წაიკითხე მხოლოდ ჩემი სიკვდილის მერე

Katie Sassenach
Nov 3 · 4 min read

დღეს 3 ნოემბერია..

არანაირი არაფერი, უბრალოდ ვწევარ და ვფიქრობ როგორ ძალიან მინდა სიკვდილი.. და სიკვდილზე მეტად სიცოცხლე შენთან ერთად.. შენს გვერდით..

სიკვდილი მინდა და სიკვდილივით მინდა ახლა ამ ყველაფერს შენ გეუბნებოდე..
ან არც ვიცი, უბრალოდ აღარ მინდა ვგრძნობდე როგორ წამერთვა შენთან ლაპარაკის უფლება..

უკვე წლებია ჩემი ყველაზე რთული კრიზისების ერთადერთი ფსიქოლოგი და ანტიდეპრესანტი ხარ..

ჰოდა, ახლა როცა წამერთვა შენთან საუბრის ყველანაირი უფლება.. დავრჩი სრულიად შეშლილი და სრულიად მარტო..
პანიკური აპათიით დავდივარ და..
უბრალოდ სიკვდილი მინდა..

იცი როგორია როდესაც საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული ბრძნული გამომეტყველებით დამაჯერებელ რჩევებს იძლევი?.. და ეს მაშინ როცა საკუთარი ცხოვრება იმდენჯერ დაგენგრა თავზე რომ ნანგრევები გახრჩობს..

სიკვდილი მინდა და სიკვდილია თვითონ ეს მდგომარეობა..
მე შენ ვერ გელაპარაკები..
რომ იცოდე რამდენჯერ გავხსენი ჩატი და რამდენჯერ დავწერე ტექსტი შენთვის.. და იმ ბოლო წამს, როცა მხოლოდ ერთი თითის მოძრაობაა საჭირო, რომ შენმა გონებამ ჩემი ტკივილი გაიზიაროს.. მოდიან ფიქრები რომ ის შენ, ვისთან ლაპარაკიც მე მინდა იქნებ და აღარც არსებობს..

მხოლოდ ერთი რამის გამო ვარ ცოცხალი, ახლა ამ ღამით, როცა მეათასედ ვიმეორებ რომ სიკვდილი მინდა და როცა მართლა სიკვდილამდე მინდა სიკვდილი.. მხოლოდ იმიტომ რომ ეგოისტი ვერასდროს გავხდი.. არ შემიძლია ჩემი ამ ეგოისტური გაქცევის გამო, ჩემმა ოჯახმა იფიქროს, შენ იფიქრო რომ რაიმე შეგეშალათ..

შეცდომები მხოლოდ მე დავუშვი..
მხოლოდ მე ვაქციე ჩემი ცხოვრება ასეთად, სადაც აღარაფერი დამრჩა რის გამოც გათენება შეიძლება გამეხარდეს ან რის გამოც შეიძლება გულიდან წამოსული ღიმილი ვერ შევიკავო..

ეს მხოლოდ ჩემი ბრალია..

როცა მე თავს მოვიკლავ, მინდა შენ და მხოლოდ შენ წაიკითხო ეს წერილი..

როცა მე თავს მოვიკლავ, არ მინდა თუნდაც წამით იფიქრო რომ ამაში რაიმე ბრალი მიგიძღვის.. არა საყვარელო, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია.. მხოლოდ მე ვაქციე ჩვენი სიყვარული ცხოვრების აუცილებელ პირობად.. მხოლოდ მე შევქმენი ერთობის გარდაუვალობის შეგრძნება და ახლა მის ჩამოშლას ვერ ვუსწორებ თვალს.. მხოლოდ მე დავანგრიე ყველაფერი რაც გვქონდა, რადგან საკმარისი ვერ აღმოვჩნდი შენთვის..

ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია..

როცა მე თავს მოვიკლავ და შენ ამ წერილს წაიკითხავ იცოდე რომ არაფერში ხარ დამნაშავე.. მინდა იცოდე რომ მე უბრალოდ ასეთი ცხოვრების მეშინია..

შენ იცი რომ მშიშარა არასდროს ვყოფილვარ .. და ამ წლების განმავლობაში როცა შენ თურმე ფიქრობდი რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგატოვებდი, მე მხოლოდ შენი დაკარგვის მეშინოდა..

ჰოდა დაგკარგე..

როცა მე თავს მოვიკლავ და შენ ჩემი სიკვდილის გამო გული გეტკინება, იცოდე რომ მე უშენოდ სიცოცხლის მეშინოდა..

როცა მე თავს მოვიკლავ და შენ ჩემზე მხოლოდ ტკბილ მოგონებებს გაიხსენებ, იცოდე რომ მე სწორედ მაგ ტკბილმა მოგონებებმა მომკლა..

დღეს ჩემი ყველა ამოსუნთქვა რაღაცის მოგონებაა, დღეს ჩემი ყველა მზერა საერთო ადგილთან ბოლოვდება, დღეს ჩემთვის ყველა ბგერა ჩვენი საერთო მუსიკაა..

