი გმირი გამოდექი-თქო.
 
 ლიზას გაეღიმა. იცი ამბობენ მწერალს თუ შეუყვარდი, მას შეუძლია უკვდავად გაქციოსო.
 
 ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს და თან ეგრე მაგრადაც ვერ ვწერ-თქო.
 
 პირველში ნამდვილად მართალი ხარ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს მეორეშიცო.
 
 სახლში მალე მივედით და სანამ ცდისპირი დამსახურებულ სტეიკს მიიღებდა, ლიზამ ამერიკული უბედურების ფორმულა გამიშიფრა — არ მუშაობ და საარსებო წყარო არ გაქვს. მუშაობ და ცხოვრებისთვის ვერ იცლიო.

არაფერი მიპასუხია.
 
 ლიზა სტეიკს წვავდა. იცი პირველად როდის მივხვდი ბავშვობა რომ დამთავრდა? როცა სამზარეულოში საჭმელად კი არა, საჭმლის გასაკეთებლად დამიძახესო.

მგონი ამიერიდან ხშირად მომიწევს შენთვის ბავშვობის ტრავმის შეხსენება-თქო.

ბიჭები როდის ხვდებით რომ ბავშვობა დამთავრდა? როცა პირველ გოგოსთან სექსით საკუთარ ეგოს იკმაყოფილებთო?

დავიწყოთ იმით, რომ ჩემ პირველ სექსს ეგოს დაკმაყოფილებას ძნელად დაარქმევს კაცი. დღემდე არ მესმის რატომ ცემდა იმ საწყალ გოგოს ქმარი, რატომ დაენგრა ოჯახი და რატომ გადაწყვიტა ბავშვის მომავლის უზრუნველსაყოფად, მაინცდამაინც ეს გზა. მეორეც მართალია სამზარეულოში (დასანანია რომ ამერიკაში ბარბარიზმ “კუხნას” ფეხი არ აქვს მოკიდებული) ანუ თქვენს, ქალების ტერიტორიაზე ვართ, მაგრამ გთხოვ სქესობრივ ნიადაგზე დისკრიმინაციას ნუ ექნება ადგილი. ბავშვობის დამთავრების მომენტი ბიჭებსაც ემოციურ მომენტებთან გვაქვს დაკავშირებული-თქო.

მაინცო?

დავფიქრდი. ალბათ მაშინ როცა მივხვდი რომ მამაჩემი ყველას ვერ მოერეოდა, კიდევ უფრო მაშინ, როცა მივხვდი რომ ჩემი საქციელების გამო დედა კი აღარ მიბრაზდებოდა, ოთახში ჩუმად იკეტებოდა და ტიროდა ხოლმე. როცა მივხვდი ამიერიდან ბაბუაჩემს მხოლოდ წარსულის ფოტოებში და სადღეგრძელოებში შევხვდებოდი.

ხო, ასაკის მატებასთან ერთად მოვლენების გადაფასება ხდებაო.

მოვლენების გადაფასებაზე, სულ ერთი ისტორია მახსენდება. 12 წელი ერთ სკოლაში ვსწავლობდი, დარაჯი გვყავდა ელგუჯა. დარაჯობის გარდა, ჭადრაკს გვასწავლიდა, მე-2 ან მე-3 კლასში ვიყავით, როცა კლასში წამოცდა კასპაროვთან მაქვს ყაიმი ნათამაშებიო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, საღადაო თემა მოგვეცა, აბა სად 200 ლარზე მომუშავე დარაჯი ელგუჯა და სად მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, გროსმაისტერი, კომპიუტერის დამმარცხებელი გარი კასპაროვი. ელგუჯა ჯიუტად იმეორებდა, მაინც დავამტკიცებ ჩემ სიმართლესო. წლები გადიოდა, ჩვენთვის კი ეს თემა ელგუჯას დაბულინგების უშრეტი ინსპირაცია იყო, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. 
 ერთ დილასაც გეოგრაფიის გაკვეთილი გვქონდა, რუტინული, არაფრით გამორჩეული 45 წუთი უნდა ყოფილიყო თავისი განედებით და მერიდიანებით. უცბად კარი გაიღო და ოთახში გულამოვარდნილი ელგუჯა შემოვარდა. ვიპოვე. მაინც ვიპოვეო. ხელში ძველი და გაცრეცილი გაზეთი, Советский спорт ეჭირა, რომლის მთავარ გვერდზეც დიდი ასოებით ეწერა грузинская сенсация. ფოტოზე კი ადვილად ამოიცნობდით ელგუჯას ახალგაზრდობის ფოტოს, ის ხელს მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, გროსმაისტერს და კომპიუტერის დამმარცხებელს, გარი კასპაროვს ართმევდა.

იმ დღეს ბევრი აღარ გვისაუბრია. ლიზა სერიოზული იყო. სტეიკი გემრიელი.

__

აიდაჰოში დაბრუნებულ კევინს და აბიგაილს, რამდენიმე დღით ლიზაც თან გაჰყვა. დღეები ერთმანეთს დაემსგავსა. ჰარიბოებით შეიარაღებული, ლეპტოპს ვეჯექი. არ ვიცი სტაგნაცია ჰქვია, თუ გარანტირებული სიამოვნების სურვილი, მაგრამ ბოლო დროს მხოლოდ იმ ფილმებს ვნახულობ რომლებიც უკვე ნანახი მაქვს, მხოლოდ იმ წიგნებს ვკითხულობ რომლებიც უკვე წაკითხული მაქვს და მხოლოდ იმ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც აქამდე მქონია. მოწყენილობისგან დღეში სამჯერ ბანაობაც რომ მომწყინდებოდა, იუნიონ სქუერში ან ცენტრალ პარკში გავდიოდი ხოლმე, ზუსტად ვიცი თბილისში დაბრუნების მერე, ყველაფერი ძველებურად იქნება, ისევ დამივლის სასიამოვნო ჟრუანტელი, როცა საეთეროდან ყურში მეტყვიან „საშკა შეგიძლია დაიწყო“, ისევ დავლევთ მე და შათირა მარტოები და აზრადაც არ მოგვივა რომ ვინმე მე-3 გვჭირდება, ისევ დამამატებენ ფეისბუქის ჯგუფებში, სადაც “თუ შემოვუშვებდი” უნდა გავაზიარო, შუქნიშანზე გაჩერებულ ჩემ მანქანას ისევ შეაფურთხებენ ციგნის ბავშვები, თუ ღვთისმშობლის ხატს არ ვიყიდი. ლარად. 
 
 სულ უფრო მოვუხშირე თბილისურ ზარებს სკაიპში. ძირითადად მე და შათირა ვლაპარაკობდით ხოლმე, ის იქიდან წევდა ჭიქას, მე აქედან. ხათუნა მსუბუქად რომ ვთქვათ არ გიჟდება როცა მე ვსვამ, საღამოს სახლში დაბრუნებულს ეს სცენა რომ დახვდა, შათირას თვალი ჩავუკარი, ისიც ყველაფერს მიხვდა და დაიწყო:
 
 დრო სუბსტანციაა რომელიც მქმნის, ის მდინარეა რომელიც მიტაცებს, მაგრამ მე ვარ მდინარე, ის ვეფხვია რომელიც მანადგურებს მაგრამ მე ვარ ვეფხვი, ის ცეცხლია რომელიც მწვავს, მაგრამ მე ვარ ცეცხლი.
 
 ხათუნას თვალები აენთო და მივხვდი, რომ ავანსცენა მე მიხმობდა. 
 
 უკანასკნელი დაისის მეწამულ ფერებში უსაზმოდ და ცალად მდგარი ქარაფიდან, დროთა სრბოლის ზარი უკანასკნელად რომ ჩამორეკს და მიჩუმდება, ადამიანის დაუდუმებელი ბგერა მაშინაც კიდევ იხმიანებს. მოდი ადამიანის მარადიულობის იდეას გაუმარჯოს-თქო.
 
 ვახ თქვენ გენაცვალეთ ბიჭებოო და დაღლილი თავისი ოთახისკენ გაემართა.
 
 გრადუსში შესულმა და ურთიერთობებს მონატრებულმა, კიდევ რამდენიმე ზარი განვახორციელე, ნახევარი საათი ვუსმენდი როგორი წარმატებული პაემანი ჰქონდა ჩემ მეგობარს ახალ გოგოსთან და როგორ ფეხებზე ეკიდა ყოფილი შეყვარებული, რომელთანაც 4 წელი გაატარა. სიმართლე ორივემ ვიცოდით, მაგრამ გოგოებისგან განსხვავებით ბიჭები არ ვართ საკმარისად ძლიერები იმისთვის, რომ ერთმანეთის წინაშე ავქვითინდეთ, ჩვენ თერაპიის სხვანაირი მეთოდები გვჭირდება. არაფრისმომცემ გოგოსთან, არაფრისმომცემი პაემანი კი ერთ-ერთი მათგანია.
 
 ერთ საღამოსაც სახლში ვიყავი და უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა კარზე ბრახუნი ატყდა. ასეთ სტილში როგორ წესი აქ არ აკაკუნებენ ხოლმე. მივედი და აღელვებული ნანდო იდგა. კარი გავაღე.
 
 ჩაჩა ისევ გაქვსო?
 
 ჭაჭა-მეთქი.
 
 არ მეხუმრება. თუ შეგიძლია აიღე და წამო სახურავზე ავიდეთო. 
 
 ავედით. დაღვრემილი ნანდო იშვიათი სანახაობა იყო. მეც მივხვდი რომ არ უნდა მეხუმრა და გავჩუმდი. ვაგრძნობინე რომ მზად ვიყავი მომესმინა.
 
 მოკლედ მამას სერიოზული პრობლემები შეექმნა, მისი 2 თანამშრომელი დაიჭირეს და თუ მალე არ წავედით, სავარაუდოდ მასაც მიაყოლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია აქ ვართ, საბუთები მაინც არ გვაქვს ბოლომდე წესრიგში. თან მამა ოფიციალურად ქვეყანას ვერ დატოვებს, მექსიკაში უნდა გადავიპაროთ და იქიდან პუერტო რიკოში გაგვაფრენენო.
 
 მამა რომ წავიდეს და თქვენ დარჩეთ-თქო?
 
 ეგ გამორიცხულიაო. ნანდომ ჭაჭა მოიყუდა და ყველაფრის მიუყოლებლად დალია.
 
 არც კი ვიცი რა გითხრა, ეგ ოჯახის შიდა საქმეა, მე როგორ მოგცე რჩევა-თქო.
 
 მამა ამბობს რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა. მაგრამ რას ნიშნავს ღმერთის ნება? მე დიდი კალათბურთი უნდა ვითამაშო. მე ამერიკა მჭირდება. როგორ შეიძლება ყველაფერი ღმერთს დაუკავშირო, ხომ უნდა არსებობდეს ლოგიკური ახსნა. იცი რა იყო პირველი, რაც გადაწყვეტილების მიღების მერე გააკეთა? ყველანი ეკლესიაში წაგვიყვანა და ვილოცეთ. რატომ უნდა მომქცეოდა ღმერთი ასე? შეიძლება მე საკმარისად მორწმუნე არ ვარ და ეს ჯვრის ტატუც არაფერს ნიშნავს, მაგრამ შენც იცი რომ ცუდი ადამიანი არ ვარ, არავის არაფერს ვუშავებ, მარტო ჩემი საქმე მაინტერესებს, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, კანონმორჩილი და მოსიყვარულე ტიპი ვარ, ღმერთის არსებობა ამის განმსაზღვრელი არაა ჩემთვის და თუ ღმერთს ის უნდა რომ ყოველდღე ეკლესიაში დავდიოდე, ლოცვებს ვკითხულობდე და მამასავით ვცხოვრობდე, ეგეთი პატივმოყვარე ღმერთი მე არ მჭირდებაო.
 
