რა მოხდა 36 წლის წლის წინ და რა კავშირშია შორენა თეთრუაშვილი

შორენა თეთრუაშვილი

სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურას, პატრიაქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის წარსულით დაინტერსებას ურჩევს. საუბარია, 36 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც თეთრუაშვილის მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, ნაზი ზვიადაური დაიღუპა. თეთრუაშვილმა შემთხვევიდან მალევე ეკლესიას შეაფარა თავი. გარდაცვლილის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. პატრიაქის მდივნის მიმართ ბრალდებები აქვს დაღუპულის ძმას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს. 
`რეზონანსი~ 1980 წლის 2 იანვარს დაღუპული ნაზი ზვიადაურის ძმას ოთარ ზვიადაურს დაუკავშირდა და შემთხვევის დეტალების გახსენება კიდევ ერთხელ სთხოვა, რაზედაც, მან ამ ეტაპზე კატეგორიული უარი განცხადა და გვირჩია მისი ძველი განცხადებები გამოგვეყენებინა. აღნიშნა, რომ დამატებითი ინფორმაცის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდება

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მან დეტალურად 2015 წელს სააგენტო `ნიუს-ჯისთან~ ისაუბრა, და შორენა თეთრუაშვილი, მისი დის ნაზი ზვიადაურის გარდაცვალების საქმეში სიმართლის დაფარვაში დაადანაშაულა. 
როგორც გარდაცვლილის ძმა სააგენტოსთან საუბრისას ჰყვება, შემთხვევა 1980 წლის 2 იანვარს მოხდა, როცა მისი და სალობიედან, მეგობრებთან ერთად გამოვიდა და ავარიაში მოყვა. ზვიადაური ამბობს, რომ ტრადიციულად ბედობას მეგობრები იპოლიტე ხვიჩიას რძალთან აღნიშნავენ, თუმცა იმ წელს ტრადიცია დაირღვა და ნაზი ზვიადაური შორენა თეთრუაშვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად სალობიეში აღმოჩნდა. 
ზვიადაურის ინფორმაციით, გარკვეულ უსიამოვნო ინცდიდენტს სალობიეშიც ჰქონდა ადგილი, დაპირისპირება გარდაცვლილსა და მის მეგობარს მეზობელი სუფრის წევრებთან მოუვიდათ. თუმცა ოთარ ზვიადაური იქვე დასძენს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა და სალობიეში, არც არავინ დაუკითხავთ.
გარდაცვლილის ძმას პრეტენზიები იმ დროინდელ გამომძიებლებთან და მაღალჩინოსნებთან აქვს, რომლებმაც მისი თქმით, საქმე გააყალბეს და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არ გამოძიებულიყო. ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც, მათ შორისაა ნუგზარ საჯაია და ედუარდ შევარდნაძე. როგორც ზვიადაური ამბობს, სამართლის პოვნის მიზნით, მისი დედა რამდენჯერმე პირდადად შეხვდა შევარდნაძესაც. 
ზვიადაური ამბობს, რომ საქმის მასალებიდან გაქრა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და ფარის ნამსხვერევები (ფარზე მანქანის ნომერი იყო მითითებული).
გარდაცვლილის ძმა ყურადღებას ამახვილებს, რომ მის დას ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თუმცა გამოძიების ვერსიით ჭრილობა ავარიის შედეგად ქვაზე დაცემამ გამოიწვია. ზვიადაურს აღნიშნულ ვერსიაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ იმ დროისათვის დიდი თოვლი იყო მოსული და გამორიცხულია, ქვას ასე დაეზიანებინა ცხედარი. იქვე იმასაც დასძენს, რომ ამ კუთხით საქმის მასალებიდან გამქრალი დანაც აჩენს გარკვეულ კითხვებს. 
ზვიადაურის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი მისი დის უახლოესი მეგობარი იყო და მისგან სიმართლის გარკვევის დიდი იმედი ჰქონდა, თუმცა, როგორც განმარტავს, ჩვენებები ყველამ შეცვალა, მათ შორის თეთრუაშვილმაც. ავარიიდან მოკლე დროის გასვლის შემდეგ კი თეთრუაშვილმა საპატრიარქოში დაიწყო მუშაობა.
ზვიადაურის თქმით, შემთხვევის რამდენიმე ვერსია აქვს, თუმცა სიმართლის დადგენა ამ დრომდე ვერ შეძლო. იყო ვერსია, რომ მისი და ჯერ დაჭრეს და შემდეგ მანქანით დაარტყეს, იყო ასევე ვერსია, რომ ხელი თავად შორენა თეთრუაშვილმა ჰკრა.
ზვიადაური იხსენებს, რომ მასთან ავარიიდან მოკლე ხნის შემდეგ, მძიმე საუბარი ჰქონდა. როგორც ამბობს, მას შემდეგაც შეეცადა თეთრუაშვილთან შეხვედრას და საპატრიარქოშიც მივიდა, თუმცა დის მეგობარმა არ მიიღო. 
გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ხელს ვერავის დაადებს და დამნაშავის პოვნა გამოძიების პრეროგატივაა, საუბრობს იმაზე, რომ არც ის იცის, თანამონაწილეა თუ არა თეთრუაშვილი აღნიშნული დანაშაულის, ასევე ამბობს, რომ შესაძლოა თეთრუაშვილი უბრალოდ დააშინეს და ამიტომაც შეცვალა ჩვენება. თუმცა ეჭვებს უტოვებს ფაქტი, რომ დის საუკეთესო მეგობარმა არ მიიღო. გარდაცვლილის ძმა საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს

One clap, two clap, three clap, forty?

By clapping more or less, you can signal to us which stories really stand out.