და ყველა ის კარგი, რასაც შენ ჩემი სიკვდილის მერე სინანულით და ერთგვარი ცრემლნარევი ნოსტალგიით გაიხსენებ ნაწილებად მშლის და ცხოვრებას არ მაცდის..

სულ ამბობდი ყველამ ვიცით როგორც დამთავრდება ჩემი ცხოვრებაო.. ახლა შენს სიტყვებს უკან შემოგიტრიალებ და გეტყვი..

ყველამ თუ არა, მე და შენ ნამდვილად ვიცით როგორ დამთავრდება ჩემი ცხოვრება..

მე თავს მოვიკლავ და ერთი
წამით არ იფიქრო რომ ამაში რაიმე შენი ბრალია.. უბრალოდ დღეს ისეთი მშიშარა ვარ როგორც არასდროს..

როცა მე თავს მოვიკლავ და შენ ჩემთან ლაპარაკი მოგინდება, მოდი ჩვენს სახურავზე, მე იქ ვიქნები.. შენ ვერასდროს ვერავინ წაგართმევს ჩემთან მოსვლის უფლებას..

მე იქ ვიქნები, შენთვის ყოველთვის დავიცდი ათონელის პრეზიდენტის რეზიდენციის მეზობელი შენობის სახურავზე, რომელიც ჩემი ცხოვრების ბედნიერების პირველი მოწმეა.. ჩვენი საერთო ცხოვრების პირველი მოწმე.. ის სახურავი და ვარსკვლავებიანი ზეცა ჩვენს თავზე.. შეგიძლია მოხვიდე და ამჯერად მარტო წამოწვე სახურავზე და მარტომ უყურო ვარსკვლავებს.. დამიჯერე, ისინი ზუსტად ისეთები იქნებიან როგორც იმ დღეს.. ისინი ჩემთან დაგაბრუნებენ, იმ ლამაზ დროში როცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვქონდა..

როცა მე თავს მოვიკლავ და შენ ამ წერილს წაიკითხავ, გაიგებ რომ შენ დღემდე ჩემი ღმერთი ხარ, რომ დღემდე საკუთარ თავზე მეტად შენი მწამს და მჯერა.. და რომ ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს მოკლებულად უბრალოდ ვამაყობ შენით..

ჰო მახსოვს რომ გითხარი, ჩემთვის ის ბიჭი მოკვდა ვისიც მწამდა და ვისითაც ვამაყობდითქო.. მაგრამ არ დაიჯერო, მხოლოდ ბრაზმა და წყენამ მათქმევინა..

მე შენ მიყვარხარ ჩემო ბიჭო.. მე მჯერა შენი.. ამ დღიდან ჩემს სიკვდილამდე ყოველ წამს ვიამაყებ შენით..

ჩემი სიკვდილი მხოლოდ ჩემი სისუსტის ბრალია და ჩემი შიშის.. რომ მეშინია ასეთი ცხოვრების..

როცა მე თავს მოვიკლავ და შენ ამ წერილს წაიკითხავ, იცოდე რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია..

მხოლოდ მე ვერ შევძელი საკუთარი ადგილის დაკავება ვერც შენს ცხოვრებაში და ვერც საკუთარში..

მართალია არც ახლა, არც ხვალ და არც ზეგ ძალა არ მეყოფა.. მაგრამ ოდესმე.. მე და შენ.. ძალიან კარგად ვიცით როგორ დამთავრდება ჩემი ცხოვრება..

ნუ დააჯერებ საკუთარ თავს რომ რამდენიმე თვეში ამაზე გამეცინება.. საყვარელო, საკმარისზე კარგად მიცნობ რომ იცოდე რამხელა აბსურდია ამის გაფიქრებაც კი..

მე და შენ ყველაზე კარგად ვიცით საით მიდის გზა და რა იქნება ჩემი გზის ბოლოს..

მე ოდესმე აუცილებლად მოვიკლავ თავს.. ეს მოხდება მაშინ, როცა ცოტათი მაინც მივაჩვევ თავს ეგოიზმს და ბოლომდე გავიაზრებ როგორი საშიშია ასეთი ცხოვრება..

როცა მე თავს მოვიკლავ, იცოდე რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია.. ყველას უთხარი რომ არავის არაფერი შეგშლიათ..

მინდა იცოდე, რომ ამ წერილის დაწერის დროსაც კი ცრემლებით დაბლარულ ნაწერში მინდა ათასჯერ ამოვიკითხო შენთვის მოწერილი მიყვარხარ, იმ იმედით რომ შენც ოდესმე წაიკითხავ და გაიგებ რომ მიუხედავად ყველაფრისა შენ ჩემი ბედნიერება ხარ..

ახდენილი ბედნიერება, რომელიც ვერ შევირჩინე..

Welcome to a place where words matter. On Medium, smart voices and original ideas take center stage - with no ads in sight. Watch
Follow all the topics you care about, and we’ll deliver the best stories for you to your homepage and inbox. Explore
Get unlimited access to the best stories on Medium — and support writers while you’re at it. Just $5/month. Upgrade