ჩართული დამკვირვებლის რეპორტაჟი ფორუმიდან “შრომა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში” (2–3 მაისი) ნაწილი I

2015 წლის საპირველმაისო დემონსტრაციები თბილისში, ჭიათურაში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა. დემონსტრაციების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პროფკავშირები, სხვადასხვა მემარცხენე ახალგზარდული და არასამთავრობო ორგანიზაციები (“მწვანე მუშტი”, “სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი”, “ახალგაზრდა მწვანეები”, EMC, “სახელოსნო პრაქსისი”, “ალტერნატივა” და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი პერიოდი ჯგუფებს შორის ასე თუ ისე მაინც არაკოორდინირებული იყო, აქციებზე გაჟღერებული მოთხოვნები მაინც ერთ ენაზე საუბრობდნენ, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა ჯგუფებს შორის ორგანიზაციული თანამშრომლობის საჭიროება და პოლიტიკური გზავნილების საჯაროდ არტიკულირების უპირატესობა პრივატული ენით მოსაუბრე კულუარულ უთანხმოებებსა და მსოფლმხედველობრივ განსხვავებებზე. თუკი წლევანდელმა პირველმა მაისმა რამე აჩვენა — გარდა შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ბუკვალურად სასიცოცხლო საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენების მცდელობისა, რაც, სხვა, მრავალ მოთხოვნათა შორის უთუოდ უპირველესი პრიორიტეტი გახლდათ — ეს ჰაერში გამოკიდებული იდეოლოგიური კაპრიზებიდან კონკრეტული, ხელშესახები პრობლემების გამოწურვისა და მისი მკაფიო, არაორაზროვან გზავნილებსა და შეთავაზებებში გადმოცემის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, ამ შესაძლებლობის რეალურობა გახლდათ. ეს გზავნილები, მოკრძალებული მოთხოვნები, ფაქტებით, მონაცემებით, სამართლებრივი გარემოებების ცოდნით გამყარებული ინიციატივები, რომლებიც კონკრეტულ რეფორმებს ითხოვენ, სინამდვილეში გაცილებით რადიკალური გამოწვევების წინაშე აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ე.წ. “უსასრულო მოთხოვნები” (infinite demands), რომელთა პარადოქსული ხასიათი — ერთი მხრივ მსუყე რადიკალიზმებით გადატვირთული სლოგანები (“ძირს კაპიტალიზმი”, “ქარხნები მუშებს” და სხვ.), მეორე მხრივ კი ამ შინაარსისგან დაცლილი მანტრების პოლიტიკურ თარგმანში დაკარგვის წინდაწინ გაზიარებული განცდა —როგორც წესი, ამა თუ იმ ფორმის “რეზისტენტულობისა” და “ავტონომიურობის” იდეებით შეპყრობილი ჯგუფების თვითრეპროდუცირების ლოკომოტივად იქცევა ხოლმე. წლევანდელმა მაისმა აჩვენა პროდუქტიული განსხვავება “რეზისტანსსა” და “რეზისტენტულობას” შორის, სხვა სიტყვებით — განსხვავება პასიურ, თავდაცვით პოზაში გამყარებულ, “საღამოს კმაყოფილ” და აქტიურ, პასუხისმგებლობით აღსავსე, კონფრონტაციულ, მაგრამ ადრესატისთვის გასაგებ ენაზე მოსაუბრე წინააღმდეგობას შორის. შრომის ინსპექციის ცენტრალურ მოთხოვნად წამოყენებამ ნათლად გამოკვეთა იმ სისტემის კოორდინატები, რომელიც კაპიტალის, კერძო ინტერესისა და სახელმწიფოს ზედმიწევნით შეთანხმებულ მოქმედებას განაპირობებს. ამის კვალდაკვალ, როგორც იქნა, დღის შუქი იხილა ძველმა მარქსისტულმა თეზისმა შრომასა და კაპიტალს შორის დაპირისპირების შესახებ და მთელი სიცხადით აჩვენა ხელფასების ზრდის, სამუშაო დღის შემცირების, ანაზღაურებადი შვებულებისა და უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნების კონკრეტულ პოლიტიკებად გადათარგმნის საჭიროება.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ მკრთალი ჩანასახია სულ ახლახანს დაძრული პროცესისა, რომლის მიმდინარეობისას უამრავი შეცდომის, უნებლიე დაუდევრობის, სხვადასხვა დოგმატიზმებისა და რედუქციონიზმების ასარიდებლად მუხლჩაუხრელი და შეუქცევადი შრომა, წინააღდეგობის ველის განვრცობა და სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთმიმართებების გამორკვევაა საჭირო. “სტუდენტთა თვითრგანიზების ქსელის” მიერ ორგანიზებულმა ფორუმმა, “შრომა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში”, ამ კომპლექსურ მიმართულებათა წარმოსაჩენად სადისკუსიო სივრცის პირველი (და, ამდენად) მეტ-ნაკლებად მასშტაბური პრეცედენტი შექმნა — პლატფორმა, სადაც ისეთ “გრანდიოზულ” საკითხებთან ერთად, როგორიც შრომითი ურთიერთობები, ფემინიზმი, კლასობრივი პოლიტიკა, ურბანული განვითარება და ეკოლოგიაა, შედარებით მოკრძალებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, უშუალოდ ემპირიულ სინამდვილესთან შეხებაში მყოფი სტრატეგიებისა და ალიანსების, დისციპლინის, ორგანიზაციული ფორმებისა და პოლიტიკური ლექსიკონის გარშემო მსჯელობისთვისაც გაიხსნა კარი.