 გაშტერებული ვიჯექი და ვუყურებდი ნანდოს. ნანდო რომელსაც მხოლოდ სპაიდერმენის კომიქსები ჰქონდა წაკითხული და ისიც კი მე შევახსენე, რომ მერი ჯეინს წითელი თმები აქვს, რაციონალიზმის და ეპიკურეიზმის ფუნდამენტალურ ღირებულებებს ერთმანეთზე ამყნობდა. ვინ უფრო დიდი ფილოსოფოსია, ნანდო რომელმაც ეს ყველაფერი იგრძნო და გულიდან ამოთქვა, თუ ჩემი ფილოსოფიის ლექტორი, რომელმაც ფილოსოფია თავისი ლექტორის კონსპექტებიდან ისწავლა, იგივეს უფრო მაღალფარდოვანი სიტყვებით აგვიხსნის, თვის ბოლოს ხელფასს აიღებს, ოლეინაში გაზავებულ მამა გაბრიელის ზეთს შვილებს შუბლზე წაუსმევს და რელიგიური მოტივით მცხეთაში წასული, „გზად“ სალობიეშიც შეივლის..
 
საშინელი საღამო გამოდგა, ნანდო ვერაფრით დავამშვიდე.

____

ლიზა დაბრუნდა. მასთან მორგებული პაციენტის როლი ხანდახან ზედმეტ გულწრფელობებში გადამდიოდა და ყველაფერს ვყვებოდი. ერთ-ერთი საუბრისას წამომცდა, თუ როგორ მიყვარდა ადრეულ წლებში აზარტული თამაშები და როგორ ვოცნებობდი ლას ვეგასში მოხვედრაზე.

პარასკევი საღამო იყო, დამირეკა სახლში თუ ხარ არსად წახვიდე, შენთვის პატარა სურპრიზი მაქვსო. მეც და ხათუნაც სახლში ვიყავით, ხათუნა მუშაობდა და მეც ყურსასმენებგარჭობილი ჩუმად ველაპარაკებოდი სკაიპში შათირას. ისე ეს ყურსასმენები ადამიანებივით გამოდგომაზეა. აიფონის ორიგინალი ყურსასმენიც მქონდა, უკაბელო ბლუთუზიანიც და დოქტორ დრეს ბითებიც. ერთი თავისით გაფუჭდა, მეორე გავტეხე, მესამე ტაქსიში დამრჩა. იმედებგაცრუებულმა ჩემი უბნის მიწისქვეშა, გაუბედურებულ მაღაზიაში, 5 ლარად ვიყიდე ერთჯერად პარკში გახვეული, made in pakistan, შავი, უბრალო, ყურსასმენი. აგერ უკვე მე-3 წელია ისე მოვდივართ, წყენა არ გვახსოვს ერთმანეთისგან.

კარი რომ გააღო და ლიზა დაინახა, ხათუნამ მისაყვედურა, რატომ არ მითხარი თუ მოდიოდა, მშიერი იქნება ბავშვი. ეხლავე ხაჭაპურს გამოვაცხობო.

ლიზამ ჩანთიდან ფურცლები გააძრო და სიურფრაიზო.

რა ხდება-მეთქი?

აქედან ლას ვეგასამდე 2300 მილია და დამიჯერე ძალიან დავიღლებოდით, მაგრამ ეთლენთიქ სითიმდე მანქანით სულ 2 საათის გზაა, შენ თუ დაჯდები და არა მე, შეიძლება კიდევ უფრო ნაკლების. მე და ჯენიმ გოლდენ ნაგეთში ორი 2-კაციანი ნომერი დავბრონეთ, მართალია 4-ვარსკვლავიანი სასტუმროა, მაგრამ აშკარად ყველა მონაცემი აქვს 5-ვარსკვლავიანობისთვის, 2 დღის სამყოფი ტანსაცმელი ჩაალაგე ზურგჩანთაში და შეგვიძლია ნელ-ნელა დავიძრათ, ჯენი და თავის ბოიფრენდი ქვემოთ მანქანაში გველოდებიანო.

ეთლენთიქ სითი აქაური მინი ლას ვეგასია. სასტუმროებით, კაზინოებით და უამრავი გასართობი ადგილით გადახუნძლული ქალაქი. მე თან გასწორებულში ვიყავი და თან უხერხულად ვგრძნობდი თავს. იცოდე იქ ყველა ხარჯს მე ვიღებ ჩემ თავზე-თქო.

ლიზამ გამიცინა და მალე ჩაალაგე, გველოდებიანო.

არა, ხათუნას ხაჭაპური თუ არ ჭამე მერე მე მეჩხუბება, თან მოდი ვიღაც უნდა გაგაცნო-თქო. შათირამაც იცოდა ლიზაზე და ლიზამაც შათირაზე, მაგრამ ესე პირველად გავაცანი ერთმანეთს. საშინელი მომენტია ორ შენთვის საყვარელ ტიპს ერთმანეთს რომ გააცნობ და ისინი უცბად გამონახავენ საერთო ინტერესს: შენს დაცინვას. მეც ონლაინ ბულინგის მსხვერპლი გავხდი და ერთბაშად რამდენიმე თემაზე ამკენწლეს შათირამ და ლიზამ.

როცა მორჩნენ, ილიამ სად მიდიხართო?

ეთლენთიქ სითიში-მეთქი.

სადო?

ატლანტიკ სიტიშიო. უთარგმნა სამზარეულოდან საძინებლისკენ მიმავალმა, ცომში ხელებამოვლებულმა ხათუნამ.

ერთი წამით შეგიძლია ყურსასმენები გაიკეთოო?

მე ამაყად გავიკეთე ჩემი 5-ლარიანი ყურსასმენები.

რა იყო-თქო?

საშკა, შენ ხო დამპირდიო.

აა, არა. სად წახვედი, ვაბშე სხვა თემაა, იქ სათამაშოდ კიარა გასართობად მივდივართ. თან რაღაც ფული მაქვს გადადებული, წინასწარ განსაზღვრულ 200–200 დოლარს წავაგებთ და უიქენდის ბოლოს, ბედნიერი მოგონებებით დავბრუნდებით იქიდან-თქო.

საშკა, 200 დოლარში არ არის საქმე, იცი რასაც გეუბნებიო.

არაფერი მიპასუხია.

კარგი, ეხლა ან მაგრად უნდა გეჩხუბო, ან უნდა გაგითიშო. შენთვის განწყობის გაფუჭება არ მინდა, წავედი, სამსახურში ყველას საქმე მე შემომტენეს, გერმანულიდან რაღაცები მაქვს სათარგმნიო.

ამასობაში ხათუნას ხაჭაპურიც გამოცხვა, რაც შევჭამეთ შევჭამეთ და რაც ვერა, ხათუნა გვეჭიდავა პარკში გაგიხვევთ და გზაში წაიღეთ მოგშივდებათო. მე ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ ლიზამ ეგ არაფერი, შენ ბებიაჩემი უნდა ნახოო.

ხაჭაპური არა, მაგრამ გადანახული ერთი ბოთლი ჯიმ ბიმი, რომელიც ხათუნას ისევ მაცივარში შეუნახავს, გავიყოლეთ.

ვაშლის წვენი არ მომაქვს და გაუზავებლად დავლევ, ჩემს მასკულინურ თვისებებში ეჭვი რომ არ შეგეპაროს-თქო.

უადგილო და დაბალი ხარისხის ირონია იყოო.

ჩავედით. ეს ჯენი ლიზას ადრე უკვე ნახსენები ყავდა. მისი ბოიფრენდი ტიმიც გავიცანი და ეთლენთიქ სითისკენ ავიღეთ გეზი. საჭესთან მე ვიჯექი, წინ ლიზას მობილურში ჩაწერილი ჯიპიესის აპლიკაცია მიგვიძღვოდა.

ერთ მომენტში წინ ზოზინით მიმავალ მიცუბიშის, რომელიც არ მატარებდა, დემონსტრაციული აგრესიით გადავასწარი.

Fish, ეს აღმგზნები იყოო. მომიგო ლიზამ სიცილით და თან ჯენის და ტიმის რეაქციას დააკვირდა.

ვერ მივხვდი-თქო.

უბრალოდ ზუსტად ისეთ სტილში ატარებ მანქანას, როგორც ხუმრობ, აზროვნებ და ურთიერთობ. მარტივი ბიჰევიორიზმიაო.

კაი, შენ ძაანაც ნუ შეყვები ფსიქოლოგიის კონსპექტებს-თქო.

ლიზას ნავარაუდებ დროს, ზუსტად 7 წუთით ჩავასწარი, რაც, რა თქმა უნდა, ხუმრობების უშრეტ ინსპირაციად მექცა. ოთახებში გადავნაწილდით და შევთანხმდით, რომ ზუსტად ერთ საათში სასტუმროს ჰოლში შევხვდებოდით. გადავივლეთ და ცოტა დრო ერთმანეთისთვისაც დაგვრჩა, ლიზას სპეციალურად აქაური დღეებისთვის, ახალი ანდერვეარი უყიდია, ყოველთვის სასიამოვნოა როცა გოგო ცდილობს სასურველი იყოს შენთვის, შემოაქვს სიახლეები და ამას შენი მითითების გარეშე აკეთებს. შენც თუ იგივეთი პასუხობ, აგწყობიათ ცხოვრება და ვერ გაგიგიათ.

ჯიმ ბიმი გავხსენი, ნამგზავრი და დაღლილი ვიყავი, ამიტომ მალე მომეკიდა, თითოეულ ჭიქასთან ერთად სულ უფრო და უფრო მინდოდა გრადუსში შესვლა. ჩემ წინ ლიზა იდგა, თხელი ფეხებით, სავსე მკერდით, მწვანე თვალებით და ზურგზე დაყრილი ქერა თმებით. ცხოვრებაში ხანდახან არის მომენტები, როდესაც გულწრფელად არ გაინტერესებს რას აკეთებდნენ პარტიზანი მებაღეები 2012 წლამდე, რატომ არის ჯანო ანანიძე ბოლო 10 წელია სულ 17 წლის, რატომ ჰგონია შენი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ჟურნალისტს არტერია არტილერია, რა კორელაციაა შენი ქვეყნის განათლების მინისტრსა და კომბლეს შორის, ალგეთს რით ვერ დაიზარდნენ და ა.შ. უბრალოდ გიხარია სიცოცხლე, არ გჭირდება დამატებითი მიზეზი ბედნიერებისთვის და აფასებ იმას, რაც გაქვს. ეხლა ეგ იშვიათი მომენტი იყო.

ლიზამ ამდენს თუ დალევ, დღეს ვერ ვიმეგობრებთო.

მართლა ბევრი მომივიდა, თან უჩვეულოდ მარტივად მომეკიდა. ჰოლში ჩასვლის და ლიზას მეგობრებთან შეხვედრის დრო იყო. მანქანა სასტუმროს პარკინგზე დავტოვეთ და ისე გავემართეთ უახლოესი კაზინოსკენ, რომლებიც ასე უხვადაა ეთლენთიქ სითიში. სათამაშოდ 200 დოლარი მე მედო, 200 ლიზას. ჩემ თავს ვენდობოდი, მაგრამ კარტაც და ნაღდი ფულიც სასტუმროში დავტოვე, მარტო ერთი 50-დოლარიანი გამოვიყოლე. კაზინოში შესვლის წამიდანვე მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი. აქ არ უნდა მოვსულიყავი, მითუმეტეს ნასვამი. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო. ჩემი 200 დოლარი ნელ-ნელა წავაგე. დავზამასკდი.

