აბორტი პანდემიის დროს და უწყვეტი კონსპირაციული ჯაჭვები

Coda Story
coda წერილი
4 min readMay 28, 2020
გამოიწერე .coda წერილი

კორონავირუსის პანდემიას საჯარო ჯანმრთელობის, ეკონომიკური დარტყმის და ინფოდემიის გარდა ბევრი დამატებითი საფრთხე და შედეგი მოჰყვა.

ერთ-ერთი ტენდენცია სხვადასხვა ქვეყნებში აბორტსაც შეეხო.

საქართველოში ოფიციალურად აბორტის პროცედურები არ შეუწყვეტიათ პანდემიის გამო, მაგრამ სხვადასხვა მთავრობების კონსერვატიულმა ნაწილმა მსოფლიოში Covid-19-ს გამო ქალებს ეს უფლება წაართვა:

  • ამერიკის რამდენიმე შტატში კლინიკებს “არა აუცილებელი სამედიცინო პროცედურების და შერჩევითი აბორტის” გაკეთება აეკრძალათ. ზოგიერთი კლინიკა დაიხურა
  • ქოდას რუსეთის გუნდმა გამოიძია როგორ დაიწყეს კორონავირუსის მომიზეზება ქალებისთვის აბორტის უფლების შესაწყვეტად რუსეთის მასშტაბით (ბმული რუსულ ენაზე)
  • პოლონეთის პარლამენტი ცდილობს პანდემიის პირობებში შემოიღოს კანონი, რომლითაც ისედაც შეზღუდული უფლებები აბორტზე, მთლიანად აიკრძალება. ქალები პროცედურისთვის სლოვაკეთში და გერმანიაში მიემგზავრებოდნენ, როგორც წესი, მაგრამ კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაკეტილია და მოგზაურობა, შეუძლებელი
  • თუმცა სიტუაცია სლოვაკეთშიც იცვლება, სადაც ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პანდემიისას აბორტი რეკომენდირებული არაა. ექიმებმა აბორტის პროცედურების გაკეთება ამ განცხადებამდე შეწყვიტეს.

რას ნიშნავს ეს?

როგორც უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოიკვლია, რუსეთიდან ზამბიამდე, თუ კოლუმბიიდან პაკისტანამდე მილიონობით ქალი კორონავირუსის საყოველთაო იზოლაციის გამო იტანჯება:

“საყოველთაო, ქვეყნის მასშტაბით იზოლაციამ კორონავირუსის გავრცელება შეამცირა, მაგრამ მკვეთრად იმატა გლობალურად ოჯახურმა ძალადობამ. მოძალადეებთან სახლში გამოკეტილი ახალგაზრდა გოგონები ხშირად არასასურველი ორსულობის წინაშე რჩებიან,” რაც ხშირად მათი აბორტის გაკეთების გადაწყვეტილების მიზეზი ხდება.

რატომ არ წყდება ინფოდემიის ჯაჭვი?

საქართველოში კონსპირაციული ინფოდემიის მთავარი მიზანი ამ დღეებშიც ლუგარის ლაბორატორია და მისი ფარული, სახიფათო მიზნები გახდა. შეტევის ავტორები კი, როგორც ხშირად ხდება, ანტი-დასავლური და კრემლისტური საიტებია, ხშირი დეზინფორმაციის კამპანიებით.

მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ეს საიტები ძალიან პოპულარული არაა. მაგალითად, შესაძლოა, საქინფორმს თქვენ სულაც არ კითხულობთ და გგონიათ რომ მათ ამხელა გავლენა არ უნდა ჰქონდეთ.

თუმცა მისი გაჟღერებული დეზინფორმაცია ძალიან ხშირად სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა ქეით სტარბირდმა თავის ჯგუფთან ერთად ამაზე ახალი კვლევა ჩაატარა და დაასკვნა რა როლი აქვს კონსპირაციული თეორიების გავრცელებაში რადიკალურად მემარჯვენე, ულტრა-კონსერვატიულ, ან ფსევდომეცნერულ ვებ-გვერდებს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში დიდ ყურადღებას არ იპყრობენ.

“ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სხვა კრიზისთან დაკავშირებული ჭორებისგან განსხვავებით, შეთქმულების თეორიებს ჩამოყალიბებისთვის ცოტა მეტი დრო სჭირდებათ. და ხშირად თავიანთი პროგრესირების და განვითარებისთვის ისინი დამოკიდებულები არიან “ალტერნატიულ” გვერდებზე,” წერს სტარბირდი.

მისმა გუნდმა გამოიკვლია, როგორ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უახლესი კონსპირაციული ვიდეო “Plandemic” (პლანდემია ან დაგეგმილი პანდემია), რომლის ვარსკვლავიც დისკრედიტირებული მეცნიერი ჯუდი მიკოვიტსია. პლანდემია Youtube-მა წაშალა, მაგრამ ვიდეო ბევრ სხვა პლატფორმასა თუ ჯგუფში მაინც აღმოჩნდა.