2 მაისი, დღე I

ფორუმის პირველი დღე ორი ჯგუფის (“ახალგაზრდა მწვანეები” და “თვითორგანიზების ქსელი”) პრეზენტაციას, თორნიკე ჩივაძის მოხსენებასა და გაერთიანებული პროფკავშირების სამი წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის (საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის პრეზიდენტი), გოჩა ალექსანდრიასა (საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტის მოადგილე) და ილია ლეჟავას (საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე) მოხსენებებს დაეთმო. ლევან ილარიანმა (თ.ქ.)და სტელა ნამგალაძემ (ა. მ.) მოკლედ წარმოადგინეს “თვითორგანიზების ქსელისა”(1) და “ახალგაზრდა მწვანეების”(2) ზოგადი მიზნები და ამოცანები. გამოიკვეთა, რომ პირველი მათგანის უშუალო პოლიტიკური პრიორიტეტები შრომა, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური და იდეოლოგიური ტრანსფორმაციების კვლევა და მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის პოლიტიკურ სპექტრში თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა. მეორე მათგანის საქმიანობა ძირითადად ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და მწვანე აქტივიზმის საკითხთა გარშემო ფოკუსირდება. ორივე მომხსენებლის რიტორიკაში გამოიკვეთა ჯგუფების ღიაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მსგავსი თემებით დაინტერესებულ სხვა ჯგუფებთან.

თორნიკე ჩივაძის მოხსენება: “მუშათა მოძრაობების ისტორია”

თორნიკე ჩივაძემ პოსტ-საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის დინამიკასა და ლოგიკაზე ისაუბრა. 90-იანი წლებში განხორციელებული უხეში პრივატიზაციის კვალდაკვალ კრიმინალური ელიტების მომძლავრების ფენომენის “პირველადი დაგროვების” მარქსისტულ ტერმინებში ახსნა არაპოპულარული, თუმცა დამაინტრიგებელი შემოთავაზებაა, რომელსაც საფუძვლიანი კვლევა და გაღრმავება სჭირდება. ცხადია, ეკონომიკის ექსპერტებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ეს თეზისი მიუღებელია, თუმცა, თავად მეინსტრიმული ცოდნა რომ ყოველგვარი აკადემიური თეორეტიზაციის გარეშე, იდეოლოგიური შეხედულებებით გაჯერებული ყალიბდებოდა, ამ თეზისს შემაგულიანებელი გამოწვევის წინაშე აყენებს.