ლიზ, შენ თამაში მაინც არ იცი, მოდი დარჩენილ 200-საც მე ვითამაშებ, თუ წავაგე სასტუმროში დაგიბრუნებ, თან ეხლა აგიხსნი, რა და როგორ-მეთქი.

Fish, რა წესიაო.

მე ჩემი 50 დოლარით 2 კოქტეილი შევუკვეთე და სმა განვაგრძე. ლიზასთვის მიცემული 200 დოლარი დავიბრუნე და ისიც რულეტკაში შევაცურე. ლიზა მიყურებდა, არ იცოდა რას ნიშნავს გამსვლელი 3-იანის დაჭერა, რატომ “იცის“ 31-ს მერე 13, როდის უნდა აიღო შპილი, როდის ტიერი, როდის ვაზანი და როდის ორფენსი. ნეტა მეც არ „მცოდნოდა“.

ნელ-ნელა 650 დოლარზე ავედი. მერე 50 გავანაღდე, ისევ 2 სასმელი შევუკვეთე და გავაგრძელე. ლიზა ყველა დატრიალების მერე მექაჩებოდა სასტუმროსკენ, მაგრამ მე მისი ხმა უკვე ბუნდოვნად მესმოდა, მთავარი ფული არ იყო, ბურთი ტრიალებდა, ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. მე უკვე იქ ვიყავი, თბილისის აჭარაბეთთან. ექსპრეს და ვივუს სესხებთან. ლომბარდებთან. გარეთ მდგარ რუსთაველ ტიპებთან, გზის ფულიც რომ წაეგოთ და უთავმოყვარეოდ მათხოვრობდნენ ლარს და 30-ს. ფსიქოტროპულიდან გამოსულ უბნელებთან. გრიმოდინებთან, გაბაგამებთან და ლირიკებთან. ლუდით ვერგახსნილ ბაკლოსანთან. ჩემი უბნის კრაკაძილშიკებთან, რომ ვეღარ გაეგოთ წინ მიდიოდნენ თუ უკან. ჩემ კარის მეზობელ გოგასთან, რომელსაც ვენა აღარსად ამოსდიოდა და წამლის ფეხში კეთებით, 27 წლის ასაკში დაიკოჭლა თავი. უმიზეზო ჩხუბებთან, უბნის გარჩევებთან, დაჭერილ ძმაკაცებთან და პერედაჩებზე სირბილთან. ცხოვრებასთან რომელსაც ერთხელ როგორღაც დავაღწიე თავი და რომელში დაბრუნებასაც ყველაფერი მერჩივნა.

1600 დოლარზე ვიყავი, 100 დოლარს გავედი და 29 რომ ჩაეგდო 2000-ზე ავდიოდი, 28 რომ ჩაეგდო 1900-ზე. მაინცდამაინც შუაში ჩაუგდო 7 და გამხვრიტა. 1500 დოლარზე დავრჩი, ლიზამ ხელი მომკიდა და კატეგორიულად მომთხოვა გავჩერებულიყავი.

ჯენი და ტიმი სასტუმროში გველოდებიან. საკმარისია წავიდეთო.

ფეხებზე მკიდია ჯენიც და ტიმიც-თქო. აშკარად ხმამაღლა მომივიდა მე და გარშემო მყოფმა მშვიდმა, გასართობად მოსულმა კამანდამაც ერთიანად შემომხედა.

ავდექი, არც ფულის განაღდებას და არც ლიზას არ დავლოდებივარ. ჩემი ხოდით დავაწექი სასტუმროსკენ, ნომერში დარჩენილი ვისკიც ბოლომდე გამოვცალე და მაშინვე ჩამეძინა.

გათენდა. მივხვდი რომ მიქარული მქონდა, თან უმიზეზოდ. თვალი რომ გავაღე, ლიზა საწოლის მოპირდაპირე მხარეს სავარძელში იჯდა და ბლოკნოტში რაღაცებს ინიშნავდა. როცა დაინახა თვალი გავაღე, ლოგინზე გადმოჯდა და ისე თანამზრახველურად გამიღიმა, თითქოს გუშინ ერთად გვქონოდა ვიღაც მე-3 ტიპთან მიქარული.

ფსიქოლოგ გოგოსთან ურთიერთობას, ერთი დიდი პლუსი აქვს. ის ცდილობს ახსნა მოუძებნოს იმ საქციელს, რომლისთვისაც ყველა სხვა გოგო ძალიან მარტივად თავზე დაგახურავდა ყველაფერს.

გუშინდელი ჩემი საქციელი ტოტალურად არაადეკვატური იყო, დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ბოდიშის მოხდა მინდა-თქო. ვუთხარი ლიზას დიდი ჩხუბის მოლოდინში მყოფმა.

არაუშავს, შენ უბრალოდ პოსტ-ტრავმული სტრესის, პერიოდული, სუსტი გამოვლინებები გახასიათებს. გამაღიზიანებელი ფაქტორები თუ არ იმოქმედებენ, ამ ყველაფერს ისე დალექავ საკუთარ თავში, ცხოვრების ბოლომდე აღარც გაგახსენდება. გუშინ ის ფული მთლიანად მოვხსენი და ჩემ კარტაზე დავდე. წამოდი გავისეირნოთ, შენთვის ეხლა შოპინგოთერაპია ნამდვილი მისწრება იქნებაო.

გულწრფელად რომ ვთქვა ცოტა ძნელად ვხედავ საკუთარ თავს შოპინგოთერაპიის, ბისერების აწყობის და სინქრონული ცეკვის პროცესში, მაგრამ ამხელა ჩხუბს ასე მარტივად გადარჩენილი, რაიმე ფემინისტურ პერფორმანსსაც დაუფიქრებლად შევასრულებდი და ბონუსად, კონგრესში ქალთა სავალდებულო კვოტირებასაც მოვითხოვდი.

ლიზამ მთელი დღე წინ და უკან იმდენი მატარა მაღაზიებში, თერაპია არ ვიცი მაგრამ კალორიები მოშნად დავწვი. კაზინოში არც იმ და არც მომდევნო დღეს აღარ შევსულვართ. ეთლენთიქ სითის დარჩენილმა პერიოდმა მაღაზიებში, კაფეებში და სასტუმროს აივანზე ჯენისთან და ტიმთან ერთად კარტის თამაშში ჩაიარა.

__

გაფრენამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. დილით გაღვიძებულს, ლიზას მესიჯი დამხვდა. Fish, ჩემი მეგობარი ნიუ ჯერსიში დიდ წვეულებას აწყობს და იქ მივდივარ. ხვალ ჩამოვალ და მერე გავაგრძელოთ ბედნიერი ცხოვრება. პ.ს. იქ ჩემი ყოფილი შეყვარებულიც იქნება და იმედია ეს შენთვის პრობლემა არაა, ჩავთვალე რომ უნდა მეთქვაო.

მართალია საკუთარ თავს ყოველდღე ვპირდებოდი, რომ ჩემსა და ლიზას შორის არანაირი გრძნობა არ გაჩნდებოდა, ის უბრალოდ აქ გატარებული მოკლე პერიოდის სასიამოვნო თანამგზავრი იყო და მას შემდეგ რაც თბილისის რეისს დავაჯდებოდი მხოლოდ ტკბილ მოგონებად დარჩებოდა, მაგრამ არც ლიზას გარეშე გატარებული დღე მინდოდა და რაღა დავმალო არც მისი მარტო გაშვება გაურკვეველ ჰოუმ ფართიზე ნიუ ჯერსიში, სადაც მისი ყოფილი შეყვარებულიც იქნებოდა. ხოდა მივწერე, მეც რომ წამოვიდე პრობლემა ხომ არ იქნება-თქო.

ლიზამ დამირეკა.

რა იყო ეჭვიანობ, ჩემს გარეშე არ გინდა თუ უფასო სასმლის სუნი გეცაო?

არ ვიცი წამოვალ, იქნებ ვინმე ლამაზი და საინტერესო გოგო გავიცნო-თქო.

კარგი, მითხარი რომ ჩემს გარეშე მარტოსული, მოწყენილი და ტოტალურად უაზრო ცხოვრება გაქვს, შენი ბედნიერებაც დროებითია და ნიუ იორკიდან გაფრენის მერე, ისევ სევდიან, ღრმა სიცარიელეს დაუბრუნდები. ამის მერე განვიხილავ შენი წაყვანის შესაძლებლობასო.

გუშინდელი სექსის მერე დომინანტური ფანტაზიები თუ გქონდა, აღარც მეგონა-თქო.

Fish, გულწრფელად დასანანია ჩემმა კაცმა არ იცოდეს, რომ ჩვენი როლები და განწყობა: სექსში, რეალურ ცხოვრებაში და მიტოვებული მოხუცების თავშესაფარში საშობაო ვიზიტისას, მკვეთრად დიფერენცირებულია. ეხლა მოწესრიგდი, ჩაიცვი და მალე გამოდი, 6-სკენ უკვე უნდა დავიძრათო.

ტიპური მაგალითი იყო იმ საუბრებისა, რომლებიც მე და ლიზას გვქონდა. ალბათ უფრო ჩემს გამო, ვიდრე ლიზას გამო. შეიძლება ესე მინდა ვიფიქრო.

ლიზას ინსტრუქცია პირნათლად და თანმიმდევრულად შევასრულე, მოვწესრიგდი, ჩავიცვი და სახლში მყოფ ხათუნას ვახარე, მე და ლიზა ნიუ ჯერსიში მივდივართ-თქო.

ახლო ნიუ ჯერსიში თუ მართლა ნიუ ჯერსიშიო?

ეგ რას ნიშნავს-მეთქი.

ამიხსნა, მაგრამ წესიერად ვერ გავიგე.

მე ახალი სპექტაკლისთვის სამაგიდო სამუშაოები უკვე დავიწყე და დღეს სახლიდან არ გავდივარ, თუ გინდა ავტობუსისთვის ჩემი ანლიმითიდ ქარდი აიღე და იმით წადიო.

ოხ, დიდი ხანია მაგას პრაეზნოის აღარ ეძახი-თქო?

გამასწარი ეხლა აქედანო.

გავასწარი. მზიანი და კარგი ამინდი იყო. ღრმაფილოსოფიურად თუ მივუდგებით, ამინდი არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ამინდი შეიძლება იყოს მზიანი, წვიმიანი, ქარიანი და მხოლოდ ჩვენი განწყობებისა და შეხედულებებისამებრ ვანიჭებთ დეფინიციას. პრინციპში როგორც ადამიანებს. ერთი ისაა რომ სულ სხვა ტალღაზე ვიყავი და ღრმა ფილოსოფიის თავი არ მქონდა, ხოდა კარგი ამინდი იყო. არსად მეჩქარებოდა, შესაბამისად ტაქსს და დაახლოებით 40 დოლარის გაფლანგვას, ხათუნას ანლიმითიდ ქარდი და ავტობუსი ვარჩიე. კარგია ყურსასმენები, საყვარელი მუსიკა და მანჰეტენის ხედები ფანჯრიდან. უკვე წლებია რაც მანქანა მყავს და თბილისში ყურსასმენების გარეშე გამოვდივარ სახლიდან. მომნატრებია.

ლიზასთან მისასვლელად ჩვეულებრივზე მეტი დრო დამჭირდა, ისევე როგორც ლიზას კარის გასაღებად. თეთრი პირსახოცის ხალათი ეცვა, პატარა თეთრი პირსახოცი თავზე ჰქონდა წაკრული, მისი ტერფები კი ამჯერად შავლაქწასმული თითებით მთავრდებოდნენ. გამზადებული კადრი იყო ტარანტინოსთვის…

მიუხედავად იმისა რომ დილიდან ჩემი დაკბენის მეტი არაფერი გიკეთებია, უნდა ვაღიარო ძალიან ლამაზი ხარ და მშვენივრად გამოიყურები-თქო.

