მე რობოტი ვარ..

გათენებულ დილას მოჰყვება ფერები მუქი.. “საკუთარი” საწოლიდან წყევლის გოგოსავით გადმომაქვს ფეხები და მთელ ენერგიას ვხარჯავ რომ არ გავსკდე და თვეების დაგუბებული დაძაბულობით არ შევღებო ოთახი.. მეჩქარება, როგორც ყოველთვის.. ზუსტად ორ წუთში ვემზადები, ზრდილობისთვის ვიბარებ სამსახურში წავედითქო და გამოვდივარ..

ჩავუვლი დაცვის სამსახურს და ვერაფრით ვხვდები მთელი ღამის გათენების მერე რა აცინებთ ასე გულწრფელად და გულიანად..

აქვეა ის მოხუცი ორატორიც, ყოველ დილით აივანზე გამოსული რომ ლანძღავს ბოლო სიტყვებით ვიღაც უმისამართოს და მგონი თვითონაც არ იცის ვის.. თუმცა გვაფრთხილებს, რომ უნდა ვერიდოთ და მოგვიწოდებს ჩვენი ოჯახის წევრებიც გავაფრთხილოთ.. და მე ყოველ დილით მშურს ამ ქალის, რომელიც გამოდის და თავისი არეული გონებით ბოლომდე იცლება.. გიჟი თავისუფალია.. და თუნდაც ის დაცვის წევრების ყოველ დილით მასზე იცინოდნენ ასე გულიანად, მას ეს არც ადარდებს..

მივუყვები გზას და ვხვდები, რომ დღეებია ან იქნებ თვეებიც ცისთვის არც შემიხედავს, არც თოლიებისთვის მიყურებია მტკვარზე.. არც ხეებისთვის გადამიღია სურათი.. ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს..

ხალხი დარბის, ძაღლს ასეირნებს, ვარჯიშობს.. მე მეჩქარება სამსახურში.. მერე ასეთივე სავსე და უაზრო დღე მთავრდება და მე მეჩქარება სახლში..

ვბრუნდები იგივე გზით.. ახლა ქუჩა ბევრად უფრო ხალხმრავალია.. ტურისტები, ბავშვები, წყვილები, მოხუცები.. სიცილი, მხიარულება, ბედნიერება.. მე მეჩქარება..

მივდივარ სახლში და ახლა ძილის დროის მოსვლა მეჩქარება.. ისევ ზრდილობისთვის ვცემ პასუხს დასმულ კითხვებს, ისიც მხოლოდ მაშინ როცა აუცილებელია.. თურქულ სერიალსაც კი ვუყურებ ოღონდ დრო გავიყვანო.. გადის დრო და ძილის დროა..

შიგადაშიგ ვჩხუბობ და ვტირი.. ვჩხუბობ დედასთან, მამასთან, დასთან, შეყვარებულთან, საკუთარ თავთანაც კი.. ვტირი დედის გამო, მამის გამო, დის გამო, შეყვარებულის გამო და საკუთარის თავის გამოც.. ვჩხუბობ და ვტირი, იმიტომ რომ აქ ბნელა.. სინათლე არსად ჩანს.. ვერსაით მივდივარ..

ღამდება და ყველაფერი კიდევ უფრო ბნელდება..

გათენებულ დილას ისევ მოჰყვება ფერები მუქი.. “საკუთარი” საწოლიდან ისევ წყევლის გოგოსავით გადმომაქვს ფეხები და მთელ ენერგიას ვხარჯავ რომ არ გავსკდე და თვეების დაგუბებული დაძაბულობით არ შევღებო ოთახი.. მეჩქარება, როგორც ყოველთვის..

მე რობოტი ვარ..