თამაზ დოლაბერიძის, გოჩა ალექსანდრიასა და ილია ლეჟავას მოხსენებები

თამაზ დოლაბერიძის, გოჩა ალექსანდრიასა და ილია ლეჟავას მოხსენებები სამუშაო ადგილებზე — მძიმე ინდუსტრიაში, რკინიგზაში, სკოლებში და ა.შ. — არსებული სიტუაციის აღწერას დაეთმო. პროფკავშირების წარმომადგენლებმა აქცენტი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კანონით გარანტირებულ უფლებრივ უთასწორობაზე, სახელმწიფოს მხრიდან 1996 წელს ევროკავშირთან გაფორმებული “პარტნიორობისა და თანამშრომლობის” შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და თავად ნორმატიულ აქტებში არსებულ ორაზროვან ფორმულირებებზე გააკეთეს. თამაზ დოლაბერიძის თანახმად, მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულთა უსაფრთხოების პირობები შეუსაბამოა იმისა, რაც ხსენებული შეთანხმებით გათვალისწინებული “კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის” ფარგლებში, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაცვის კუთხით უნდა გაკეთებულიყო. ამასთან, დამქირავებლის მხრიდან ხშირია თავად მუშებზე ზეწოლა, დატოვონ ან არ შეუერთდნენ პროფესიულ კავშირებს. ამავე პუნქტზე აქცენტები ილია ლეჟავამაც დასვა. გოჩა ალექსანდრიას მოხსენება ძირითადად იმ წინაღობებისა და დაბრკოლებების მიმოხილვას დაეთმო, რაც მუშათა კლასში პროფკავშირული ცნობიერების ამაღლებას, მათი ნდობის მოპოვებას უკავშირდება. საუბარი იყო პროფკავშირების სუსტი რგოლის — მზარდი სერვის-სექტორის (3)— შესახებაც, სადაც, ალექსანდრიას თქმით, მოკლევადიანი კონტრაქტები, ზეპირი შეთანხმებები და უშუალოდ სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის მკაცრი კონტროლი ხელს უშლის პროფკავშირებს, ამ სექტორში პროფესიული გაერთიანებები შეიქმნას. ილია ლეჟავამ გაფიცვების ზოგადი პრაქტიკისა და კონკრეტულად რკინიგზელთა ორი ფართომასშტაბიანი, წარმატებული გაფიცვის შესახებ ისაუბრა. ბოლო გაფიცვა — ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე — სახელფასო ბადის ცვლილებითა და, შესაბამისად, ადგილზე დასაქმებულთა ხელფასების ზრდით დასრულდა.


3 მაისი, დღე II

ფორუმის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. დამსწრეთა რიცხვიც გაიზარდა და მოხსენებების შემდგომ დისკუსიებიც უფრო ცოცხალი, თანამონაწილეობითი და პროდუქტიული იყო. ფორუმის მსვლელობის განმავლობაში ე.წ. “ცოცხალ ჭიკჭიკს” (Live-Tweeting) ვაწარმოებდი და გამომსვლელთა მოხსენებებიდან პერიფრაზირებული არგუმენტები თუ შენიშვნები ამოვწერე. რასაკვირველია, ეს ამოკრეფილი ფრაგმენტები მოხსენებების სათქმელს უკიდურესად დანაწევრებულად გადმოსცემს, მაგრამ, რეპორტაჟის წერისას დამეხმარა, მოხსენებათა დეტალები გამეხსენებინა და მეტ-ნაკლები სიზუსტით გადმომეცა.

პაატა გურგენიძის მოხსენება: “დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკები”

ამრიგად, პირველი მომხსენებელი, პაატა გურგენიძე, დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკების ერთგვარად შედარებითი ანალიზით წარსდგა. უმუშევრობის აღმოფხვრის წარმატებულ პოლიტიკად გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოიხმო, სადაც, მისი თქმით, (ოფიციალური სტატისტიკით) 10%-იანი უმუშევრობა, წარმატებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკების მეშვეობით 5%-მდე შემცირდა. ეს პოლიტიკები კი, თავის მხრივ, სოციალური პროგრამების სტიმულირების ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტის ზრდით, კრედიტის გაიაფებითა და ფულის ბეჭდვით გამოიხატა. მსგავსი პოლიტიკა გატარდა ევროპის წამყვან ეკონომიკებშიც (მაგ. გერმანია). საქართველოში — გურგენიძის თქმით — ფისკალური პოლიტიკა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ იყო მიმართული, ფულის ბეჭდვა კი, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების თანახმად, შეუძლებელი იყო. ამას გარდა, ხაზი გაესვა დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ ხარვეზებს. ეს ხარვეზები, გურგენიძის თანახმად, არა იმდენად ტექნიკურ, არამედ სტრუქტურულ პრობლემად უნდა დავსახოთ, რამდენადაც დასაქმება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად პრაქტიკაში ვერ იქცა.

გურგენიძის მოხსენების ბოლო ნაწილი განათლების პოლიტიკის მიმოხილვას დაეთმო. ბოლონიის პროცესმა (Bologna Process) და შემდგომ, “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” (Millenium Challenge Corporation) მეორე პაკეტის ფარგლებში განხორციელებულმა ABET (Accreditation Board for Engeneering and Technology) პროგრამამ, რომლის მიზანიც ქართული უნივერსიტეტების (თსუ, ილიას სახ. უნივერსიტეტი, აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტი) აკრედიტაციის ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, იმ პროფესიებში,(კომპიუტერული, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებები) რომლებიც, გურგენიძის თქმით, სახელმწიფოსთვის დეფიციტური და ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა სამუშაო ძალის დასავლურ ქვეყნებში გადინებას შეუწყო ხელი.