ვიცი ეგ შენი მშვენივრად გამოიყურები რითიც მთავრდება. 2 საათი ვბანაობდი, კრემებიც წავისვი და ეხლა სახეზე ნიღაბი უნდა დავიდო, აქედანვე იცოდე რომ დღეს სექსს ვერ ეღირსებიო.

მიუხედავად იმისა რომ მთელი შეგნებული ცხოვრებაა მაინტერესებს, რატომ არის სექსი ჩვენთვის ის, რასაც უნდა ვეღირსოთ და გოგოებისთვის ის, რასაც უნდა გვაღირსონ, ლიზასთვის წინააღმდეგობა აღარ გამიწევია.

დაახლოებით 2 საათი გვქონდა, რომელიც სხვა აქტივობებში უნდა გაგვეტარებინა. ლიზა სარკესთან იჯდა და რაღაც მწვანე მასას, რომელსაც თვითონ ნიღაბი უწოდა, სახეზე ისმევდა. მე საძინებელში გავედი, წამოვწექი და ჯერ ფეისბუქს ვსქროლავდი უაზროდ, მერე ტელევიზორი ჩავრთე. რა თქმა უნდა, ტელევიზორში სპორტული არხები მაქსიმალურად იყო გაფილტრული, მაგრამ დიდი კვლევა-ძიების მერე, სადღაც ბოლოში მაინც ვიპოვე ესპანურენოვანი სპორტული არხი, რომელზეც ნორვეგიული და შვედური გუნდების ქალ ხელბურთელთა ამხანაგური მატჩის, ძველი ჩანაწერი გადიოდა. არ მაინტერესებდა, მაგრამ თითქოს ლიზას ჯინაზე ნაპოვნ სპორტულ არხს, ხელიდან როგორ გავუშვებდი. ხოდა მეც ჩავუჯექი. რამდენიმე წუთში მთლიანად მწვანესახიანი ლიზაც შემოვიდა.

იმედია შობის მოპარვას არ აპირებ-თქო.

ლიზამ დამარცხებული ადამიანის ღიმილი მოირგო, მერე გვერდულად მომიწვა, მუცელზე კეფა დამადო და ჭერს მიაშტერდა. ესეთ დროს სულ უხერხულად ვგრძნობ თავს და ვცდილობ იშვიათად ვისუნთქო, მგონია რომ ხშირი სუნთქვა მუცელზე კეფადადებულისთვის შემაწუხებელია.

გადართავ თუ დავამთავროთ ურთიერთობაო? მკითხა მწვანე სახემ

მე კი გადავრთავ, მაგრამ შენ ეხლა თვალებზე, დაჭრილი კიტრი არ უნდა დაილაგო-თქო?

გაჩუმდი, თორემ ნიღაბი გამიფუჭდებაო.

მოდი ძალიან საინტერესო რამეა, გასწორდი და ერთად ვუყუროთ-თქო, ისე ვუთხარი თითქოს ელ კლასიკოს საყურებლად ვეპატიჟებოდი.

მოულოდნელად ლიზა ამოიწია, ჩამეხუტა და მართლა დავიწყეთ თამაშის ინტერესით ყურება. რა მაგარი რამეა სიყვარული.. კიარადა ურთიერთობა. ნორვეგიული და შვედური გუნდების, ქალ ხელბურთელთა ამხანაგური მატჩის, ძველი ჩანაწერიც კი შეუძლია საინტერესო სანახაობად აქციოს. შვედები იგებდნენ, მე კიდე ნორვეგიელების სათადარიგო მეკარეზე ვაეჭვიანებდი ლიზას, რომელიც მწვრთნელს რატომღაც პენალტების დროს გამოყავდა. (ოღონდ რატომ ვერ გავიგე, 4-დან 4 გაუშვა).

ლიზ შეხედე რა გოგოა, ამას გოლი როგორ უნდა გაუტანო-თქო.

ეხლა კაცები რომ თამაშობდნენ და მე იგივე მეთქვა, გესიამოვნებოდაო?

cuckold-ის მეტყობა რამე-თქო?

ხოდა აბა გაჩერდიო.

რა მოგივიდა, ძირითადი მეკარე რომ იყოს კიდე ხო-თქო..

ნიღაბის გაფუჭების შიშით შეპყრობილ ლიზას, მიმიკაც არ შეცვლია.

უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა. საუკეთესო თავდაცვა რომ თავდასხმაა გავიხსენე და ლიზას შევუტიე.

ისე საეჭვიანო მე უფრო მაქვს, მივდივართ ერთ ჩვეულებრივ სახლის წვეულებაზე, სადაც შენი ყოფილიც მოდის, შენ კიდე ისე ემზადები თითქოს ბუკინგემში ვართ მიღებაზე დაპატიჟებული-თქო.

მართლა ეჭვიანობო? და უემოციო სახით გამომხედა.

არა-მეთქი.

კი ეჭვიანობ, მაგრამ დამიჯერე სულ ტყუილად. მასთან ერთად ყოფნა რომ მინდოდეს, მასთან ვიქნებოდი და არა შენთან fish, ამიტომ ზედმეტ ფიქრებს ნუ აყვები. დღეს უაზრო ეჭვიანობებში 1–1 დავამთავროთ და საღამოს კარგი დრო გავატაროთო.

გულწრფელად დარწმუნებული ვარ რომ ლიზას და მის ყოფილს უფრო მეტი აკავშირებთ, ვიდრე მე და ნორვეგიის ხელბურთელთა გუნდის სათადარიგო მეკარეს, მაგრამ 1–1-ზე და ეჭვიანობის უმიზეზობაზე შევჯერდით.

საჭესთან ლიზა დაჯდა, მის მეგობართან უნდა მივსულიყავით, საიდანაც ყველანი ერთად დავიძრებოდით ნიუ ჯერსისკენ. გზაში ლიზა მომიტრიალდა და მთხოვა, იქ ვიტყვი რომ უბრალოდ ჩემი კურსელი ხარ NYU-ში, გყავს შეყვარებული რომელმაც წამოსვლა ვერ მოახერხა და ჩვენ კი მხოლოდ გულწრფელი მეგობრობა გვაკავშირებს, კარგიო?

ლიზ, დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში NYU-ს ფსიქოლოგიის მასტერის დიპლომით ბევრად ვიამაყებდი ვიდრე შენთან ურთიერთობით, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ეს რა საჭიროა-თქო.

ზედმეტი კითხვები, ზედმეტი ისტორიები და არასაჭირო ჭორაობა ზურგს უკან. ეს არაფერში მჭირდებაო.

ლიზას დაქალ ნენსისთან მალე მივედით, ჩვენი ასაკის გოგო-ბიჭები რამდენიმე მანქანით უკვე შეკრებილიყვნენ და გასვლისთვის ემზადებოდნენ. 1–2 ბოთლი უკვე გაეხსნათ და ჩვენც მხიარულ ტალღაზე დაგვხვდნენ. ლიზამ ნელ-ნელა გამაცნო მეგობრები. მანქანებში გადანაწილების დრო რომ დადგა, მე გოგოები რომ ჩავიჯინო ხომ არ გეწყინება, ბევრი საჭორაო გვაქვს და პირდაპირ იქ შევხვდეთ ერთმანეთს, შენ რიკო წამოგიყვანსო.

რიკო სიმპათიური ტიპი იყო, იტალიური ფესვებით, გამოკვეთილი აქცენტით და აროგანტული მანერებით. კაი შეკრული სპორტქარიც ყავდა და მანქანასაც ნორმალურად მართავდა. უკან გოგოები გვესხდნენ. ქართულ ქორწილებში არის ხოლმე ეგეთი სიტუაცია, ერთ მაგიდაზე დასვამენ ნათესავებს, მეორეზე მეგობრებს, მესამეზე თანამშრომლებს და ასე გარკვეული სტატუსის მიხედვით აჯგუფებენ ხოლმე ადამიანებს. მაგრამ არის ხოლმე კიდევ ერთი მაგიდა, რომელზე მჯდომებსაც შესაბამისად სიძესთან ან პატარძალთან საერთო მეგობარი არ ყავთ და იმ ქორწილშიც ყველასთვის უცხოები არიან. საბოლოო ჯამში ასეთი ხალხი კიდევ ერთ, ცალკე მაგიდას ქმნის ხოლმე. ხოდა ეგ მაგიდა ვიყავით ჩვენ. არც მე, არც რიკო და არც უკან მჯდომი 3 გოგო ერთმანეთს არ ვიცნობდით, უხერხულ სიჩუმეს მხოლოდ რიკოს ჩართული ფაბრი ფიბრას „ინ იტალია“ არღვევდა.

ვგიჟდები მანქანებზე, მანქანის ტარება ჩემთვის ადრენალინის გამოყოფის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. მახსოვს ღრმა ბავშვობაში მამაჩემთან ერთად ცირკში, ზოოპარკში და ვაკის პარკში წასვლა ყველაზე მეტად იმიტომ მიხაროდა, რომ ვიცოდი, უკანა გზაზე როცა სააკაძის მოედანთან ჩასაფრებულ, 2-ლარიანებზე მონადირე, შავ-თეთრ ზოლიანი ჯოხის ხელში მოთამაშე, ღიპიან ინსპექტორს გამოვცდებოდით და გოთუაზე ჩავუხვევდით, მამა აუცილებლად გააჩერებდა მანქანას, კალთაში გადამისვამდა და საჭის ტრიალის უფლებას მომცემდა. სახლში რომ მივიდოდით, რაღაც დიდი რკინა ჰქონდა, რომლითაც საჭეს და პედლებს ერთმანეთზე აბამდა და გასაღებით კეტავდა, მერე მანქანიდან მაგნიტოფონს და აკუმლატორს ვიღებდით და ისე ავდიოდით სახლში. მაშინ ეგეთი დრო იყო.

ახლა როდესაც ძირითადად მძღოლობა და არა მძღოლის გვერდზე ჯდომა მიწევს, საჭის გარეშე დარჩენილი, თითქოს ვირტუალურად მაინც ვატარებ მანქანას. ჩემი და რიკოს მოძრაობები დაახლოებით ემთხვეოდა ერთმანეთს, ის ოდნავ უფრო ფრთხილი იყო..

რიკოს ფლეილისტი მთლიანად იტალიური სიმღერებით იყო დაკომპლექტებული. ვერ ვიტყვი რომ უგემოვნოდ. მომენტებში რაღაც სიტყვებიც მესმოდა დაჟე. კამპიონი დელ მუნდო, ბენვენუტო, ლა ბელა ვიტა და მაკიაველი ე ფოსკოლო გავიგე. რაღაც პერიოდის მერე რიკომ სიმღერას ჩაუწია და დიალოგში შემოსვლა სცადა.

ლიზა fish-ს რატომ გეძახისო?

მე თვითონ გავეცანი ამ სახელით, ღრმა ბავშვობიდან ყველა ასე მეძახის-თქო. არ ჩავთვალე რიკოსთვის ყველაფრის მოყოლა აუცილებლად.

ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, მართვის მოწმობა როცა აიღო, სხვა მანქანა ვურჩიე, მაგრამ მაინც ის აუდი იყიდა, მგონი არასწორი არჩევანი გააკეთაო.

ხო, ჩვენთან კურსზე ნამდვილად ყველაზე ჭკვიანი გოგოა, სულ მეხმარება რეფერატების დაწერაში. ერთი ეგაა რომ ლიზა ზედმეტად დიდ პატივს ცემს ზიმბარდოს, მე კიდე მის შეხედულებებს ვერ ვიზიარებ-თქო. გავერიე NYU-ს ფსიქოლოგიის მასტერის მარაქაში.