მიკოვიტსი ვიდეოში ბევრ გადაუმოწმებელ ფაქტს გვეუბნება. მათ შორის, იმას, რომ დაავადება აშშ-ის ლაბორატორიაში არის შექმნილი. ასევე მიკოვიტსი მკაცრად უპირისპირდება აშშ-ის კორონავირუსთან საბრძოლველი გუნდის ხელმძღვანელს დოქტორ ენტონი ფაუჩის და ამისთვის ნიღბის ჩამოსხნას ცდილობს.

პლანდემია, უცებ აიტაცა მსოფლიომ, მაგრამ სტარბირდი ამბობს, რომ ჯუდი მიკოვიტსის თეორიების მარკეტინგის კამპანია პლანდემიის პოპულარობამდე დაიწყო და მათ შორის დიდი როლი ჰქონდა truepundit.com-ს, მიკერძოებულ, ულტრა-მემარჯვენე ვებ-გვერდს, რომელიც ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას.

გასულ კვირას truepundit.com-ის ისევ კონსპირაციული სტატია სულ სხვა თემაზე შეგეძლოთ, გენახათ ტრამპის ტვიტერის გვერდზე.

გამოიწერე .coda წერილი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

  • კონსპირაციული თეორიები ხშირად ონლაინ სივრცის — და დღევანდელ სამყაროში უკვე საჯარო სივრცის — კიდეებიდან იწყებენ აგორებას და ბოლოს პოლიტიკის გამტარებლების თვალწინ აღმოჩნდებიან.
  • ეს კორონავირუსული დეზინფორმაცია მოქმედებს ჩვენს საპასუხო რეაქციაზე კორონავირუსთან მიმართებაში. და პოტენციურად, გავლენას მოიპოვებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც კი.
  • სოციალური პლატფორმები ცდილობენ, რომ სახიფათო ინფორმაცია წაშალონ ან გადაამოწმონ, როგორც ეს სამშაბათს ტრამპის მორიგ საეჭვო სტატუსისთვის გააკეთეს, მაგრამ როგორც ვხედავთ, საკმარისი მაინც არაა ეს სტრატეგია.

შეთქმულების თეორიების თამაშები

სანამ ალტერნატიული ვებ-გვერდები, პროპაგანდისტები და ფსევდომეცნიერები ინტერნეტის შუაგულისკენ მიიწევენ და მათ მოუმზადებელი სოციალური ქსელები ძლივს ებრძვიან, ინფოდემია ახალ პლატფორმებს იპყრობს, მაგალითად სოციალური პლატფორმა Discord.

დისქორდი ონლაინ მოთამაშეებისთვის შეიქმნა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სიძულვილის ენის გავრცელების წარმატებული არენა გახდა.

ონლაინ სიძულვილთან მებრძოლმა ცენტრმა (CCDH) ახალ კვლევაშიაღმოაჩინა, რომ შეთქმულების თეორეტიკოსებმა და ულტრა-მემარჯვენეებმა კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის თამაშად გადაქცევა დაიწყეს იმ სერვერებზე, რომლებსაც ისინი არეგულირებენ, ანუ ე.წ. სერვერების მოდერატორები არიან.

მათ შემოიღეს დამატებითი ქულების და “მომდევნო დონეზე გადასვლის” პრინციპი, რომ დააჯილდოვონ მესენჯერის მომხმარებელი, რომელიც კომენტარებში შეთქმულების თეორიას დაწერს.

მაგალითად, ერთ-ერთი სერვერის მომხმარებლის რჩევა, კორონავირუსის სიმპტომებისას, კოლოიდური ვერცხლის მიღება იყო. შემდეგ მომხმარებელმა მილოცვა მიიღო: “ახლახანს მესამე დონეზე გადახვედით!”

კოლოიდური ვერცხლის სამკურნალო თვისებები დავის საგანია და გადაუმოწმებელია. ამ თვეებში ალტერნატიული მედიცინისწარმომადგენლები მას რეკლამას უწევდნენ ხოლმე.

CCDH-ის ერთ-ერთმა მკვლევარმა ქოდას ინტერვიუში გვითხრა, რომ ამა თუ იმ ფორმით რამე მოქმედების თამაშად გადაქცევაა საფუძველია იმის, რომ სოციალურ ქსელებზე ასე დამოკიდებულები ვართ.

რომელიმე თემა განსაკუთრებით გაინტერესებთ? გაგვაგებინეთ და ჩვენ ამ თემაზე სწორ და ამომწურავ ინფორმაციას მოგწერთ

მარიამი

თუ გაქვთ, კითხვები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ან მოსაზრება ჩვენს წერილზე, ველოდები თქვენგან შეტყობინებას მისამართზე: Mariam@codastory.com

--

--

Coda Story
coda წერილი

Coda tells you stories you never heard before, shows you connections you never knew existed, and investigates the nuance and complexity of the world.