
ქუჩებში ყოველდღე მრავლდებიან კუთხეში მჯდარი მოხუცი ქალები..
ყოველდღე ვუყურებ და ვგრძნობ რამდენად ვუახლოვდები დღითიდღე..
სხედან ქუჩის კუთხეში თავდახრილები.. სხედან და არააგრესიულად ითხოვენ შველას.. სხედან და არაფერს ამბობენ.. სხედან უსიტყვოდ, ფეხებთან დაშვებული მზერით, დაწმენდილი მშვიდი თვალებით.. იმ სხვა სიმშვიდით და სევდით გაჯერებული სულის სარკეებით.. სულერთობის სიმშვიდით უსაზღვროებამდე სავსეები..
სხედან და გვახსენებენ, რომ დროებითია ყველაფერი..
ახლაც ჩემს წინ ზის ქალი.. ერთ დროს რომ ვიცნობდი, ჩემი მეზობელი იყო.. ყავდა შვილი თუ ძმისშვილი, ყოველდღე სიგარეტის ფულის ვერ მიცემის გამო რომ სცემდა.. ხშირად ეძახდა პატრულს და შველას ითხოვდა.. ვერაფერი უშველეს, როგორც ვერ შველიან სხვა მილიონ შემთხვევაში..
ადრე ხილს ყიდდა ეს ბებო, მერე ხელსახოცებს, მზესუმზირას.. ახლა ზის ქუჩის კუთხეში და უსიტყვოდ ითხოვს შველას.. ან იქნებ არც ითხოვს..
სხედან ასეთი ქალები სულერთობის სიმშვიდით შეიარაღებულები, რადგან დიდი ხანია მიხვდნენ, რომ აღარაფერი დარჩათ დასაკარგი.. და საერთოდაც, აღარაფერი დარჩათ ამ სიმწარით შეძენილი სიმშვიდის გარდა..
ყოველდღე საიდანღაც ჩნდებიან ასეთი ქალები, სულ უფრო და უფრო მრავლდებიან..
ჩვენგან მოდიან.. ჩვენ ვერ ვეხმარებით, მაშინ როცა დახმარებას ითხოვენ.. ჩვენ ვერ ვიცავთ შიმშილისგან, სიცივისგან, მოძალადე ნათესავებისგან, ფეხებით შემდგომი საზოგადოებისგან..
ვხვდები ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ვგრძნობ როგორ ვუახლოვდები ყოველდღე..
მეც ხომ ნელნელა ვკარგავ ყველაფერს.. ნელნელა ვკარგავ მოთმინებას, ნერვებს, ჯანმრთელობას, შესაძლებლობებს, ნებისყოფას, სურვილებს, ბრძოლის უნარს, გვერდით მდგომ ადამიანებსაც კი..
თქვენ მართმევთ ამ ყველაფერს, როგორც ალბათ იმ ქალებს წავართვით ყველამ ერთად..
თქვენ მართმევთ ჩემს ოცნებებს, თქვენთვის მიუღებლობის გამო.. მართმევთ აზრებს, თქვენთვის მოუწონლობის გამო.. მართმევთ ყველაფერს, რაც კი შეგიძლიათ წამართვათ და იმასაც რასაც ბოლომდე ვერასდროს წამართმევთ..
და მაინც.. მოვა დრო როცა მეც აღარაფერი დამრჩება დასაკარგი.. როცა სულერთობის სიმშვიდით ავივსებ თვალებს და ქუჩის კუთხეში თუ არა სადმე ბაღში დავჯდები.. მთელი დღე ვუყურებ ჯერ კიდე სავსე ან თუნდაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაცლილ ადამიანებს და გავისხენებ ჩემს, სიცოცხლით სავსე დღეებს..
შველას არასდროს ვითხოვ.. თქვენს გამო შველადაჭირვებულს თქვენ ვერაფერში დამეხმარებით.. უბრალოდ გავიხსენებ იმ სავსე და ბედნიერ დღეებს, როცა მე მე ვიყავი..
მანამდე კი ვუყურებ ამ ქალებს და ვერ ვხვდები როგორ შეგიძლიათ, როგორ შეგვიძლია ასე ცხოვრება..