როგორც ჩანს ფსიქოლოგია რიკოს საყვარელი თემა არ იყო და შეცვალა საუბრის ვექტორი. იტალიაში ნამყოფი ხარო?

არა მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მოვხვდები-თქო.

ალბათ შენც როგორც ყველა ტურისტს რომი, მილანი ან ფლორენცია-ვენეცია გგონია იტალიის მშვენება. ნამდვილი იტალიის ნახვა თუ გინდა ჩვენთან, პალერმოში უნდა ჩახვიდეო.

მე ეგრევე საფეხბურო კლუბ პალერმოს ვარდისფერ ფორმაზე ვიხუმრე. მერე ვუთხარი პალერმოდან თუ ხარ საქართველო უეჭველი გეცოდინება, თქვენთან თამაშობდა ქართველი და დაჟე ბუფონსაც გამოაღებინა-თქო.

იტალიაში, რა თქმა უნდა, პალერმოა ჩემი გუნდი. მაგრამ ჩვენი გუნდის პრეზიდენტი ძამპარინი ნამდვილი იდიოტია, როგორ შეიძლება სეზონში 10-ჯერ მწვრთნელი გამოცვალო, მაგიტომაც ვერ გავდივართ საერთაშორისო ტურნირებზე. იქ ერთადერთი იტალიური გუნდი რომელსაც ვქომაგობდი ხოლმე, მილანიაო.

მე იმის ბედნიერება არ მაქვს, რომ ევროტურნირებზე ქართულ გუნდებს ვუგულშემატკივრო, ამიტომ მიუნხენის „ბაიერნის“ კალთას ვარ ამოფარებული. ისე, მილანის და კონკრეტულად ფილიპო ინძაგის მიმართ მგონი გაუპატიურებულის სინდრომი მაქვს, ეხლაც მახსოვს მისი გოლები ოლივერ კანის კარში, მაგრამ ვგიჟდები ისე მიყვარს პიპო. შენ კიდე ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებ, სამაგიეროდ იტალიაში ყველაზე ძლიერი მაფია ხო თქვენია-თქო.

ასე აგდებულად ნურასდროს ისაუბრებ მაფიაზე. საერთოდ იცი როგორ და რატომ შეიქმნა მაფია? შენ გგონია რომ ჩვენთან, ზღვისპირა ქალაქში მაფიის სიძლიერე შემთხვევითობაა? მაფია იმიტომ შეიქმნა, რომ იტალიელი მეზღვაურები არაბი მეკობრეებისგან დაეცვა. მაფიამ იტალია გადაარჩინა. მაფია ოჯახზე დგას, ჩვენთვის სამხრეთელებისთვის ოჯახის სიწმინდე უმთავრესია. მე გვარადაც ვიცინი ვარ, ჩვენი გვარი პალერმოში ჯერ კიდევ ასეულობით წლის წინ ცხოვრობდაო..

თბილისიდან ჩამოსულს, აქაც თუ ძველი ბიჭები, ოჯახის სიწმინდის დღე და ხოხობთან ერთად შემოფრენილი პალერმოელები დამხვდებოდნენ რას ვიფიქრებდი.

რიკოს შევაწყვეტინე. იცი ქართულად „ვიცინი“ სიცილს ნიშნავს-თქო

.ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემს დიდ ბაბუასთან კალოჯერო ვიცინისთან საქმეს ვინც დაიჭერდა, ნამდვილად არ ექნებოდა სასაცილოდ საქმე. იცი კალოჯერო ვიცინი ვინ იყოო?

არა-მეთქი

მერე რიკო დიდხანს მიყვებოდა თუ ვინ იყო კალოჯერო ვიცინი, რატომ მოუწია იტალიურ მაფიას ნიუ იორკში გადმოსვლა და რა სიტუაცია იყო დღევანდელ დღეს.

ის იყო რიკო ვიწრო სპექტრით მოაზროვნედ და კრიმინალური თემების რომანტიზებისკენ მიდრეკილად უნდა მომენათლა, რომ თემა თვითონ შეცვალა.

იცი ლუიჯი პირანდელო რას ამბობდა? წესიერი ადამიანობა უფრო რთულია ვიდრე გმირობა. გმირობას ერთხელ ჩაიდენ ცხოვრებაში და ეს ყველას შეუძლია. წესიერი ადამიანი ყოველდღე უნდა იყო. აი ნამდვილი სირთულე ეს არისო.

მერე კინოსაც გადაწვდა და მითხრა, რომ სპეცეფექტებზე და ექშენზე გაგიჟებული ამერიკელები ვერასდროს გადაიღებენ ისეთ ფილმებს როგორსაც ფელინი, პაზოლინი და ვისკონტი იღებდნენ, რომ იტალიური კინო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამერიკული. ცოტა ამბიციურად კი ჟღერდა, მაგრამ რიკოს მხოლოდ ვუსმენდი და არ ვეკამათებოდი.

ვიტორიო დე სიკას უმბერტო დ. ნანახი გაქვსო?

კი-მეთქი

მერე შესაძლებელია ადამიანის მარტოსულობის და ცხოვრების ამაოების უკეთესად გადმოცემა? ტიპი უბრალოდ ადგა და ნეორეალიზმი დაასრულა ამ ფილმითო.

რიკოს ძირითადად ვუსმენდი და არ ველაპარაკებოდი, მაგრამ როცა მომშივდა და ეს ყველაფერი მასაც გავუმხილე, თვითონაც ნერწყვი გადაყლაპა და დაიწყო.

იტალიური სამზარეულო მსოფლიოში საუკეთესოა და ამაზე დავას არ ვაპირებ, უბრალოდ ახლა ვფიქრობ პასტას უფრო დიდი სიამოვნებით შევჭამდი, თუ პიცას. ისე ბებიაჩემის გაკეთებული პიცა თუ არ გიჭამია, არ გაქვს უფლება თქვა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც პიცა გაგისინჯავს. ტატიანა ამ საქმის ნამდვილი პროფესორიაო.

რაღაცნაირად გული გამითბა. მაფიაზე, იტალიურ ნაციონალიზმზე, კინემატოგრაფიაზე და ყველაფერზე საუბრის შემდეგ, რიკოს ბებიისადმი გულწრფელმა სიყვარულმა, ცოტა ხანი შიმშილიც კი დამავიწყა. მერე მივედ-მოვედეთ რაღაცებს, რიკო ისევ თავისას მიერეკებოდა. დიდხანს ისაუბრა იტალიურ რომანტიზმზე და კერძოდ ჯაკომო ლეოპარდის როლზე მის განვითარებაში. უკან გოგოები აიფონებს ჩასცქეროდნენ და სულ ცალ ფეხზე ვეკიდეთ მეც, რიკოც და იტალიური რომანტიზმიც. დარჩენილი გზა მოკლდებოდა და ჩვენც უკვე მალე უნდა ჩავსულიყავით ნიუ ჯერსიში, როცა მანქანამ იბუთქა და წინ თეთრი ბოლიც აუშვა.

ჯანდაბა. როგორ ფიქრობ წყალი აადუღაო?

არა, რომის პაპი აირჩია-მეთქი. მივუგე ქართველი ტაქსისტების საფირმო ხუმრობა იტალიურ სტილში.

გადავედით. კაპოტი ავწიეთ, მინდოდა რჩევები მიმეცა და მანქანებში ჩემი ცოდნა გამომევლინა, მაგრამ როგორც ჩანს ეს პირველი შემთხვევა არ იყო და რიკომ უჩემოდაც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ცოტა ხანი მოცდა მოგვიწია და მალევე გზა განვაგრძეთ.ხიდზე გადავდიოდით და რიკომ 15 დოლარი გადაიხადა. ესეთი რაღაც აქ გავიგე პირველად. ხიდები ფასიანია და ტიპებს შუშაზევე აქვთ კარტა მიწეპებული, საიდანაც კარებში გავლისას ავტომატურად იჭრება თანხა. რიკომ ესე უფრო კომფორტულიაო. მე ერთადერთი რაც გამახსენდა, პერევალზე გვირაბში ლარს რო ვიხდიდით და ისიც გააუქმეს, ალბათ იმის ამერიკული ვარიანტია-თქო.

ჩავედით. მიუხედავად იმისა რომ დაუგეგმავი შეჩერება მოგვიხდა, ლიზას კარგა გვარიანად ჩავასწარით და ამაზე, როგორც თვითონ იტყოდა, დაბალი ხარისხის მასკულინური ღადაობაც ავტეხეთ. სახლი ღია იყო და ფართიც ნელ-ნელა ხურდებოდა. როგორც ჩანს ლიზა გრძელ გზაზე ფრთხილად მოდიოდა და ჩამოსვლა ისე გაეწელა, მე და რიკო უკვე გრადუსში დავხვდით.

ამ კაცს აქამდე რატომ არ მაცნობდიო. — უსაყვედურა რიკომ ლიზას.

ეგ კითხვა მეც მაქვს-თქო — არ ჩამოვრჩი რიკოს.

ლიზა დალევაში შემოგიერთდა. მოვუყევით გზაში როგორ დავახლოვდით, როგორ არ აწიეს უკან მჯდომმა გოგოებმა თავი ტელეფონებიდან და სამომავლოდ ნიუ იორკში შეხვედრის გეგმაც გავაცანით. ლიზა იცინოდა. ალბათ ისე, როგორც იცინიან გოგონები იმის შემყურე, თუ როგორ ეფიცებიან ახლადგაცნობილი მთვრალი მამრები ერთმანეთს ძმობას. მე კიდე რეალურად კომფორტულად ვგრძნობდი რიკოსთან თავს, თან ნიუ იორკში მეგობრები საერთოდ არ მყავდნენ და ახალი ნაცნობობის წინააღმდეგი, ნამდვილად არ ვიყავი. ლიზამ ეხლა მე ნუ მომეტმასნები, გაიარე ხალხი გაიცანი და გაერთეო.

კაცმა რომ თქვას, ასოციალური და ინტროვერტი ადამიანი ისედაც არ მეთქმის, მაგრამ ყოველ ჭიქასთან ერთად, სულ უფრო და უფრო კომუნიკაბელური ვხდებოდი. გავერიე კამანდაში და მაინცდამაინც დაღვრემილ პალესტინელ გოგოსთან მომიწია დიალოგი. მდმა-ს ატხადნიაკი ადამიანი რომ ყოფილიყო, ეს გოგო იქნებოდა. ვისხედით და რაღაც სევდიან ამბებს მიყვებოდა, თან ჩვენ მუსლიმები ალკოჰოლს არ ვეკარებითო, არ სვამდა. ვერაფრით მოვიხელთე მომენტი, რომ ავმდგარიყავი და გამოვსულიყავი.

ცოტათი დამნაშავედ ვგრძნობ თავს, იქ შორეულ აღმოსავლეთში, ჩემები ყოველდღე შიშში ცხოვრობენ, მე კი აქ მშვიდად ვცხოვრობ და წვეულებებზეც დავდივარ. მინდა ცოტა პალესტინელი ბავშვების გასაჭირზეც მოგიყვეო.

მე კიდე დილიდან ვერ მოვახერხე ტუალეტში შესვლა და ჩემი გასაჭირიც მყოფნიდა. თან ეგ აღმოსავლეთი ხო ახლოა და არა შორეული. რო აღარ მორჩა ბოლოს უბრალოდ ავდექი და წამოვედი, ვიტოვებ იმედს რომ ძალიან უცერემონიოდაც არ გამომივიდა. იქვე ვიღაც 2 ქერა ნაშა, მექსიკელ ტიპს აბულინგებდა. იცი რატომ ვერ აღწევს მექსიკის ნაკრები ოლიმპიადაზე წარმატებას? ვისაც სწრაფად სირბილი, ცურვა და კედელზე ცოცვა შეეძლო, ყველამ ამერიკის საზღვარი გადმოლახაო. მექსიკელიც ბედნიერად იცინოდა, მისთვის ამ ნაშებთან საღამოს გაგრძელების პერსპექტივა ერთმნიშვნელოვნად უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე პატრიოტიზმი და ეროვნული ღირებულებები.