მაია ბარქაიას მოხსენება: “ქალის შრომა ოჯახში: კაცისთვის თუ კაპიტალითვის?”

მაია ბარქაიას მოხსენება, “ქალის შრომა ოჯახში: კაცისთვის თუ კაპიტალისთვის?” ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოდ წარიმართა. გარდა იმისა, რომ შრომისა და შრომითი ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ფორუმში გენდერული პერსპექტივის შემოტანა ცალსახად მისასალმებელი ფაქტია, თავად მოხსენებამ ცოცხალი დისკუსია და საინტერესო განხილვა წარმოშვა. უფრო ზოგადი ფორმულირებით, ხაზი გაესვა და პრობლემატიზდა კლასობრივი ჩაგვრის დისკურსით მოსაუბრე რადიკალური მემარცხენე მოძრაობების შიგნით ქალთა ემანსიპაციის საკითხის უგულვებელყოფისა თუ პატრიარქალური წესრიგის წინააღმდეგ გაშლილი ფემინისტური ფრონტის კაპიტალიზმის პოლიტიკურ ეკონომიაზე რედუცირების საფრთხეებს. ეს საფრთხეები რეალურია, იმდენად, რამდენადაც არსებულია, კარგად (წაიკითხე: ცუდად) დაცდილი და ხშირად სავალალო შედეგების მომტანიც. (ამ ფატალურ შეცდომებსა თუ არაღიარებულ ექსკლუზიებზე, რომელიც სხვადასხვა რედუქციონიზმის მიღმა იმალება, იხ. თამარ ცხადაძის ჩანაწერი, რომელიც სწორედ ამ დისკუსიას ეხმაურება და , ჩემი აზრით, მნიშვნელოვან აქცენტებს სვამს)

მომხსენებელმა ფემინიზმის მარქსისტული დინების რამდენიმე არგუმენტი მიმოიხილა, მათ შორის ე.წ. “აუნაზღაურებელი საშინაო შრომის” საკითხიც, სადაც კარგად იკვეთება გენდერული სეგრეგაციის თვისობრივად ახალი ნიშნები, რომელიც კაპიტალისტური წარმოების წესს შემოაქვს:

ამას გარდა, ბარქაიას მოხსენებაში ცენტრალური იყო იმ არგუმენტის მკაფიო ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, ამ შემთხვევაში, პატრიარქატისა და კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლა არა იერარქიულად, არამედ ერთ სიბრტყეზე — თუმცა თანაკვეთის მქონე, მაგრამ მაინც სხვადასხვა ლოგიკის მატარებელ ფრონტებად — უნდა მოვიხელთოთ. დისკუსიისას მონაწილეებმა ინტერსექციონალობისა და მარქსისტული ფემინიზმის ურთიერთობაზე, ფემინისტური ბრძოლის პარტიკულარისტულ, იდენტობის პოლიტიკად წარმოჩენის საფრთხეებსა თუ იდეოლოგიურ ოპერაციებზე ისაუბრეს. ბარქაიამ საჯარო და კერძო სივრცეების გენდერულ დანაწილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჯარო სფეროში ქალთა პასიურობას სტრუქტურული და ისტორიული მიზეზები აქვს, რომ სხვადასხვა რევოლუციურ მოძრაობებში ქალთა დროებითი აქტიურობა ის გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს — წესს იმის თაობაზე, რომ ყოველდღიურ დონეზე, პრივატულ სივრცეში მასკულინური წესრიგის რეპროდუქცია მიმდინარეობს.

კახა ბახტაძის მოხსენება: “სახელმწიფოს ეკოლოგიური პოლიტიკა”

სამწუხაროდ, შემდგომი მომხსენებლის, კახა ბახტაძის გამოსვლის მხოლოდ დასკვნით ნაწილს დავესწარი და მასზე რეპორტაჟს ვერ გთავაზობთ. მკითხველებს ბოდიშს ვუხდი.