დრო მალე გადიოდა, ბევრი ტიპი გავიცანი, ბევრიც დავლიე, რამდენჯერმე ‘ჩემს კურსელ’ ლიზასთანაც გადავიკვეთე და ბოლოს ყველაზე კომფორტული ადგილი ჩამოსაჯდომად, მე-2 სართულის აივანზე მოვნახე.

მაგარი ადგილი იყო, აივანზე ვიჯექი სიბნელეში და ყველას ვუყურებდი. მე საპასუხოდ ვერავინ მხედავდა. რაღა მე და რაღა ჰიჩკოკის ‘ფანჯარა ეზოს მხარეს’. სამწუხაროდ ცოლი არავის მოუკლავს.

ის იყო, ადგომას და დასაძინებლად წასვლას ვაპირებდი, კარიდან ვიღაც შემოვიდა.

შენ ლიზას მეგობარი არ ხარო?

კი. ალექსანდერი-მეთქი.

სასიამოვნოა, მე სტივენი ვარ, ისე ყველა სტივს მეძახის. შეგიძლია შენც ასე დამიძახოო და ლუდი მომაწოდა. მე ეს ცოტა მეუცნაურა, რადგან ლუდი გაუხსნელი იყო, არადა მეორეც ჰქონდა თავისთვის წამოღებული. თითქოს სპეციალურად ჩემთან ამოვიდა.

სტივი არცთუ მაღალი და ახალგაზრდობაშივე გამელოტებული ტიპი იყო, მარტო თავის უკანა მეოთხედს რომ უფარავთ თმა. სათვალეებიც ეკეთა და დროდადრო საჩვენებელი თითით ზემოთაც სწევდა მას.

წეღან ენდრიუს მაგრად უთხარი ამერიკულ ფეხბურთზეო.

მე სტივს უბრალოდ გავუღიმე. გულწრფელად არ მახსოვდა ვინ იყო ენდრიუ, მითუმეტეს რა ვუთხარი მას ამერიკულ ფეხბურთზე. საერთოდაც ჩემთვის ჯდომა და სივრცეში უაზროდ ყურება, ბევრად მერჩივნა სტივთან კომუნიკაციას.

იცი ყოველთვის მინდოდა, მეც ცისფერი თვალები მქონოდაო.

ხო, დამიჯერე ცისფერ თვალებს თუ სხვა არაფერი მოყვება კომპლექტში, დიდი ვერაფერი შვებაა-თქო. — გამოვილანძღე თავი სტივის დასამშვიდებლად.

სტივს გაეღიმა. მერე დიდხანს ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, ოჯახზე, ალკოჰოლთან ურთიერთობაზე, როგორ მოხვდა ნიუ იორკში, როგორ გაიგო რომ ლიზა fish-ს მეძახის, რატომ სჭირდება NYU-ს იასამნისფერ ლოგოს რებრენდინგი, როგორ უყვარს ფრედი მერკური და ა.შ.

მე ძირითადად ვუღიმოდი და ვეთანხმებოდი. ბოლოს როგორც ჩანს ის თქვა, რისთივისაც საერთოდ ამოვიდა.

მეც fish რომ დაგიძახო შეიძლებაო?

რა პრობლემაა-თქო.

fish, შეიძლება კონტაქტები გავცვალოთ და ნიუ იორკში როცა ჩავალთ შევხვდეთ ერთმანეთსო?

კი რა პრობლემაა, ლიზასაც ვეტყვი და აუცილებლად მოვიფიქროთ რამე-თქო. — გამოვხატე ყალბი აღფრთოვანება სტივთან კიდევ ერთხელ შეხვედრის იდეით.

არა შენ ვერ გამიგე. შეიძლება მე და შენ შევხვდეთო?

ოპაა. ყველაფერი დალაგდა. სტივს შევხედე და სიცილი ამიტყდა.

დამცინიო? ისე მკითხა თითქოს დამნაშავედ უნდა მეგრძნო თავი, მისი გრძნობების აბუჩად აგდებისთვის.

რეალურად სტივს არ დავცინოდი. მეცინებოდა იმაზე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კონტექსტია. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა იგივე სიტუაცია გარდატეხის ასაკში, ჩემს უბანში, ადრეულ ცნობიერებაში და ა.შ. რომ მომხდარიყო. ახლა არც ამერიკის მოქალაქესთან ჩხუბი მჭირდებოდა, არც სავიზო პრობლემები და სტივისადმიც გულწრფელად არანაირი აგრესია არ მიგრძვნია. მერე ცოტა საკუთარი თავისადმი სატირაც გავურიე ისტორიაში, სტივს კომპლიმენტებისთვის გულითადი(!) მადლობა გადავუხადე, ვუთხარი რომ სამწუხაროდ(!) ბიჭებით არ ვიყავი დაინტერესებული და მომავალ ურთიერთობებში, გულწრფელი(!) წარმატება ვუსურვე.

სტივ, იცი ქართველ და ამერიკელ გეის შორის რა განსხვავებაა-თქო?

არაო.

ქართველი გეი როცა თვრება, ქალი უნდება-მეთქი.

შენ ისევ ხუმრობო.

გინდა სერიოზულად დაგელაპარაკო-თქო?

გისმენო

ვიქტორ პელევინი გაგიგია-მეთქი?

წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არისო.

თანამედროვე რუსი მწერალია. 2003 წელს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, გამოსცა საავტორო კრებული „გარდამავალი პერიოდის დიალექტიკა, არსაიდან არსაითკენ“, რომლის მთავარი შემადგენელიც, მისი მე-5 ნაწილია, რომანი სახელწოდებით „რიცხვები“. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რომანის მთავარი მოქმედი პირი სწიოპა იქ ასეთ ფრაზას წარმოთქვამს:

მედიცინა ამტკიცებს, რომ გეები (წიგნში პედერასტები წერია, მაგრამ მე პოლიტკორექტულობა ვარჩიე) სამ ნაწილად იყოფიან: აქტიური, პასიური და აქტუალური. პირველი ორი ტიპი ასე იმიტომ იქცევა, რომ ეს მათი ბუნებრივი მოცემულობაა და მათ მიმართ არც არავის აქვს პრეტენზია. აი მესამე ტიპი კი ისეთი პედერასტები არიან, რომლებმაც რომელიღაც პერო ჟურნალ “პენისში” წაიკითხეს, რომ პედიკობა ამ ეტაპზე აქტუალურია და სწორედ ამიტომ დაიწყეს ტრაკის მიცემა. მათ მიმართ პრეტენზიები ყოველთვის იარსებებს“

ეს იმ რუსი მწერლის აზრია, თანაც არ ვფიქრობ რომ პრობლემის არსს ბოლომდე წვდება, მე უფრო მეტად პირადად შენი აზრი მაინტერესებდაო.

არ ვიცი რა დავამატო, შენი საქმის შენ იცი, მაგრამ მე მგონია, რომ სექსის ყველაზე მთავარ კაიფს მაზავ-თქო.

და რა არის ყველაზე მთავარი კაიფიო?

მოდი ერთი წამით დაივიწყე მთლიანი სურათი და დეტალებს დააკვირდი. პროცესი მიდის. უყურებ საკუთარ მკლავებს, რომლებიც მისაზე ორჯერ უფრო მსხვილია. გესმის მისი ნაზი კვნესა, რომელიც შენს დომინანტ, ბოხ ხმასთან შედარებით, მკვეთრად რეცესიულია. სტატიკაც და თითოეული მოძრაობაც, იმ მომენტში შენი ძალაუფლების უტყუარი დასტურია. მოკლედ რომ გითხრა, მთავარი კაიფი ჩემთვის ის განცდაა, რომ შენ ძლიერი, მას სუსტს, შენი სიძლიერით ანიჭებ სიამოვნებას-თქო.

სტივს სახეზე ისეთი ღიმილი გადაუთამაშდა, თითქოს ჩემი გაშლილი სტრიტისთვის, როიალ ფლეშით უნდა ეპასუხა.

და ეხლა წარმოიდგინე, რომ შენ ძლიერი, მას ძლიერს, საკუთარი სიძლიერით ანიჭებ სიამოვნებას. ამაზე არ გიფიქრიაო?

აპ, აპ. აქ უკვე პროპაგანდას აქვს ადგილი. სახლში რაც გინდათ ის ქენით, გარეთ ნუ გამოხვალთ, ქაშვეთთან ნუ ჩაივლით და ბავშვს ნუ დაანახებთ-თქო გავიფიქრე და ნელი ნაბიჯით გამოვემართე აივნიდან.

სიტუაცია უკვე ძილისკენ მიდიოდა. გადანაწილება მკვეთრად ირანული სტილის იყო. ბიჭებისთვის ერთ სართულზე იყო საძინებელი გაშლილი, გოგოებისთვის მეორეზე. ორგია და “პროექტი x” სერვისში არ შედიოდა. ის იყო მეც დასაძინებლად უნდა წავსულიყავი, რომ რიკოს გადავეკვეთე. სიარულის მანერაზე ეტყობოდა, რომ აშკარად ჩემზე მეტი დაულევია. დანახვისას კაი ბავშვობის ძმაკაცივით გადამეხვია და წამოდი რაღაც უნდა გითხრაო.

სახლის გვერდით გავედით, სადაც არავინ იყო.

გისმენ-მეთქი

Fish, შემიძლია შენთან გულწრფელი ვიყოო?

როგორც შენ გადაწყვეტ, თუ რამით შემიძლია დახმარება, გისმენ-თქო.

იცი მე და ლიზა შეყვარებულები ვიყავით. ერთად 2 წელი გავატარეთ. მერე ნამდვილი ნაბიჭვარივით მოვიქეცი და საშინელებები გავაკეთე. ეხლა ვნანობ მაგრამ გვიანია, ლიზას ჩემკენ გამოხედვაც არ უნდა. თუ შეძლებ, ნიუ იორკში რომ ჩავალთ, იქნებ რამდენჯერმე მასთან ერთად შემხვდე და შერიგებაში დამეხმაროო.

ეს თემა აღარც მახსოვდა. აღმოჩნდა, რომ ლიზას შეყვარებული რომელიც ნიუ ჯერსიში უნდა წამოსულიყო, რიკო იყო. ვერ ვხვდები ეს რატომ გამიკეთა ლიზამ. რატომ ჩამსვა მაინცდამაინც რიკოს მანქანაში, რატომ დამაახლოვა მასთან. საშინელ ბრაზს, უსამართლობას და ლიზასთვის რამის დაშავების სურვილს ვგრძნობდი. ეს დროებით გვერდზე გადავდე. წინ ტიპი მედგა რომელიც ლიზასთან ურთიერთობაში დახმარებას მთხოვდა. ტიპი რომელიც გავიცანი როგორც მეგობარი. რომელთან ერთადაც ჭიქა ავწიე, რომლის ფლეილისთიც მომეწონა, რომლის ბებიის გაკეთებული პიცის ჭამასაც ვაპირებდი. ტიპი რომელსაც ფეხბურთზე, მაფიაზე, პალერმოზე, კინემატოგრაფიაზე, რომანტიზმზე, მანქანებზე, ლიზაზე, NYU-ზე, ნაციონალიზმზე და მომავალი ურთიერთობის პერსპექტივაზე ვესაუბრე..

ჩემი მოწონება, აღფრთოვანება და ურთიერთობის სურვილი მაშინვე სადღაც გაქრა. რიკოს შევხედე, არც ისე სიმპათიური იყო. ან რა სახელია ეს რიკო. რიკო-კრედიტი. დაკარგული ანაბრები და გამწარებული ხალხი. „უმბერტო დ“-ს რომ არ ვუყურო, „იყო შაშვი მგალობელი“ ვერ მიმანიშნებს ცხოვრების ამაოებაზე? ან იმაზე რომ ჩვენგან მხოლოდ კედელში ჩარჭობილი ლურსმანი რჩება? იტალიური რომანტიზმი და ჯაკომო ლეოპარდის ლექსები რომ არ ვიკითხო, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ვინმეზე ნაკლები რომანტიკოსები იყვნენ? ტატიანას გამომცხვარ პიცაზე არ გავიარე, სადაც ხათუნას იმერული ხაჭაპურია? ან ეს გაუპატიურებულის სინდრომი მაინცდამაინც ფილიპო ინძაგიზე რომ არ მქონდეს, სოლსკიაერი, მილიტო და დროგბა რას მიკეთებენ? თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გოლები აქვთ ბაიერნისთვის გატანილი? ასარჩევადაა საქმე..

ძალიან მთვრალი ვიყავი. იმ ღამეს აღარც რიკოსთან, აღარც ლიზასთან და საერთოდ არავისთან აღარ მილაპარაკია. წავედი და დავიძინე. ალბათ ამაზე სწორს, ვერც ვერაფერს გავაკეთებდი.

დილას თავი მისკდებოდა. როგორ ვერ ვაფასებთ ქართველები ბორჯომს და ნაბეღლავს. ამერიკაში ყველგან რაღაც პოლონური polish spring-ის წყლები იყიდება. ჯერ ისეთი გემო აქვს, ლიმონის დეგუსტატორს დაგამსგავსებს კაცს და მერე კიდე ისეთ იჟოგას გაძლევს, მაგას პახმელია კიარა, სტივთან ურთიერთობაც ჯობია.

მოვწესრიგდი და ეზოში გამოვედი. ლიზა უკვე იქ იყო. აშკარად მელოდებოდა და ტექსტიც უკვე დალაგებული ჰქონდა. არც ჩხუბი მინდოდა, არც ლიზასთვის რამის დამტკიცება ან ბრაზის მოქმედებაში გადაზრდა. მინდოდა სახლში მალე დავბრუნებულიყავი და ყველაფერი დამემთავრებინა. ვერაფრით ვხსნიდი ლიზამ ეს რატომ გააკეთა.

Fish გილოცავ, შენი ფსიქოპორტრეტის შექმნა დასრულებულიაო. — ძალიან წყნარად და საქმიანად მითხრა ლიზამ.

არაფერი მიპასუხია.

იცი აქ საკმარისზე მეტი მანქანაა, ყველანი ჩაეტევიან. ნენსის უკვე დავემშვიდობე, ჩვენც შეგვიძლია ჩავსხდეთ და ნიუ იორკში დავბრუნდეთ, საჭესთან შენ დაჯექი, ასე უფრო მალე ჩავალთო.

საჭესთან შენ დაჯექი და გასაღების მოცემა, რეალურად ჩემთვის სიამოვნების მცდელობა იყო და არა დროის მოგებაზე ფიქრი. გასაღები უხმოდ ავიღე, მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით. არც მუსიკა ჩამირთავს და არც ლიზასთვის გამიცია ხმა.

სადღაც ნახევარი გზა გვქონდა გამოვლილი, როცა დაიწყო. თან მზერა სულ სხვა წერტილში ჰქონდა მიპყრობილი, ვითომ ამ ყველაფერს ისე, სასხვათაშორისოდ ამბობდა.

გახსოვს ჯერ კიდევ ურთიერთობის სტარტზე, რომ გკითხე შეიძლებოდა თუ არა ფსიქოპორტრეტის შენზე გაკეთება. ამასთან ერთად გაგაფრთხილე, რომ მომიწევდა შენთვის ისეთი სიტუაციების შექმნა, სადაც შენ დაკვირვების ობიექტი იქნებოდი. მაშინ ჩემი იდეა მოგეწონა, ირონიულად გამიღიმე და მითხარი რომ შენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, თან ისიც დააყოლე რომ სავარაუდოდ ასეთი სიტუაციების შექმნას ვერ შევძლებდი. რეალურად ეს პირველი შემთხვევა არ არის, უბრალოდ რიკომ ჩემი გეგმებიდან გადაუხვია და შენც გაიგე, რომ ცდისპირი იყავი. ზიმბარდოს ექსპერიმენტებს თუ გადახედავ, მიხვდები რომ დაკვირვების ობიექტთან მუშაობა წარმატებული ძირითადად იმ შემთხვევებშია, როდესაც ცდისპირმა არ იცის რომ ცდისპირია. შენი და რიკოს მსგავსება ჩემთვის ისედაც ცხადი იყო, გულწრფელად გითხრა ზუსტად ვიცოდი, რომ უმოკლეს დროში გაუგებდით ერთმანეთს. შენს ფსიქოპორტრეტზე დიდი რეფერატი უკვე გამზადებული მაქვს, მას რამდენიმე შტრიხი აკლდა და ახლა ისიც დასრულდება. გთხოვ, სახეზე გამომეტყველება შეიცვალე, შენს ქეისს NYU-ს საუკეთესო სტუდენტები და პროფესორები განიხილავენ. თუმცა, რა თქმა უნდა, არავის ეცოდინება, რომ რეალურად ეს ადამიანი შენ ხარო.

გამომეტყველება არ შემცვლია. მეზიზღებოდა NYU-ც, გუშინდელი ფართიც, მთელი ეს სიტუაციაც, ფსიქოლოგიაც და ზიმბარდოც თავის ცდისპირებთან ერთად. ბოლო ხაზში მივაქანებდი მანქანას და მხოლოდ დანიშნულების ადგილზე დროულად ჩასვლაზე ვფიქრობდი.

დიდხანს ვიყავით ჩუმად. მერე ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო.

იცი ახლა რასაც გეტყვი, არასდროს არავისთვის მითქვამს და დიდი ალბათობით, აღარც არავის ვეტყვი. ძირითადად ამას მე მეუბნებიან ხოლმე. შენ ახლა ნაწყენი და გაბრაზებული ხარ, მაგრამ ამან ყველაფერს ხაზი არ უნდა გადაუსვას. ძლიერ ადამიანებს ბრაზის მართვა უნდა შეეძლოთ. გულწრფელად გითხრა, არასდროს არავის გავეცნობოდი ისე მარტივად, როგორც შენ მაშინ, სენდვიჩების კაფეში, იუნიონ სქუერთან. საშინელი პერიოდი მქონდა, მარტოობის, დეპრესიის, მოვლენებისთვის აზრის ვერ მინიჭების, ღრმა სიცარიელის განცდის და ტოტალური ფრუსტრაციის. იცი მე ფროიდი არ მიყვარს, მაგრამ მთელი ეს პერიოდი მისი ერთი ფრაზა სულ თან დამყვებოდა. ზიგმუნდი ამბობს, რომ ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს. ვიკვეთებით მხოლოდ მათთან, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში. თავიდან ადამიანს ჩვენს წარმოსახვაში ვხატავთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებით მას რეალურ ცხოვრებაში. როცა შეგხვდი, მე უკვე ზუსტად ვიცოდი ვინ იყავი, რა მინდოდა შენგან, რისი მოცემა შეგეძლო და რა კომპონენტებს შემოიტანდი ჩემს ცხოვრებაში. ალბათ მე ცუდი ფსიქოლოგი ვარ, რადგან ცდისპირთან ემოციურ კონტაქტში შესვლა, ყველაზე დიდი არაპროფესიონალიზმია რომელიც შეიძლება დაგემართოს. შენ უკვე ზეპირად იცი ჩემ გეგმებიც, ფსიქოლოგიის მასტერს რომ მოვრჩები, ჩანთას ჩავალაგებ და ავალონში დავბრუნდები. მინდა რომ შენ, ჩემთან ერთად წამოხვიდე. თუ დედამიწაზე სამოთხე არსებობს, ეს ავალონია. უცვლელი სიმშივდე, უამრავი ტურისტი, ჩამწკრივებული პალმები, კაფეები, მუზეუმები და სტუმართმოყვარე ხალხი. თვეში ერთხელ ავალონიდან ოდნავ მოშორებით, შარკ ჰარბორზე ან ბენ ვესტონზე წასვლაც შეიძლება, იქ მცხუნვარე მზე, სერფინგისთვის იდეალური ტალღები და წყნარი ოკეანის მთელი სიამეები გველოდებიან. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, გულწრფელი რომ ვიყო, ცოტათი ვნანობ კიდეც საკუთარ საქციელს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, როცა 80 წლის გავხდები, ჩემი შვილები უიქენდზე შვილიშვილებს მომიყვანენ, საღამოს, მათთან თამაშით დაღლილი საძინებელში ავალ, შევხედავ ჩემს ქმარს, რომელიც შუბლზე მოსიყვარულედ მაკოცებს და დასაძინებლად გადაბრუნდება, არ მინდა თვალებს ვხუჭავდე და ვფიქრობდე იმაზე, თუ როგორ წავიდოდა ცხოვრება იმ უცნაურ, მე-3 მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩამოსულ ბიჭთან ერთად, ნიუ იორკის სენდვიჩების კაფიდანო.

ლიზა მე საქართველოდან ვარ. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეს წარმოადგენს, შესაბამისად მე მე-2 მსოფლიოს ქვეყნიდან ვარ, ტექნიკურად მთელი შენი მონოლოგი ფუჭი გამოდგა-თქო. — შევაგებე ლიზას ყველაზე დაბალი ხარისხის ირონია, რომელიც ოდესმე ვინმესთვის შემიგებებია. მე, ბრაზის მართვის არ მცოდნემ.

მე და მამას ღრმა ბავშვობიდან ბევრ საკითხზე გვქონია მწვავე დისკუსია, მომცემდა თუ არა კიდევ ერთი ბამბის ‘მაროჟნის’ ჭამის უფლებას, დამსვამდა თუ არა თავის ახალ ვოლვოზე სანამ პრავას ავიღებდი, რატომ ვერ გავუმართლე იმედები და მადრიდის რეალის ნაცვლად, მიუნხენის ბაიერნს რატომ ვგულშემატკივრობ, ლოვენბრაუა სწორი თუ ლიოვენბღოი და ა.შ. მაგრამ ყველაზე არგუმენტირებული, საფუძვლიანი და ხანგრძლივი დავა, მაინც იმაზე გვქონდა, თუ რომელი გმირი იყო ყველაზე ძლიერი სიმბოლო, ადამიანის მარტოსულობის, სოციუმისგან იზოლირების და როგორც გერმანელები ერთ სიტყვაში გენიალურად გამოხატავენ „Einzelgänger”-ობის. მე განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა პასუხი მქონდა. გარდატეხის ასაკში, როცა პირველად ვიგრძენი, რომ რასაც განვიცდიდი იმაზე, ჩემზე უფრო ჭკვიან ტიპს უკვე ნაფიქრი ჰქონდა, პასუხი „ტრამალის მგელი“ და ჰარი ჰალერი იყო. წლების მერე როცა შენი მარტოსულობის რომანტიზებას, თვითირონიული შტრიხები დაკრავს, ჰაინრიხ ბიოლი და „კლოუნის თვალთახედვა“ გამოდის ასპარეზზე. გარკვეულ ეტაპის მერე კი ყველაფერს აზრი ეკარგება და კარუსელის პრინციპით ტრიალებენ სტივენ ჩბოსკის „მარტოსულობის უპირატესობანი“, კაფკას „გარდასახვა“, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ და სხვები.