ლევან ასაბაშვილის მოხსენება: “ურბანული პოლიტიკა მემარცხენე პერ

ღონისძიების მეორე დღის დასკვნითი ნაწილი ურბანული პოლიტიკის კლასობრივი ლინზებით დანახვის მცდელობათა პერსპექტივებსა და ლიმიტებს დაეთმო — არქიტექტორი ლევან ასაბაშვილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო მოხსენებით წარსდგა. ასაბაშვილი ქალაქგეგმარების მოდერნისტული პრაქტიკის ეროზიასა და თანამედროვე მეტროპოლისებში მისი მიწათსარგებლობის გეგმით ჩანაცვლების იდეოლოგიურ ოპერაციაზე საუბრობდა. ცენტრალური გეგმარების გრანდიოზული პროექტები, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისის ინდუსტრიული მეტროპოლისების მოსაწყობად იქმნებოდა (ლე კორბუზიე, ლუის მემფორდი) რაღაც აზრით მეცხრამეტე საუკუნის მცირე ქალაქების (ჯეინ ჯეკობსის ფორმულირებით “ბაღ-ქალაქების” — ასაბაშვილი სწორედ ჯეკობსს დაესესხა ხსენებული პროექტების გასაკრიტიკებლად) ნოსტალგიას ეფუძნებოდა და, ამრიგად, 50–60-იანი წლების კიდევ უფრო გაზრდილი, ფუნქციურად გართულებული დიდი ქალაქების მოსახელთებლად უსარგებლო იყო. თუმცა, სხვადასხვა მემარცხენე თეორეტიკოსის (ჰარვი, კასტელსი) მოშველიებით, ასაბაშვილი შეეცადა, ეჩვენებინა ის ლიმიტები, რომელიც ქალაქის ფრაგმენტირებულ, ფუნქციურად ერთმანეთისგან გათიშულ ზონებად მოაზრებას შეიძლება ჰქონდეს:

მომხსენებლის აზრით, ურბანულ გარემოში ცვლილებების შეტანის დემოკრატიული მცდელობების მაქსიმალური რეპრესირება და, ქალაქის “სპექტაკლიზაცია ზემოდან”, მისი კარნავალურ ზონებად ქცევა, ის პრობლემებია, რომელიც ზოგადად, ურბანული სივრცის, როგორც, ერთი მხრივ, ადამიანებზე ზემოქმედ ობიექტურ, მატერიალურ გარემოსა და მეორე მხრივ ამ ადამიანების მიერ ცვლილებას, შესწორებებს დაქვემდებარებული მთელის მოხელთებაში გვიშლის ხელს.

ამასთან, ქალაქის სტაბილურ, ფიქსირებულ ყალიბად წარმოჩენა ხელს გვიშლის, მოვიაზროთ დინამიკა, რომელიც ურბანულ ცხოვრებას და ერთდროულად მასზე ზემოქმედ და მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფ მატერიალურ გარემოს ახასიათებს, სხვა სიტყვებით, ქალაქის სტატიკური ხატი ხელს გვიშლის მოვიაზროთ ქალაქი დიალექტიკურ დინამიკაში. თავად ურბანული მთლიანობა — ასაბაშვილის თქმით — სხვადასხვა ტიპის ანტაგონიზმებად შეგვიძლია დავსახოთ:

წიგნის “ქალაქი: კრიტიკული შესავალი” ყდა (მხატვარი — დავით კუხალაშვილი)

დაბოლოს, ფორუმის მეორე დღე წიგნის პრეზენტაციით დასრულდა: “ქალაქი: კრიტიკული შესავალი” , რომლის რედაქტორი თავად მომხსენებელი გახლავთ, მსურველებს უფასოდ გადაეცათ. წიგნი წარმოადგენს თარგმანების კომპილაციას, რომელიც გეორგ ზიმელის, მანუელ კასტელსის, ჯეინ ჯეკობსის, დევიდ ჰარვისა და სხვათა ტექსტებს მოიცავს და მკითხველს ურბანული პოლიტიკის, ქალაქგეგმარების, ქალაქის ყოველდღიური დინამიკის, მეტროპოლიტანური ფიგურების მოაზრებაში დაეხმარება.

დისკუსიის დასკვნით ნაწილში ის საკითხები წამოიჭრა, რომლის განხილვაც ფორუმის მესამე და მეოთხე დღეები, შესაბამისად 9 და 10 მაისი დაეთმობა: სახელდობრ კითხვები სხვადასხვა (არამხოლოდ) მემარცხენე ორგანიზაციათა თანამშრომლობისა და მათ შორის არსებული უთანხმოების გადაუჭრელობა-აღმოფხვრადობის შესახებ. რასაკვირველია— და იმედი მაქვს — ეს თემები მომდევნო ორ სესიაზე არ ამოიწურება და, ვიმედოვნებ, აზრთა სისტემატური მიმოცვლისთვის ნოყიერ ნიადაგს შეამზადებს.

Show your support

Clapping shows how much you appreciated Soso Chauchidze’s story.