მამა ყოველთვის ერთ აზრზე იყო. „პოლკოვნის არავინ სწერს“. ერთხელ ისიც მითხრა, მარკესს აქვს ნათქვამი „მარტოობის 100 წელი“ იმიტომ დავწერე, რომ ხალხს ჩემზე გაეგო და „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ წაეკითხაო.

მე ვერაფრით ვიზიარებდი ამ აზრს და ამ მოთხრობის სიდიადისაც არ მჯეროდა. დღევანდელ დღემდე. ყველაფერი კონტექსტი, აღქმის რაკურსი და პირადი გამოცდილებაა.

ნიუ ჯერსის ჰაივეიდან მანჰეტენამდე, მანქანაში სიჩუმე იყო. რამაც თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას განსაკუთრებული სიმძაფრე მიანიჭა. ლიზას მთელი ოცდაოთხი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მიეღწია, სამაგიეროდ მანჰეტენზე დამშვიდობებისას, თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ მითხრა: — „მეზიზღები“.

მამა მართალი იყო.

იმ დღის დარჩენილი ნაწილი ბუნდოვნად მახსოვს. ნანდო ვნახე და სახურავზე ავედით. გვიანობამდე ვსაუბრობდით და ისიც პუერტო რიკოული მედიცინით მმკურნალობდა. სახლში ჩამოსულს ხათუნა დაძინებული დამხვდა, გავაფრთხილე ვისკი მაცივარში არ შეედო, მაგრამ ან დაავიწყდა ან „თავი დაიზღვია“. მე პუერტო რიკოულ აზროვნებაში ვიყავი და გულწრფელად მჯეროდა, რომ ჩემზე უკეთესი იმ ვისკის მაინც ვერავინ დალევდა. გამოვიღე მაცივრიდან და ყინულების ჩაუყრელად, ვაშლის წვენის გაუზავებლად, მეთოდურად გამოვუყვანე წირვა სადამდეც გავქაჩე. მერე მალევე ჩამეძინა.

ალექსანდრე!

ხათუნას ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ. როცა ალექსანდრე ვარ და არა საშკა, ესე იგი რაღაც მაქვს მიქარული. ხათუნას მჭექარე ხმაც ისე დამთრგუნველად მოქმედებს, როგორც უდანაშაულო ეჭვმიტანილის წინ, გამომძიებლის ათამაშებული ნათურა. მზად ვარ ვაღიარო, რომ მე დავლიე ხათუნას მსახიობის ვისკი, მე მოვკალი კენედი, მე ვხვდებოდი მეგაროისის გზაზე მგზავრებს და მოტყუებით ვაკრავდი პროკრუსტეს სარეცელზე, მე ვატარე ებრაელები 40 წელი უდაბნოში, არ მივიყვანე აღთქმულ მიწამდე, მერე ჰოლოკოსტი მოვუწყვე და ეხლა პალესტინის პოზიციებიდან ვბომბავ ღაზას სექტორს, ერთი სიტყვით ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ლიჟბი ეხლა ამ ვისკის ამბავმა მშვიდობით ჩაიაროს.

ალექსანდრე — გაიმეორა მჭექარე ხმამ.

ჰოუ — გამოვეხმაურე ხათუნას მამა აბრამის ბატკნის ხმით.

შეგიძლია ამიხსნა რატომ არის ვისკის ბოთლი ნახევრად ცარიელი?

ვაა ხათუშკი, პესიმისტი ხარ?

ხუმრობამ გაჭრა, ხათუნას სიმკაცრეს ღიმილი შეერია და ჯიმ ბიმის ამბავიც, ერთ შუტკაში გასუხარდა. შუადღემდე ხათუნას მსახიობის ვისკი, პესიმისტური, რეალისტური და დაჟე ოპტიმისტური თვალთახედვითაც, ბოლომდე ცარიელი იყო.

___

გაფრენის დღეც დადგა. ლიზას ნახვის გულწრფელი სურვილი და ეგო ისევ ეჭიდავებოდნენ ერთმანეთს. რეისი გვიან ღამით მქონდა და ხათუნას შევუთანხმდი ბოლო დღეს ქალაქში ბორიალს მოვანდომებ, საღამოს დავბრუნდები და გავაჭრათ აეროპორტში-თქო.
 
 ღრუბლიანი დღე იყო. დილაადრიან დამბოზე წავედი. ნიუ იორკში მტრედები სხვა ტიპები არიან, ადამიანების არ ეშინიათ. ხოდა ერთ-ერთიც მოფრინდა და ზუსტად გვერდით დამიჯდა. ნეტა მაგას რა ენაღვლება. გაასწორებდა მტრედობა, აიქნიე ფრთები და იფრინე რამდენიც გინდა. დამბოს რაც შეეხება ლამაზი ადგილია ბრუკლინში, საიდანაც ჯერ ისტ რივერი ჩანს, მერე კი მანჰეტენის ცათამბჯენების უშველებელი ხედიც იშლება. ჩემთვის ვიჯექი და დიდხანს ვიყურებოდი სივრცეში უაზროდ. სხვა არაფერი. 
 
 ვიცი რომ დღეს მიფრინავ. თუ გინდა გამოდიო. ეწერა სმს-ში.
 
 უცებ ღრუბლები გადაიყარა და მზემ გამოანათა. გემებმაც უფრო სწრაფად დაიწყეს ცურვა ისტ რივერში. მე მტრედს შევხედე, რომელიც ისევ არ გაფრენილიყო. ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს, არც სხვა მტრედებთან სექსის იდეა მხიბლავს და არც ჭიების ჭამა. ხოდა მოშიმშილე, რეპროდუქციაზე უარის მთქმელი მტრედი, რომელსაც სიმაღლის შიში აქვს, ალბათ ცუდი სანახავი იქნებოდა, ვიქნები ისევ რაც ვარ. გზად პიცერიაში გავიარე და ლიზას სახლისკენ დავაწექი.
 
 არ იცვლები, ბოლო დღეა და შენ ისევ პეპერონი მოიტანე, პიცა რომელიც შენ გიყვარს. თან შეგეძლო ჯერ მოსულიყავი და პიცა დრონით გამოგვეძახაო.
 
 გოგოებს უთქვამთ რომ ხანდახან ძველმოდური ვარ, მაგრამ პიცას რომ დრონით არ ვიძახებ ამისთვის, არასდროს-თქო.
 
 იმ დღეს ყველაზე ნაკლები ირონია დავახარჯეთ ერთმანეთს, ალბათ განშორებისას ასე ხდება ხოლმე. საუბრებითაც და მოქმედებებითაც დასამახსოვრებელი დღე გამოდგა, დღე რომელიც დიდხანს გამყვება. 
 
 კარში გამოვედით. ჯერ ისევ შუადღე იყო, ჩემი რეისი გვიან ღამით მიფრინავდა, მაგრამ ლიზასთან ბოლომდე არ დავრჩენილვარ. ყველაფერი ძვირფასია როდესაც ბოლოჯერ ხდება. ლიზას ჩავეხუტე და ბოლოჯერ ვაკოცე.

უშენოდ ბევრი რაღაც ძალიან სხვანაირი იქნება-თქო.

ყველაფერი კონტექსტია, თორემ უჩემოდ, მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად იგივენაირი იქნება. შენ ისევ დაბრუნდები ხოლმე დამღლელი დღის მერე სახლში და ვაშლის წვენში გაზავებულ ჯიმ ბიმს დალევ, მაგრამ დაარქმევ ამას მარტოობას თუ თავისუფლებას, ეგ უკვე შენზეაო.

რაღაც მინდა გითხრა-მეთქი.

Fish, რასაც არ ფიქრობ იმას ნუ მეტყვიო.

მე შენ..

არა. ასე არ არის. გახსოვს ერთხელ მითხარი, ეს სიტყვების კიარა მოქმედებების სამყაროაო. შენ მიდიხარ. მიდიხარ და პირველივე ურთიერთობაში შემოსულ გოგოს ეტყვი, რომ ალბათ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც ჩემი სახლის კართან თბილისის ბილეთი დახიე და მერე დიდხანს სწავლობდი სერფინგზე დგომას ავალონში, წყნარი ოკეანის ტალღებზე, მაგრამ ახლა მასთან ჩახუტება, ყველაფერს გირჩევნია. შეიძლება მამაკაცები განათლებით, ინტელექტით, იუმორით და მანქანის ტარების დონით განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტიქტში, უკლებლივ ყველა ერთმანეთს გავხართ, ამას უკვე შევეჩვიეო.

არაფერი მიპასუხია, ან რა უნდა მეპასუხა. ჩვენი ურთიერთობა ზუსტად იმ ნოტაზე დასრულდა, როგორზეც დაიწყო და როგორი ლაიტმოტივიც უწყვეტად გასდევდა მთელი ეს პერიოდი. ყურსასმენები გავიკეთე და წამოვედი, ვერ ვიტყვი რომ Madcon-ის Beggin კონტექსტში ჯდებოდა. რეისამდე ადრე იყო და ჯერ სახლში მისვლა არ მინდოდა, Empire State Building-სკენ ავიღე გეზი.

არაა სავალდებულო რომ ცხოვრებაში ყველაფერი ლამაზი, ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ხანდახან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში იმისთვის შემოდიან, რომ დაგვანახონ რა არის სწორი და რა მცდარი. რომ გვაჩვენონ ვინ ვართ და ვინ შეგვიძლია გავხდეთ. ყველა ბოლომდე არ დარჩება. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ ფიქრის დამარცხება, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი გაგრძელებულიყო. უბრალოდ დავაფასოთ ის რაც იყო, რაც ვიგრძენით და რაც ბოლომდე გაგვყვება. იქნებ ავალონში სულაც არაა იდეალური ტალღები სერფინგისთვის, მაგრამ ეს უკვე იმ პარალელური სამყაროს საშკას საფიქრალია, ლიზას კართან თბილისის ბილეთი რომ დახია.

___

სანამ შენ საუკეთესო კოსტუმს დაუკითხავად მოგარგებენ, 6 ფუტის სიღრმეზე მიწაში ჩაგდებენ და დაგატირებენ, რომ ნაჩვენებზე უფრო მეტ სითბოს იმსახურებდი, ერთხელ მაინც უნდა შეხვდე მზის ჩასვლას Empire State Building-ში. გადმოხედო მოფუსფუსე ადამიანებს, რომლებსაც გამუდმებით სადღაც ეჩქარებათ და უფრო მძაფრად აღიქვა რა პატარები ვართ, ჩვენი პატარა პრობლემებით. აი მეც ვდგავარ ნიუ იორკის თავზე, გაურკვეველი წარმომავლობის ტურისტებთან ერთად. ჩემს ქვემოთ ალბათ 100 სართული მაინც იქნება. სუიციდის იდეით შეპყრობილთა გასანეიტრალებლად ფანჯრებზე მიმაგრებული რკინის გისოსებიდან, ვაკვირდები მზის ჩასვლას და გამუდმებით ვამოწმებ საათს, მალე JFK-დან ჩემი რეისი მიფრინავს. ის წარსულში დატოვებს ლიზას, ცხოვრების ამერიკულ პერსპექტივებს და დამაბრუნებს თბილისში. სივრცეში, რომელსაც მივეკუთვნები. წინ დიდი მოგზაურობა და ბევრი საქმეა, მაგრამ მე არ მეშინია — მანჰეტენური დღეებიდან ერთი რამ დანამდვილებით ვისწავლე. ყველაზე გრძელი გზაც, ერთი ნაბიჯით იწყება..

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.